სმარტფონის კამერები, რომლებმაც ინდუსტრია შეცვალეს — Flashback
გასული რამდენიმე წელი სმარტფონების სამყაროში ტექნოლოგიურად დიდი ნახტომი იყო. ერთბირთვიანი პროცესორებიდან რვა ბირთვიანებამდე მივედით. ეკრანების გარჩევადობამ ჯერ HD-ის ბარიერი გაარღვია, ახლა კი 4K HDR ეკრანის მქონე სმარტფონებსაც შევხვდებით. თუმცა, პროგრესი ჩიპსეტებისა და ეკრანების მხრივ, ბოლო წლებში შემცირდა. მაღალი განახლების სიხშირის მქონე ეკრანები ბოლო წლების გამონათება იყო, თუმცა მათით აღფრთოვანებაც მალე ჩაცხრა.
აღსანიშნია, რომ ეს ყველაფერი კამერებს არ შეხებიათ, მეტიც შეიძლება ითქვას, რომ სმარტფონების კამერები გახდა მიზეზი რის გამოც ადამიანები ახალ მოდელებზე გადადიან. შედარებისთვის, წარმადობის თვალსაზრისით Snapdragon 865-ის გარჩევა Snapdragon 888-ისგან საკმაოდ ძნელია, თუმცა თუ ორიწლისწინანდელ ზუმ ლინზასა და წლევანდელ პერისკოპულ კამერებს ავიღებთ სხვაობა განსაცვიფრებელი იქნება.
სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ სმარტფონებზე, რომელთა კამერებმაც თავიანთ ეპოქაში გადატრიალება მოახერხეს.
პირველი სმარტფონი ჩაშენებული კამერით
Kyocera VP-210 — ეს სახელი შეიძლება თქვენთვის არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ეს იყო პირველი მობილური ტელეფონი ჩაშენებული, 0.1 მეგაპიქსელიანი კამერით და მეტიც, ის პირველი წინაკმერიანი სმარტფონიც აღმოჩნდა, რადგან კამერა წინა მხარეს იყო განთავსებული. მას 20 ფოტოს გადაღება, შენახვა და მათი იმეილის მეშვეობით გაგზავნაც შეეძლო. რაც ყველაზე გასაკვირია, სმარტფონს 2FPS-იანი ვიდეოზარების განხორციელების შესაძლებლობაც ქონდა.
Kyocera VP-210 1999 წელს იაპონიაში გამოვიდა და ვიდეოზარებისათვის PHS ქსელს იყენებდა.
პირველი სმარტფონი 10 ან მეტი მეგაპიქსელიანი კამერით
პირველი სმარტფონი, რომელიც 10 ან მეტ მეგაპიქსელიანი კამერით გამოვიდა Samsung Pixon 12 იყო. როგორც სახელიდან იგებთ, მას 12 მეგაპიქსელიანი კამერა ქონდა. 10 მეგაპიქსელიანი ბარიერი რამდენიმე თვეში Sony-მაც გაარღვია და Sony Ericsson Satio შემოგვთავაზა. თუმცა ბაზარზე პირველი სამსუნგი გამოჩნდა.
იმისათვის, რომ 10-ს კიდევ ერთი ნული მიმატებოდა მთელი ათწლეული დაგვჭირდა და პირველი სმარტფონი 100 მეგაპიქსელიანი კამერით 2019 წლის ნოემბერში ვნახეთ — Xiaomi Mi CC9 Pro, მას სამსუნგის უდიდესი 1/1.33 ინჩიანი სენსორი ქონდა.
თუმცა, ამაზე დიდი სენსორები აქამდეც გვინახავს.
სმარტფონი ყველაზე დიდი სენსორით
Nokia 808 PureView — ეს იყო სმარტფონი 1/1,2 ინჩიანი კამერის სენსორით და რაც მთავარია, ის 2012 წელს გამოვიდა. მას ლიდერობა მალევე ჩამოართვეს.
2014 წელს Panasonic-მა Lumix Smart Camera CM1 წარმოგვიდგინა, რომელსაც დღემდე არსებულ სმარტფონებს შორისაც კი ყველაზე დიდი 1 ინჩიანი კამერის სენსორი აქვს, 20 მეგაპიქსელიანი გარჩევადობითა და f/2,8 დიაფრაგმით.
პირველი სმარტფონი ოპტიკური მიახლოებით
Sharp 902 იყო პირველი სმარტფონი, რომელსაც ოპტიკური მიახლოება ქონდა. მისი 2 მეგაპიქსელიანი კამერა 2X ზუმით იწონებდა თავს და რაც ყველაზე მთავარია — ის 2004 წელს შეიქმნა.
პირველი სმარტფონები ორმაგი კამერით
დამატებით კამერებს სმარტფონებში დღეს დანიშნულებისამებრ ვიყენებთ. ზოგი პერისკოპული ლინზაა, ზოგიც ულტრაფართო. თუმცა, პირველი ორკამერიანი სმარტფონები LG-მ (LG Optimus 3D) და HTC-მ (HTC EVO 3D) 2011 წლის ივლისში წარმოგვიდგინეს. მათ ორ-ორი იდენტური კამერა ქონდათ და სტერეოსკოპული ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება შეეძლოთ, რომელთა ნახვაც შემდგომში 3D ეკრანებზე იყო შესაძლებელი. ორივე სმარტფონი საკმაოდ წარუმატებელი გამოდგდა.
პირველი ორმაგი კამერა, რომელიც რეალურად გამოყენებადი იყო ისევ LG-მ 2016 წელს, LG G5-ში წარმოგვიდგინა.
მას 135 გრადუსიანი ხედვის კუთხე ქონდა, ეს კი საკმაოდ დიდი რიცხვია, რადგან დღესაც კი რთულად ნახავთ სმარტფონს ფართოკუთხოვანი კამერით, რომელსაც 120 გრადუსზე დიდი ხედვის არეალი აქვს.
ორმაგი კამერა 2014 წელს HTC-მაც გვანახა HTC One M8-ში.
თუმცა იგი მეორე სენსორს სიღრმის საზომად იყენებდა, რაც სხვადასხვა ეფექტების გამოყენების საშუალებას გვაძლევდა, თუმცა მათგან განსაცვიფრებელი არცერთი იყო.
სმარტფონთა კამერები ამოუწურავი თემაა და, რაღა თქმა უნდა, ერთ სტატიაში თითოეული მათგანის განხილვას ვერ მოვასწრებდით. მოსაყოლი ჯერ კიდევ ბევრია და თუ ეს სტატია მოგეწონათ, მაშინ მეორე ნაწილსაც აუცილებლად უნდა ელოდოთ.
კომენტარები