მკვლევრებმა ეგვიპტეში მსოფლიოში პირველი ორსული მუმია აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნით თარიღდება. აღმოჩენა მოულოდნელი იყო, რადგან, ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ Journal of Archaeological Science-ში გამოქვეყნდა, მუმიის სარკოფაგზე გაკეთებული წარწერის მიხედვით, იქ არა ორსული ქალის, არამედ ქურუმის მუმია უნდა დახვედროდათ.

მუმია პოლონეთის ვარშავას უნივერსიტეტს 1826 წელს გადაეცა. ვარშავას მუმიის პროექტის არქეოლოგებმა მუმიაზე დეტალური ანალიზის ჩატარება მხოლოდ ახლა, ვარშავას ეროვნული მუზეუმის ადამიანისა და ცხოველის მუმიების კოლექციების შესწავლისას გადაწყვიტეს.

მუმიის და კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ და რენტგენმა აჩვენა, რომ აღმოჩენილი ნარჩენები მიეკუთვნებოდა ქალს, სარკოფაგი კი, აშკარად კაცისთვის იყო დამზადებული. მკვლევრების თქმით, მუმია აშკარად არ ეკუთვნოდა კაცს ანტიკური თებედან, რომელსაც ჰორ-ჯეჰუტი ერქვა და რომლის სახელიც სარკოფაგზე იყო მითითებული.

ფოტო: digitaloceanspaces.com

"ის, რაც სარკოფაგის გახსნის შემდეგ დაგვხვდა, სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან ჩვენ ანტიკურ დაავადებებს ან სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს ვეძებდით" — ამბობს მთავარი ავტორი და ვარშავას მუმიის პროექტის თანა-დირექტორი, ვოიჩეკ ეისმონდი. "ასევე, გვეგონა, რომ იქ ქურუმის მუმია უნდა ყოფილიყო".

საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ სარკოფაგში 20-30 წლის ქალის მუმია ესვენა, რომელიც დაახლოებით 6.5-7.5 თვის ორსული უნდა ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ მეცნიერებს აქამდე ორსული ქალის ჩონჩხები აღმოუჩენიათ, თუმცა ორსული ქალის მუმია — აქამდე არასდროს.

ტომოგრაფიის და რენტგენის სურათებით მკვლევრებმა მუმიაში ოთხი გაერთიანება იპოვეს — სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალის ფილტვები, ღვიძლი, კუჭი ნაწლავებით და გული. ეს ორგანოები ამოიღეს, ბალზამირება გაუკეთეს და შემდეგ უკან მოათავსეს მუმიის მუცლის ღრუში, რაც ძველ ეგვიპტეში გავრცელებული პრაქტიკა იყო. თუმცა, ჩანასახი მუმიის საშოდან მსგავსად არ მოუცილებიათ.

მკვლევრების ჰიპოთეზით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩანასახი არ იყო ჯერ დაბადებული, იგი "დედის სხეულის ნაწილად მიიჩნეოდა". ბავშვი, რომელსაც ჯერ სახელიც კი არ აქვს, შესაძლოა, ცალკე ადამიანად არ ჩაეთვალათ, იქიდან გამომდინარე, რომ ანტიკური ეგვიპტელების რწმენით, ინდივიდის ადამიანობის ერთ-ერთ განმსაზღვრელს მისი სახელი წარმოადგენდა. გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, მუმიაში ჩანასახის დატოვების მიზეზი, შესაძლოა, ნაყოფის, ან დედის სხეულის დაზიანების თავიდან აცილება იყო.

არქეოლოგებმა ჯერჯერობით ისიც არ იციან დაზუსტებით, თუ რატომ იყო ეს მუმია კაცის სარკოფაგში; თუმცა, კვლევის თანახმად, მუმიების დაახლოებით 10%, არალეგალური გათხრებისა და ძარცვის შედეგად, "არასწორ" სარკოფაგებშია მოთავსებული. გარდა ამისა, მუმიის სახვევზე კისერთან აღმოჩენილი დაზიანებები, სავარაუდოდ, ასევე მძარცველების ნამოქმედართან უნდა იყოს დაკავშირებული, რომლებსაც, შესაძლოა, სარკოფაგიდან ამულეტები მოეპარათ.

კვლევის ავტორები ახალგაზრდა ქალის მუმიას "ვარშავას ეროვნული მუზეუმის იდუმალ ქალბატონს" უწოდებენ, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასარკვევი მის შესახებ. "მისი მუმია ეგვიპტელების ბალზამირების ტექნიკების შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს და ასევე მიუთითებს მის მაღალ სოციალურ სტატუსზე", წერენ ავტორები. კვლევის მიხედვით, ის ასევე "ამულეტების მდიდარ ნაკრებთან" ერთად უნდა დაეკრძალათ.

გაუგებარია ისიც, თუ როგორ მოკვდა ქალი. "საიდუმლო არაა, რომ იმ პერიოდში ორსულობისა და მშობიარობის დროს სიკვდილიანობა მაღალი იყო", — განუცხადა ეისმონდმა Science in Poland-ს. "აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა ქალის სიკვდილში მთავარი როლი მის ორსულობას უნდა შეესრულებინა". გუნდი ახლა იმედოვნებს, რომ მისი სიკვდილის მიზეზის გარკვევაში მუმიის ქსოვილებში შემორჩენილი სისხლის ნიმუშების ანალიზი დაეხმარებათ.

ეს აღმოჩენა "საშუალებას გვაძლევს, მოვიპოვოთ პირველი მტკიცებულებები ანტიკურ დროში პრენატალური ჯანმრთელობის შესახებ", — განუცხადა ეისმონდმა Live Science-ს. "შეგვიძლია გავაკეთოთ შედარებითი კვლევები თანამედროვე შემთხვევებთან, ვეძებოთ კვალი ანტიკური სამედიცინო პროცედურებისა და შევისწავლოთ მედიცინის ისტორია".