განსაჯე ყდა წიგნის მიხედვით — გარეკანი, როგორც სავიზიტო ბარათი
"თვალი ჭამს და თვალი სვამსო" — უთქვამთ ძველად. ეს მარტივი ჭეშმარიტება 21-ე საუკუნის მარკეტინგის ამოსავალი წერტილია, თუმცა, ბევრი მკითხველისათვის ჯერ კიდევ სრულიად გაუგებარია მისი მიმართება წიგნებთან.
წარსულში, შესაძლოა, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, თუმცა, დღევანდელი საგამომცემლო სფერო დიდწილად მარკეტინგულ მექანიზმებს ემყარება, რადგან, საბოლოოდ, ის მაინც ბიზნესია და საქმიანობის გაგრძელებისთვის შესაბამისი შემოსავალი ზუსტად ისევე სჭირდება, როგორც წიგნის ავტორს, რედაქტორს, ყდის დიზაინერს და მის გამოცემაზე მომუშავე ათობით ადამიანს — გასამრჯელო.
შემოსავლის წყარო წიგნის მკითხველამდე მიტანაა, ამისთვის კი, მისი სწორად "შეფუთვაა" საჭირო. მაშინ, როდესაც ყოველწლიურად მხოლოდ საქართველოშიც კი ასეულობით ახალი გამოცემა იბეჭდება, მნიშვნელოვანია, მაღაზიის თაროებზე ჩამწკრივებულ ყუებს შორის მოქცეულმა წიგნმა მკითხველის ყურადღება მიიპყროს. თუმცა, არ გეგონოთ, რომ ყდა მხოლოდ მარკეტინგული გათვლის იარაღია — იგი უფრო სავიზიტო ბარათია, რომელიც პირველ და ზოგად შთაბეჭდილებას გიქმნით, რას შეიძლება, ელოდოთ.
გარეკანს შეიძლება მრავალგვარი დატვირთვა ჰქონდეს, მაგრამ მათგან უპირატესი წიგნის სათქმელის ან ატმოსფეროს ზედმიწევნით გადმოცემაა. ამიტომ, ყდის დიზაინერისთვის ყველაზე დიდი მიღწევა არა, უბრალოდ, თვალისმომჭრელი გარეკანის შექმნა, არამედ შესაბამისი კონცეფციის მოფიქრებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მკითხველი, შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩეს, თუკი წიგნის ყდით მოიხიბლა, თუმცა, მოგვიანებით, თავად წიგნით — ვერა.
მიუხედავად იმისა, რომ ასობით სამოყვარულო და სამი ოფიციალური წიგნის ყდა თავადაც შევქმენი, მე არც პროფესიონალი გრაფიკოსი ვარ და არც საგამომცემლო მარკეტინგის სპეციალისტი. უბრალოდ, რიგით მკითხველს წარმოვადგენ, რომელიც ძალიან ადვილად ნებდება ცდუნებას, ლამაზყდიანი წიგნი იყიდოს და მერე საკუთარ თაროზე შესაფერისი ადგილი მიუჩინოს.
ყდა — ბიბლიოფილების სუსტი წერტილი
ცხადია, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ყდას მნიშვნელობით პირველხარისხოვნებაზე პრეტენზია არ აქვს. ის, უბრალოდ, ამ კონკრეტული პროდუქტის ერთ-ერთი ელემენტია და, თან, არცთუ უმნიშვნელო.
პატარა ლირიული გადახვევა — გარემოებები, რაც, შესაძლოა, სტატიაში წარმოდგენილი ქართული და უცხოური რეალობის შედარებისას დრამატული განსხვავებების არსებობას ხსნიდეს:
იმ ქვეყნებში, სადაც საგამომცემლო ინდუსტრია ნაკლებადაა გადარჩენაზე ორიენტირებული და მეტად ფოკუსირდება მკითხველის ინტერესებზე, წიგნის ყოველი დეტალი რუდუნებით მუშავდება — დაწყებული ყდის დიზაინზე ხანგრძლივი მუშაობიდან, დამთავრებული საგანგებოდ წიგნისთვის შექმნილი ფონტით, თავფურცლის გაფორმებით, გვერდების ნომრების დიზაინითა და სხვა. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, დიდ დროსა და ენერგიასთან ერთად, რამდენიმე ადამიანის ჩართულობას მოითხოვს, შესაბამისად, წიგნზე გაწეული ხარჯი იზრდება, რაც, საბოლოო ჯამში, პროდუქტის ღირებულებაზეც აისახება; თუკი, მაგალითად, ინგლისურენოვანი წიგნების ქართულ მაღაზიებს ან ინტერნეტმაღაზიებს შეავლებთ თვალს, ადვილად მიხვდებით, რამდენად უფრო იაფი ღირს საშუალო სტატისტიკური წიგნი საქართველოში. მაგალითად, თუკი ჩვენთან 30-40 ლარი ძვირად მიიჩნევა და, თანაც, ამ ფასად მხოლოდ მაგარყდიანი და ზომით დიდი წიგნები იყიდება, Amazon-ის წიგნების სექციაში მის ეკვივალენტად, დაახლოებით, $10-ად, მხოლოდ რბილყდიან და თხელ (ეგრეთ წოდებულ Mass market paperback-ს), ან მეორად წიგნებს შეხვდებით. მეტიც, ხშირად ელექტრონული ვერსიებიც კი ამ ფასს აღემატება.
და მაინც — რატომ იღებენ დიდი გამომცემლები ამხელა ძალისხმევას წიგნის ყდის დიზაინის შესაქმნელად, როცა იაფიანი ალტერნატივითაც შეგიძლია პირველადი ეფექტი მოახდინო? ალბათ სწორედ იმიტომ, რომ მკითხველებისთვის წიგნთან ურთიერთობა მხოლოდ მისი წაკითხვით არ შემოიფარგლება და გამომცემლობაში, იქ, სადაც ყველაზე მეტი წიგნის ჭია იყრის თავს, ეს მშვენივრად ესმით.
უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ბევრი ბიბლიოფილი უფრო ხშირადაა დაკავებული წიგნების გადალაგება-გადმოლაგებით, მისი "მოფერებით", დაყნოსვით და მტვრის გადაწმენდით, ვიდრე უშუალოდ კითხვის პროცესით.
ამიტომ, ეჭვგარეშეა, რომ თვალი წყალს არა მხოლოდ წიგნის მაღაზიის ვიტრინასთან სვამს, არამედ შინაც, როცა ახალი გამოცემა საკუთარ ბიბლიოთეკაში გეგულება.
წიგნის ყდის ისტორია მოკლედ
საუკუნეების განმავლობაში წიგნის გარეკანის ერთადერთი დანიშნულება თავისი შიგთავსის დაცვა იყო, ამიტომ მის დასამზადებლად გამძლე და ძვირფას მასალას — მეტალს — იყენებდნენ.
ადრეულ შუა საუკუნეებში, როცა წიგნის საბეჭდი მანქანა ჯერ არ არსებობდა და ტექსტებიც ხელით იწერებოდა, წიგნის ღირებულება (მიუხედავად იმისა, რომ ის გასაყიდი არ იყო) ბევრად აღემატებოდა გუტენბერგის პერიოდის შემდეგ დაბეჭდილი გამოცემების ფასს. მაშინ შექმნილი წიგნების დიდი ნაწილი რელიგიური ტექსტები იყო და მონასტრებში იწერებოდა, ამიტომ მათ შესაფუთადაც არ ზოგავდნენ დროსა და რესურსს.
სწორედ იმ დროში გაჩნდა ჭედური ყდის ტექნიკა, როცა ძვირფასი ლითონებისგან დეტალების სიზუსტით ქმნიდნენ გამოსახულებას. მსგავსი ყდები პოპულარული იყო საქართველოშიც, სადაც ოქრომჭედლობა მრავასაუკუნოვანი ტრადიციაა — შუა საუკუნეების დღემდე შემორჩენილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი წყაროსთავის ოთხთავია, რომლის წინა და უკანა ყდის ვერცხლის მოჭედილობა ბექა ოპიზარმა შექმნა.
მოგვიანებით, დიზაინის გამრავალფეროვნებისთვის ყდაზე ძვირფასი ქვების გამოყენებაც დაიწყეს. მსგავსი ტექნიკით შექმნილი და ჩვენამდე მოღწეული წიგნებიდან გამორჩეულია ალავერდის ოთხთავი.
მას შემდეგ, რაც საბეჭდი მანქანა და სტამბები შეიქმნა, წიგნების დამზადება უფრო მოკლე დროში და ნაკლები ენერგიით გახდა შესაძლებელი. ამ დროიდან ყდების შესაქმნელად უფრო იშვიათად გამოიყენებოდა ლითონი, რომელიც ტყავმა ჩაანაცვლა. ტყავგადაკრული წიგნები მეტად ადვილად დასამზადებელ-ასაკინძიც იყო და ბევრად მსუბუქიც. ამ მასალას ფართოდ მეცხრამეტე საუკუნემდე იყენებდნენ, თუმცა, გვიანდელ პერიოდში ტყავთან ერთად ყდები ქსოვილითაც იქმნებოდა. ძველებური მეთოდის მოსაგონრად ალაგ-ალაგ მოოქროვილ ორნამენტებსაც შეხვდებოდით.
სწორედ ორნამენტები იქცა მე-19 საუკუნეში წიგნის ყდის დამზადების ტენდენციად. ამ დროს გარეკანის შემქმნელები ნაკლებად იყენებდნენ რაიმე გამოსახულებას და იშვიათად თუ ცდილობდნენ, წიგნის ყდასა და შინაარსს შორის რამე კავშირი ყოფილიყო. ეს მისწრაფება ასწლეულის მიწურულისკენ თანდათანობით შეიცვალა და ყდებზე უკვე წიგნის პერსონაჟებიც კი გამოჩნდნენ.
ჰაკლბერი ფინის პირველი, თანაც ილუსტრირებული გამოცემა.
1885 წელი.
ფოტო: KET — Kentucky Educational Television
გარდამტეხი როლი ითამაშა ბრიტანულმა პერიოდულმა გამოცემამ The Yellow Book (1894-1897), რომელმაც გარეკანის დიზაინის ესთეტიკურობის მნიშვნელობა გაიაზრა და იმ დროისთვის ინოვაციური ყდების შესაქმნელად ილუსტრატორი ობრი ბერდსლი დაიქირავა.
The Yellow Book-ის გამოცემები.
ფოტო: Maggs Bros.
ყველაფერი შეიცვალა მე-20 საუკუნეში, როცა გამომცემლობა სრულფასოვან ბიზნესად იქცა და გამომცემლებმაც გაიაზრეს წიგნის გაყიდვისთვის მისი ყდის მნიშვნელობა. ამ დროიდან უკვე დაიწყო მხედველობაში, ერთი მხრივ, ყდის დიზაინის, მეორე მხრივ კი — მისი გამძლეობის მიღება. ამიტომ, მაგარყდიანი გამოცემები ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული "სუპერებით" შეფუთეს. სუპერის (dust jacket) თავდაპირველი დანიშნულება სწორედ მტვრისა და მზის სინათლისგან ეგზემპლარის დაცვა იყო.
ორი მსოფლიო ომის გადატანის შემდეგ, როცა კულტურას დაუბრკოლებლად განვითარების საშუალება ისევ მიეცა, წიგნის ყდების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გადაიაზრეს და ბაზარზე მასობრივად გამოჩნდა რბილყდიანი გამოცემები. ყდის რბილი მუყაოსგან დამზადება უფრო ხელმისაწვდომი ალტერნატივა იყო, ამიტომ მსგავსი ტექნიკით შექმნილი გამოცემები მაგარყდიან ტირაჟებს რაოდენობით აღემატებოდა და ფასით ჩამორჩებოდა.
საბჭოეთში, სადაც წიგნების გამოცემას მკაცრი ცენზურა აკონტროლებდა, ყდების დიზაინი შედარებით მოკრძალებული იყო. გამოცემების ნაწილს კი საერთოდ არ ჰქონდა ილუსტრირებული გარეკანი. ამასთან, აშშ-ისა და ევროპისგან განსხვავებით, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში საბჭოთა გამომცემლები ყდაზე ძალიან იშვიათად იყენებდნენ ფოტოს.
წიგნის გარეკანებზე ფოტოების მასობრივად გამოჩენა გასული საუკუნის მიწურულს დაიწყო. სიმართლე ითქვას, ესეც საქმის გამარტივება იყო — ფოტოს გადაღებას ხშირად ილუსტრაციის შექმნაზე ნაკლები დრო და ენერგია სჭირდებოდა. თუმცა, დიდი გამომცემლები მსგავს ტექნიკას დღეს უკვე სერიოზულად უდგებიან და პრესტიჟულ ფოტოსტუდიებთან თანამშრომლობით ცდილობენ წიგნის სავიზიტო ბარათისთვის დასამახსოვრებელი და შინაარსის ამსახველი მომენტი ობიექტივში მოაქციონ.
წიგნის ყდა დღეს
21-ე საუკუნე ექსპერიმენტებისა და ფესვებთან დაბრუნების ეპოქაა. გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ინოვაციების დროში გამომცემლები არც ძველ ტრადიციებთან მიბრუნებაზე ამბობენ უარს. საკოლექციო გამოცემების უმეტესობა ხომ დღეს წინანდელი ტექნიკების გამოყენებით მზადდება.
თუმცა, თანამედროვე მკითხველს არაფერი აღაფრთოვანებს ისე, როგორც სიახლეები. საქართველოში მსგავსი ექსპერიმენტებით განებივრებულები არ ვართ, თუმცა, ქართველი გამომცემლები, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, აქტიურად ცდილობენ, ორიგინალური ყდით მკითხველი გააოცონ.
მაგალითისთვის, გამომცემლობა პალიტრა L-მა 2016 წელს კეს მორგანის ასეულის ყდის შესაქმნელად ინოვაციური თანამედროვე ტექნოლოგია გამოიყენა, რომლის საშუალებითაც მრავალათასიანი ტირაჟის ყველა ეგზემპლარი განსხვავებული გარეკანით გამოუშვა. ამ გამოცემაში მხოლოდ ორი ერთნაირი ყდაა, რომელთა პატრონებს ერთმანეთის პოვნის შემთხვევაში გამომცემლობა მაშინ სიურპრიზს დაჰპირდა.
ამავე გამომცემლობამ 2019 წელს გამოცემული სარა ჯ. მაასის ეკლებისა და ვარდების სამეფოს გარეკანისთვის ჭიშკრის ერთგვარი მოდელი შექმნა, რომლის მიღმაც კიდევ ერთი ყდა იმალება.
საინტერესოა ჯეფ ვანდერმირის ანიჰილაციის ქართული გამოცემაც, რომელსაც ფოსფოროვანი ყდა აქვს. ეს სიმბოლურად უკავშირდება წიგნის შინაარსს, სადაც სიუჟეტი უცნობი მიზეზით გაუკაცრიებელ და უსიცოცხლო ზონაში ვითარდება.
ფოტო: გამომცემლობა პალიტრა L / თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფოტო: გამომცემლობა პალიტრა L
მინიმალისტური და სიმბოლისტური ტენდენციის შემოტანა სცადა გამომცემლობამ წიგნები ბათუმში, რომლის ერთ-ერთმა გამოცემამ უცხოელი მკითხველების ყურადღებაც მიიქცია. 2017 წელს, მკითხველთა უდიდესმა ონლაინპლატფორმამ, გუდრიდსმა, მხევლის წიგნის ქართულენოვანი თარგმანის ყდა ამ წიგნის გამოცემების შორის ერთ-ერთ საუკეთესო გარეკანად დაასახელა. მარგარეტ ეტვუდის მსოფლიო ბესტსელერის ქართული გამოცემისთვის ილუსტრაცია ია ნინოშვილმა შექმნა.
მხევლის წიგნის პირველი ქართული გამოცემის გარეკანი.
ფოტო: გამომცემლობა წიგნები ბათუმში
ეს აღიარებაც მოწმობს, რამდენად მნიშვნელოვანია, თუნდაც თარგმანის შემთხვევაში, წიგნს, როგორც მინიმუმ, ადეკვატური ყდა ჰქონდეს. ადეკვატურ ყდასთან მისასვლელი გზა ოქროს შუალედშია მოქცეული — ორიგინალური და დასამახსოვრებელი დიზაინის შექმნა, რომელიც კავშირშია შიგთავსის შინაარსთან. ამას აღნიშნავს გრაფიკული დიზაინერი და არაერთი ქართული გამოცემის ყდის ავტორი, ნატალია ავალიანიც.
"ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ წიგნი არ უნდა განსაჯო ყდით, მაგრამ, ჩემი აზრით, გარეკანს რეალურად, დიდი მნიშვნელობა აქვს", — ამბობს ნატალია, — "თუ ხარისხიანი შედეგი გინდა, მკითხველიც უნდა იყო და ილუსტრატორიც. წიგნი უნდა წაიკითხო, საკუთარი წარმოდგენა შეიქმნა და მკითხველს ის სათანადოდ მიაწოდო".
სწორედ სათანადოდ მიწოდებული ყდები იქცა ცნობილი წიგნების სიმბოლოებად. ორუელის 1984-ს, ბერჯესის მექანიკურ ფორთოხალსა და სელინჯერის რომანს კლდის პირზე, ჭვავის ყანაში მთელ მსოფლიოში სწორედ ორიგინალური გამოცემებით იცნობენ.
თუმცა, არანაკლებია იმ შესანიშნავი წიგნების რაოდენობა, რომლებზეც მკითხველები თანხმდებიან, რომ უშნო ყდით გაიცნეს. ამიტომ, დასასრულს ალბათ მაინც სჯობს, ვაღიაროთ, რომ წიგნი ყდის მიხედვით — არა — თუმცა, ყდა წიგნის მიხედვით ნამდვილად უნდა განვსაჯოთ.
კომენტარები