რატომ უნდა იყვნენ ქალაქები ფრინველებზე მორგებულნი
ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქალაქები ფრინველების დასახოცად მოეწყო. მაგალითად ავიღოთ ოქტომბრის ერთი ღამე ფილადელფიაში, როდესაც ათასზე მეტი ჩიტი შენობებს შეეჯახა და დაიღუპა. ორიენტაციისთვის ხელის შემშლელი ფანჯრების ანარეკლების, სინათლით დაბინძურებისა და მაღალი შენობების ფრინველების საფრენ ზოლში განლაგების გამო სასიკვდილო შეჯახებები, სამწუხაროდ, უფრო და უფრო ხშირი ხდება. მეცნიერების გამოთვლებით, შენობებთან შეჯახების შედეგად მხოლოდ აშშ-ში წელიწადში ერთ მილიარდამდე ჩიტი კვდება.
ვირჯინიის უნივერსიტეტის არქიტექტურის სკოლის პროფესორი, ტიმოთი ბიტლი, თავის წიგნში, ფრინველებზე მორგებული ქალაქი: უსაფრთხო ურბანული გარემოს შექმნა, ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსავალს გვთავაზობს. ბიტლი გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ახალი კანონების შემოღებით, განსხვავებული სამშენებლო მასალითა და მშენებლობის ეკომეგობრული სტილით ურბანული სივრცის ისე მოწყობა, რომ ფრინველებმა დიდ ქალაქებშიც კომფორტულად იცხოვრონ.
ბიტლიმ ურბანული დაგეგმარების სფეროში სიღრმისეული კვლევა ჩაატარა და უკანასკნელ წლებში ბიოფილიის კონცეფციაზე კონცენტრირდა. ბიოფილია გვასწავლის, თუ როგორ იღებს ადამიანი სარგებელს ბუნებასთან კონტაქტით. Fast Company-სთან ჩაწერილ ინტერვიუში ბიტლი გვიყვება, თუ როგორ შეგვიძლია ქალაქები ისე გარდავქმნათ, რომ ფრინველების მოკვლის მაგივრად, მათ ჩვენს ურბანულ ცხოვრებაში შევეგებოთ.
ფრინველები ადამიანთა მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებენ
მაინც რატომ არიან ფრინველები მნიშვნელოვანნი და რატომ უნდა მოვარგოთ მათ ჩვენი ქალაქები? ბიტლი ამ კითხვას ასეთ პასუხს სცემს: "სულის დამაწყნარებელი ქალაქების საიდუმლო სწორედ ფრინველებშია. მათი სიახლოვე ადამიანებს სიმშვიდეს და სიხარულს გვგვრის. რთულია იყო მარტო, როდესაც ახლომახლო ფრინველები არიან. ჩვენი დღეები უფრო სავსეა, როდესაც ჩიტების ფრთების ჯადოსნური ხმა გვესმის. ისინი ურბანულ სივრცეებს სიცოცხლის ძალით ამარაგებენ".
ჩიტები ბუნებრივი გარემოს ისეთ ელემენტებს აცოცხლებენ, როგორებიც ხეები და ურბანული ტყეებია. "ქალაქში არსებული ხეები, რა თქმა უნდა, ცოცხლები არიან, მაგრამ მათი სასიცოცხლო ენერგია ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე ძლიერდება", — აღნიშნავს ბიტლი, — "პანდემიამ ფრინველების ძალა გვაჩვენა, როდესაც სულ უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო ჩიტებზე დაკვირვება. მკვეთრად გაიზარდა ფრინველების საკენკის გაყიდვის მაჩვენებელი და ჩიტებთან დაკავშირებული მობილური აპლიკაციების მომხმარებლებმაც საგრძნობლად იმატეს. ხალხმა კარანტინის დროს აღმოაჩინა ან თავიდან აღმოაჩინა ის ხალისი და სიმშვიდე, რაც ჩიტების გარემოცვაში ყოფნას ახლავს თან".
მართლაც, ჩიტებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ — განსაკუთრებით, ურბანულ გარემოში, სადაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდება: "ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ვებრძვით ველური გარემოსადმი მცდარ მიდგომას, თითქოს ბუნება რაღაც შორეული ადგილია, რომელთან მისასვლელადაც დიდი მანძილი უნდა გავიაროთ. ჩვენ უნდა დავაფასოთ და დავუკავშიროთ თავი ბუნებას, რომელიც ჩვენ გარშემოა; ბუნებას, რომელიც იმ ადგილებთანაა ახლოს, სადაც ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, თავისუფალ დროს ვატარებთ. ჩიტები უზარმაზარი, ჯადოსნური სიცოცხლის ძალაა ჩვენს პლანეტაზე. ისინი თავისთავად ღირებულნი არიან და, შესაბამისად, მათ არსებობას არ უნდა სჭირდებოდეს პრაქტიკული მიზეზების და იმის ძიება, თუ რა სარგებელი მოაქვთ მათ ჩვენთვის. მსგავს მიდგომას მე იმ ბიოცენტრული მსოფლმხედველობის სასარგებლოდ ვეწინააღმდეგები, რომლის იდეალადაც ადამიანებისა და ფრინველების თანაცხოვრება არის დასახული".
რისი გაკეთება შეუძლიათ ქალაქებს ფრინველთა დასაცავად
ბიტლი ასევე აღნიშნავს, რომ ქალაქები ხშირად ისეთ ადგილას შენდებოდნენ, სადაც მანამდე ფრინველების საბინადრო არეალი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩიტები კი არ სახლობენ ჩვენს ქალაქებში, არამედ ჩვენი ქალაქებია მოწყობილი ფრინველების საცხოვრებელ გარემოში. და რადგან მათ გარემოში შევიჭერით და წასვლას არსად ვაპირებთ, ჩვენი მოვალეობაა, რომ ქალაქები მათთვის უკეთესი გავხადოთ.
ამის მისაღწევად სხვადასხვა გზა არსებობს. "ალბათ, პირველი ნაბიჯი იმის აღიარებაა, რომ აქ ყოფნის უფლება აქვთ და ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ურბანული გარემო მათთვის უსაფრთხო გახდეს", — ამბობს ბიტლი, — "საფრთხეების შემცირების გარდა უნდა ვაღიაროთ, რომ ქალაქებს შესაძლებლობა აქვთ, დადებითი ძალა იყვნენ ჩიტების ცხოვრებაში და რომ მათ, ზოგადად, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება".
ამისათვის ქალაქში ყოველი შენობის დიზაინი და პროექტი უნდა აღიქმებოდეს როგორც სიცოცხლის სხვა სახეობებისთვის — განსაკუთრებით, ფრინველებისთვის — საცხოვრებელი გარემოს შექმნის შანსი. ბიტლი თვლის, რომ საბინადრო არეალი, რომელიც კარგი იქნება ფრინველებისთვის, ასევე კარგი იქნება ადამიანებისთვისაც. ეს ურბანული დაგეგმარების წესის შეცვლას მოითხოვს, რათა ადამიანებმა უკეთესად გაითვალისწინონ ფრინველებისა და სხვა ცხოველების გადაადგილება, ეკოლოგიური ქსელები და ერთმანეთთან დასაკავშირებელი მარშრუტები.
"ჩიტებისთვის საცხოვრებელ სივრცის გამოყოფით ბევრ სხვა ცხოველსაც დავეხმარებით", — აღნიშნავს ბიტლი და მაგალითად ვანკუვერი მოჰყავს. კანადის ქალაქის მმართველობამ ჩიტებისთვის სპეციალური გეგმის შემუშავება დაიწყო და ამ მიზნით კომიტეტიც კი შექმნა. ქალაქებს ასევე შეუძლიათ, გაერთიანდნენ და იმ ჩიტებს, რომლებსაც მათ საერთო ურბანულ სივრცეს კვეთენ, მიგრირების პროცესში დაეხმარონ. ამისათვის მათ ერთად უნდა იმუშაონ იმ არეალის დასაცავად, სადაც ფრინველები გადაიფრენენ ან გარკვეულ დროს დაყოფენ.
ბიტლი თავის წიგნში აღწერს გაერთიანებულ სამეფოში არსებულ ახალ ტრენდს, "ჰაბიტატურას", როცა შენობებში სპეციალური ფუღუროებია ჩაშენებული, რომლებიც ქვეყანაში გავრცელებული ფრინველებისთვის ბუდეების როლს ასრულებს. ბიოფილური შენობის კარგი მაგალითია ხუ ტეკ პუატის საავადმყოფო სინგაპურში, რომელიც თავიდანვე ისე დაპროექტდა, რომ მისი მშენებლობის ადგილზე გაჩეხილი ტროპიკული ტყის კომპენსირება მოეხდინა. პროექტის წარმატების საილუსტრაციოდ, საავადმყოფო ფრინველებისა და პეპლების რაოდენობას ყველას დასანახად, კედელზე აღრიცხავს.
"ჩვენ ასევე უნდა შევცვალოთ ის კრიტერიუმები, რითაც ქალაქების წარმატებას ვაფასებთ", — ურთავს ბიტლი, — "არაეფექტიანი ეკონომიკური გეგმები, რომლებიც აქცენტს მოკლევადიან მატერიალურ სარგებელზე აკეთებს, ისე უნდა დაბალანსდეს, რომ სათანადო ყურადღება ადამიანის ჯანმრთელობასაც მიექცეს. ქალაქი უნდა მიისწრაფოდეს ისეთი მდგომარეობისკენ, როცა ყველა უბანში ჩიტების ჭიკჭიკი გაისმის. ეს უნდა იყოს პროგრესის საზომი".
ზოგმა ქალაქმა — მაგალითად, ტორონტომ, სან-ფრანცისკომ და ნიუ-იორკმა — ბოლო დროს ჩიტებზე მორგებული სტანდარტები მართლაც შეიმუშავა. მიღებული ზომები მშენებელს ფრინველისთვის უსაფრთხო შუშების გამოყენებას და სინათლით დაბინძურების შემცირებას ავალდებულებს. თუმცა ამ სტანდარტის მსოფლიოს ყველა ქალაქში დამკვიდრება მრავალ სირთულესთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ხშირად ახსენებენ, ფრინველებისთვის უსაფრთხო შუშის სიძვირეა. თუმცა ბიტლს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს: "ეს დამატებითი ხარჯები უმნიშვნელოა და ხშირად გაზვიადებული. თანაც, ისინი, როგორც წესი, ისეთი სარგებლით გადაიწონებიან, როგორიც ნაკლები ენერგომოხმარებით დაზოგილი თანხა და ნაკლები გამოყოფილი ნახშირორჟანგია". გადაკეთებული ჯეიკობ ჯევიტსის ცენტრი ნიუ-იორკში ამის კარგი მაგალითია — პატარა წერტილებით დაფარულმა შუშამ ჩიტების სიკვდილიანობა 90%-ით, ხოლო ენერგომოხმარება 26%-ით შეამცირა.
ამასთან, არქიტექტორებს თუ მანამდე ფართო შუშები უყვარდათ, ახლა ეს იცვლება და ჩვენ ახალ კრეატიულ დიზაინებს ვაწყდებით, რომლებიც ქალაქის ესთეტიკურ მხარესაც აუმჯობესებს და, ამავდროულად, ჩიტებისთვისაც არ წარმოადგენს საფრთხეს. ამის მაგალითებია, აქუა თაუერის ცათამბჯენი ჩიკაგოში და რიერსონის სტუდენტური ცენტრი ტორონტოში.
ბიტლის მოსაზრებით, ურბანული დაგეგმარების გარდაქმნაში მთავარი პრობლემები პოლიტიკური ხასიათისაა: "ხშირად ძალიან მცირე პოლიტიკური ინიციატივა და მხარდაჭერაა, რომ ქალაქები ფრინველებისთვის უფრო მეგობრულები გავხადოთ. ჩიტები, რა თქმა უნდა, ხმას არ აძლევენ არჩევნებზე, შესაბამისად, მათი უფლებები იმ ამომრჩეველმა უნდა დაიცვას, რომელიც მთავრობისგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვოს. არ ვიცი, რამდენად აანალიზებენ პოლიტიკოსები მათი მხარდამჭერების ჩიტებისადმი სიყვარულს. პანდემიის შემდეგ ალბათ უფრო მარტივი იქნება, ფრინველების თემა წამოვჭრათ, ვინაიდან ეს დრო ბევრმა ჩვენგანმა ჩიტების ყურებასა და მოსმენაში გაატარა და ამ სტრესულ პერიოდში მათი სილამაზით, გამძლეობითა და მუდმივობით ისიამოვნა".
"საბოლოოდ, ყველაფერი მაინც ეთიკის საკითხამდე დადის.. არქიტექტორებმა, მშენებლებმა, პოლიტიკოსებმა და სხვებმა უნდა აღიარონ ზნეობრივი ვალდებულება, არ იყვნენ ინდიფერენტულები ჩიტების მიმართ, დაიცვან ისინი და მათი ტანჯვა მაქსიმალურად შეამცირონ. თუ ეს მოხდება, ბევრი რამ შეიცვლება და უამრავი ქალაქი მოესწრება ფრინველებისთვის მეგობრული სამშენებლო სტანდარტების დაწესებას", — ურთავს ბიტლი.
რისი გაკეთება შეგვიძლია რიგით მოქალაქეებს
თუმცა ურბანული გარემოს ფრინველებზე მორგების საქმეში მხოლოდ არქიტექტორებმა და ქალაქის გეგმის შემქმნელებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა. ქალაქი ჩვეულებრივმა მაცხოვრებლებმაც უნდა გარდაქმნან. ამის მაგალითად ბიტლის ეგრეთ წოდებული კატიოები მოჰყავს. ეს კატებისთვის განკუთვნილი სპეციალური გალიებია, რომლებიც, როგორც წესი, სახლებთანაა დაკავშირებული. კატიო შინაურ კატებს საშუალებას აძლევს, სახლი დატოვონ, მაგრამ ჩიტებზე არ ინადირონ. ამ იდეამ ფეხი პირველად ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში მოიკიდა, თუმცა ახლა სხვაგანაც პოპულარული ხდება. კატიო შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ კატების მოყვარულ ადამიანებსა და ჩიტების მოყვარულ ადამიანებს ერთმანეთთან შეთანხმება.
"რა თქმა უნდა, კერძო სახლების მფლობელებს კიდევ უამრავი რამის გაკეთება შეუძლიათ", — აღნიშნავს ბიტლი, — "სახლის გარშემო ლანდშაფტის შეცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ხელოვნურად დათესილი ბალახის ადგილობრივი მცენარეებით ჩანაცვლება დადებითი შედეგის მომტანია. ადგილობრივი ხეებისა და მცენარეების დარგვა ჩიტებისთვის შესაფერის საბინადრო გარემოს და საკვებს უზრუნველყოფს. ასევე საჭიროა გარე განათების შემცირება, ჰერბიციდებისა და პესტიციდების მინიმალურად გამოყენება და წყლის წყაროების შექმნა. ეს ყველა ნაბიჯი ჩიტების გარდა სიცოცხლის სხვა ფორმებსაც დაეხმარება. კატიოები კარგია, მაგრამ ასევე კარგია კატის შინ დატოვება, განსაკუთრებით, წელიწადის იმ დროს, როდესაც ბარტყები იჩეკებიან. თუ კატა აუცილებლად უნდა გავიდეს გარეთ, ყელსაბამის გამოყენება ურიგო არ იქნება".
ბიტლი თითოეულ ადამიანს სამოქმედო გეგმას განუსაზღვრავს: "უამრავი გზაა, რათა ფრინველების შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობა გავზარდოთ და მათი დაფასება ვისწავლოთ. მოაწყვეთ ფრინველებზე სადამკვირვებლო აქტივობები ან მონაწილეობა მიიღეთ მათში და შეუწყვეთ ხელი ფრინველების მნიშვნელობის შესახებ ბავშვებში ცოდნის გაღრმავებას".
კომენტარები