10 ქართული ფილმი, რომელშიც თბილისის კოლორიტული განწყობა აისახა
ყველა ფილმს, მით უმეტეს, გასულ საუკუნეში გადაღებულს, დამახასიათებელი ესთეტიკა აქვს — განათება, ფერები, კამერის გადაღების კუთხეები და სხვა. ეს მხოლოდ გამორჩეული და ორიგინალური ფორმის შექმნას არ ემსახურება — რეჟისორები ხშირად ცდილობენ, მრავალგვარი მხატვრული საშუალებების გამოყენებით, მაყურებელში, რომელზეც კინონამუშევარია გათვლილი, სენტიმენტები გააღვიძონ.
თბილისური სენტიმენტები ქართული ფილმოგრაფიისთვის უცხო ნამდვილად არაა. ქალაქში განვითარებული ისტორიებიც კი ხშირად წააგავს ერთმანეთს, თუმცა, ყოველ მათგანს მაინც აერთიანებს სიტყვით აუხსნელი ის შეგრძნება, რომელიც მათი ყურებისას გეუფლება და რომელიც ძალიან ნაცნობია.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ კინოსურათებს, რომლებმაც თბილისის კოლორიტული სულის დაჭერა და ეკრანზე ასახვა გამორჩეულად შეძლეს.
1. აბეზარა (1957)
ფილმში, რომელიც ისედაც გაჯერებულია თბილისური ურთიერთობებით, ინტრიგებითა და სახალისო სიტუაციებით, ლიას დახმარებით ქალაქს მოივლით და გასული საუკუნის 50-იანი წლების თბილისში იმოგზაურებთ. განსაკუთრებით საინტერესოა ფუნიკულიორის რესტორანში სადილობის სცენა, საიდანაც მთელი ქალაქის ხედი მოჩანს.
2. თოჯინები იცინიან (1963)
თბილისური ურთიერთობები, ამჯერად ოჯახისა და საახლობლოს კავშირები, უკვე 60-იანი წლების დედაქალაქშია გადმოტანილი ფილმში თოჯინები იცინიან. საინტერესოა ერთ-ერთი თბილისური "კულტიც" — სახელმწიფო კონსერვატორია — რომელიც ქალაქის ელიტარულ და პრესტიჟულ დაწესებულებად მიიჩნეოდა და რომელსაც ბევრი მშობელი თავისი შვილისთვის საოცნებო სასწავლებლად წარმოიდგენდა.
3. კუკარაჩა (1982)
ნოდარ დუმბაძისთვის ნაწარმოების განწყობა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მკითხველებს ხშირად მისი თითოეული წიგნის წაკითხვისას განცდილი ახსოვთ. ეს განწყობა არ დაკარგულა დუმბაძის ზოგიერთი ნაწარმოების ეკრანიზაციაშიც. კუკარაჩაც ძალიან თბილისური ისტორიაა თავისი თბილისური გმირებითა და აღმართებით. მიუხედავად ამისა, აქ კუკარაჩას ნაცვლად, შესაძლოა, დუმბაძის სხვა ეკრანიზაციაც ყოფილიყო — თუნდაც, ღმერთო, რისი გულისთვის! (2003) — რომელიც იტალიური ეზოს კოლორიტს ასახავს.
4. ვერის უბნის მელოდიები (1973)
თბილისი მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია; თითქოს, ყოველ უბანსა და ქუჩას საკუთარი მელოდიაც კი აქვს. თუმცა, აუცილებელი არაა, ეს მელოდიები "ქალაქურად" იწოდებოდეს, ან არღანზე სრულდებოდეს. შესაძლოა, მხიარული, სევდიანი, დრამატული სიმღერები იყოს ერთი ჩვეულებრივი მიუზიკლიდან, რომელიც, როგორც წესი, საახალწლო სატელევიზიო ეთერის მშვენებაა. ვერის უბნის მელოდიების გარეშე კი ეს სია მართლაც წარმოუდგენელი იქნებოდა.
5. გასეირნება თბილისში (1976)
ამ ფილმს სხვაგვარად ნამდვილი თბილისელი და სხვებიც ეწოდება, რადგან მაშინაც და ახლაც, ქალაქში ერთსაც მრავლად შეხვდებით და მეორესაც. როგორია ნამდვილი თბილისელი? ამ კითხვაზე ფილმში, შესაძლოა, ვერც გაიგოთ ზუსტი პასუხი, თუმცა, რამდენიმე კინოჩანახატისგან შემდგარი ნამუშევარი, რომელშიც ვარსკვლავური დასი მონაწილეობს, მაინც ბევრჯერ გაგიჩენთ უცნაური დეჟა ვუს შეგრძნებას.
6. როცა აყვავდა ნუში (1972)
აი, თბილისელ ახალგაზრდებს კი 1970-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმში შეხვდებით. გარდა იმისა, რომ კინოსურათში ახალგაზრდების ურთიერთობებია წარმოდგენილი, მასში ავტორიტეტული და განსაკუთრებული რეპუტაციის მქონე პირების გავლენის ქვეშ მოქცეული მანკიერი სისტემაცაა ასახული. ამას გარდა, ფილმს განსაკუთრებით თბილისურად აქცევს სცენა, რომელმაც, მოგვიანებით, ნამუშევრის სახელწოდების იდეაც დაბადა — ამ სცენაში ლიკა ქავჟარაძე ეპიზოდური როლით ჩნდება და ნუშის ტოტით ხელში მოსეირნობს, ფონად კი თბილისქალაქი მოჩანს.
7. ზღარბი (1979)
თბილისური სადარბაზოებისა და მათი უცნაური კიბეების გაცნობა თუ გსურთ, ამ მოკლემეტრაჟიან ფილმს აუცილებლად უნდა უყუროთ. თბილისური თუ არა თბილისში შესრულებული მუსიკით და ცოტათი სევდით გაჯერებული ფილმი ერთნაირადაა სახალისო და გულშიჩამწვდომი. ცალკეული სცენები კი მრავლად მოიცავს 1970-იანი წლების დედაქალაქის კადრებსაც.
8. უძინართა მზე (1992)
მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულებში თბილისში სიტუაცია ერთბაშად შეიცვალა და განწყობამაც, რომელიც ქალაქის მცხოვრებებს შორის სუფევდა, ფერი იცვალა. ჩამუქებული თბილისი, რეფრენად "რამდარიროთი", უძინართა მზეშია ასახული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კინონამუშევარში წარმოჩინდა იმ პერიოდში ფეხმოკიდებული ეგრეთ წოდებული "ქუჩის ინსტიტუტი" და მენტალიტეტი.
9. თბილისი-თბილისი (2005)
1990-იანი წლებში ქვეყანაში შექმნილი სოციალური მდგომარეობა არც ახალი ათასწლეულის დადგომისას შეცვლილა დიდად. განსაკუთრებით, 2000-იანი წლების პირველ ხანებში, როცა ქვეყნის დედაქალაქში ბევრგვარი პრობლემით შეწუხებულმა ჭრელმა მოსახლეობამ მოიყარა თავი. ამდენად, ეს ფილმი თბილისიდან თბილისში გამოგზაურებთ, ოღონდ 20 წლის წინანდელ შავ-თეთრ დედაქალაქში, რომელსაც ადგილ-ადგილ უკვე ერეოდა ღია ფერები.
10. გრძელი ნათელი დღეები (2013)
ახალი ქართული რეალობის კინოხელოვნებაში წარსულის პრობლემები ისევ აქტუალურია. არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელი გრძელი ნათელი დღეებიც დიდწილად 1990-იანი წლების დაპაუზებულ ქალაქში განვითარებულ მოვლენებსა და პირად და სოციალური პრობლემებზე ჰყვება.
ბონუსი: ჩემი საბნის ნაკეცი (2013)
ამ ფილმის ბონუსად გამოტანის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ კინონამუშევარში რეალურ დროში განვითარებული ისტორია არაა მოყოლილი. მიუხედავად ამისა, თბილისის დისტოპიური მომავალი, რომელიც კინოსურათშია წარმოდგენილი, ზუსტად ისეთი მომხიბვლელი და ქალაქური განწყობის მატარებელია, როგორც დედაქალაქის ნამდვილი კოლორიტები წარსულში და დღეს.
თუკი დედაქალაქის კოლორიტული განწყობა და თბილისური ამბები რეალობაშიც ისევე გაინტერესებს, როგორც ფილმებში, შეგიძლია, შემოგვიერთდე ფეისბუქჯგუფში — რა ხდება თბილისში.
კომენტარები