კლიმატის ცვლილება და საქართველოს ახალი წვლილი

გიფიქრიათ ოდესმე, რამხელა სარგებელს მოვუტანთ სამყაროს თუ, მაგალითად, ჩავაქრობთ სინათლეს, როცა არ გვჭირდება? ანდაც, როდესაც შესაძლებელია, ვივლით ველოსიპედით მანქანის ნაცვლად, რათა ხელი შევუწყოთ ჰაერში ავტომობილის გამონაბოლქვის შემცირებას? რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებების ფართო მასშტაბით განხორციელებაში წამახალისებელი როლი სახელმწიფოს ეკუთვნის, მაგრამ მთავარი შემსრულებელი მაინც ჩვენ, მოსახლეობა ვართ. იმისთვის რომ ადამიანებმა უკეთ გაიგონ იმ როლის შესახებ, რომელიც მათ შეუძლიათ შეასრულონ ზოგადად გარემოს დაცვისა და კონკრეტულად კი, კლიმატის ცვლილების პროცესებში, მხოლოდ ერთი სამინისტრო და ცალკეული უწყებები საკმარისი ვერ იქნება.
საქართველოს ხედვა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, ყველაზე უკეთ „საქართველოს განახლებულ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტშია ასახული.
ამ დოკუმენტის ინგლისური შესატყვისიდან გამომდინარე NDC-ის (Nationally Determined Contribution), ანუ, ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ წვლილს უწოდებენ. ამიტომაც მას უფრო ხშირად ასე მოიხსენიებენ. განახლებული, 2021 წლის NDC-ის მიზანია ეროვნული სათბური აირების ემისიების შემცირება 35 პროცენტით 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს საკმაოდ თამამი განაცხადია, რითაც საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას 2015 წლის პარიზის ხელშეკრულებისადმი. ამ ხელშეკრულების თანახმად, მსოფლიო ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ძალისხმევას არ დაიშურებენ იმისთვის, რომ წინა ინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით, დედამიწის საერთო ტემპერატურამ 2 გრადუსზე მეტით არ მოიმატოს.
პარიზის შეთანხმების თანახმად, საქართველოს, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანას, აქვს ვალდებულება, სულ მცირე 5 წელიწადში ერთხელ, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტი შეიმუშაოს. საქართველოს მიმართ, ისევე როგორც სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც, არსებობს მოლოდინი, რომ ყოველი განახლებისას, შეძლებისდაგვარად აჩვენოს ემისიების ანუ სათბურის აირების გაფრქვევის შემცირების პროგრესი.
"NDC -ის დოკუმენტი ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც ყოველ 5 წელიწადში ერთხელ განახლდება. ეს ნიშნავს, რომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ახალი ხედვა უნდა დაისახოს ქვეყანამ და უნდა გახდეს უფრო ამბიციური და უნდა განახორციელოს ამბიციური ქმედებები სხვადასხვა მიმართულებით." — ამბობს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი, მაია ცხვარაძე.
როგორც ყველა სხვა ქვეყანა, საქართველოც, კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებით, სწორედ NDC-ის პუნქტებს მიყვება. ქვეყნის ხედვა და სტრატეგია ამ მიმართულებით არის ის, რომ 2030 წლისთვის, საქართველოს ემისიები შემცირდეს 35%-ით და ამის მისაღწევად გატარდეს კონკრეტული ღონისძიებები. კონკრეტული ღონისძიებები კი არაერთ აქტივობას გულისხმობს – იქნება ეს დაბალემისიებიანი სატრანსპორტო ქსელის განვითარება თუ ტყის მასივების განახლება.

"ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს 7 ეკონომიკური სექტორი — ეს არის ენერგიის გენერაცია, ტრანსპორტი, მრეწველობა, შენობები, სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა და ნარჩენები. ამ 7 სექტორში დაგეგმილი გვაქვს კონკრეტული ღონისძიებები და ასევე გაწერილია ამ ღონისძიებების შესრულების გეგმა." — ამბობს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი.
დოკუმენტის თანახმად, ემისიების შემცირება სატრანსპორტო, ენერგიის წარმოებისა და გადაცემის სფეროში 15%-ით, ხოლო მრეწველობის სექტორში 5%-ით უნდა მოხდეს, ასევე, სატყეო სექტორში ემისიების შთანთქმის უნარი უნდა გაზარდოს 10%-ით.

საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებში ასევე შედის:
- · კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასება ზღვისპირა ზონებზე, მთის ეკოსისტემებზე, წყლის რესურსებზე და ტყეზე და შესაბამისი საადაპტაციო ღონისძიებების გატარება;
- · კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასება ეკონომიკაზე, სოციალურ სფეროსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე და შესაბამისი საადაპტაციო ღონისძიებების გატარება;
- · ბიომრავალფეროვნების, ენდემური და წითელი ნუსხით დაცული სახეობების კონსერვაციის ხელშეწყობა;
- · კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებით და მეტეოროლოგიური მოვლენებით გამოწვეული ზიანის შემცირება
ჩამოთვლილის გარდა, საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ქალების ჩართულობა კლიმატის ცვლილების პროცესში. მაია ცხვარაძის თქმით, გენდერი და კლიმატის ცვლილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
"ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა რომელმაც ეს მიმართულება ძალიან აქტიურად გააჟღერა NDC-ში. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენს ქალებს ვხედავთ ცვლილების აგენტებად, რადგან ქალების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებებში, ასევე, ადაპტაციის მიმართულებითაც. იგივე CENN მაგალითად, ქალების როლის გაძლიერებაზე, როგორც ევროკავშირის მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამის, ისე სხვა მიმდინარე პროექტების ფარგლებში, აქტიურად მუშაობს" — ამბობს მაია ცხვარაძე.

ცნობიერების ამაღლების პროცესში უდიდესი როლი მედიასა და არასამთავრობო სექტორს ენიჭება. CENN, იგივე, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, ამ პროცესის ერთ-ერთი აქტიური ფიგურანტია. არასამთავრობო სექტორის როლზე კლიმატის ცვლილებების მართვის პროცესში, მაია ცხვარაძე საუბრობს.
"გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად ჩატარდა კვლევა კლიმატის ცვლილებების ცნობიერების შესახებ რათა გაგვეგო, რამდენად არის საზოგადოება ინფორმირებული კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პროცესებზე. აღმოჩნდა, რომ ინფორმაციის მიღების ერთ -ერთი მნიშვნელოვანი წყარო, არის არასამთავრობო სექტორი. მედიას კი, რომელიც ინფორმაციის მთავარი წყაროა, თავის მხრივ ჭირდება ინფორმირებულობა და ამას აკეთებს სწორედ CENN, რომელთან ერთადაც დაგეგმილი გვაქვს ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში შეხვედრები მედიასთან. ამის შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა უნდა გადასცენ ეს ინფორმაცია ფართო საზოგადოებას" — ამბობს მაია ცხვარაძე.
კითხვაზე, კონკრეტულად რა მიმართულებით უნდა იმუშაოს არასამთავრობო სექტორმა, მაია ცხვარაძე პასუხობს, რომ საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოების ფართო ჩართულობა კლიმატის ცვლილების პროცესში. მისი თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში CENN-თან და პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად იქმნება საერთო პლატფორმა კლიმატის ცვლილების შესახებ. ამ პლატფორმის საშულებით მოხდება საზოგადოების მაქსიმალური ჩართვა კლიმატის ცვლილების პროცესებში. პლატფორმის მიზანი არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება იქნება, არამედ, მისი საშუალებით მოხდება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ადგილებზე არსებული პრობლემების გამოკვეთა და მაქსიმალური მუშაობა იმაზე, რომ ეს საკითხები ასახული იყოს შესაბამის პოლიტიკის დოკუმენტებში, ასევე, ეს იქნება პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგს, თანამშრომლობასა და კვლევების წარმოებას კლიმატის ცვლილების სექტორში.
მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც ხდება სხვადასხვა დოკუმენტის შემუშავება კლიმატის ცვლილების სექტორში, ამ დოკუმენტში მოხდეს მოსახლეობის ხედვების ასახვა.
"მაგალითად, როცა CENN-თან ერთად ვესტუმრეთ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის სამიზნე რეგიონებს და პროექტის მიერ ფორმირებულ რეგიონულ ჯგუფებს შევხვდით, მათგან იმდენი სპეციფიური და საინტერესო იდეა წამოვიდა, რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ასეთი პლატფორმის არსებობა." — იხსენებს მაია ცხვარაძე.
NDC-სთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ასევე შეიმუშავა საქართველოს კლიმატის ცვლილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც სათბურის აირების შემცირების კუთხით, კონკრეტულ ქმედებებს და ღონისძიებებს განსაზღვრავს. სტრატეგიის და გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ქვეყანა ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს წარმატებით შეასრულებს
იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მეტი ამბიციური პროექტის განხორციელება შეძლოს, საჭიროა მეტი საერთაშორისო დახმარება. თუ ქვეყანას ექნება მეტი წვდომა საერთაშორისო ფინანსურ რესურსებზე, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა სათბური აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით 50-57%-მდეც კი შემცირდეს.

საბოლოო ჯამში, კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების შედეგად გრძელვადიან პერიოდში გაუმჯობესდება ეკონომიკური განვითარების მდგომარეობა, ჰაერის და წყლის ხარისხი, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გაიზრდება და გაუმჯობესდება სამუშაო ადგილების რაოდენობა და ხარისხი, ბიომრავალფეროვნების რაოდენობა და ხარისხი, ასევე, გაიზრდება ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებული ახალი და სუფთა ტექნოლოგიების რაოდენობა
კლიმატის ცვლილების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულებაში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ საქართველოს კლიმატის პროგრამას, რომელსაც CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს და მსგავს ინიციატივებს , რომელსაც სხვა ორგანიზაციები ახორციელებენ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისათვის.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები