მას შემდეგ, რაც აპრილში ისრაელის ღია სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარების შეზღუდვა გაუქმდა, ამჯერად დახურული სივრცის ჯერი დადგა. 1 წლისა და 3 თვის შემდეგ ისრაელის დახურულ სივრცეებში სტუმრობა პირბადის გარეშეა შესაძლებელი. შეზღუდვა 15 ივნისიდან მოიხსნა.

აღნიშნულ წესთან მიმართებით ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ სამი გამონაკლისი დაასახელა. პირბადის ტარების ვალდებულება შემდეგ პირებს შეუნარჩუნდათ:

  • თავშესაფრებისა და ხანგრძლივი მკურნალობის სამედიცინო დაწესებულებების სტუმრებს, თანამშრომლებსა და პაციენტებს, რომლებსაც ვაქცინა არ გაუკეთებიათ ან კორონავირუსი არ გადაუტანიათ;
  • ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლაციაში გადაყვანას ექვემდებარებიან;
  • თვითმფრინავის მგზავრებს.

აღნიშნული აკრძალვის მოხსნის შემდეგ ქვეყანა თანდათანობით პანდემიამდე არსებულ რეალობას დაუბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებისთვისაც მოიხსნა, ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ტრანსპორტში პირბადის გამოყენება მაინც რეკომენდირებულია.

9,3 მილიონი მოსახლეობიდან ნახევარზე მეტმა ვაქცინის ორივე დოზა უკვე მიიღო, რის შედეგადაც კორონავირუსის გავრცელება საგრძნობლად შემცირდა. ორშაბათს ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე თემაზე: