ვირჯინია ვულფი კინოში სიარულის მაგიურობაზე
მეოცე საუკუნის გამორჩეული მწერალი, ვირჯინია ვულფი, ადრეული კინოს დიდი გულშემატკივარი იყო. კინომცოდნე ლუსი ბოლტონი მწერლის 1926 წლის ესეს, კინოს მიმოიხილავს და კინოთეატრების მნიშვნელობაზე გვესაუბრება.
პანდემიის პერიოდში კინოს ნაკლებობამ ფილმების დიდ ეკრანზე ყურების მაგია ძალიან მომანატრა. იმავეს სახლში კეთება, რა თქმა უნდა, მოსახერხებელი და კომფორტულია — ამ შესაძლებლობის ქონის გარეშე ლოქდაუნები გაუსაძლისი გახდებოდა. თუმცა, ფილმების საკუთარ დივანზე ნახვა კინოში სიარულთან ახლოსაც ვერ მივა. ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, რითაა ეს დამატყვევებელი და ყოვლისმომცველი გამოცდილება ასეთი გამორჩეული?
1926 წელს კინოში წასვლის შემდეგ ამ საკითხით მწერალი ვირჯინია ვულფიც დაინტერესდა. რა განასხვავებს ფილმის ნახვას ასე ძალიან წიგნის წაკითხვისგან ან კონცერტზე წასვლისგან? ვულფისათვის კინო ხელოვნების ახალი და ტექნოლოგიურად განვითარებული ფორმა გახლდათ, თუმცა მას ჯერ კიდევ არ გამოემჟღავნებინა ადამიანური ყოფის ეკრანზე აღბეჭდვის სრული პოტენციალი.
ვულფის გარდაცვალებიდან 80 წლის თავზე, ფილმების საუკეთესო გზით — დიდ ეკრანზე ნახვის მონატრების პერიოდში, ესეში, კინო, გამოთქმულმა მწერლის წინასწარმჭვრეტელურმა აზრებმა ახალი დატვირთვა შეიძინა.
კინოს მაგია
"იმ ფილოსოფოსებს, რომელთა აზრითაც, ცივილიზაციის დასასრულს მივაღწიეთ და რომელთაც სჯერათ, რომ ყოველივე სათქმელი უკვე ითქვა, ალბათ კინო გამორჩათ მხედველობიდან", — აცხადებს ვულფი. მწერალი ამ სიტყვებით იმას გულისხმობს, რომ კინოს "სიცოცხლის ბუნების წარმოჩენის" ისეთი ახალი მეთოდის შემოთავაზება შეეძლო, რომელიც ეკრანზე ნაჩვენები გამოსახულებებით მაყურებელში სიყვარულს, ზიზღს, შიშსა და ბრაზს აღძრავდა.
ვულფი კინოში მყოფი ხალხის სახეებზე აღბეჭდილ განცვიფრებაზე საუბრობს, რომელიც ცხოვრებისეული უბრალო სიამოვნებების მოგონებითაა გამოწვეული. "თითქოს, იმ ქვაბში ვიცქირებით, რომელშიც მრავალი ფრაგმენტი დუღს. დროდადრო რომელიმე ნაწილი წყლის ზემოთ იწევს და ქაოსიდან თავს ითავისუფლებს", — ასე აღწერს მწერალი კინოს მდიდარ შესაძლებლობებს.
კინოს პოტენციალის ვულფისეული აღქმა იმით გამოირჩევა, რომ ის მასში ადამიანის ცნობიერებისა და წარმოსახვის გაფართოების უნარს ხედავს. მწერალს მიაჩნია, რომ ფირზე აღბეჭდილი ყველაზე ხელმიუწვდომელი გამოსახულებებიც კი რეალისტურობას იძენს და ჩვენს ყოველდღიურობასაც განსხვავებული თვალით აღგვაქმევინებს.
ვულფის თქმით, როცა ჩვენ ვუყურებთ მოვლენებს, რომლის მონაწილენიც არ ვართ, "მშვენიერების აღსაქმელად დრო გვეძლევა და უეცრად ვხვდებით, რომ იგი შეუჩერებელია — ვუმზერთ მას თუ არა, მშვენიერება მაინც გაიფურჩქნება".
კინო როგორც ხელოვნების დამოუკიდებელი ფორმა
თუმცა ყველაზე მეტად ვულფს ის აინტერესებს, თუ როგორ შექმნიან კინორეჟისორები საკუთარ ხელოვნებას. ანა კარენინას მაგალითზე იგი იმ წიგნებზე საუბრობს, რომელთა ადაპტაციების გადაღებაც შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ მაინც მტკიცედ სწამს, რომ კინოს უკვე ნაცნობი ამბის ხელახლა მოყოლისაგან ბევრად განსხვავებული შესაძლებლობები აქვს.
ვულფი საუბრობს იმ პრობლემებზეც, რომლებსაც კინო მაშინ შეიძლება გადააწყდეს, როცა კითხვისას ჩვენს გონებაში უკვე გაცოცხლებულ პერსონაჟებს გადაიტანს ეკრანზე. მწერლის აზრით, წარმოსახულისა და ეკრანზე გაცოცხლებულის შედარებას თუ შევწყვეტთ და "კინოს მარტო დავტოვებთ", მის რეალურ შესაძლებლობებს ვიხილავთ.
ვულფი ცნობილი გერმანული ექსპრესიონისტული საშინელებათა ფილმის, ექიმი კალიგარის კაბინეტის ნახვას იხსენებს და ჰყვება, როგორ გაჩნდა ეკრანის კიდეზე თავკომბალას ფორმის მოძრავი ჩრდილი. "ის უზარმაზარი გახდა, ათრთოლდა, გაიბერა და კვლავ გაუჩინარდა". ეს გამოსახულება, რომელიც ვულფს მკვლელის გონებიდან გადმოსულ საზარელ ურჩხულად მოეჩვენა, ფირის დეფექტი აღმოჩნდა. თუმცა ამ გამოცდილებამ მწერალი არაჩვეულებრივ დასკვნამდე მიიყვანა: "თითქოს, ის საზარელი თავკომბალა შესაშინებლად კი არ იყო იქ, არამედ თავად შიში გახლდათ".
იმის გააზრება, რომ კონკრეტულ მომენტში ნებისმიერ გამოსახულებას, ჩრდილსაც კი უსიტყვოდ შეუძლია, ემოციები გვაგრძნობინოს და ესა თუ ის განწყობა და გამოცდილება შეგვიქმნას, კინოს შესაძლებლობებზე ნათლად მეტყველებს.
ვულფს აინტერესებს, არსებობს თუ არა ფორმებისა და სიმბოლოების საიდუმლო ენა, რომელსაც კინო ხილულს გახდის; ენა, რომელიც არაფერ არსებულს არა ჰგავს და ემოციებს სრულიად ახალი გზებით გამოხატავს. მწერალი თვლის, რომ ამის მისაღწევად კინომ ავთენტური, რეალობისაგან განსხვავებული გამოსახულებები და სიმბოლოები უნდა აღმოაჩინოს. "ალბათ დროთა განმავლობაში ამგვარი მოძრაობებისა და აბსტრაქციების გამოყენებითაც გადაიღებენ ფილმებს", — წერს იგი. ამ შემთხვევაში, ვულფის აზრით, კინო ჩვენში ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციებს გამოიწვევს: ერთდროულად გაგვაბედნიერებს და დაგვასევდიანებს კიდეც. იმავეს გამოსახატად კი მწერალი ამაოდ თუ დაშვრება, რადგან ფერებით, ხმებითა და მოძრაობებით გადმოცემული ამგვარი ემოციები სიზმრებს უფრო წააგავს.
ვულფის თვალთახედვით, კინო, მთელი თავისი "კოლოსალური უნარიანობით და განუზომელი ტექნიკური მოხერხებულობით", ჯერაც საკუთარი იდენტობის ძიებაშია. მისი მიზანია, გაიგოს, კონკრეტულად რით შეუძლია ხელოვნების ამ დარგს, წიგნებს, ლექსებსა და მუსიკას აჯობოს. პირადად ჩემთვის, ძალიან შთამაგონებელი და ემოციურია 1920-იან წლების კინოს მომავლის ვირჯინია ვულფისეული აღქმა. სწორედ ამ გამორჩეულობისა და ენით გამოუთქმელობის გამოა, რომ ერთი სული მაქვს, კვლავაც წავიდე კინოში.
კომენტარები