რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ პანსიონიდან ბავშვების გაყვანაზე — მარტივად
თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა, ნინოწმინდის პანსიონიდან დაუყოვნებლივ გამოიყვანოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. ამით მოსამართლე ივანე ღლონტმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) სარჩელი, რომელიც პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანას ითხოვდა.
რა წერია განჩინებაში
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაავალა, ნინოწმინდის პანსიონში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე გადაიყვანონ სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში. კერძოდ, საუბარია მინდობით აღზრდაზე, მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაზე ან რეინტეგრაციაზე, რაც ბავშვების მშობლებთან დაბრუნებას ნიშნავს.
განჩინებაში წერია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს განცხადებაზე დართული სხვადასხვა მტკიცებულების, მხარის განმარტების, მათ შორის, პანსიონში მყოფი ბავშვების განმარტების საფუძველზე, ასევე, მათი საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფისთვის.
ეს განჩინება დროებითია. დოკუმენტში განმარტებულია, რომ სასამართლოს დროებითი გადაწყვეტილების გამოცემა მანამდეც შეუძლია, სანამ საქმე აღიძვრება და ამის საფუძველი, მათ შორის, შეძლება იყოს მნიშვნელოვანი ზიანი ან საფრთხე. სასამართლო ამბობს, რომ ამ პრაქტიკას აქვს პრევენციული დანიშნულება, რადგან ითვალისწინებს მოსალოდნელ საშიშროებას. განჩინებაში მითითებულია ისიც, რომ სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ამგვარი გადაწყვეტილება, როდესაც სარჩელის შეტანა თავისთავად არ იწვევს მოსარჩელის უფლების დაცვას და პირის სამართლებრივი უფლების დასაცავად აუცილებელი ხდება დამატებითი ღონისძიება.
დოკუმენტში მოყვანილია მუხლები როგორც საერთაშორისო, ასევე, საქართველოს კანონმდებლობიდან და მითითებულია, რომ ბავშვს უფლება აქვს დაცული იყოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, ჩაგვრისგან, იძულებისგან, დაზიანებისგან, წამებისგან, ექსპლუატაციისგან და ძალადობის ნებისმიერი სხვა ფორმისგან ოჯახში, სკოლაში და სხვა სივრცეში. სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა როგორც ოჯახში, ასევე, სააღმზრდელო, ზრუნვის ან სხვა დაწესებულებებში. მოსამართლე მიუთითებს იმაზეც, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ძალადობისგან ბავშვის დასაცავად მიიღოს შესაბამისი ზომები.
დოკუმენტის მიხედვით, PHR-მა მიუთითა, რომ ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, შესაძლოა, ამ წუთებში საფრთხე ემუქრებოდეს და დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, შესაძლოა დაირღვეს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე, ძალადობისგან დაცვის უფლება და მომავალში მიღებული გადაწყვეტილება დაკარგავს მნიშვნელობას. ამის შემდეგ კი, მოსამართლე წერს:
რატომ შშმ ბავშვები?
საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვის უფლებების შესახებ სასამართლოში დავა შეუძლია კანონიერ წარმომადგენელს. ნინოწმინდის პანსიონის შემთხვევაში, ორგანიზაცია PHR კანონიერი წარმომადგენელი არ არის და შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბავშვის გაყვანას ითხოვდნენ, მოსამართლემ ეს არ დააკმაყოფილა და განჩინებაში დაწერა, რომ ორგანიზაცია არაუფლებამოსილია.
რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, აქ კანონში ჩანაწერი განსხვავებულია და ამ შემთხვევაში ორგანიზაციას შეუძლია სასამართლოს მიმართოს სპეციალური მოსარჩელის სტატუსით. ამისთვის მას მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ნებართვა არ სჭირდება.
სწორედ ამ სტატუსით მიმართა სასამართლოს PHR-მა და უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სასამართლომ დაუკმაყოფილა ის მოთხოვნა, რომლის დაყენებაც ორგანიზაციას კანონმდებლობით შეეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველა ბავშვის გამოყვანას ითხოვდნენ, სასამართლომ სწორედ ამ ნორმაზე მიუთითა და დაწერა, რომ ორგანიზაცია არაუფლებამოსილი პირია. ამავდროულად, განჩინებაში წერია ისიც, რომ ანალოგიური მოთხოვნის დაყენება შეუძლია ჯანდაცვის სამინისტროს, როგორც მაკონტროლებელს, ასევე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, როგორც კანონიერ წარმომადგენელს. დოკუმენტში მითითებულია ისიც, რომ თუ ეს უწყებები სასამართლოს მიმართავენ, რომ რომელიმე ბავშვს შესაძლოა მიადგეს ზიანი, სასამართლოს შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმსჯელოს ბავშვის დაცვის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე და გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიება.
On.ge დაუკავშირდა სააგენტოს, სადაც გვითხრეს, რომ ამ თემაზე განცხადებას გაავრცელებენ, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილების გაცნობიდან 5 საათის შემდეგაც კი, უწყებაში პასუხი არ აქვთ.
ვინ შეიძლება იყოს შშმ პირი ნინოწმინდის პანსიონში
უცნობია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რამდენი ბავშვია ამ ეტაპზე პანსიონში. თუმცა PHR-ის იურისტები აცხადებენ, რომ რადგან სოციალურ მუშაკს ბავშვებთან შესვლის საშუალება დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა და ისინი იყვნენ ჩაკეტილები, შეუძლებელია, მათ ადეკვატური შეფასება ჰქონდეთ. ანა არგანაშვილის განმარტებით, შშმ ბავშვის შეფასებას რამდენიმე თვე სჭირდება, ამიტომ დაწესებულებიდან ყველა ბავშვი უნდა გავიდეს, ჩატარდეს შეფასება, რეაბილიტაცია და მერე გადაწყდეს, რა იქნება ამ ბავშვებისთვის უკეთესი.
"სამართლის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე, როდესაც მთელ გადაწყვეტილებაში ლაპარაკია იმაზე, რომ გაიზიარა ჩვენი მტკიცება იქ საფრთხის არსებობაზე, სრულიად დაუშვებელია, რამდენიმე ბავშვი გადავარჩინოთ და სხვა ბავშვები დავტოვოთ. მით უმეტეს, ჩვენ არ ვიცით რამდენი ბავშვია იქ შშმ, რადგან სამი წელია ეს ბავშვები გამოკეტილები არიან და არავის შეუფასებია. აქვე მინდა დავაზუსტო, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, იმისათვის, რომ ბავშვი მივიჩნიოთ შშმ-დ, არ არის აუცილებელი, მას ჰქონდეს ოფიციალური სტატუსი. თუ ბავშვს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ან სხვა გამოწვევები, თუნდაც ძალადობის შედეგად, ის შეიძლება მივიჩნიოთ დროებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონედ", — აცხადებს ანა არგანაშვილი.
ანა აბაშიძის თქმით კი, მართალია, გადაწყვეტილება მხოლოდ შშმ ბავშვებზეა მიღებული, თუმცა როცა საუბარია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკზე, იქ არ არის ასე გამოყოფილი და საუბარია ყველა ბავშვზე. მისი განცხადებით, არის ყველანაირი საფუძველი, რომ ყველა ბავშვი გავიდეს ამ დაწესებულებიდან და თუ სახელმწიფო ამას არ გააკეთებს და მხოლოდ იმ ბავშვებს გაიყვანს, ვისაც ფორმალურად აქვს შშმ სტატუსი, ეს იქნება დამატებითი დარღვევა და ახალი სარჩელის საფუძველი.
"თუ სააგენტო გაბედავს და ამ დაწესებულებიდან მხოლოდ ტექნიკურად შეფასებულ შშმ ბავშვებს გაიყვანს და სხვა ბავშვებს დატოვებს, ეს იქნება ახალი სარჩელის საფუძველი. ეს იქნება დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, რაზეც მოსამართლე პირდაპირ, ხაზგასმით ამბობს. მოსამართლე ტყუილად არ ახსენებს კონვენციის მე-2 მუხლს, რომელიც ეხება დისკრიმინაციის აკრძალვას. იქვე ამბობს, რომ დისკრიმინაცია დაუშვებელია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით. უბრალოდ, მოსამართლე ტექნიკურად შეზღუდული იყო ემსჯელა ყველა ბავშვზე ჩვენი მიმართვის საფუძველზე, იმიტომ რომ ჩვენ კანონი მხოლოდ შშმ ბავშვებზე მიმართვის უფლებას გვაძლევს", — ამბობს ანა აბაშიძე.
რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს განჩინება დროებითია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დროებითი უზრუნველყოფის ზომის გამოყენება შესაძლებელია სარჩელის აღძვრამდეც. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, იმ მხარემ, რომელმაც დროებითი უზრუნველყოფა მოითხოვა, 10 დღის ვადაში სასამართლოში სარჩელი უნდა შეიტანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დროებითი ზომა გაუქმდება. ანუ მარტივად რომ ვთქვათ თუ ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის 10 დღის ვადაში სასამართლოს არ მიმართავს, ბავშვების პანსიონიდან გამოყვანის შესახებ დროებითი გადაწყვეტილება გაუქმდება.
როგორც ანა აბაშიძემ On.ge-ს უთხრა, სარჩელს აუცილებლად შეიტანენ და რეფორმას მოითხოვენ, კერძოდ, სწრაფ დეინსტიტუციონალიზაციას და დიდი ბავშვთა სახლების დახურვას.
სად უნდა წავიდნენ ბავშვები პანსიონიდან?
რაც შეეხება იმას, თუ სად უნდა წავიდნენ ბავშვები პანსიონიდან გამოსვლის შემდეგ, ორგანიზაციის მოთხოვნა იყო, რომ დაწესებულებიდან გამოსული ბავშვები უნდა განთავსდნენ ისეთ ადგილას, რაც მათ საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება. ასეთი ალტერნატიული ზრუნვის ფორმები, მათი შეფასებით, არის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და რეინტეგრაცია, რაც ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნებას ნიშნავს.
"სწორედ ეს უნდა იყოს სახელწიფოს მთავარი მიზანი, რომ სადაც შესაძლებელია, პირველ რიგში, განიხილოს ამ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნება და მხოლოდ ამის შემდეგ, მიიღოს გადაწყვეტილება სხვა ალტერნატიული ზრუნვის ფორმებში, იქნება ეს მინდობით აღზრდა თუ მცირე საოჯახო ტიპის სახლი, ამ ფორმებში ბავშვების გადაყვანასთან დაკავშირებით. ჩვენი ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, მიადევნებს თვალს როგორ მოხდება ამ გადაწყვეტილების აღსრულება და ზრუნვის რომელი ფორმები იქნება შერჩეული თითოეული ბავშვის შემთხვევაში. აუცილებელია, სახელმწიფომ ყველა ბავშვის საჭიროება ინდივიდუალურად შეაფასოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, სად მოხდება მისი განთავსება", — ამბობენ ორგანიზაციაში.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს განჩინება შესაძლებელია 12 დღის ვადაში გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში, თუმცა ჯერ არ ვიცით, მიმართავენ თუ არა ზემდგომ ინსტანციას ჯანდაცვის სამინისტრო ან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო.
15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური მიზეზი დაასახელა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".
ამის შემდეგ ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.
მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში კი 4 ივნისს განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვთა ზრუნვის სამსახურს შესაძლებლობა მიეცა შესულიყო პანსიონში და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, 6-მა ბავშვმა დაწესებულება დატოვა, ხოლო ათთან მუშაობა მიმდინარეობს. ამას მოჰყვა პანსიონის დირექტორის, მეუფე სპირიდონის ფსიქოლოგიური ძალადობა იმ ბავშვებზე, რომლებმაც წასვლის სურვილი გამოთქვეს. სასულიერო პირმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბავშვებს ეკითხება, ნამდვილად უნდათ თუ არა წასვლა პანსიონიდან და პარალელურად, ესაუბრება მათ მშობლებს. ვიდეოში ჩანს ბავშვის ტირილი, რამდენიმე მოზარდის სახე, ასევე, სპირიდონი ამბობს მათ სახელებს. ამ ყველაფერს ესწრებიან, სავარაუდოდ, სოციალური მუშაკები, რომლებსაც, ვიდეოს მიხედვით, ფაქტზე რეაგირება არ აქვთ.
პანსიონში არ უშვებენ მედიასაც, თუმცა გამონაკლისი აღმოჩნდა პრორუსული Alt-info და TV ობიექტივი, რომელთა სიუჟეტები ეკლესიის დადებითად წარმოჩენას ისახავს მიზნად და ჟურნალისტი პანსიონში "იდეალური პირობების" არსებობას ამტკიცებს.
ნინოწმინდის პანსიონში არსებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს, მათ შორის, ძალადობაზე და დასჯის შემთხვევებზე. ის, რომ სავარაუდო ძალადობაზე საპატრიარქოს და შესაბამის უწყებებს ინფორმაცია ჰქონდათ, შსს-ს განცხადებითაც დასტურდება. კერძოდ, უწყება ამბობს, რომ 2016 წლიდან დღემდე პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე 5 საქმე აღიძრა — 4 ძალადობაზე და 1 სავარაუდო გაუპატიურებაზე.
1 საქმე მედიაში ბენეფიციარის მიერ ძალადობაზე ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ აღიძრა, თუმცა მანამდე მიმდინარე 4 გამოძიების შედეგი ჯერ დამდგარი არ არის. შსს მიზეზად მტკიცებულებების ნაკლებობას ასახელებს.
- იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვებს პანსიონიდან წასვლა არ სურთ, სპირიდონი მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობს
- რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში ცხოვრობდა
- პანსიონის ყოფილი ბენეფიციარის თქმით, საპატრიარქოს ძალადობაზე ინფორმაცია მიაწოდა, პასუხად კი "ღვთის მოგმე" უწოდეს
- წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო ნინოწმინდის პანსიონზე ხელისუფლებას მიმართავს
კომენტარები