NASA-ს მოხეტიალე Perseverance მარსზე დასაშვებად მზადაა
გუშინ, 16 თებერვალს, NASA-მ დაადასტურა, რომ მისი მოხეტიალე Perseverance მარსზე დასაშვებად მზადაა.
მოხეტიალე, რომელიც გასული წლის ზაფხულს მარსის 2020 წლის მისიის ფარგლებში გაუშვეს, ხვალ, 18 თებერვალს პლანეტის ზედაპირზე, ჯეზეროს კრატერზე დაეშვება. Perseverance, ან მოკლედ "Percy", მარსზე სამეცნიერო გამოკვლევების ჩატარებას გეგმავს. მის მიზნებს შორის აღსანიშნავია ნიმუშების შეგროვება, პირველი შვეულმფრენის განთავსება დედამიწის მიღმა სხვა პლანეტაზე და მარსზე უძველესი სიცოცხლის ნიშნების ძიება.
"Perseverance შესანიშნავად მუშაობს", — განაცხადა გუშინ, მოხეტიალეს დაშვებამდე ორი დღით ადრე, მისი განხილვის ვირტუალურ კონფერენციაზე ჯენიფერ ტროსპერმა, Perseverance პროექტის ხელმძღვანელმა NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან. "კოსმოსური ხომალდი გამართულია, გუნდი კარგად მუშაობს, ჩვენ ყველანი მზად ვართ დაშვებისთვის", — დასძინა მან.
ტროსპერის მიხედვით, დაშვებამდე NASA-ს ასტრონომების გუნდმა ხომალდს ბრძანებების სერია გაუგზავნა შესვლის, პლანეტის ზედაპირთან ნელნელა მიახლოების და საბოლოოდ დაშვების თანმიმდევრობის შესახებ. ამას EDL ფაზა ეწოდება.
კოსმოსური ხომალდი EDL ფაზაში ოფიციალურად ხუთშაბათს შევა. EDL, რომელიც ყველაზე მოკლე და ინტენსიური ფაზაა მთელი მისიის ფარგლებში, ასევე ცნობილია, როგორც "ტერორის შვიდი წუთი". ამ შვიდწუთიანი ფაზის მანძილზე კოსმოსური ხომალდის სიჩქარე 20 000 კმ/სთ-დან 0 კმ/სთ-მდე შემცირდება და ის პლანეტაზე დაეშვება.
სააგენტოს თანამშრომლები მოუთმენლად ელიან ამ "შვიდწუთიანი ტერორის" გადალახვას და ხომალდის დაშვებას.
"თავს დიდებულად ვგრძნობ", — განუცხადა დაშვების შესახებ Space.com-ს ტროსპერმა, რომელიც NASA-ს ყველა მოხეტიალის მისიაზე მუშაობდა. "ამ საქმეში გარანტიები არ არსებობს... ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, თუ რისი გაგება შეიძლება მარსისგან ამჯერად... და ყოველთვის რაღაც ახალს ვიღებთ, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ".
"მაგრამ", დაამატა მან, "გუნდი ძალიან კარგად მუშაობს, ხომალდიც გამართულია. სატესტო პროგრამას მე ვუძღვები და თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს. ვიცი, რომ ეს გამოგვივა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გარანტია არ არსებობს, მაგრამ მაინც დიდებულად ვგრძნობ თავს".
"იქნება ეს წითელი პლანეტა თუ ჩვენი ლურჯი დედამიწა, მეცნიერებას შეუძლია გაგვაერთიანოს და გვაპოვნინოს ისეთი გამოსავალი, რაც შეუძლებელს შეგვაძლებინებს", — განაცხადა კონფერენციის დროს NASA-ს ასოცირებულმა სამეცნიერო ადმინისტრატორმა, თომას ზარბაქენმა.
მისიის ვირტუალურ სიმულაციას შეგიძლიათ აქ ადევნოთ თვალი.
მოხეტიალე წითელ პლანეტაზე ხვალ, 18 თებერვალს დაეშვება თბილისის დროით ღამის 23:15 საათზე. დაშვების ხილვას პირდაპირ ეთერში შეძლებთ 22:15 საათზე თბილისის დროით NASA TV-ს YouTube არხზე.
კომენტარები