16 წლის ტყუპებს, ნინი და ანი მერაბიშვილებს პატარაობისას ანიმაციური ფილმების ყურება უყვარდათ. მაგრამ განსხვავებით იმ ბავშვებისგან, ვისაც მხოლოდ ფილმში მოთხრობილი ამბები იტაცებთ, ტყუპებს სხვა სახის ჯადოქრობა ხიბლავდათ — მათ აინტერესებდათ, თუ როგორ იყო ეს ფილმები შექმნილი. ამიტომ 11 წლის ასაკში დებმა "ტექნოპარკის" 3D მოდელირების კურსი გაიარეს და მას შემდეგ საყვარელი საქმის კეთება ერთი წუთითაც არ შეუწყვეტიათ.

ერთად ვმუშაობთ, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. როდესაც ერთ-ერთ ჩვენგანს იდეა უჩნდება, მეორე რაღაცას ამატებს, და აი, ასე ვავსებთ ერთმანეთს.

ანი.

ნინი და ანი სკოლაში სწავლას მუშაობას უთავსებენ. ისინი დიზაინზე, ინფოგრაფიკაზე, პოსტერებზე და სხვა მსგავს პროექტებზე მუშაობენ. გოგოებმა პირველი ჰონორარი — 50 ლარი 14 წლის ასაკში აიღეს.

ნინი და ანი მერაბიშვილები

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი/On.ge

"ჩვენი პირველი ფულით ყელიანი ფეხსაცმელები ვიყიდეთ და უზომოდ ბედნიერები ვიყავით. ახლა შედარებით მაღალბიუჯეტიან შეკვეთებზე ვმუშაობთ", — იცინის ნინი.

სერიოზული შეკვეთების მიღება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2020 წელს "ჯეოლაბისა" და "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს" (GITA) მიერ ორგანიზებული კურსი გაიარეს. მანამდე ციფრულ უნარებს ძირითადად YouTube-ის ვიდეოგაკვეთილებიდან ითვისებდნენ. გოგოები სწრაფად ვითარდებიან:

ვიზრდებით; დეველოპერები უნდა გავხდეთ. ჩამოვაყალიბეთ დიზაინერების და მარკეტერების გუნდი და დიდ პროექტებზე ვთანამშრომლობთ. დავაარსეთ შემოქმედებითი სააგენტო, ვმუშაობთ ციფრულ სფეროში, და ბრენდინგზე.

ნინი.

ნინი და ანი მერაბიშვილები

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი/On.ge

გოგოები ამბობენ, რომ COVID-19-ის პანდემიამ ციფრული სამყაროს განვითარება დააჩქარა:

"პანდემიის პირობებში ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიის ვებგვერდების დიზაინი მნიშვნელოვანი გახდა, რადგან ონლაინ ვაჭრობის აქტუალურობა გაიზარდა. ასე რომ, თუ ისწავლი, აუცილებლად გამოგადგება. ეს ძალიან საინტერესო სფეროა, განვითარებადი, შემოსავლიანი და რაც მთავარია, მოსაბეზრებელი არ არის. ეს საქმე კიდევ უფრო კრეატიულს გხდის", — გვეუბნება ანი.

ანი მერაბიშვილი

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი/On.ge

ნინი და ანი აპირებენ, საყვარელი საქმიანობა მომავალ პროფესიად აქციონ და ამისათვის კომპიუტერულ მეცნიერებებში საუნივერსიტეტო განათლების მიღებას გეგმავენ.

საკუთარი ლოგო, ბრენდინგი, კარგი რეკლამა ყველა კომპანიას სჭირდება იმისათვის, რომ ბაზარზე უფრო ცნობილი გახდეს და მომხმარებლის ნდობა მოიპოვოს. ციფრულ სფეროში სოციალური მედიის მიმართულებით მიღებული გამოცდილება უმნიშვნელოვანესია როგორც წარმატების მისაღწევად, ისე ადრეული ასაკიდან საკუთარი შემოსავლის გამომუშავებისთვის.

ნინი.

ნინი მერაბიშვილი

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი/On.ge

ციფრულ უნარებს — პრიორიტეტული მხარდაჭერა

ციფრული უნარების განვითარება ევროკავშირის ინიციატივის EU4Digital ერთი-ერთი მიმართულებაა. ამ ინიციატივის საშუალებით ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ციფრული უნარების გაძლიერებას, განათლებას და ზოგადად, ციფრული სფეროს განვითარებას ისახავს მიზნად.

პროგრამა EU4Digital ხელს უწყობს საქართველოში ციფრული უნარების სტრატეგიის დანერგვას შემდეგი ღონისძიებებით:

ხელისუფლების დახმარება ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების შეფასებასა და პროგნოზირებაში, ციფრული კომპეტენციების ერთიანი ჩარჩოს განსაზღვრა მცირე ბიზნესისთვის, და უნარების და სამუშაო ადგილების ეროვნული კოალიციის შექმნის მხარდაჭერა. ეს კოალიცია მონაწილე მხარეებს (ხელისუფლება, ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები და აკადემიური წრეები) საქართველოში ციფრული უნარების განვითარების კოორდინირებაში დაეხმარება.

მარა იაკობსონი

ფოტო: LIKTA

პროგრამის EU4Digital ე-უნარების მიმართულების წარმომადგენელი და ლატვიის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ასოციაციის (LIKTA) ვიცე-პრეზიდენტი მარა იაკობსონე აღნიშნავს, რომ ციფრული უნარები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როგორც ერთ-ერთი ძირითადი კომპეტენცია წიგნიერებისა და მათემატიკურ უნარებთან ერთად, რადგან დღესდღეობით არსებული ვაკანსიების 95%-ზე მეტი ციფრულ უნარებს მოითხოვს.

"სახელმწიფო სერვისების უმეტესი ნაწილი უკვე გადავიდა ან უახლოეს მომავალში გადავა ონლაინ რეჟიმზე. თუ მოქალაქეებს შესაბამისი უნარები არ ექნებათ, ისინი ცხოვრებას ჩამორჩებიან. ციფრული უნარების არქონამ შესაძლოა სოციალური და ეკონომიკური იზოლაციაც კი გამოიწვიოს. COVID-19-ის კრიზისმა ციფრული უნარების მნიშვნელობა ნათლად დაგვანახა". მიუხედავად ამისა, ევროკომისიის კვლევის თანახმად, "ყოველი ხუთი ახალგაზრდიდან მინიმუმ ერთს საბაზისო ციფრული უნარებიც კი არა აქვს", — ამბობს იაკობსონე.

ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების გამოსწორება

მარა იაკობსონე განმარტავს, რომ ციფრული უნარების ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავება დაეხმარება საქართველოს უკეთ შეაფასოს ციფრული უნარების განვითარების საკუთარი დონე და არსებული ხარვეზები სხვა ქვეყნებთან შედარებით.

გარკვეული გამოცდილება უკვე არსებობს საქართველოში, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის პასუხად. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს" (GITA) ჩართულობით, გრაფიკული დიზაინის, პროგრამირების და ინტერფეისის სფეროში ახლახან გადამზადდა 500-ზე მეტი ბენეფიციარი, რომელთა 40%-ს ქალები შეადგენდნენ. ამჟამად ტრენინგის მონაწილეთა 15-20% უკვე დასაქმებულია.

პანდემიის გამო 2020 წელს სამთვიანი კურსები მხოლოდ დისტანციურად ჩატარდა, რამაც მონაწილეობის საშუალება მისცა ახალგაზრდებს თბილისიდან და საქართველოს ცხრა რეგიონიდან. პარადოქსია, მაგრამ პანდემიის გამო საქართველოში ტრენინგის არეალის გაფართოება გახდა შესაძლებელი, აღნიშნავს "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს" (GITA) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი ალექსანდრე ღვინჯილია.

ონლაინ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ სხვა რაიონებიდან და მუნიციპალიტეტებიდანაც შეძლეს კურსზე დარეგისტრირება და ფაქტობრივად, მთელი საქართველოს მოცვა შევძელით. საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ და მონაწილეების რაოდენობაც გაიზარდა.

ალექსანდრე ღვინჯილია.

"ონლაინ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ სხვა რაიონებიდან და მუნიციპალიტეტებიდანაც შეძლეს კურსზე დარეგისტრირება და ფაქტობრივად, მთელი საქართველოს მოცვა შევძელით. საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ და მონაწილეების რაოდენობაც გაიზარდა", — დასძენს ღვინჯილია.

ალექსანდრე ღვინჯილია გვეუბნება, რომ კურსის ჩატარების მიზანი ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება და მათი ციფრული უნარების განვითარება იყო, განსაკუთრებით რეგიონებში, მათი შემდგომი დასაქმების და პროფესიონალებად ჩამოყალიბების მიზნით.

2018 წლიდან 800-მდე ბენეფიციარი გვყავს მომზადებული. საბოლოოდ, ისინი, ვინც კურსი კარგად დაამთავრა, ადგილობრივად დასაქმდნენ სრულ საშტატო განაკვეთზე ან შტატგარეშე თანამშრომლებად. ბევრი მათგანი საქართველოში არსებულ წარმატებულ კომპანიაში მუშაობს, და ეს ჩვენი მთავარი მონაპოვარია.

ალექსანდრე ღვინჯილია.

ალექსანდრე ღვინჯილია

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი/On.ge

ვის შეუძლია მონაწილეობა?

ალექსანდრე ღვინჯილიას თქმით, კურსში მონაწილეობისთვის საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის შევსება GITA-ს ვებგვერდზე. ამის შემდეგ აპლიკანტების კვალიფიკაციის დონე განისაზღვრება. მეორე ეტაპზე გადასულებს გასაუბრება უტარდებათ, საბოლოოდ შერჩეულებს კი კურსზე დასწრების საშუალება ეძლევათ. მონაწილეთა ასაკი 13-14-დან 65 წლამდე მერყეობს. ციფრული სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის მოქმედებს პორტალი Trainings.gov.ge, სადაც სასწავლო კურსების არჩევაა შესაძლებელი.

ფოტო: თორნიკე ზიზიაშვილი/On.ge

ყველაზე ხანდაზმული, 65 წლის მონაწილე, რომელიც ბათუმიდან გვყავდა, ძალიან კმაყოფილი დარჩა. კურსებს ყველა დასაქმებისთვის არ იყენებს, ზოგიერთები საკუთარი უნარების გასაუმჯობესებლად სწავლობენ. რადგან კურსი საბაზისოა, შემდეგ სწავლა დამოუკიდებლად უნდა განაგრძონ. რაც მთავარია, მონაწილეობა უფასოა. ჩვენ გადამწყვეტ მნიშვნელობას აპლიკანტის მოტივაციას ვანიჭებთ. მას უნდა ჰქონდეს ცოტაოდენი თავისუფალი დრო და სამუშაო ლეპტოპი. კომპიუტერის არქონის შემთხვევაში ბენეფიციარებს ჩვენი სივრცით სარგებლობის საშუალებას ვაძლევთ.

ალექსანდრე ღვინჯილია.

ბენეფიციარები ძირითადად ახალგაზრდები არიან — სკოლის მოსწავლეები, უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდა მეწარმეები.

"ამ კურსების შემდეგ, გვინდა ჩავატაროთ ტრენინგები სტარტაპერებისთვის, მივცეთ მათ განვითარების საშუალება და ტექნიკური ცოდნა, რომელსაც შემდეგ ახალ გუნდში გამოიყენებენ, ან როგორც მინიმუმ, ამ სფეროში დასაქმდებიან. ჩვენი ზოგადი სტრატეგია რეგიონების მოცვაა. ტექნოლოგიური დონე თბილისშიც იმაზე დაბალია, ვიდრე გვსურს, რეგიონებში კი ამის დეფიციტი განსაკუთრებით იგრძნობა", — აღნიშნავს ის.

ონლაინ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ სხვა რაიონებიდან და მუნიციპალიტეტებიდანაც შეძლეს კურსზე დარეგისტრირება და ფაქტობრივად, მთელი საქართველოს მოცვა შევძელით. საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ და მონაწილეების რაოდენობაც გაიზარდა.

ალექსანდრე ღვინჯილია

როგორც ალექსანდრე ღვინჯილია გვეუბნება, ამ საქმიანობის ძირითადი მიზანი ქვეყნის მასშტაბით ტექნოლოგიური დონის ამაღლებაა.

ამ მხრივ ფასდაუდებელია პროგრამის EU4Digital მიერ უზრუნველყოფილი ექსპერტული ცოდნა ე-უნარების სფეროში, ქსელური საქმიანობა და სასწავლო პერსპექტივები.

"ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, ვითვისებთ მის გამოცდილებას მსგავსი სასწავლო კურსების ჩატარებაში. გვაქვს შეხვედრები, სადაც გამოცდილებას ერთმანეთსაც ვუზიარებთ. ამ კუთხით, ევროკავშირისგან მიღებული ცოდნა უმნიშვნელოვანესია", — ხაზგასმით აღნიშნავს ღვინჯილია.

21-ე საუკუნის გამოწვევების გადასაჭრელად ეკონომიკის გარდაქმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. "შეხედეთ ფინეთს", ამბობს პროგრამის EU4Digital წარმომადგენელი მარა იაკობსონე. "ფინეთი იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ ციფრული ეკონომიკა მთავარ მიმართულებად აქციოს. მან 20 წელზე მეტი მიუძღვნა მოქალაქეთა ციფრული უნარების განვითარებას საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური, საინჟინრო და მათემატიკური (STEM) უნარების პარალელურად, და ამან რეალური შედეგი გამოიღო".

მოთხოვნა ციფრულ უნარებზე საქართველოში დღითიდღე იზრდება და ეს პროცესი შეუქცევადია. არაერთი ქვეყნის შრომის ბაზრის შესწავლა გვაჩვენებს, რომ მომდევნო წლებში ყველაზე მაღალანაზღაურებად პოზიციებს ციფრული კომპეტენციის მქონე ადამიანები დაიკავებენ.

"ყველაფერი შესაძლებელია", ამბობს 16 წლის ნინი, რომელმაც GITA-ს კურსი გასულ წელს გაიარა. "დაივიწყეთ ის სტერეოტიპები და ის ადამიანები, ვინც გეუბნებათ, რომ არ გამოგივათ. უბრალოდ, გახსენით ფოტოშოპი, ილუსტრატორი, მოიძიეთ რესურსები, დაესწარით კურსებს და ყველაფერს მარტივად გააკეთებთ. ადამიანი შეიძლება ძალიან ჭკვიანი იყოს, მაგრამ მან საკუთარი პოტენციალი აუცილებლად უნდა განავითაროს. რაც მეტ ინფორმაციას ვფლობთ, მით უფრო თავისუფლები ვართ. მთავარია გქონდეს ენთუზიაზმი და იცოდე, თუ რის გაკეთება გინდა", — აღნიშნავს ნინი.

ნინი და ანი იმის ცოცხალი მაგალითები არიან, თუ რას შეიძლება მიაღწიო შეუპოვრობით და ენთუზიაზმით. ამ ენთუზიაზმისთვის მიმართულების მისაცემად კი საჭიროა ეფექტური ციფრული სტრატეგია, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ცალკეული ადამიანების პოტენციალი ახალი ეპოქის მდგრად ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას მოხმარდეს. ამ თვალსაზრისით, უნარების მიზნობრივი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია პროგრამის EU4Digital მხარდაჭერა, რომელიც ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების განსაზღვრას გულისხმობს.

ნინი და ანი მერაბიშვილები

"მრავალი კვლევით დასტურდება, რომ მომავალი 30 წლის განმავლობაში პრიორიტეტული სწორედ ის პროფესიები იქნება, რომლებშიც უნარების დეფიციტი აღინიშნება და რომლებშიც ახლა ვატარებთ ტრენინგებს; ეს არის ფრონტ-ენდ დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი და მრავალი სხვა პროფესია", — ამბობს GITA-ს წარმომადგენელი ალექსანდრე ღვინჯილია.

EU4Digital ინიციატივის საშუალებით ევროკავშირი ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ციფრული უნარების სტრატეგიების განვითარებას შემდეგი მეთოდებით:

სტატია მომზადებულია პროგრამის EU4Digital ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს მხოლოდ მისი ავტორის პოზიციას.