ხანგრძლივი კოვიდი — როცა ვირუსის ორგანიზმიდან განდევნა გამოჯანმრთელებას არ ნიშნავს

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

კლინიკური შემთხვევა: ავთო

ფოტო: Marta Lebek/Stocksy; Cactus Creative Studio/Stocksy

ავთოს საავადმყოფოს შესასვლელთან ლოდინი მალევე მობეზრდა. ზოგადად, ასეთი ადამიანია: ერთ ადგილზე გაჩერებულს იშვიათად თუ ნახავთ, განუწყვეტლივ მოძრაობაშია. ეს მისი ფორმების მქონე კაცისთვის შეიძლება უჩვეულოდაც მოგეჩვენოთ, რადგანაც ლუდის სიყვარულმა მის ფიგურას თავისი კვალი უკვე დაატყო. ამის გამო, ავთო დიეტით ხშირად იმუქრება, მაგრამ როცა მსტუმრობს, “ჰეინიკენის” რამდენიმე ბოთლს ყოველთვის ამოიყოლებს ხოლმე. გახსნის თუ არა, ბოთლის ვიწრო ყელში ცერა თითს მოხერხებულად ჩააცურებს და უკან ისე სწრაფად ამოისვრის, თითქოს ჰაერში მონეტას აგდებდეს. სულაც რომ გვერდით ოთახში იყოთ, იქაც კი გაიგონებთ ხმას, რომელიც შამპანურის ბოთლის გახსნას მოგაგონებთ. არავინ იცის, რა დრამატული სახით გაგრძელდებოდა შემდეგი კვირების მოვლენები, ავთოს საავადმყოფოს ეზოს მიმდებარე მაღაზიაში რომ შეევლო და ზაფხულის სიცხეს მისი საყვარელი ლუდით შესჭიდებოდა. ამის ნაცვლად, იგი საავადმყოფოს ფოიეში შევიდა, რათა მწველი მზისთვის თავი დაეღწია და სიგრილეში დალოდებოდა თავის ნათესავებს, რომლებიც სულ ახლახან დაბრუნდნენ მესტიიდან, სადაც კარანტინული ჩაკეტვა ორიოდ დღის წინ დასრულებულიყო.

დღემდე ვერ ხსნის, რამ გადააწყვეტინა კორონავირუსზე PCR-ტესტის გაკეთება მაშინ, როცა არაფერს უჩიოდა. მე ვფიქრობ, რომ ამისკენ ან მოწყენილობამ, ან მსუბუქმა ნაბახუსევმა უბიძგა. ტესტის პასუხს მეორე დღისთვის ელოდა, მაგრამ რამდენიმე საათში მის მობილურზე სრულიად უცხო ნომერმა დარეკა, რაც კარგად არ ენიშნა. ასე დაიწყო ავთოს ცხოვრებაში ყველაზე უცნაურ მოვლენათა ჯაჭვი, რომელსაც შემდგომ ჯერ იძულებით შვებულებას, ხოლო მოგვიანებით — ციხეს შეადარებს. იგი 29 დღეს კორონავირუსთან უხილავ ბრძოლაში გაატარებს — სრულიად უსიმპტომოდ და ყოველგვარი ჩივილის გარეშე.

ხანგრძლივი კოვიდის ძიებაში

ფოტო: BBC

"ეჭვიც არ გვეპარება, რომ ხანგრძლივი კოვიდი არსებობს", — დარწმუნებით აღნიშნავს ექიმი დევიდ სტრეინი, ექსეტერის უნივერსიტეტის პროფესორი. მას სპეციალიზაცია გერიატრიაში აქვს გავლილი, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ენდოკრინოლოგიის მიმართულებით იმუშავა. იგი ერთ-ერთია, ვინც დიდ ბრიტანეთში დიაბეტის მართვის გაიდლაინის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა. სტრეინი ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე ადამიანებს საკუთარ კლინიკაში უკვე ხშირად ხვდება. ამ ადამიანებს ერთი რამ აქვთ საერთო — თითოეულ მათგანი წარსულში კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

პირველი ცნობები COVID-19-ის ხანგრძლივი მიმდინარეობის შესახებ მაისში გამოჩნდა და მისი გამჟღერებელი ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერი, ელიზა პერეგო გახლდათ. მან საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის აღწერისას ტერმინი "ხანგრძლივი კოვიდი" პირველმა გამოიყენა. მალევე, მის მსგავსად, საკუთარ ჯანმრთელობაზე საუბარი სხვა ადამიანებმაც სულ უფრო ხმამაღლა დაიწყეს. როგორც ირკვეოდა, პაციენტთა უმეტესობას ვირუსთან შეხება მარტში ჰქონდა, მაგრამ სხვა ინფიცირებულების მსგავსად, ვირუსმა მათ ორგანიზმში გაცილებით მეტი დრო გაატარა. ასეთ პაციენტთა უმეტესობამ ვირუსთან ბრძოლას თვეები შეალია და რაც ყველაზე რთული აღმოჩნდა, ამ ყოველივეს უკვალოდ არ ჩაუვლია. ვირუსის ხანგრძლივმატარებლები აღნიშნავდნენ, რომ მათ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა სწორხაზოვანი არ ყოფილა. იგი ერთგვარი ციკლურობით, ტალღისებურად უტევდა მათ ორგანიზმს, რაც ძალზედ მძიმე გადასატანი გამოდგა — როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

საქმე იმაშია, რომ ადამიანები მათ წინაშე არსებულ საფრთხეებს განსხვავებულად უდგებიან. ჟურნალისტ ადრეას კლუთისთვის ამის ნათელი ანალოგია ავტომობილის უყურადღებო მართვისა და მობილური ტელეფონის "გამოსხივების" პოტენციური ზიანის შედარებაა. ადამიანების უმეტესობას მობილური ტელეფონიდან გამომავალი "გამოსხივება" უფრო აშინებს, ვიდრე მანქანის ტარებისას მასში ცქერა. რეალურად, უყურადღებო მართვისას უბედური შემთხვევის ალბათობა საოცრად მაღალია, რადგანაც ადამიანის ტვინი იმგვარად არ არის მოწყობილი, რომ ერთდროულად მანქანაც მართოს და პარალელურად მობილური ტელეფონში იცქიროს. მაშინ, როცა ავტოავარიით სიკვდილის ალბათობა საოცრად მაღალია, მობილური ტელეფონის "გამოსხივებით" ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება კლინიკურად აღწერილიც კი არ არის. მაინც რატომ აღიქვამს ჩვენი გონება ამ რისკებს ასე განსხვავებულად: რაც რეალურად საშიშია, მას უგულებელყოფს, ხოლო უწყინარ რამეს კი — საოცრად საშიშად წარმოაჩენს?

ფოტო: BBC

საქმე იმაშია, რომ მანქანის ტარებისას ადამიანს პროცესის კონტროლის განცდა აქვს — საჭე ხომ მის ხელშია და ყველაფერი მის მოხერხებულობაზეა დამოკიდებული. რეალური საფრთხე ხილვადია და ასევე, არსებობს წარსული გამოცდილებაც, როცა წინა დღით იგივე მოქმედებამ უხიფათოდ ჩაიარა. რამდენადმე განსხვავებულია მობილური ტელეფონიდან მომავალი "გამოსხივება", რომელსაც ადამიანი ვერ ხედავს, ვერ გრძნობს და მასზე კონტროლიც არ აქვს. სწორედ ამიტომ, ეს უკანასკნელი მისთვის უფრო დიდ საფრთხედ აღიქმება.

მსგავსი აღმოჩნდა COVID-19-ის ხანმოკლე და ხანგრძლივი მიმდინარეობაც. ხანმოკლე კლინიკური სურათი ერთგვარ გეგმას, წინასწარ გაწერილ კონტროლს ემორჩილება, მაშინ, როცა ხანგრძლივი მიმდინარეობა ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადების ხანგრძლივი სიმპტომებით უკვე ათიათასობით ადამიანი იტანჯება, მათი მდგომარეობის აღმწერი ერთიანი დეფინიცია არ არსებობს, რადგანაც COVID-19 საოცარად დიდი იმპროვიზატორია — ორ ადამიანს ზუსტად მსგავსი სიმპტომები საკმაოდ იშვიათად აქვს.

რესპირატორულ დაავადებათა სპეციალისტი, ექიმი ენდრიუ ნაითი, COVID-19-ის სიმპტომების მქონე პაციენტებს სამ ძირითად ჯგუფად ყოფს.

  1. მწვავე კოვიდი — პაციენტების უმეტესობა ამ კატეგორიაში ხვდება და მათ მწვავე დაავადების კლინიკური ნიშნები 1-დან 21 დღემდე უვლინდებათ;
  2. პოსტ-მწვავე კოვიდი — პაციენტთა ნაწილს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები 3-დან 12 კვირამდე უგრძელდებათ;
  3. ხანგძლივი კოვიდი — პაციენტები, რომელთაც დაავადების დამახასიათებელი ნიშნები 12 კვირაზე მეტხანს აღენიშნებათ.

შემაწუხებელი ჩივილები შეგვიძლია ორ ძირითად კლასად, ფიზიკურ და ფსიქიკურ სიმპტომებად დავყოთ. ფიზიკური ჩივილებიდან წამყვანი ზოგადი საერთო სისუსტეა. ასევე, შესაძლოა შეგვხვდეს სუნთქვის გაძნელება, მუდმივი ხველა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, სმენისა თუ მხედველობის დარღვევები, თავის ტკივილი, ყნოსვისა და გემოს ხანგრძლივი დაკარგვა. შინაგანი ორგანოებიდან შეიძლება დაზიანდეს ფილტვები, თირკმლები და ნაწლავური მიკროფლორა. ფსიქიკურ სიმპტომებში მოიაზრება დეპრესია, შფოთვა, გონების დაბინდვა, პოსტ-ტრავმული დისტრეს სინდრომი, კონცენტრაციიის დაქვეითება

როგორც ირკვევა, COVID-19-ის ხანგრძლივი ჩივილები არც ისე იშვიათია. იტალიაში, რომის ყველაზე დიდ ჰოსპიტალში მოხვედრილ 143 პაციენტს ექიმები გაწერის შემდგომაც აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ მათ 87%-ს გაწერიდან 2 თვის შემდეგ მინიმუმ ერთი ჩივილი მაინც ჰქონდა და მათგან ნახევარზე მეტი ქრონიკულ დაღლილობას უჩიოდა. მსგავსი სურათის შემსწრე აღმოჩნდა შტუტგარტის კლინიკის დიაგნოსტიკური რადიოლოგიის განყოფილების კლინიკური დირექტორი, გოტც რიხტერიც. იგი COVID-19-ის მქონე პაციენტებს მარტიდან მოყოლებული აკვირდება და მისი უხეში გამოთვლებით, პაციენტთა მინიმუმ მესამედს დაავადების ხანგრძლივი ნიშნები აღენიშნება. თუმცა, ეს სტატისტიკური მონაცემები არასრულია, რადგანაც ექიმთა დაკვირვების ქვეშ მხოლოდ ის პაციენტები აღმოჩნდებიან ხოლმე, რომელთაც დაავადების გამო საავადმყოფოში მოუწიათ მოხვედრა. კოვიდის ხანგრძლივმატარებელთა უმეტესობა კლინიკაში არც კი მისულა და ეს მათი მდგომარეობისთვის დამახასიეთებელი ერთ-ერთი მთავარი უცნაურობა გახლავთ — გადატანილი დაავადების სიმძიმე ხანგრძლივად გამოხატულ ჩივილებთან მჭიდრო კორელაციაში არ მოდის.

კლინიკური შემთხვევა: ანდრო

ფოტო: BBC

სიგარეტის მოსაწევად გარეთ გამოსული მიმღების კართან დადგმულ გაურკვეველი ფერის დივანზე ჩამოვჯექი, რა დროსაც შავი ფერის, ჯიპის ტიპის ავტომობილი კლინიკის ეზოში შემოვიდა და იქვე გაჩერდა. ფარების სინათლე ჩაქრა თუ არა, მანქანის სამი კარი ლამის ერთდროულად გაიღო და უმალ გავიფიქრე: ალბათ ვიღაც მნიშვნელოვანი ფიგურაა, რახანაც დაცვასთან ერთად მოვიდა-მეთქი. მოულოდნელი ცნობისმოყვარეობა გაოცებამ შეცვალა, როცა სიბნელიდან ჩემკენ მომავალთა შორის ოდიოზური სახელის მქონე მხედრიონელი (კი, ზუსტად ის, ვისზეც ახლა გაიფიქრეთ) შევნიშნე. სამეულს უკან მუქ ლურჯ სამედიცინო ფორმაში გამოწყობილი ბიჭი მოსდევდა, რომელიც თვალებით მანიშნებდა, "შეხედე! ეს ხომ ისააო". ასე გავიცანით ერთმანეთი მე და ანდრომ. იგი კლინიკაში ყოველ მეოთხე დღეს მორიგეობდა და პარალელურად, უნივერსიტეტში სწავლობდა.

იმ ღამის შემდეგ, მე და მან მრავალი ღამე გავატარეთ ერთმანეთის მხარდამხარ, გათენიამდე ცეკვაში და მის დამცინავ ხუმრობებში, თუ როგორი სუსტი ვარ ფიზიკურად. საქმე იმაშია, რომ ანდრო ძველი რაგბისტია და თამაშში მიღებული გაუტეხელი ჟინი დღემდე მოსდევს — რამეს თუ აკეთებს, სულ დაუღალავად და ბოლომდე, მთელი მონდომებით. ზუსტად ამგვარი შემართებით, დაუზარებლად მიხსნის ხოლმე რაგბის წესებსაც, რომელსაც ყველა მატჩის დროს გამოვკითხავ ხოლმე და მსაჯის საფინალო სასტვენისთანავე ვივიწყებ. კლუბში ერთად ბოლოს თებერვალში ვიცეკვეთ და ახლა უკვე აღარც კი ვიცით, მოვახერხებთ თუ არა იგივე შემართებით დინამიკებთან დგომას.

კორონავირუსი ორკვირიანი შუალედით შეგვხვდა — აქაც ჩემზე ყოჩაღი აღმოჩნდა და დამასწრო. ამ უხილავი, ნანომეტრების ზომის ნაწილაკების წყალობით, სულ მცირე ფიზიკურ დატვირთვასა თუ გულის აჩქარებაზე სუნთქვა ისე მეკვრის, თითქოს გულმკერდზე მანქანას გადაევლოს. ინსტიქტურად მარჯვენა ხელით ტორსის მასაჟს ვიწყებ, თითქოს ეს რამეს მაინც შველოდეს. სანამ პულსი დაბლა არ დაიწევს, მსგავს მდგომარეობაში, გულით დაავადებული ბერიკაცივით მიწევს ყოფნა.

ჩემსავით არის ანდროც, რომელიც თავის ჩივილებს მოულოდნელად, ყოველგვარი წინასწარი ფიქრის გარეშე აღმოცენებულ პანიკურ შეტევას ადარებს. ერთ დროს ასობით მეტრის სწრაფად გამრბენი, ახლა ორი სართულის ფეხით ავლის შემდეგ იძულებული ხდება გაჩერდეს და სული მოითქვას. პერიოდულად, სრულიად მოულოდნელად გული ისე უჩქარდება, თითქოს მნიშვნელოვან გამოცდაზე იყოს და ეს მისთვის იმდენად შემაწუხებელია, რომ იძულებული ხდება მუშაობა შეწყვიტოს. კარდიოლოგთანაც იყო, გამოკვლევებიც ჩაიტარა, მაგრამ მისი გული სრულიად ჯანმრთელია. ამგვარ ეპიზოდებს სუნთქვითი ვარჯიშებით ებრძვის და როგორც აღნიშნავს, უკვე გაუმჯობესებაც გრძნობს.

უკეთ გახდომის უიმედო მოლოდინში

ფოტო: Marta Zubieta

"შენ ვირუსის მოჩვენებაზე რეაგირებ", — შენიშნავს იელის უნივერსიტეტის იმუნოლოგი, აკიკო ივასაკი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით, ზუსტი მიზეზები ბოლომდე გარკვეული არ არის, მას თავისი თეორია აქვს. იგი ვარაუდობს, რომ იმუნიტეტი ვირუსთან ბრძოლაში ბოლომდე გამარჯვებას ვერ ახერხებს, რის გამოც ადამიანთა ორგანიზმში კორონავირუსის ნაწილაკები რჩება და სწორედ მათ აღმოჩენაზე აქვს ჩვენს სხეულს ასეთი მწვავე რეაქცია. ეს, დაახლოებით, ავტოიმუნური დაავადების მიმდინარეობას ჰგავს, როცა ორგანიზმი უნებურად საკუთარ თავს ებრძვის.

როგორც მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, COVID-19-ის ხანგრძლივი მიმდინარეობის რისკ-ჯგუფში 18-49 წლის ადამიანები (10%) და 70-ს გადაცილებული მოხუცებიც შედიან (22%). მნიშვნელოვან როლს უნდა თამაშობდეს სხეულის ჭარბი წონაც. მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდათა ჯგუფში ქალების რისკი კაცებისას სჭარბობს.

COVID-19-ის შემთხვევაში ყველაზე მეტად საყურადღებო და შემაწუხებელი ჩივილი მუდმივი ხასიათის საერთო სისუსტეა, რომელიც ზოგჯერ იმდენად მწვავედ არის გამოხატული, რომ ადამიანს ნორმალური ცხოვრების საშუალებას უსპობს. ეს ჩივილი ძალიან ჰგავს უცნაურ სინდრომს, რომელიც პირველად 40 წლის წინ შენიშნეს. მისი სიმპტომები მოიცავდა გადაღლას, უძილობას და პერიოდულ ტკივილებს. აღნიშნული მდგომარეობით დატანჯულმა პაციენტებმა მოახერხეს და ადვოკატირებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციები შექმნეს, რათა თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობისკენ სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება მიექციათ. ამ მდგომარეობას მიალგიური ენცეფალომიელიტი / ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (ME/CFS) ეწოდება. ამჯერად მსგავსი გამოწვევის წინაშე COVID-19-ის სიმპტომების ხანგრძლივმატარებლები დგანან.

ქრონიკული, მუდმივი დაღლილობა წამყვანი სიმპტომი კი გახლავთ, მაგრამ არანაკლებ საყურადღებოა გულმკერდისა და სახსრების ტკივილიც. ასეთ დროს, ადამიანებს ისეთი ზეწოლის განცდა აქვთ, თითქოს მათ ტორსზე ვინმე ფეხებით ადგებოდეთ. ამ ყოველივეს, შესაძლოა, თან დაერთოს ქოშინი, ხველა, პერიოდულად სხეულის ტემპერატურის მომატება, აჩქარებული გულისცემა, თავისა და კუნთების ტკივილი. ზემოთ ჩამოთვილი ჩივილები ავადმყოფის ზოგად თვითშეგრძნებას კიდევ უფრო აუარესებს და რადგანაც ეს ყოველივე დროში გაწელილი პროცესია, ადამიანთა უმეტესობა იმედსაც კი კარგავს, რომ მათი მდგომარეობა ოდესმე გაუმჯობესდება. ხანგრძლივი მიმდინარეობის პირობებში, ეს სიმპტომები ადამიანებს არაქათს აცლის და მათ ჩვეულ ცხოვრებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.

ვირუსული ინფექციების შემდგომ ჩივილების შენარჩუნება მეცნიერთათვის ახალი ნამდვილად არ გახლავთ. 1918 წლის "ესპანური გრიპის" პანდემიის შემდგომ, ადამიანებს პარკინსონის დაავადების მსგავსი სიმპტომები აღენიშნათ. ვარაუდობენ, რომ ეს სწორედ ამ მომაკვდინებელი ვირუსის ბრალი უნდა ყოფილიყო. სხვა ტიპის კორონავირუსით გამოწვეული 2003 წლის SARS-ის ეპიდემიის შემდგომ პერიოდს ტალღისებურად მოჰყვა ME/CFS-ის შემთხვევებიც და როგორც უფრო ხანგრძლივი დაკვირვებით გამოირკვა, ქრონიკული დაღლილობის კლინიკური სურათი 3 წლის განმავლობაში შენარჩუნდა.

ზოგ შემთხვევაში, ხანგრძლივად მიმდინარე COVID-19 მნიშვნელოვანი ორგანული ზიანის გარეშე ჩაივლის, მაგრამ აღწერილია შემთხვევები, როცა მწყობრიდან ორგანოთა მთელი სისტემები გამოდის. რადგანაც საქმე რესპირატორულ დაავადებასთან გვაქვს, ლოგიკურია, რომ დაზიანების კერები უპირველესად ფილტვებში ვეძიოთ. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში, ამ ორგანოში მიმდინარე პროცესი იმდენად მძიმე გამოდგა, რომ შედეგად ფილტვებზე თვალით ხილული ნაწიბურებიც კი დარჩა.

ფოტო: BBC

ოქტომბრის დასაწყისში ავტორიტეტულმა ჟურნალმა Nature სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა, სადაც მათ მეცნიერებსა და ექიმებს მოუწოდეს, რომ ხანგრძლივად მიმდინარე დაავადების სიმპტომების გამოვლენა პაციენტთათვის მიენდოთ. აღნიშნულის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ხანგრძლივმატარებლებმა სულ უფრო ხმამაღლა დაიწყეს თავიანთი მდგომარეობის თანმდევ სირთულეებზე საუბარი. ექიმებსა და ახლობლებს მათი არ ესმით და გამოხატული სიმპტომების მიუხედავად, ისინი ჯეროვან ყურადღებასა თუ სახელმწიფო კომპენსაციას ვერ იღებენ. შესაბამისად, ძალზედ მნიშვნელოვანი გახდა იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ როდის უნდა ჩავთვალოთ პაციენტი COVID-19-სგან სრულად გამოჯანმრთელებულად. საუთჰემპტონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნისრიინ ალვანი აღნიშნავს, რომ კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი გამოჯანმრთელების მარკერად არ შეიძლება გამოდგეს. იგი ასევე მიიჩნევს, რომ დაავადების მსუბუქად მიმდინარეობის ცნებაც გადასახედია. მარტივად რომ ვთქვათ: პაციენტთა ინტერესების დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფაქტებს შესაბამისი, სწორი სახელები დაერქვას შემდგომი კვლევები კორონავირუსით გამოწვეული ზიანის სრული სურათის დანახვაში შეიძლება დაგვეხმაროს.

პანდემიასთან ბრძოლის ამერიკულმა სახემ, ექიმმა ენტონი ფაუჩიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაავადების ხანგრძლივი სიმპტომები, სულაც რომ ინფიცირებულთა მხოლოდ მცირე რაოდენობას აწუხებდეს, "საზოგადო ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება". იგი ამ სიტყვებს შემთხვევით არ ამბობს. COVID-19-ით გამოწვეულმა ხანგრძლივმა, მულტიორგანულმა ეფექტებმა შეიძლება პანდემიის ეკონომიკურ ზიანი მნიშვნელოვნად გაზარდოს. როგორც ავსტრალიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარები ვარაუდობენ, მოსალოდნელმა გლობალურმა ზიანმა 2025 წლისთვის შეიძლება $35,3 ტრილიონი შეადგინოს. რა თქმა უნდა, ვაქცინის გამოჩენა ამგვარი ეკონომიკური ზიანის რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. მაგალითისათვის: 2006 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 1955-2015 წლებში აშშ-ს პოლიომიელიტის მკურნალობის ხარჯები $215 მილიარდი დაუჯდებოდა. ამ ხარჯის თავიდან არიდება სწორედაც რომ მასიურმა ვაქცინაციამ გახადა შესაძლებელი.

კლინიკური შემთხვევა: ნინო

ფოტო: Michael Glenwood

ნინოს ღია ცისფერი თვალები მუქ თმასთან გასაოცარ კონტრასტს ქმნის. მისი მრგვალი, დიდრონი სათვალე თხელ მეტალის ჩარჩოში ისეა მოქცეული, რომ 1980-იანი წლებიდან გადმოყოლილის შთაბეჭდილებას ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ნინოს ამ პერიოდისგან თითქმის 1 დეკადა აშორებს, მას შევხედავ თუ არა, რატომღაც იმ დროის ნოსტალგია მიჩნდება, რომელიც არასდროს მინახავს. უცნაური კია, ჩემი ოჯახი მის მთელ ოჯახს ძალიან კარგად იცნობს, მაგრამ მე იგი მხოლოდ შარშან გავიცანი — ისე გამოვიდა, რომ ავცდით ერთმანეთს.

ნოემბრის ბოლო კვირაში ნინო დაბალმა სიცხემ და ზურგის ტკივილმა შეაწუხა. ადვილი მისახვედრი იყო, რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი. ძირითადმა სიმპტომებმა მხოლოდ რამდენიმე დღე გასტანა და თითქოს უკვე გამოჯანმრთელებისკენ უნდა წასულიყო, რომ თავს უცნაური რამ შენიშნა — რამდენჯერაც რამეზე ინერვიულებდა, მაშინვე ზურგის ისეთი ტკივილი ეწყებოდა, რომ სუნთქვა ეკვროდა. ამაზე მას ტირილი უვარდებოდა და რაც უფრო მეტს ტიროდა, სუნთქვა მით უფრო უჭირდა. მისი ნერვიულობის მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული საშიში გართულებები გახლდათ, რომელთა გაფიქრებისთანავეც პანიკური შეტევა ეწყებოდა: იგი ამ ყოველივეს ვეღარფერს უხერხებდა. მოგვიანებით ასეთი პანიკური შეტევის დასაწყებად საკუთარ ჯანმრთელობაზე დარდიც აღარ სჭირდებოდა — საკმარისი იყო, ვინმე ახალგაზრდა ადამიანის COVID-19-ით სიკვდილის შესახებ შეეტყო, ეს მანკიერი წრე მაშინვე მოქმედებაში მოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი შფოთვების რეალურ მიზეზებს კარგად აცნობიერებდა, თავის გაკონტროლება მაინც ძალიან გაუჭირდა. მოგვიანებით, საკონტროლო ანალიზები ჩააბარა და დარწმუნდა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა. ამან მასზე ნამდვილად დადებით გავლენა იქონია — პანიკური შეტევების სიხშირემ და სიმწვავემ რადიკალურად იკლო.

ხანგრძლივ კოვიდთან მენტალურ ჭიდილში

ფოტო: BBC

"ფსიქოლოგიურად თავს მიტოვებულად ვგრძნობ. ექიმებმაც კი არ იციან, რითი დამეხმარონ", — შენიშნავს 59 წლის მორენა კოლომბი, იტალიის პროვინციული, პატარა ქალაქიდან. მას დიაგნოზი ჯერ კიდევ თებერვალში დაუსვეს, მაგრამ გამოჯანმრთელებულად თავს სექტემბერშიც კი არ გრძნობდა. იგი ერთ-ერთია იმ მრავალთა შორის, რომელთაც კოვიდის ხანგრძლივმატარებლებს უწოდებენ და მისთვის დაავადების თანმდევი ფსიქოლოგიური პრობლემები განსაკუთრებით რთულად გადასატანი გამოდგა. მოკლეხნიან გაუმჯობესებას, მალევე, კვლავ გაურესება მოსდევდა და კოლომბიც ამ უწყვეტმა დინამიკამ დეპრესიაში ჩააგდო.

ლონდონის სამეფო კოლეჯის ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების კათედრის პროფესორი, ტილ ვაიკსი შენიშნავს, რომ შფოთვის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი სწორედაც რომ გაურკვევლობაა. დაავადების აქამდე უცნობი მიმდინარეობა მკურნალ ექიმებს აბნევს, რის გამოც ისინი ვეღარ ხვდებიან, როგორ დაეხმარონ პაციენტებს. ამ ყოველივეს გააზრება შეშინებულ ავადმყოფებს ვირუსის წინაშე სრულიად მარტო ტოვებს.

"დაავადებათა უმეტესობისთვის ჩვენ ვიცით, რა ხდება თავიდან, რა მოხდება შემდეგ და რას უნდა ველოდოთ. COVID-19-ის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სიმპტომები გამოვლინდება, შემდეგ ალაგდება, მაგრამ მოგვიანებით ისინი კვლავ უკან ბრუნდებიან", — ლაკონურად განმარტავს პროფესორი ვაიკსი.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, COVID-19-ის გადატანის შემდგომ, ყოველ მესამე ადამიანს ნევროლოგიური ან ფსიქოლოგიური პრობლემები უვლინდება. მათ შორის, განსაკუთრებით საყურადღებოა: დეპრესია, შფოთვა, პოსტ-ტრავმული დისტრეს სინდრომი, გონების დაბინდვა.

"ეს დეპრესიულს გხდის და შენ შფოთავ, რომ ჩივილები არასდროს გაივლის. ხალხი ჩემ ქმარს ეკითხებოდა "ის ჯერ უკეთ არ არის?". ისინი ფიქრობდნენ, რომ მე ამ ყველაფერს ვიგონებდი", — ამგვარად იხსენებს თავის მენტალურ მდგომარეობას ანჟელა ესტონი, რომელსაც პირველი სიმპტომები 30 მარტს გამოუვლინდა, მაგრამ სიცხე და ზოგადი სისუტე მაისის ბოლოსაც კი აღენიშნებოდა. მის მსგავსად ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. ეს ყოველივე ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა — მათ არ შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ, თუ რა მიმართულებით წავა პაციენტთა მენტალური ჯანმრთელობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის ნევროლოგიური და ფსიქიკური სიმპტომების შესახებ ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში გააკეთა განცხადება. მკვლევართა ნაწილმა სამედიცინო საზოგადოება გააფრთხილა, რომ მალე ვირუსული ინფექციის შემდგომი დეპრესიის ცუნამისაც კი უნდა ველოდეთ.

მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები SARS-ის ჩავლილი ეპიდემიის გაკვეთილების უკეთ გაგებას და მის პრაქტიკაში გამოყენებას ცდილობენ. აღნიშნულ თემაზე ჩატარებული კვლევები ცალსახად ხაზს უსვამს ზრუნვის ჰოლისტური მოდელის უპირატესობას, მაშინ, როცა ცალკე აღებული სამედიცინო მოდელი მოსალოდნელი სირთულეების ასახსნელად ვერ გამოდგება. ამ ყოველივეს ასევე ემატება ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პოლიტიკაც, რაც თვითიზოლაციას გულისხმობს. ამ უკანასკნელს ნეგატიური ფსიქოლოგიური გავლენა ჰქონდა და ისეთი ჩივილების მაპროვოცირებელი გახლდათ, როგორიცაა: პოსტ-ტრავმული დისტრეს სინდრომი, დეპრესია და ინსომნია. ზოგადადაც ცხადია, რომ ფიზიკურ ეფექტებთან შედარებით, უფრო დიდი ხნით მენტალური გვერდითი მოვლენები ნარჩუნდება.

ფოტო: BBC

კოვიდის ხანგრძლივმატარებელთათვის გამოსავლის ძიება ძალიან იდივიდუალურ ხასიათს ატარებს. ის, რაც ეფექტიანია ერთისთვის, შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს სხვისთვის. მოწოდებულია, ეტაპობრივად, ფიზიკურ დატვირთვასთან შეჩვევა და ამგვარად ძველი ფორმის ნელი, თანდათანობითი დაბრუნება. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე ადამიანები COVID-19-ის სარეაბილიტაციო კურსში ჩართულებს მოუწოდებენ, ყური დაუგდონ თავიანთ ორგანიზმს და მას ზედმეტად არაფერი დააძალონ. რადგანაც საბოლოო გამოჯანმრთელება ხანგრძლივი პროცესია, ამ დროს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასეთ როლს საკუთარ თავზე ის სოციალური ჯგუფები იღებენ, სადაც ხანგძლივმატარებლები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას და ემოციებს უზიარებენ. ფაქტია, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელება რთული და დროში გაწელილი პროცესია. უფრო ეფექტიანი, სწრაფი გზების ძიება კი უკვე დაწყებულია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ