როგორ მოვუსმენთ Spotify-ის Facebook-იდან გაუსვლელად — ახალი ფუნქცია უკვე ამოქმედდა
Facebook ცდილობს არასდროს დავტოვოთ მისი აპლიკაცია და ამას Spotify-სთან პარტნიორობით შექმნილი ახალი ფუნქციის დახმარებით ნამდვილად მოახერხებს.
ამიერიდან, ფეისბუქის სქროლვისას შეიძლება Spotify-ის მინი ფლეერები შეგხვდეთ, რომელთა ჩართვასაც აპლიკაციიდან გაუსვლელად, სიახლეების ზოლშივე შეძლებთ. ასე მოუსმენთ პოდკასტებსა თუ მუსიკას, რომელსაც მეგობრები თუ გვერდები ფეისბუქზე გააზიარებენ.
აუდიო კონტენტის გაზიარება Spotify-დან Facebook-ზე იქნება შესაძლებელი, ფეისბუქის მომხმარებლები კი მინი ფლეერზე დაჭერით ჩანაწერის მოსმენას, სქროლვის გაგრძელების შემდეგაც შეძლებენ. მეტიც, თუ ფეისბუქზე განთავსებული კონკრეტული ვიდეოს ფონად დადებული მუსიკა მოგეწონებათ, ვიდეოს დასრულების შემდეგ, ფეისბუქი გამოაჩენს Spotify-ის ღილაკს, სადაც ვიდეოში გამოყენებული მუსიკის მოსმენას შეძლებთ.
Facebook-ის და ამასთან, Spotify-ის მომხმარებლები მოისმენენ მუსიკას, მისი დასრულების შემდეგ კი ახალი მუსიკა დაიწყება (როგორც Spotify-ზე ხდება ხოლმე). აღსანიშნავია, რომ სიახლეების ზოლში მეგობრების მიერ ამ გზით გაზიარებული მუსიკისა თუ პოდკასტების მოსასმენად Spotify-ის მომხმარებელი უნდა იყოთ. ხოლო თუ პლატფორმის უფასო ვერსიას გამოიყენებთ, ტრადიციულად, მუსიკის შუაში აუდიო რეკლამის მოსმენაც მოგიწევთ. ეს ნიშნავს, რომ Facebook-სა და Spotify-ის შორის შეზღუდული მონაცემები გაიცვლება, ამ მონაცემებში კი შედის ის, თუ Spotify-ის რომელი პაკეტის მომხმარებელი ხართ.
ასევე იხილეთ: რა არის Spotify, რა ღირს და როგორ გამოვიყენოთ
ეს დიდი თანამშრომლობა Facebook-სა და Spotify-ის შორის კომპანიის აუდიო მიმართულებით კონცენტრირების გეგმას უკავშირდება. გასულ კვირას ფეისბუქმა რამდენიმე ახალი ფუნქცია და პროდუქტი დააანონსა, რომელიც მომხმარებლებს აუდიო კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს. ეს ყველაფერი კი Clubhouse-ის კონკურენციის გამო ხდება. Facebook-მა პირდაპირ წამოაყენა Clubhouse-ის კონკურენტი — Live Audio Rooms, ისევე, როგორც მოკლე აუდიო კლიპების Soundbites-ის გაზიარების შესაძლებლობა. ახლა კი ფეისბუქში Spotify-ის ინტეგრირების მომსწრენი ვხდებით.
აღსანიშნავია, რომ ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ასევე iOS-ის მომხმარებელთათვის, რომლებიც ფეისბუქის აპლიკაციას იყენებენ, თუმცა შეზღუდვა, ჯერჯერობით, მაინც არსებობს. ამ ეტაპზე, ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია 27 ქვეყანაში, პირველ რიგში კი, აშშ-ში. უცნობია, როდის ამოქმედდება ის საქართველოში, თუმცა, ეს უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი.
კომენტარები