ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული ზამთარი 21-22 დეკემბრიდან 20-21 მარტის ჩათვლით გრძელდება, მეტეოროლოგიური კი 1 დეკემბრიდან 28 თებერვლის (ნაკიანი წლის შემთხვევაში, 29-ის). ორნაირი ზამთრის არსებობას თავისი მიზეზი აქვს, რომელსაც ამ სტატიაში აგიხსნით.

რას ნიშნავს ასტრონომიული ზამთარი?

2025 წელს ასტრონომიული ზამთარი 21 დეკემბრიდან იწყება და 2026 წლის 20 მარტს მთავრდება. უფრო კონკრეტულად, იგი ზამთრის მზებუდობიდან იწყება (როცა დღე ყველაზე მოკლეა, ღამე კი — ყველაზე გრძელი). ამ დროს დედამიწის ჩრდილოეთ პოლუსი მზიდან ყველაზე შორსაა გადახრილი. ამას ეკვატორის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებში ცივი ამინდები და მოკლე დღეები მოაქვს.

ზუსტი თარიღი ყოველ წელს იცვლება, რადგან დედამიწას მზის გარშემო ერთი სრული ბრუნის გასაკეთებლად დაახლოებით 365,24 დღე სჭირდება, ადამიანები კი კალენდარულ წელს 365 დღემდე ვამრგვალებთ. ეს რამდენიმესაათიანი სხვაობა მზებუდობას ყოველწლიურად ცოტათი აჩოჩებს, ყველა 4 წელიწადში კი ნაკიანი წელი მზებუდობას "თავის ადგილას აბრუნებს."

მაგალითად, 2025 წლის ასტრონომიული ზამთარი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ოფიციალურად 21 დეკემბერს დაიწყო; 2027 წლის ზამთარი კი 22 დეკემბერს დაიწყება. იმის გამო, რომ 2028 ნაკიანი წელი იქნება, ამ შემთხვევაში ასტრონომიული ზამთრის დასაწყისი კვლავ 21 დეკემბერი გახდება.

მსგავსი პრინციპი გვხვდება ასტრონომიული ზაფხულის შემთხვევაშიც. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იგი 20/21 ივნისს (ყველაზე გრძელი დღე) იწყება, შემოდგომის ბუნიობაზე (22/23 სექტემბერი) კი მთავრდება.

სწორედ ამით ხელმძღვანელობდნენ ადამიანები ათასწლეულების განმავლობაში მანამ, სანამ მექანიკურ საათსა და რთულ ტექნოლოგიებს განავითარებდნენ. მზის მდებარეობაზე დაკვირვებით ადამიანები ისეთ რამეებს საზღვრავდნენ, როგორებიც ამინდი ან ნადირობისთვის ხელსაყრელი დროა.

რას ნიშნავს მეტეოროლოგიური ზამთარი?

მეტეოროლოგიური ზამთარი ფიქსირებულ კალენდარულ თვეებს ეფუძნება — პირველ დეკემბერს იწყება და თებერვლის ბოლო დღეს მთავრდება.

როგორც ეროვნული ოკეანური და ატმოსფერული ადმინისტრაცია (NOAA) განმარტავს, მეტეოროლოგიური ზამთარი მეტწილად მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ კონსისტენტურობა და მონაცემთა სიზუსტე დავიცვათ. მართლაც, ასტრონომიული სეზონების დასაწყისი და დასასრული ხშირად იცვლება, რაც მოვლენების აღრიცხვას ართულებს.

საინტერესოა, რომ სამხრეთ ნახევარსფეროში ეს ყოველივე პირიქითაა. ამის მიზეზი ისაა, რომ დედამიწა თავისი ღერძიდან დაახლოებით 23.5 გრადუსითაა გადახრილი (მზის გარშემო მოძრაობის ორბიტასთან შედარებით). როცა მზის მხარეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროა მოქცეული, მაშინ აქ ზაფხულია, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში ამ დროს ზამთარია. ხოლო 6 თვის შემდეგ — პირიქითაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.