გამქრალი ქალაქების მარადიული მიმზიდველობა
იდუმალი ნანგრევების შესახებ მოარული ამბები ოდითგანვე იზიდავდა შორეულ მოგზაურებს, თუმცა შეიძლება, ამ ისტორიებში კიდევ უფრო მომხიბვლელი და მოულოდნელი დეტალები იმალებოდეს, რის პოვნასაც მწერალი ჯენ როუზ სმიტი ქვემოთ მოცემულ სტატიაში შეეცდება.
შუადღის მიწურულს, როცა გრძელი ჩრდილები ბაიონის ტაძარში ასობით მოჩუქურთმებულ ქვის სახეს მიადგა, კამბოჯას გულში — ანგკორის კომპლექსის ვრცელ ტერიტორიაზე გადაჭიმულ ნანგრევებში, მე-12 საუკუნის სალოცავში დავეხეტებოდი. თითქოს, ფსიქოდელიური პორტრეტები კოშკებიდან და კედლებიდან ამოზნექილიყო და თითოეულ მათგანს სავსე ტუჩებზე ნერვიული ღიმილი დასთამაშებდა.
ეს ჩემი პირველი დღე იყო ანგკორში და მაშინ ქალაქის ისტორიის შესახებ ცოტა რამ ვიცოდი, მაგრამ ტაძრიდან ტაძარში ხეტიალით ადვილად აღმოვჩნდი წარმოსახვით ზმანებაში. გონების თვალით ვხედავდი, როგორ მიდიოდა უამრავი მომლოცველი ძვირფასი შესაწირავით ხელში, მოქანდაკეები ჩემ ირგვლივ დახვეწილ შედევრებს ქმნიდნენ და საჭრისების ხმა მესმოდა, იმავდროულად კი, დიდებული მეფეები ჩამწკრივებული ქანდაკებების ფართო ხეივანში მიაბიჯებდნენ.
"ზუსტად იმ მიზეზით, რომ ესა თუ ის ქალაქი აღარ არსებობს, ვიღაცის ფანტაზიაში ის იდეალურ ადგილად შეიძლება გადაიქცეს. ამგვარად, გამქრალი ქალაქი პოეზია, ოცნების სამყარო და ჩვენი ვნებებისა თუ სურვილებისთვის შესაფერისი გარემოა", — წერს ოდ დე ტოკვილი თავის 2014 წლის წიგნში გამქრალი ქალაქების ატლასი: მიტოვებული და დავიწყებული ქალაქების სამოგზაურო გზამკვლევი.
მართლაც, დაკარგული და მიტოვებული ადგილები წარმოსახვაზე ძლიერ გავლენას ახდენს. ასეთი ალაგები კატაბალახასავით იზიდავს მოგზაურებს, თავგადასავლის მოლოდინის გრძნობით ავსებს მათ და გრანდიოზული ექსპედიციებისა თუ ამბიციური ზღაპრების განწყობას უქმნის.
ასეთი ადგილების მონახულებისას ჩვენი ცხოვრება ნანგრევებში აირეკლება და პირად დრამებს რომანტიკული, ჩამოშლილი ქვების ფონზე აღვიქვამთ. და მაშინაც კი, თუ ასეთი ქალაქების თავს უბედურების ღრუბელი დასტრიალებს, დროის სვლასთან ერთად ეს ავბედითი ატმოსფეროც შედარებით განმუხტულია.
"ალბათ, ათასობით წელია, ადამიანები ჰყვებიან სათავგადასავლო ისტორიებს ჩვენს საზღვრებს მიღმა არსებულ საუცხოო მიწებზე — უძველეს ცივილიზაციებზე", — თქვა ანალი ნიუიცმა, ავტორმა წიგნისა ოთხი დაკარგული ქალაქი: ურბანული ეპოქის საიდუმლო ისტორია. ეს წიგნი კონტინენტებსა და ათასწლეულებს აერთიანებს და ოთხ უძველეს დასახლებაზე, როგორც ურბანული ცხოვრების გაკვეთილებზე, გვიყვება: კამბოჯის ანგკორზე, ჩრდილოამერიკელი აბორიგენების უზარმაზარ ქალაქ კაჰოკიაზე, რომაულ პომპეისა და ნეოლითურ ჩათალჰოიუქზე, რომელიც თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ თქმულებები დაკარგულ ქალაქებზე საინტერესო სათავგადასავლო ზღაპრებს ქმნის, ნიუიცი ამტკიცებს, რომ მსგავსი მონათხრობები ხშირად კაცობრიობის ყველაზე თვალწარმტაცი ადგილების რეალურ ისტორიებსაც მალავს.
ეს ანგკორსაც, სადაც მზიან შუადღეებს ნანგრევების შორის ვატარებდი. ნიუიცი განმარტავს, რომ ქალაქი ჯერ კიდევ დასახლებული იყო — ფაქტობრივად, იქაურობა არც არასდროს ყოფილა ბოლომდე მიტოვებული —, როდესაც 1860 წელს იქ ფრანგი მოგზაური ჰენრი მუო ჩავიდა, თუმცა ქალაქში ჩასული სტუმრებისთვის შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ კამბოჯელ წინაპრებს ასეთი სიდიადის შექმნა შეეძლოთ.
"პირველივე ნახვისას ადამიანს აღტაცება იპყრობს და არ შეუძლია არ იკითხოს, თუ რა შეემთხვა ამ ძლიერი, ამდენად ცივილიზებული და განათლებული რასის ხალხს, ამ გიგანტური ქმნილებების ავტორებს?", — დაწერა მუომ ძველი არტეფაქტების ხილვისას. იგი ვარაუდობდა, რომ ანგკორი ძველმა ბერძნებმა ან ეგვიპტელებმა ააშენეს. ნიუიცი განმარტავს, რომ ანგკორში ჰენრი მუოს მოგზაურობა საფრანგეთში შეაფასეს, როგორც "აღმოჩენა".
"ამბები დაკარგულ ქალაქებზე განსაკუთრებით პოპულარული თანამედროვე ეპოქაში, მე-18-19 საუკუნიდან გახდა, რადგან ეს კოლონიალიზმის შენიღბვისთვის კარგი საშუალება იყო. ადვილია იმის თქმა, რომ "რომელიმე ცივილიზაცია დამოუკიდებლად ვერ ვითარდება, რასაც მისი საიდუმლოებით მოცული, დიდებული წარსულისგან განშორება ადასტურებს", ამით კი შეძლებ, გაამართლო ნებისმიერი ტიპის კოლონიურ შეჭრა რომელიმე ქვეყანაში" — ამბობს ნიუიცი.
დაკარგული ქალაქებისა და ცივილიზაციების პოვნა ზოგიერთი ევროპელი მოგზაურისა და კოლონიზატორის აკვიატებად იქცა. მათ გიჟურ გატაცებას კიდევ უფრო ამწვავებდა ისტორიაში ყველაზე ცნობილი დაკარგული ქალაქის, ატლანტიდის ძებნა — კუნძული, რომელიც პირველად პლატონის ნაშრომებში გამოჩნდა. ამ ბერძენი ფილოსოფოსის მიერ გამოგონილ ატლანტიდაზე ცხოვრება ყვაოდა, სანამ ზნეობრივმა დაცემამ ღვთიური სასჯელი არ მოუტანა. ფილოსოფოსის თანამედროვეები ამ ამბავს ალეგორიად მიიჩნევდნენ, თქვა ისტორიკოსმა გრეგ ვულფმა, ავტორმა წიგნისა ძველი ქალაქების სიცოცხლე და სიკვდილი: ბუნებრივი ისტორია.
"მითს გარკვეული დიდი ჭეშმარიტების საილუსტრაციოდ ხშირად იყენებდნენ. არ მგონია, რომ ვინმეს სერიოზულად სჯეროდა [ატლანტიდის] არსებობის, მაგრამ ეს ნამდვილად იყო მოსახერხებელი ლეგენდა", — თქვა ვულფმა. თუმცა, როდესაც პლატონის ტექსტები ატლანტიდას შესახებ ახალი თარგმანებით გავრცელდა, თანამედროვე აუდიტორია უფრო ადვილად მიმნდობი აღმოჩნდა.
"ხალხი ამ ისტორიას ზუსტად იმ დროს კითხულობდა, როცა ამერიკის კონტინენტებზე (ე.წ. ახალ სამყაროში) კოლონიებს აარსებდნენ", — განმარტა ანტიკური ბერძნული კულტურის მკვლევარმა ედიტ ჰოლმა BBC-ს History Extra Podcast-თან ინტერვიუში. ჰოლის თქმით, პლატონის ალეგორიული ზღაპარი ბევრმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო. "ამას ადამიანები ჭკუიდან გადაჰყავდა. ყველას ეგონა, რომ ატლანტიდა ამერიკაში უნდა ყოფილიყო", — ამბობს იგი.
ნიუიცი წერს, რომ როდესაც ევროპელი კოლონისტები მკვიდრი ცივილიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, საიდუმლოებით მოცულ წარსულთან დაკავშირებას უფრო ცდილობდნენ, ვიდრე მათ გვერდით მყოფი თანამედროვე ხალხებისთვის გაგებას.
ასეთი რამ მოხდა კაჰოკიაშიც, ძველ მეტროპოლისში, რომელიც თანამედროვე აშშ-ის ქალაქ სენტ-ლუისთან მდებარეობდა. იქაური კოშკივით ცადაზიდული მიწის ბორცვები ეგვიპტის პირამიდებს ეჯიბრება სიმაღლეში და 1050 წელს კაჰოკიას მწვერვალზე არსებული ქალაქი პარიზზე დიდი იყო. ევროპელ ახალმოსულებს კი ამის მარტივად მიღება გაუჭირდებოდათ.
"მოგზაურები და თავგადასავლების მაძიებლები ერთმანეთს ყველანაირ დაუჯერებელ ამბებს უყვებოდნენ. მაგალითად, მათ ეგონათ, რომ ქალაქი ძველი ეგვიპტელების აშენებული უნდა ყოფილიყო”, — თქვა ნიუიცმა. ეს იყო მითი, რომელიც ემსახურებოდა იმ ადგილობრივი მიწების მითვისების გამართლებას, რომლებიც მასიურად მოიხსენიებოდა, როგორც "ცარიელი". ამასობაში, ისევე როგორც ანგკორში, კაჰოკიას მშენებელთა შთამომავლების შესაძლებლობები უარყვეს, თითქოს, ისინი მსგავსი პროექტების შექმნას ვერ შეძლებდნენ.
ნიუიცი წერს, რომ გამქრალი ქალაქების ზღაპრებს სხვა ჭეშმარიტებების დამალვაც შეუძლია. მაგალითად, როგორ იწყებდა ძველად ხალხი ხელახალ ცხოვრებას, როდესაც ისინი მშობლიურ ადგილსამყოფელს ტოვებდნენ. კატასტროფა და უბედურება ხშირად ისეა წარმოდგენილი, როგორც ამბის დასასრული, მაგრამ პომპეისა და ჩათალჰოიუქში ნიუიცი სოციალური რყევების ფონზე ახალი დასაწყისის ნიშნებს ამჩნევს.
მას შემდეგ, რაც ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წელს გადახურებულმა ვულკანურმა აირებმა პომპეი სასაფლაოდ აქცია, ტრავმირებულმა პომპეელებმა ერთბაშად დაიწყეს ხელახალი ცხოვრება ახლომდებარე ნეაპოლსა და კუმაში. ანტიკური კულტურის მკვლევარი სტივენ ტაკის ნაშრომების დამოწმებით, ნიუიცი მოგვითხრობს, რომ ისტორიკოსებისთვის კარგად ცნობილ ბევრ ლტოლვილს liberti ეწოდებოდათ, რაც გათავისუფლებულ მონებს ნიშნავდა. მიუხედავად იმისა, რომ რომაელებში სახელების დარქმევის ტრადიცია ხშირად კონსერვატიული ხასიათის იყო და ერთი და იგივე სახელი თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ტაკმა პომპეელ ლტოლვილთა ოჯახებში საინტერესო ფენომენი დააფიქსირა. მათი ძველი, მონობის პერიოდის სახელების დასავიწყებლად ზოგიერთი პომპეელი შვილებს იმ ახალი ადგილების სახელებს არქმევდა, სადაც ისინი გადასახლებულიყვნენ. მაგალითად, ხალხმრავალი ნავსადგურის ქალაქ პუტეოლიში რამდენიმე ახლად ჩასულმა ოჯახმა შვილებს პუტეოლანუსი დაარქვა.
ეს იგივეა, რომ ლტოლვილთა ბანაკიდან ლონდონში გადახვიდე საცხოვრებლად და შენს შვილს "ლონდონელი" დაარქვა. "საცხოვრებლის შეცვლამ მათ ასეთი შესაძლებლობა მისცა და მათაც ისარგებლეს ამით", — განმარტავს სტივენ ტაკი.
თითქმის ბოლომდე გაქრობის პირას მყოფი ქალაქების ძველ მოსახლეობას ნიუიცი ჩვეულებრივ ხალხად წარმოიდგენს, რომელთაც შეგვიძლია თანავუგრძნოთ კიდეც და არა ვიღაც უძველეს ადამიანებად, რომლებიც მხოლოდ ისტორიაში დარჩნენ, რასაც ხშირად აკეთებენ სხვა მკვლევრები ჩათალჰოიუქში, ნეოლითური დასახლებაში, რომელიც 9000 წლის წინ ცენტრალურ თურქეთში, კონიას ვაკეზე აყვავდა.
იქ სახლები თაფლის ფიჭებივით მჭიდროდ ეკვროდა ერთმანეთს, თან საცალფეხო გზა სახურავებზე გადადიოდა და სახლში ჩასვლაც ჭერიდან იყო შესაძლებელი. თბილ საღამოებში სახურავზე იყრიდნენ თავს ადგილობრივები, რომლებიც ერთად ამზადებდნენ საჭმელებს და ხელსაქმობდნენ. თუმცა დროთა განმავლობაში, ჩათალჰოიუქში დარჩენა გაძნელდა: კლიმატი ნაკლებად ხელსაყრელი გახდა და სოციალური დაძაბულობა გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ გამქრალი ქალაქების შესახებ ბევრი ამბავი ბუნდოვანი და მითიური ჩანს, ნიუიცი ჩათალჰოიუქის მსგავსი ადგილების მიტოვებას რაციონალური მიზეზებით ხსნის. დროთა განმავლობაში ჩათალჰოიუქის მოსახლეობამ უბრალოდ არჩია, უფრო სოფლის ტიპის დასახლებებში დაბრუნებულიყო. ეს პროცესი დღეს ნაცნობია ნებისმიერი ქალაქის მკვიდრისთვის, რომელსაც სოფელში ცხოვრების იდეა აჯადოებს.
"ჩვენ ვაპირებთ უკეთესი ადგილის მოსაძებნად წავიდეთ და კიდევ ერთხელ ვცადოთ, სხვა გზა მოვსინჯოთ, სხვა რამ ავაშენოთ, სხვანაირად ვიცხოვროთ", — ნიუიცი იმ ჰიპოთეტურ საუბრებს წარმოიდგენს, რომლებიც შესაძლოა ნეოლითურ კერებში გამართულიყო. ოჯახები ნელ-ნელა ტოვებდნენ იქაურობას, სანამ ჩათალჰოიუქი საბოლოოდ არ დაცარიელდა.
თითოეულმა მოსახლემ თან წაიღო ის, რაც მათთვის ყველაზე ძვირფასი იყო. და როცა ადამიანები ამ მჭიდრო დასახლებას ახალი ცხოვრების დასაწყებად ტოვებდნენ, კონიის დაბლობზე ხელოვნების, შემოქმედებითი იდეებისა და მატერიალური კულტურის სხივები ანათებდა.
მიუხედავად იმისა, რომ კაჰოკია და მრავალი სხვა ქალაქი შეიძლება დღეს მიტოვებულია, მნიშვნელოვანია, რომ ეს ადგილები სულაც არ არის ბოლომდე მივიწყებული. "ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ყველა ის კულტურული მოგონება იმის შესახებ, თუ საიდან მოდის კაცობრიობა. ეს არის ისტორიის უწყვეტი ხაზი", — თქვა ნიუიცმა.
კომენტარები