მენტალური ჯანმრთელობის 6 პრობლემა, რომლის წინაშეც პანდემიამ დაგვაყენა
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელი და მტანჯველი გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. თუმცა, მართალია, ვაქცინის მეშვეობით ფიზიკური რისკების უკეთ მართვაა შესაძლებელი, კოლექტიურ ფსიქიკაზე პანდემიის მძიმე კვალი, დიდი ალბათობით, კიდევ დიდხანს დარჩება.
"პანდემიის ფიზიკური ასპექტების შემჩნევა მარტივია", — ამბობს ლიზა კარლსონი, ამერიკის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი, — "პროდუქტთა დეფიციტი, ეკონომიკური სტრესი, ავადმყოფობის შიში და ცხოვრებისეული რუტინის მოშლა ამ პერიოდის თანმდევი აშკარა პრობლემებია, თუმცა ამ ყველაფრით გამოწვეული ნამდვილი მწუხარება და გლოვაც უნდა შევნიშნოთ. ფიზიკურისგან განსხვავებით, ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის ვაქცინა არ არსებობს. ასე რომ, ამ ტიპის გამოწვევებთან გამკლავებას მეტი დრო დასჭირდება".
2020 წელს ადამიანების მიერ გადატანილ მძიმე გამოცდილებათა გათვალისწინებით, მენტალური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტები 2021 წლის მთავარ გამოწვევად შემდეგ საკითხებს განიხილავენ:
1. გადაწვა და ფიზიკური უმოძრაობა
ცხოვრება პანდემიამდეც სტრესული იყო, მაგრამ ახალმა საფრთხეებმა მის გამწვავებაში დიდი წვლილი შეიტანა. დისტანციური სწავლა, უსაფრთხოებაზე გამუდმებული ზრუნვა, ფინანსური პრობლემები, ეკრანიდან მუშაობა, ახალი ინფორმაციისთვის თვალის დევნება, დაავადებებთან და სიკვდილთან გამკლავება — ეს ყველაფერი ცხოვრებას თითქოს დაუსრულებელ გამოწვევად აქცევს.
იზოლაცია თავს მარტოსულად ყველა ასაკის ადამიანს აგრძნობინებს. ბევრი ბავშვი და მოზარდი სოციალური განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ხელიდან უშვებს. კარლსონის თქმით, სტრესთან ადეკვატური მეთოდებით გამკლავება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რათა პანდემიის მძიმე გავლენისგან ამოვისუნთქოთ. ამ დროს ბუნებასთან კავშირის აღდგენა აუცილებელია: სუფთა ჰაერსა და ხეებს შორის უსაფრთხოდ სეირნობამ ადამიანების მენტალური მდგომარეობა შეიძლება გააუმჯობესოს. ასევე რეკომენდებულია, რომ ახალ ამბებს დროებით ჩამოვშორდეთ.
"კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ძილის გამართულ რეჟიმს, ჯანსაღ კვებას, დღის განმავლობაში მოძრავად ყოფნას და შინაურ ცხოველებთან და ახლობლებთან ერთად დროის გატარებას ყურადღება მივაქციოთ", — ამბობს კარლსონი. 2021 წელს საკუთარ თავსა და სხვებზე ზრუნვა ჩვენი კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.
2. ძილის რეჟიმის არევა
"რადგან სახლში მეტი დროის გატარება ზოგისთვის მეტ ძილიანობას ნიშნავს, იმ უცნაურ პანდემიურ სიზმრებს, რომლებზეც ხალხი წინა წელსაც ბევრს საუბრობდა, გამოჩენის მეტი შანსი აქვთ", — ამბობს სომნოლოგი დოქტორი რაჯ დასგუპტა.
სტრესი, ტრავმა და პანდემიასთან დაკავშირებული ახალ-ახალი გამოწვევები ის ფაქტორებია, რომლებმაც ძილის რეჟიმის არევა და ამასთან ასოცირებული მენტალური დარღვევები გამოიწვია. ჯანდაცვის წინა ხაზზე მყოფმა ექიმებმა, რომლებიც სიკვდილს ყოველდღიურად უყურებენ თვალებში, შეიძლება, პოსტტრავმული სტრესი გამოსცადონ. ეს კი ინსომნიასა და კოშმარებს იწვევს. "ზოგიერთი რამ, რასაც ვხედავთ, ჩვენს გონებაში სამუდამოდ იბეჭდება", — ამბობს დასგუპტა.
სამსახურსა და სახლს შორის სივრცითი განცალკევების არარსებობაც შეიძლება იწვევდეს ძილის არარეგულარულ რეჟიმს. "პანდემიამ ჩვენი ცირკადული რიტმი მართლაც თავდაყირა დააყენა", — ურთავს სომნოლოგი, — "ამასთანავე, ბევრი ადამიანი წონაში იმატებს. ჭარბწონიანობა კი ყოველთვის იყო რისკ-ფაქტორი, როდესაც საქმე ძილის ობსტრუქციული აპნოეს მსგავს აშლილობებს ეხება". ძილის აპნოე დეპრესიისა და შფოთის განვითარების მაღალ რისკსაც უკავშირდება.
რადგანაც ძილის ხარისხი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული, ნორმალური ცირკადული რიტმისთვის საკმარისი მზის სხივების მიღება და ძილის რუტინისა და დასვენების გრაფიკის შემუშავება 2021 წელს გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.
3. იზოლაციით გამწვავებული მენტალური აშლილობები
მხარდაჭერისა და მეთვალყურეობის შემცირების გამო, ზოგიერთ ადამიანს კვებითი დარღვევებისა და ნარკოტიკული ნივთიერებებზე დამოკიდებულებისგან გამოჯანმრთელება გაორმაგებულად უჭირს.
"კოლექტიური ტრავმა", რომელსაც ადამიანები ახლა განიცდიან, "შფოთვის, დეპრესიისა და კვებით დარღვევებთან ასოცირებულ სხვა მენტალური ფაქტორების ზრდას უწყობს ხელს", — ამბობს ჩელსი კრონენგოლდი, აშშ-ის კვებითი აშლილობების ეროვნული ასოციაციიდან. გამოწვევები მოიცავს ცხოვრების ორგანიზებული წესის ნაკლებობასთან დაკავშირებულ შფოთს, კვებითი დარღვევის წამახალისებელ სივრცეში მეტი დროის გატარებასა და განმარტოებასთან დაკავშირებულ სიძნელეებს. პანდემიის პერიოდში კვებითი აშლილობების მქონე ბევრ ადამიანს სიმპტომების მატება აღენიშნება.
მათთვის, ვინც გამოჯანმრთელებისთვის ზრუნვის დაწყებისთვის მზად არ არის ან არის, მაგრამ სიმპტომებს კვლავ აქტიურად განიცდის, იზოლაცია დესტრუქციული ქცევის შენარჩუნების შესაძლებლობა გახდა. "იზოლაციაში კვებითი აშლილობების გამწვავებას თან ერთვის შფოთვა და დანაშაულის შეგრძნება სურსათის შესაძლო ამოწურვის ან მისი ზედმეტად მომარაგების გამო", — ამბობს კრონენგოლდი.
პანდემიის დროს სულ უფრო იზრდება ისეთი შემთხვევებიც, როცა ოპიოიდებზე წარსულში დამოკიდებული ადამიანები ხელახლა იწყებენ მათ მოხმარებას.
4. სამსახურით გამოწვეული სტრესი
ბევრისთვის სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევის კიდევ ერთი წყაროა.
ადამიანებისთვის, რომლებიც სახლიდან ვერ მუშაობენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას თავს ვერ არიდებენ ან საკვებს წინასწარ ვერ იმარაგებენ, მენტალური სტაბილურობის შენარჩუნება განსაკუთრებით რთულია.
ამასთან, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესაძლებლობა დასაქმებასთან პირდაპირ კავშირშია. სამსახურის დაკარგვა ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე დარჩენას, ბავშვებისთვის ძიძის აყვანის შეუძლებლობასა და ავადმყოფობის შემთხვევაში ანაზღაურებადი შვებულების არარსებობას ნიშნავს.
ცალკე აღნიშვნას საჭიროებს ჯანდაცვის სფეროში წინა ხაზზე მომუშავე ადამიანების გამოცდილება. მათთვის პანდემიის გავლენებისგან თავის არიდება შეუძლებელია. პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეზღუდული რაოდენობა, ხანგრძლივი სამუშაო დღეები, პაციენტებისა და კოლეგების სიკვდილი, COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანების მკურნალობა და ოჯახისგან შორს ყოფნა — ამ მიზეზებმა ჯანდაცვის პერსონალი ძალიან გამოფიტა.
5. საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრების გაუარესებული მდგომარეობა
უამრავმა ადამიანმა, რომელიც შფოთვას და დეპრესიას პანდემიამდეც განიცდიდა, მისი დაწყების შემდეგ გაურკვევლობა, შიში და ტანჯვა მინიმუმ გაორმაგებულად განიცადა. ხელების გადაჭარბებული ბანა და დაბინძურების შიში ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ნიშნები შეიძლება იყოს. ახლა და სამომავლოდ ამ აშლილობის მქონე ზოგიერთი ადამიანი იმის გამო მეტად კომფორტულად იგრძნობს თავს, რომ საზოგადოება გაცილებით ყურადღებით ეკიდება ვირუსებისგან დასაცავ ქცევებს. მაგრამ მსგავსი ქცევების ნორმად ქცევა, შეიძლება, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანებისთვის გამღიზიანებელ ფაქტორად იქცეს.
LGBTQ+ თემის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის კი პანდემია ისეთი ადამიანების გვერდით ცხოვრებას გულისხმობს, რომლებისთვისაც მათი გენდერული თუ სექსუალური ორიენტაცია მიუღებელია. მსგავსი მტრული დამოკიდებულება ზოგჯერ ძალადობითაც კი გამოიხატება. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მაგალითად აშშ-ში 2020 წელს სუიციდისკენ მიდრეკილების მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალი იყო LGBTQ+ თემის წარმომადგენელ ახალგაზრდებში.
"მარტივი ფაქტია, რომ უთანასწორობა კლავს", — ამბობს კარლსონი, — "ჩვენ ვხედავთ, რომ პანდემიის პერიოდში ამ უთანასწორობამ ჯანმრთელობაზე პირდაპირი გავლენა მოახდინა და ისეთი პრობლემები გამოააშკარავა, რომელთა არსებობის შესახებ აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ახლა მათი უგულებელყოფა გაცილებით რთულია".
6. COVID-19-ის გრძელვადიანი სიმპტომები
არსებობენ პაციენტები, რომლებსაც COVID-19-ით ინფიცირებიდან თვეების შემდეგაც კი არ ტოვებთ დაავადების სიმპტომები. რესპირატორული და ნევროლოგიური ზემოქმედების გარდა, რასაც ზოგიერთი ადამიანი ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგაც გარკვეული პერიოდი განიცდის, ფსიქიკური ეფექტებიც დიდხანს გრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს ფსიქოლოგიური სტრესი ძირითადად შფოთვასა და საკარანტინო ზომებს უკავშირდება, ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ "ვირუსული ინფექციის გამო, ფსიქოლოგიური ავადობის მეორე ტალღა შეიძლება გარდაუვალი იყოს".
"ხალხი მოელის, რომ გარკვეული პერიოდით ავად გახდებიან და შემდეგ გამოჯანმრთელდებიან", — ამბობს კარლსონი, — "თუმცა ზოგი პაციენტი თვეობით არის ავად, რაც მათთვის და მათი ახლობლებისთვის მოულოდნელ გამოწვევად იქცევა. ასეთ შემთხვევებში მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებაც ხშირია. ამ დროს ვირუსგადატანილებს ეფიქრებათ იმაზეც, თუ რას გრძნობენ საყვარელი ადამიანები მათ მიმართ".
ნათელი მხარეები
პანდემიით გამოწვეულმა ფსიქიკურმა წნეხმა მენტალური ჯანმრთელობის შესახებ გულახდილ დისკუსიებს და ემპათიის გაჩენას შეუწყო ხელი. ეს კი იმ სტიგმის გაქრობისთვისაა მნიშვნელოვანი, რომელიც ბევრ ადამიანს დახმარების აღმოჩენაში ხელს უშლიდა.
კიდევ ერთი პოზიტიური მხარეა ის, რომ სულ უფრო მეტმა ადამიანმა ითხოვა დახმარება ან სხვას შეუწყო ხელი პრობლემის მოგვარებაში — იქნება ეს ქველმოქმედება, მეზობლისთვის საკვების ყიდვა თუ იმ ადამიანების გვერდში დგომა, რომლებიც საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეს აკეთებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, სიკეთე მენტალური ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
ზოგიერთმა ადამიანმა ონლაინთერაპიის მეშვეობით გარკვეული ნუგეში იპოვა, რაც ფსიქოლოგიური დახმარების მიღების ტენდენციას ზრდის, რადგან ის ამ გზით შედარებით მარტივად ხელმისაწვდომი გახდა. ზოგმა ახალი ჰობი გაიჩინა და განსხვავებული საქმიანობა სცადა — მათ შორის, მედიტაცია, მებაღეობა, ახალი შინაური ცხოველის მოვლა და პურის ცხობაც კი. ზოგჯერ ეს ყველაფერი გვეხმარება, რომ თავი უკეთ ვიგრძნოთ.
"პანდემიის დროს ნამდვილად ვხვდებით ისეთ პრობლემებს, რომლებიც ერთმანეთის გამწვავებას იწვევს", — ამბობს კარლსონი, — "მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს მომენტი მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბრის ბარიერების მოხსნაში დაგვეხმარება. მართლაც, ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია — როგორც პროფესიონალებს და როგორც ჩვენი ოჯახებისა და საზოგადოების წევრებს — ამ პრობლემებზე საუბარია".
"ყოველთვის, როცა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, მენტალური ჯანმრთელობაც უნდა მოვიაზროთ. და ყოველთვის, როცა COVID-19-ს განვიხილავთ, მენტალური ჯანმრთელობაც უნდა გავითვალისწინოთ", — ურთავს ის.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები თქვენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდით Facebook ჯგუფში – მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი.
კომენტარები