მეცნიერების ვარაუდით, ბნელი მატერია ნეიტრონულ ვარსკვლავში იყრის თავს და შავ ხვრელად ფორმირდება
მეცნიერთა გუნდს ახალი მოსაზრება აქვს იმის შესახებ, თუ სად უნდა ეძებონ ბნელი მატერია — უხილავი ჰიპოთეტური ნივთიერება, რომელიც, სავარაუდოდ, მთელი სამყაროს მასის უდიდეს ნაწილს შეადგენს.
გასულ კვირას ArXiv-ზე გამოქვეყნებული კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ბნელი მატერია, შესაძლოა, იღებდეს ენდოპარაზიტული შავი ხვრელის ფორმას, რომელიც ნეიტრონული ვარსკვლავის შიგნით ფორმირდება და მისით იკვებება შიგნიდან. ჰიპოთეზა ჯერ დადასტურებული არაა, თუმცა მისი განხილვის შემთხვევაში, იგი შესაძლოა მეცნიერებს იმის გაგებაში დაეხმაროს, თუ რა არის ბნელი მატერია და საიდან მოდის იგი.
ბაუდუინის კოლეჯისა და ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომლებიც აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობდნენ, გვთავაზობენ ორ შესაძლო მექანიზმს, რომლის საშუალებითაც მტაცებელი ენდოპარაზიტული შავი ხვრელები ნეიტრონული ვარსკვლავების შიგნით აღმოჩნდებიან.
პირველი მექანიზმით ნეიტრონული ვარსკვლავის გრავიტაციულმა ძალამ, შესაძლოა, შთანთქას პირველყოფილი შავი ხვრელი. მეორე მექანიზმს რაც შეეხება, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნეიტრონულმა ვარსკვლავმა შესაძლოა შეითვისოს ბნელი მატერიის ნაწილაკები, რომელბიც შემდეგ გაერთიანდნენ და ენდოპარაზიტულ შავ ხვრელად ჩამოყალიბდებიან ვარსკვლავის შუაგულში. თუმცა, ScienceAlert-ის მიხედვით, პირველი ჰიპოთეზა ეწინააღმდეგევა იმას, რაც მეცნიერებმა უკვე იციან ნეიტრონული ვარსკვლავების შესახებ, ამიტომ გუნდს მისი უგულებელყოფა მოუწია.
მეორე იდეა კი, ჯერჯერობით, ჰიპოთეზად რჩება და შემდგომი შემოწმებებისა და განხილვის მოლოდინშია.
თუ დავუშვებთ, რომ ენდოპარაზიტული შავი ხვრელები მართლაც არსებობენ ნეიტრონულ ვარსკვლავებში და მათით შიგნიდან იკვებებიან, მაშინ ნებისმიერი გაუჩინარებადი ნეიტრონული ვარსკვლავი შესანიშნავ ადგილს წარმოადგენს მკვლევრებისთვის ბნელი მატერიის საძიებლად.
კომენტარები