უმეტესობა ჩვენგანი ხშირად ცდილობს, საკუთარი თავი დაარწმუნოს, რომ "სხვებს" არ ჰგავს. ეს ერთგვარად ჩვეულებრიობისგან გაქცევის მცდელობაცაა — თითქოს, არ გვინდა, ჩვეულებრივი ადამიანი ვიყოთ. თუმცა, საბოლოოდ მაინც ბევრ რამეში ვემსგავსებით სხვებს — მათ შორის, საყვარელი წიგნების შერჩევაში.

აი, ასე შეთანხმდა მილიონობით ჩვეულებრივი ადამიანი, რომ სალი რუნის წიგნი, ჩვეულებრივი ადამიანები, ნამდვილად არაჩვეულებრივი ნაწარმოებია. ამ არაჩვეულებრივ ნაწარმოებს კი მალე ქართულადაც წავიკითხავთ. წიგნს სულაკაურის გამომცემლობა გამოსცემს და მკითხველებს მისი შეძენა თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალზე შეეძლებათ.

ჩვეულებრივი ადამიანების მსოფლიო წარმატება

წიგნი, რომელიც 2018 წელს გამოიცა და ირლანდიელი ავტორის რიგით მეორე რომანია, მალევე მოექცა მკითხველების და კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში. ეს ჩამონათვალი წიგნზე თავად მეტყველებს:

  • The New York Times-ის ბესტსელერი.
  • გამოცემიდან პირველ ოთხ თვეში გაყიდული 64 ათასი ეგზემპლარი.
  • 2018 წლის ბუკერის პრემიის ლონგლისტი.
  • 2019 წლის British Book Awards-ის ლაურეატი — წლის წიგნი.
  • წიგნის მიხედვით გადაღებული Emmy-ის ნომინანტი სერიალი.

ხმამაღალ შეფასებებს არც ავტორის მიმართ მორიდებიან. რუნის, რომელიც 1991 წელს დაიბადა, "პირველი შესანიშნავი მილენიალი ავტორი" უწოდეს, მერე კი იმის ახსნაც დაიწყეს, რატომ არის წიგნიც და ავტორიც ძალიან "მილენიალური":

"მისი წიგნები კარგად დაგეგმილია, თუმცა, არც ძალიან დაგეგმილი. მოდურია, თუმცა, არც ძალიან მოდური. პოლიტიკურია, თუმცა, არც ძალიან პოლიტიკური. თანამედროვეა, თუმცა, არც ძალიან თანამედროვე. [...] ყველაზე მეტად კი რუნის წიგნებს 'მილენიალურად' პერსონაჟებს შორის ურთიერთობა აქცევს: ელექტრონული, თუმცა, ხარისხიანი, თავდასაცავი ირონიით სავსე. ამასთან, თავად ავტორიც გამომხატველად გამომხატველია: იმისი ღრმა ცოდნა, თუ რომელ სოციალურ სტატუსსა და სქესს მიაკუთვნებენ მისი პერსონაჟები თავს, მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ურთიერთობებში უძღვება".

ქართული თარგმანი

ჩვეულებრივი ადამიანები ქართულად გურამი ღონღაძემ თარგმნა.

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა / On.ge

"ჩვეულებრივი ადამიანებისა და მისი ავტორის, სალი რუნის, შესახებ რამდენიმე წლის წინ, ჩემი მეგობრისგან შევიტყვე, რომელიც სულაკაურის გამომცემლობის თანამშრომელია და წლებია, ერთად ვმუშაობთ", — ამბობს წიგნის ქართული თარგმანის ავტორი, გურამი ღონღაძე, — "რომანი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე — ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა! განსაკუთრებით მომეწონა სალი რუნის თხრობის სტილი და მინიმალისტური პუნქტუაცია, ჰოდა, მაშინვე ჩავიფიქრე, ოდესმე, ამას ვთარგმნი-მეთქი".

როგორც გურამი აღნიშნავს, მაშინ, როდესაც "საქმე საქმეზე მიდგა" და გამომცემლობამ წიგნის გამოცემის უფლება მოიპოვა, რომანის მიხედვით გადაღებული სერიალი გამოვიდა და მის გარშემო შექმნილმა გარემომ და დიდმა ყურადღებამ დააფრთხო. თუმცა, სატესტო თარგმანის შესრულების შემდეგ, გადაწყდა, რომ წიგნს ბოლომდე თარგმნიდა.

"ჩვეულებრივი ადამიანები ყველაზე რთული წიგნი აღმოჩნდა, რომელზეც აქამდე მიმუშავია", — აცხადებს გურამი, რომელსაც არაერთი მსოფლიო ბესტსელერი და კლასიკად ქცეული ნაწარმოები უთარგმნია, — "ვთარგმნიდი დიდხანს (6-7 თვე), თუმცა, მარიანისა და კონელის ამბავთან გატარებული ყველა საათი უდიდესი ბედნიერება აღმოჩნდა".

მართალია, ავტორი მკითხველებისადმი უპრეტენზიოა, თუმცა, მისი მკითხველები წიგნისადმი ასე განწყობილნი სულაც არ არიან. გურამის შემთხვევაშიც წიგნი განსაკუთრებული მნიშვნელობის აღმოჩნდა, არა მხოლოდ მთარგმნელის კარიერაში, არამედ როგორც რიგითი მკითხველის ცხოვრებაშიც.

"ერთხელ, ჩემმა საყვარელმა ადამიანმა ხუმრობითაც კი აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ამ წიგნზე მუშაობ, უფრო გულისხმიერი და კეთილშობილი გახდიო", — ამატებს გურამი, — "ვფიქრობ, წიგნის ერთი შეხედვით სწორხაზოვანი სიუჟეტის მიღმა მარტივი ჭეშმარიტება იმალება: ადამიანებს ერთმანეთის შეცვლა შეუძლიათ. და რამდენად გაცვეთილადაც უნდა ჟღერდეს, ეს წიგნი და მისი უბრალო, არაფრით გამორჩეული და 'ჩვეულებრივი' პერსონაჟები, აუცილებლად შეცვლიან ნებისმიერი მკითხველის ცხოვრებას".

"პირველი შესანიშნავი მილენიალი მწერალი"

წიგნის ავტორი, ირლანდიელი მწერალი სალი რუნი.

ფოტო: On.ge

რადგან სოციალურ სტატუსებზე ვლაპარაკობთ, ბარემ ისიც ვახსენოთ, რა კავშირი აქვს საზოგადოებრივ რეპუტაციებსა და რუნის წიგნებს, გარდა იმისა, რომ მწერალი ამ საკითხებზე განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას თავის ორივე წიგნში. საქმე იმაშია, რომ ჩვეულებრივი ადამიანების გამოცემიდან რამდენიმე თვეში Vox-მა სტატია გამოაქვეყნა: სალი რუნის კულტი — როგორ იქცა სალი რუნის კითხვა სტატუსის სიმბოლოდ.

სტატიის ავტორი ამბობდა, რომ იმ წელს საბავშვო წიგნზე მომუშავე ადამიანებსაც კი პირზე მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანები ეკერათ. რომანის პოპულარობას კიდევ უფრო დაეხმარა ცნობილი ადამიანების შეფასებები.

ერთ-ერთი ფანის თქმით, ტეილორ სვიფტმა უთხრა, რომ იგი აღფრთოვანდა ჩვეულებრივი ადამიანებით. უფრო სიტყვაუხვი აღმოჩნდა ფანებისადმი მსახიობი და მოდელი ემილი რატიაკოვსკი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ წიგნმა "მისი ცხოვრება შეცვალა", მოგვიანებით კი ჩვეულებრივ ადამიანებსა და მის ეკრანიზაციას ვრცელი ვიდეოგანხილვაც მიუძღვნა. რომანი 2019 წელს წაკითხულ საუკეთესო წიგნებს შორის დაასახელა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამაც.

გავიგეთ, რომ პოპულარული წიგნია, თუმცა, რატომ? რატომ უნდა წაიკითხო სწორედ ეს რომანი, როცა სხვა უამრავი წიგნია წასაკითხი?

ისევ მილენიალობის თემას რომ დავუბრუნდეთ, რუნის ყველაზე ხშირად პერსონაჟებს უქებენ. მრავალფეროვანი, არასრულყოფილი, გულწრფელი პერსონაჟები, რომლებიც მუდმივად სიახლოვეს ეძებენ, ზუსტად ისე, როგორც რუნი ეძებს სიახლოვეზე წერის საბაბს და ახალ გზებს.

"ვატყობ, რომ მუდმივად სიახლოვეზე და იმაზე წერით ვარ დაკავებული, თუ როგორ ვაყალიბებთ ერთმანეთს", — ამბობს ავტორი The New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

სიახლოვე მნიშვნელოვანია ჩვეულებრივ ადამიანებშიც. აკი დასაწყისშივე ვახსენეთ, რომ ხშირად ვცდილობთ, "ჩვეულებრივობას" გავექცეთ. ასევე ცდილობენ მარიანი და კონელი, რომლებიც არა მხოლოდ ხასიათით, ზემოხსენებული სტატუსითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თუმცა, სულაც არ აკავებთ განსხვავებები, გაქცევის მცდელობაში ერთმანეთთან სიახლოვის გაუცნობიერებელი სურვილი იპოვონ.

"რუნის ნიჭიერება იმის შესაძლებლობაშია, რომ საკუთარი პერსონაჟების სიძლიერის შეუმჩნეველ ცვლილებას — საკუთარ თავშიც და ერთმანეთთან ურთიერთობაშიც, როგორც იცნობენ ან არ იცნობენ ერთიმეორეს — ბოლომდე მიჰყვება. როცა ისინი [მარიანი და კონელი] ერთად არიან, საკუთარ ტყავში ყოფნას ყველაზე მეტად გრძნობენ, თუმცა, ამასთან, ურთიერთობის ყველაზე წარუმატებელი მცდელობები ამ დროს აქვთ. [...] სრულიად დამატყვევებელი ამბავი. წაიკითხეთ", — Kirkus Reviews.

სიახლოვე და პერსონაჟები

ფოტო: Enda Bowe / BBC / Element Pictures / Hulu

მიუხედავად ერთად ყოფნისას კომუნიკაციის წარუმატებელი მცდელობებისა, რუნისთვის ასე მნიშვნელოვანი სიახლოვის ცნება მისი პერსონაჟებისთვის ფიზიკურ სიახლოვეს სულაც არ უტოლდება. მათთვის, როგორც ჭეშმარიტი მილენიალებისათვის, კომუნიკაციის საშუალებად მეილი და მესენჯერიც კი გამოიყენება და ეს ზუსტად ისეთივე გრძნობას ტოვებს, როგორც რეალურ სივრცეში კომუნიკაცია. თავად რუნიც აღნიშნავს, რომ მეგობრებისთვის მეილების წერას დიდ დროს უთმობს და ამ დროს საკუთარი ხმა ჩაესმის.

და მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ პერსონაჟებთან ეს პატარა დეტალი საერთო აქვს, საკუთარ თავს მაინც "შეზღუდული წარმოსახვის მქონე" შემოქმედად მიიჩნევს და ამით ხსნის იმ ფაქტს, რომ მისი პერსონაჟებიც მასავით მილენიალები არიან. ერთ-ერთ ინტერვიუში იმასაც დასძენს, რომ ხანდახან საკუთარი პერსონაჟები თავისი შექმნილები არ ჰგონია და, უბრალოდ, ფიქრობს, რომ მათ გადაეყარა.

ასეთივე უპრეტენზიოა მკითხველებთან მიმართებაშიც.

"არც წიგნსა და არც სერიალს არანაირი გაკვეთილები ან მორალი არ აქვს სასწავლებელი. თუკი ამ პერსონაჟების რეალურობა დამაჯერებელია, მაშინ ის წარმოაჩენს, რომ ორ ადამიანს შორის რაღაცნაირი ურთიერთობა შესაძლებელია. მაგრამ, სხვა არაფერი", — ასე პასუხობს რუნი კითხვას, თუ რა სურს, მკითხველმა ჩვეულებრივი ადამიანებისგან მიიღოს.


რამდენად რეალურები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ამას სულ მალე შეიტყობთ. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 24 ივნისს დაიწყება, თქვენ კი სალი რუნის ბესტსელერის შეძენას სულაკაურის გამომცემლობის სტენდთან შეგეძლებათ, სადაც კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე დაგხვდებათ.