ბედნიერების მიღწევის ორი გზა — ეპიკურელი ხარ თუ სტოიკოსი?
ზოგი ჩვენგანი ღირსეულ ცხოვრებას ესწრაფვის, ზოგიც — სასიამოვნოს. გასაღები კი ამ ორს შორის ბალანსის პოვნაშია.
დღეს ჩვენ ბედნიერების მიღწევის უამრავ სხვადასხვა სახის გზას გვთავაზობენ. ზოგი მათგანი ცხოვრების წესის შეცვლას გვირჩევს: გაეცი სიკეთე, მადლიერი იყავი. ზოგი მარტივ ხერხებს გვასწავლის: ჭამე კომბოსტო, ითამაშე სამაგიდო როლური თამაშები. ზოგიც, უბრალოდ, ჩვენი მიამიტობის ხარჯზე ფულის შოვნის მცდელობაა.
თუმცა, თუ დაუკვირდები, ბედნიერებისადმი მიდგომების უმეტესობა იმ ორ უძველეს ტრადიციას უკავშირდება, რომლებსაც ძველი ბერძენი ფილოსოფოსები, ეპიკურე და ეპიქტეტე ქადაგებდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, პირველი შეხედულება სიამოვნებას ეხება, მეორე კი — ღირსებას. ადამიანები, როგორც წესი, ან ერთისკენ არიან მიდრეკილები ან მეორისკენ. ბოლო 2 ათასი წლის განმავლობაში ბევრი დიდი ფილოსოფოსიც ან ერთ გზას გაჰყოლია ან მეორეს. იმის გაგება, თუ ამ ორ გზას შორის რომელს ადგახარ, მრავლისმეტყველია. ამის გააზრებით იმის გარკვევასაც შეძლებ, ბედნიერებამდე მიღწევის პროცესში რა გაფერხებს და შეიმუშავებ სტრატეგიებს ცხოვრებისადმი მეტად ბალანსირებული მიდგომისთვის.
ეპიკურემ, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 341-270 წლებში ცხოვრობდა, ეპიკურეიზმს ჩაუყარა საფუძველი. მის მიმდევრებს სწამდათ, რომ ბედნიერი ცხოვრებისთვის ორი რამაა საჭირო: ატარაქსია (ფსიქიკური წნეხისგან თავისუფლება) და აპონია (ფიზიკური ტკივილის არარსებობა). ეპიკურეს ფილოსოფია შემდეგნაირად შეიძლება აღიწეროს: "თუ საშიში ან მტკივნეულია, ეცადე, თავი აარიდო". ეპიკურელები დისკომფორტს ნეგატიურად აღიქვამენ, შესაბამისად, საფრთხეებისა და პრობლემების მოშორებას ბედნიერი ცხოვრების გასაღებად სახავენ. არ იფიქროთ, რომ ამ ფილოსოფიის მიმდევარნი ზარმაცები ან არამოტივირებულები არიან — ხშირად პირიქითაა. მაგრამ ისინი შიშისა და ტკივილის ატანას არ ხედავენ როგორც რაიმე აუცილებელს ან სარგებლის მომტანს და უფრო ცხოვრებით ტკბობაზე კონცენტრირდებიან.
ეპიქტეტე (დაახლოებით, 50-135 წლები) ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სტოიკოსი ფილოსოფოსი იყო. მას სჯეროდა, რომ ბედნიერება ცხოვრების საზრისის პოვნით, ბედისწერის მიღებითა და მორალური ქცევით მიიღწევა. მისი ფილოსოფია შემდეგნაირად შეიძლება შეჯამდეს: "გამაგრდი და შეასრულე შენი ვალდებულება". ადამიანები, რომლებიც სტოიკურ მსოფლმხედველობას იზიარებენ, თვლიან, რომ ბედნიერება მსხვერპლის გაღებით მიიღწევა. ალბათ გასაკვირი არაა, რომ სტოიკოსები ძირითადად შრომისმოყვარეები არიან, რომლებიც მომავლისთვის ცხოვრობენ. ისინი მზად არიან, ზედმეტი ჩივილის გარეშე გაიღონ დიდი მსხვერპლი, რათა ისეთი ცხოვრებით იცხოვრონ, რომელსაც ღირსეულად მიიჩნევენ. მათთვის ბედნიერებისკენ მიმავალი გზა ტკივილისა და შიშის დაძლევას გულისხმობს და არა — დისკომფორტის არიდებას.
ეპიკურელებს და სტოიკოსებს თანაარსებობა შეუძლიათ, მაგრამ მათ ერთმანეთისთვის მაღლიდან ყურება სჩვევიათ — ეს ტენდენცია ამ ორი ფილოსოფიის დაბადებიდან დღემდე გრძელდება. მესამე საუკუნის ბიოგრაფი, დიოგენე ლაერტი წერს: "ეპიქტეტე ეპიკურესადმი სალანძღავ სიტყვებს არ იშურებს და არაკაცურობის მქადაგებელს უწოდებს". მარტივი წარმოსადგენია, როგორ უპასუხებდა მას ეპიკურე, ეს სიტყვები რომ გაეგონა — "უნდა დამშვიდდე, ძმაო".
დაახლოებით ორი ათასი წელია, ფილოსოფოსები ცდილობენ, პასუხი გასცენ კითხვას, რომელ მიდგომას მივყავართ მეტ ბედნიერებამდე და უკეთეს ცხოვრებამდე. ამ სტატიის მიზანი განსხვავებულია. ორივე შეხედულებას აქვს პლუსები და მინუსები. ამიტომ იმის გარკვევაზე კონცენტრირება სჯობს, თუ რისი სწავლა და ათვისება შეუძლია თითოეულ ჩვენგანს იმ მიდგომისგან, რომლისკენაც ბუნებრივად მიდრეკილი არ არის.
ეპიკურესთვის უბედურება უარყოფით ფიქრებს მოჰქონდა — მათ შორის, არასაჭირო ბრალეულობის განცდას; ისეთი რაღაცების შიშს, რისი კონტროლიც არ შეგვიძლია; და ცხოვრების გარდაუვალ, არასასიამოვნო მომენტებზე ფოკუსირებას. მისთვის გამოსავალი ამ ფიქრების მოშორება იყო. ეპიკურემ "ოთხნაწილიანი მკურნალობა" წარმოადგინა: არ გეშინოდეს ღმერთის; არ ინერვიულო სიკვდილზე; რაც კარგია, მისი მიღწევა ადვილია (ჩვენი მოლოდინების დადაბლებით); რაც საშინელია, მისი გადატანა ადვილია (ტანჯვის ჟამს სასიამოვნო რაღაცებზე კონცენტრირებით). ამ ყველაფრის მიღწევა უფრო მარტივია, როდესაც მშვიდ გარემოში ჩვენ გარშემო მეგობრულად განწყობილ ადამიანებს ვიკრებთ.
ეპიკურე ჰედონიზმს ქადაგებდა, თუმცა მას არ მოეწონებოდა ის, თუ როგორ ვიყენებთ დღეს ამ სიტყვას. უარყოფითი ფიქრების განდევნის საიდუმლო, ეპიკურეს მიხედვით, არ არის სექსუალური თავაშვებულობა, ლოთობა ან ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება. მიუხედავად დაუსაბუთებელი ჭორებისა, რომ ეპიკურე დიდ წვეულებებსა და ორგიებს მართავდა, ის ასწავლიდა, რომ ხორციელი სიამოვნებების წინდაუხედავად დატაცება შეცდომაა, რადგან ისინი საბოლოოდ ვერ გაკმაყოფილებენ. ამის მაგივრად, მელანქოლიასთან გასამკლავებლად საუკეთესო იარაღი ფილოსოფოსისთვის ლოგიკური აზროვნებაა. მაგალითად, აი ფრაზა, რომელიც, ეპიკურეს რჩევით, ჩვენს თავს უნდა ვუთხრათ, როდესაც სიკვდილის შიში მოგვეძალება: "სიკვდილი არ გვაწუხებს, რადგან მანამ, სანამ ჩვენ ვარსებობთ, სიკვდილი არ არსებობს, ხოლო როდესაც ის მოდის, ჩვენ უკვე აღარ ვარსებობთ".
ამის საპირისპიროდ, სტოიკური მიდგომა ცნობილია როგორც ევდაიმონია და ისეთ ცხოვრებას ასახავს, რომელიც ჩვენი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზაციის გზით უმაღლესი იდეალების მიღწევას ემსახურება. სტოიციზმს ახასიათებს ნატურალიზმი და მორალიზმი — ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად ისეთი რაღაცების შეცვლა, რისი შეცვლაც შეგვიძლია და ისეთი რაღაცების მიღება, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია. "არ მოითხოვო მოვლენების ისე განვითარება, როგორც შენ გსურს", — წერს ეპიქტეტე ენქირიდიონში, — "სანაცვლოდ, ისურვე, ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ხდება ხოლმე და კარგად გააგრძელებ სიცოცხლეს".
მორალიზმის თანახმად, მორალური ღირებულებები თავისთავად ფასეულია. "პირველ რიგში, უთხარი შენს თავს, როგორი ადამიანი გინდა იყო, შემდეგ კი გააგრძელე ის, რასაც აკეთებ", — წერს ეპიქტეტე საუბრებში. სხვა სიტყვებით, შენ უნდა შექმნა ღირსეული ქცევის კოდექსი შენი თავისთვის და სიცოცხლის ბოლომდე უერთგულო მას.
ეპიკურელები და სტოიციზმის მიმდევრები სიცოცხლისა და სიკვდილის სხვადასხვა ასპექტზე ფოკუსირდებიან. ეპიკურეს ფილოსოფიის მიხედვით, ჩვენ მუდმივად ბედნიერებაზე უნდა ვიფიქროთ. ის გვაქეზებს, უარვყოთ სიკვდილი, სანამ ცოცხლები ვართ. ხოლო სტოიკოსებისთვის ბედნიერების პარადოქსი ისაა, რომ მის მისაღწევად ის უნდა დავივიწყოთ. შედეგად, ბედნიერება ცხოვრების საზრისის მიღწევისას გვეწვევა. ეპიქტეტე დაჟინებით გვარწმუნებს, თვალი გავუსწოროთ სიკვდილს — იმ ბუდისტი ბერების მსგავსად, რომლებიც მარანასატის მედიტაციის დროს საკუთარ სიკვდილზე და ხრწნის პროცესზე ფიქრობენ.
დღემდე ჩატარებული არცერთი კვლევა არ სვამს კითხვას, რატომ არის ზოგი ადამიანი ბუნებრივად ეპიკურელი ან სტოიკოსი. იმის გათვალისწინებით, რომ პიროვნული თვისებების დიდი ნაწილი ჩვენს დნმ-შია გამჯდარი, უეჭველია, რომ გენეტიკური ფაქტორი აქაც ფიგურირებს. მაგრამ აღზრდა, დიდი ალბათობით, ასევე თამაშობს როლს: ერთ-ერთ კვლევაში მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ მშობლები, რომლებიც ევდაიმონიის პრინციპებს მისდევდნენ, ანუ სტოიკოსები იყვნენ, ჰყავდათ შვილები, რომლებიც ასევე ავლენდნენ ევდაიმონიისკენ სწრაფვის ნიშნებს. მეორე მხრივ, მშობლებს, რომლებიც ჰედონიის პრინციპების მიხედვით ცხოვრობდნენ, ჰყავდათ შვილები, რომლებიც სიამოვნებას სწორედ ამ მოდელისგან იღებდნენ. დასკვნა ცალსახაა: თუ გინდათ, თქვენი შვილები მოვალეობასა და ღირსებას თვითმიზნად ხედავდნენ, თავად იყავით ასეთი; ხოლო თუ ბედნიერების მიღწევას ტკივილის მინიმალიზებით შეეცდებით, თქვენი შვილებიც, სავარაუდოდ, იმავეს იზამენ.
ადამიანები საუკუნეები კამათობდნენ, რომელი მიდგომა უფრო გაგაბედნიერებს. მაგრამ, რეალურად, ეს ორი მსოფლმხედველობა ერთმანეთთან უმეტეს შემთხვევაში არც კი იკვეთება. სინამდვილეში, თითოეული ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე კონცენტრირდება: ეპიკურეს სტილს სიამოვნება და ხალისი მოაქვს, ეპიქტეტეს მეთოდს — ცხოვრების მიზნის, საზრისის შეგრძნება. როგორც ბედნიერების მკვლევრები აღნიშნავენ, დიდი ალბათობით, ყველაზე მეტად ბედნიერებას ამ ორი მსოფლმხედველობის ნაზავი მოგვგვრის. საკმარისია, ერთ-ერთ მათგანს ზედმეტად მივსდიოთ და — ან მოსაწყენი სიამოვნებით სავსე ცხოვრებას მივიღებთ, ან მელანქოლიური მიზანდასახულობით სავსე ცხოვრებას. ეს კი ვერ გვაჩუქებს ისეთ სიცოცხლეს, როგორიც ჩვენ უმეტესობას უნდა რომ ჰქონდეს.
შესაბამისად, მთავარი კითხვა ისაა, თუ როგორ შეიძლება ამ ორი შეხედულებიდან იდეალური ნაზავის შექმნა. ამაში ქვემოთ მოყვანილი სამი იდეა დაგვეხმარება:
1. შეიცან თავი შენი
ეს გამოთქმა დელფოში მდებარე აპოლონის ტაძრის ერთ-ერთ სვეტზე იყო ამოტვიფრული. იგი აღიარებს ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენ ცხოვრებაში ვერანაირ პროგრესს ვერ მივაღწევთ, თუ არ გვეცოდინება, ამჟამად სად ვიმყოფებით. შესაბამისად, ჩვენ მიერ ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა ამ კითხვაზე გულწრფელი პასუხის გაცემით იწყება: როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, ჩემი სიამოვნების დონის გაზრდაზე ვიწყებ ბუნებრივად ზრუნვას თუ ცხოვრების საზრისზე ვკონცენტრირდები? თუ პირველ ქმედებას არჩევ, მაშინ ეპიკურელი ხარ, თუ მეორეს — სტოიკოსი.
2. გააძლიერე მეორე მხარე
სიამოვნებისა და ცხოვრების საზრისის შესახამებლად ის თვისებები კი არ უნდა დათრგუნო, რაც გაქვს, არამედ ის უნდა გააუმჯობესო, რაც გაკლია. მას შემდეგ, რაც სტოიციზმისა და ეპიკურეიზმის სპექტრზე შენს ადგილს იპოვი, უნდა შეიმუშაო სტრატეგია, რომელიც შენი სუსტი მხარის გაძლიერებას შეგაძლებინებს (თუ, რა თქმა უნდა, უკვე ორივე დაბალანსებული არ გაქვს).
ამისათვის, ყოველი დღის ბოლოს შეგიძლია გააანალიზო მოვლენები, რომლებიც დღის განმავლობაში თავს გადაგხდა და მსგავსი კითხვები დაუსვა თავს:
- მომიტანა თუ არა ამ მოვლენამ სიამოვნება? მომიტანა თუ არა ცხოვრების საზრისის შეგრძნება?
- მაგრძნობინა თუ არა ამ მოვლენამ შიში? მასწავლა თუ არა რაიმე ამ შიშმა, რაც მომავალში შიშის კლებას გამოიწვევს?
- ემსახურებოდა თუ არა ეს მოვლენა ჩემს ინტერესებს? ემსახურებოდა თუ არა სხვის ინტერესებს?
ამის შემდეგ კი მიიღე გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ დაწყვილებული კითხვებიდან ყველაზე დადებით პასუხს გაგაცემინებს.
ამას გარდა, არსებობს კონკრეტული სავარჯიშოები, რომლებსაც ჩვენი სუსტი მხარეების გაძლიერება შეუძლია. მაგალითად, სტოიკოსებს შეუძლიათ, ხშირად დაგეგმონ დასვენების დღეები მეგობრებთან ერთად, სამუშაოსგან შორს. ეპიკურელებს კი შეუძლიათ, რაიმე რთული, მძიმე სამუშაო შეასრულონ — მაგალითად, მარათონისთვის ივარჯიშონ, სირბილის დროს კი რეალობისა და სიკვდილის არსის შესახებ ჩაფიქრდნენ.
3. შექმენი ბედნიერების პორტფოლიო, რომელიც ორივე მიდგომას ითვალისწინებს
აუცილებელია, ისეთი მიზნები დავისახოთ, რომელთა შესრულების დროსაც ბედნიერებისადმი ერთი მიდგომა მეორეს გააძლიერებს. მსგავსი პორტფოლიოს შევსება მარტივია: შეეცადე, შენმა ცხოვრებამ შეითავსოს რწმენა, ოჯახი, მეგობრობა და ასევე სამუშაო, რომელშიც წარმატებული ხარ და მისი მეშვეობით სხვებსაც დაეხმარები. თითოეული ეს ელემენტი სტოიკურ და ეპიკურეულ კუნთებს ავარჯიშებს — ოთხივე მოითხოვს, რომ მთლიანად გავითავისოთ ეპიკურეული ღირებულებები და, ამავდროულად, დაუღლელად, შეუდრეკლად მივდიოთ სტოიკურ ცნებებს.
თუმცა ამის გაკეთება არცთუ ადვილია: არ აქვს მნიშვნელობა, მოწოდებით სტოიკოსი ხარ თუ ეპიკურელი, ჩვენ ყველანი ჩვენი იმ მხარის გაძლიერებისკენ ვართ მიდრეკილები, რაც ბუნებრივად გვერგო. მაგრამ ამით მხოლოდ ზედმეტ ტვირთს მივიღებთ, რაც, საბოლოოდ, ბედნიერ ცხოვრებას დაგვაშორებს. "სულ მუშაობა და არასოდეს თამაში ჯეკს მოწყენილ ბიჭად აქცევს", ამბობს ძველი ინგლისური ანდაზა. 1825 წელს მწერალმა მარია ეჯუორთმა ამ გამოთქმას მეორე ნაწილი დაუმატა: "სულ თამაში და არასოდეს მუშაობა ჯეკს სათამაშოდ აქცევს".
ასე რომ, სტოიკოსებო: დაისვენეთ; ეპიკურელებო: დროა, მუშაობას დაუბრუნდეთ.
კომენტარები