ცხრა ადგილი პორტუგალიაში, რომელიც უვიზოდ უნდა ნახოთ
მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა, საქართველოს მოქალაქეები აპრილიდან ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. პირველ რიგში, ამისთვის დაგჭირდებათ უვიზოდ მიმოსვლის წესების ზედმიწევნით დაცვა, ცოტა ფული და იდეა, თუ სად შეიძლება გაატაროთ კუთვნილი შვებულება.
ჩვენ უკვე გაგაცანით იტალიის ის პატარა ქალაქები, რომლებსაც უნდა ესტუმროთ, ამ სტატიაში კი მოგაწვდით ინფორმაციას პორტუგალიის იმ პატარა ქალაქებისა და ადგილების შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ უვიზოდ.
იმის გამო, რომ პორტუგალია ევროპის უკიდურეს დასავლეთშია და ჩვენგანაც ძალიან შორსაა, პირდაპირი ავიარეისები არ არის, თუმცა, ამან არ უნდა შეგაშინოთ. მოხერხებული მოგზაური ადვილად შეძლებს ქუთაისიდან იაფად გაფრენას რომელიმე ევროპულ ქალაქში, იქიდან კი პორტუგალია ისე ახლოა, როგორც არსაიდან.
პორტუგალია იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც მარიხუანა ლეგალიზებული არ არის, თუმცა, მისი მოწევის გამო არც ციხეში ჩაგსვამენ და არც უზარმაზარ ჯარიმას დაგაკისრებენ. შესაბამისად, პოლიციაც დიდად თავს არ იწუხებს ამ მიზნით მოქალაქეებისა და ტურისტების შემოწმებით. შეიძლება, ლისაბონის ვიწრო ქუჩებში სეირნობისგან თავბრუც კი დაგეხვეთ, ხარბად დაიწყოთ სუნთქვა და ეს მხოლოდ დაღლილობის ბრალი არ იქნება. როგორც წესი, ქუჩაში არაერთი ადამიანი შემოგთავაზებთ ჰაშიშის ყიდვას, თუმცა სჯობს, გაურკვეველი პროდუქციის შეძენისგან თავი შეიკავოთ.
პორტუგალიაში აუცილებლად უნდა გასინჯოთ ზღვის პროდუქტები, რომლებიც საოცრად გემრიელი და ასევე, ხელმისაწვდომია. როგორც ამბობენ, განთქმულია პორტუგალიური ღვინოც, განსაკუთრებით კი - პორტოში წარმოებული. რაც შეეხება ტრანსპორტს, პორტუგალიაში კარგად არის განვითარებული სარკინიგზო ტრანსპორტი, ასევე, მოწესრიგებულია ავტობუსებით გადაადგილების სისტემაც.
მაშ ასე, პორტუგალიაში ჩასვლისთანავე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ლისაბონსა და პორტოს ნახავთ, ამიტომ ამ ორი ზღაპრული ქალაქის სიკეთეებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. აქ ვისაუბრებთ იმ ადგილებზე, რომლებიც ამ ორი ქალაქის გარდა უნდა ნახოთ.
1. ქაშქაიში
ეს არის პატარა, ულამაზესი მეთევზეთა ქალაქი, რომელიც ატლანტიკის ოკეანის ნაპირზეა განლაგებული. ქაშქაიშის უმთავრესი ღირსება მისი ქვიშიანი პლაჟებია. ის სერფერებისა და იალქნიანი ნავებით ცურვის მოყვარულთა ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.
გარდა ქვიშიანი პლაჟებისა, ქაშქაიშში არაერთი ძველი, საუკუნეების წინ აგებული შენობაა, ასევე, ლამაზი ბაღები ტროპიკული მცენარეებით და პატარა, მიმზიდველი ქუჩები.
იმის გამო, რომ ეს ეგზოტიკური დასახლება ტურისტებსა და ადგილობრივებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, შედარებით სიძვირეა. აქ რესტორანში საშუალო სადილი, ლისაბონთან შედარებით, რამდენიმე ევროთი მეტი ღირს, თუმცა, ამან არ უნდა შეგაშინოთ. მეთევზეთა დაარსებულ დასახლებას, ადგილობრივი ზღვის პროდუქციის დაგემოვნების გარეშე, გვერდი არ უნდა აუაროთ.
აქ ჰოსტელში ერთი ღამის გათევა 30 ევროდან იწყება, სასტუმროს ფასი კი რამდენიმე ასეულსაც აღწევს, თუმცა, გამოსავალი აქაც არის - ქაშქაიში ლისაბონიდან (რომელიც საკმაოდ იაფი ქალაქია) ზუსტად 35 წუთის სავალზეა, მატარებლის ბილეთის ღირებულება კი სამი ევროც არ არის.
2. სინტრა
სინტრაში ლისაბონიდან მატარებლით დაახლოებით 20-25 წუთში ჩახვალთ. სინტრა ქალაქი - მუზეუმია. მთელი დასახლება იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული, შესაბამისად, სანახავი და განსაცვიფრებელი აქაც ბევრია. დასახლება ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდიდან არსებობს და მას ხან რომაელები იპყრობდნენ, ხან კიდევ - არაბები. შესაბამისად, სინტრაში შემორჩენილი ციხე-კოშკები, გალავნები და სასახლეები ამ ადგილს უნიკალურს ხდის. აღნიშნული ობიექტები, ძირითადად, სინტრას მთებშია განთავსებული და ტურისტული მარშრუტი თითოეული მათგანის მონახულებას მოიცავს.
სინტრაში განსაკუთრებით შთამბეჭდავია მე-19 საუკუნიდან შემორჩენილი პენას სასახლე, რომელიც პორტუგალიელი მეფეებისა და დედოფლების ადგილსამყოფელი იყო. ამ სასახლეში თითქმის ხელუხლებლადაა შემორჩენილი პორტუგალიის სამეფო ოჯახის საძინებლები, მეფურ საწოლზე გადაფარებული გაცრეცილი ხავერდის ნაჭერი, ჭურჭელი. სასახლის დათვალიერებისას მუდმივად გაქვს განცდა, რომ სადაცაა გვერდითა ოთახიდან გამოვა რომელიმე პორტუგალიელი დიდგვაროვანი და აბეზარ ტურისტებს სულ კინწისკვრით გაყრის გარეთ. მოკლედ, სინტრას ნახვას არ ინანებთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, ამისთვის მხოლოდ ერთი დღე საკმარისი არ იქნება, რადგან შეიძლება, სრულად ვერ მოასწროთ თუნდაც პენას სასახლის უზარმაზარი ბოტანიკური ბაღის დათვალიერება და გული დაგწყდებათ.
3. ევორა
ქალაქს ორიათასწლიანი ისტორია აქვს. სინტრას მსგავსად, ისიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული არამხოლოდ შენობების, არამედ უნიკალური ლანდშაფტის გამოც. აქ მრავლად შეხვდებით შუა საუკუნეების დროს აგებულ ტაძრებს, სასახლეებსა და ციხე-კოშკებს.
ევორა ლისაბონიდან 130 კილომეტრითაა დაშორებული. აქ ერთი ღამის გათევა 12 ევროდან შეგიძლიათ, ნომერი საშუალო დონის სასტუმროში კი 30 ევროდაც შეიძლება დაიქირავოთ.
4. გუიმარაეში
გუიმარაეში პორტუგალიელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია. სწორედ ამ დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე იბრძოდა მეთორმეტე საუკუნეში მეფე ალფონსო ენრიკე, რომელმაც დააფუძნა პორტუგალიის სამეფო და გახდა პორტუგალიის პირველი მეფე. აღნიშნული ისტორიული კონტექსტი უკვე თავისთავად ნიშნავს იმას, რომ გუიმარაეშში სანახავიც ბევრი იქნება.
5. კოიმბრა
კიდევ ერთი ისტორიული ქალაქი პორტუგალიაში, რომელიც უნდა ნახოთ, არის კოიმბრა. აქ მდებარეობს ევროპაში ერთ-ერთი უძველესი, მეცამეტე საუკუნეში დაფუძნებული უნივერსიტეტი. კოიმბრა ამ დრომდე ინარჩუნებს საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსს, აქ უხვად შეხვდებით სხვადასხვა სახის შენობას შუა საუკუნეებიდან. კოიმბრა პორტოდან მატარებლით ერთი საათის მანძილზეა.
6. ალგარვე
თუ დაიღალეთ ისტორიულ ქალაქებში შუა საუკუნეების ციხე-კოშკებისა და მე-19 საუკუნის სამეფო სასახლეების თვალიერებით, დროა, პორტუგალიის ლაჟვარდოვან სანაპირეობს მიაშუროთ. მართალია, ზემოთ ვახსენეთ ქაშქაიში - ზღაპრული, ოკეანისპირა კურორტი, მაგრამ პორტუგალიაში არაერთი ისეთი ადგილია, სადაც თავს სამოთხეში იგრძნობთ.
ალგარვე პორტუგალიის უკიდურესი სამხრეთით, ლისაბონიდან 280 კილომეტრში მდებარეობს.
ოკეანისპირა მღვიმეები, ქვიშიანი სანაპირო, ლურჯი ოკეანე, თეთრი სახლები, ზეთისხილისა და ქლიავის ბაღები, ზღვის პროდუქტები, ხელმისაწვდომი ფასი და უვიზო მიმოსვლა - მეტი რა არის საჭირო სრული ბედნიერებისთვის?
ალგარვეში ერთი ღამის გათევა 17 ევროდან ღირს, ჰოსტელებისა და სასტუმროების ფასები კომფორტის შესაბამისად იცვლება, თუმცა, თავისუფლად შეგიძლიათ ზურგზე მოიგდოთ კარავი და ატლანტიკის ოკეანის ქვიშიანი, ცხელი სანაპირო თქვენს განკარგულებაში იქნება.
7. ეშპინიუ
ეშპინიუ კიდევ ერთი ოკეანისპირაა დასახლებაა, რომელიც პორტოდან სულ რაღაც 20 კილომეტრითაა დაშორებული. აქ მოხვედრა პორტოდან, მატარებლით შეგიძლიათ, რომელიც დღეში რამდენჯერმე, დილიდან გვიან ღამემდე ასრულებს რეისს და მგზავრობის ღირებულებაც ორი ევროს ფარგლებშია.
ეშპინიუ პორტუგალიის ფრენბურთის დედაქალაქადაა მიჩნეული. გარდა ამისა, ეშპინიუმ 2015 წლის ზაფხულში ფიფას პლაჟის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან თვალუწვდენელი ქვიშის პლაჟები ამისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.
თუ ქვიშიანი სანაპირო და ოკეანის დიდ ტალღებს შეჭიდებული სერფერების ყურება სიამოვნებას მოგანიჭებთ, ეს ადგილი თქვენთვისაა. თუმცა, რატომ მხოლოდ შორიდან ყურება? ეშპინიუში არაერთი სკოლაა, სადაც სერფინგს ასწავლიან, იქნებ, ღირდეს ცდა?
8. აზორის კუნძულები
აზორის კუნძულები ატლანტიკის ოკეანეში, ლისაბონიდან დაახლოებით 1 500 კილომეტრში მდებარეობს და ალბათ, მისი მონახულება იმ შემთხვევაში ღირს, თუ რამდენიმე კვირით გადაწყვეტთ იქ დარჩენას. ლისაბონიდან აზორის კუნძულებისკენ გაფრენა, ორი გზა, დაახლოებით 300 ევრო დაგიჯდებათ, თუმცა, თუ დროსაც გამონახავთ და საკმარის ფულსაც, ნამდვილად არ ინანებთ.
აზორის არქიპელაგი ვულკანური წარმოშობის ცხრა, უნიკალური კუნძულისგან შედგება. აღნიშნული ადგილი განთქმულია ცხელი მინერალური წყლებით, ძველი, სანაპიროს ქალაქებით, შთამბეჭდავი ლანდშაფტითა და ვეშაპებით - დიახ, არ მოგეჩვენათ. აქ ხშირად ჩადიან, რათა თვალი ადევნონ როგორ ცურავენ ვეშაპები ატლანტიკის ოკეანეში. ამ სანახაობისთვის მოგზაურობის დაგეგმვა, ალბათ, ნამდვილად ღირს.
9. კუნძული მადეირა
კუნძული მადეირა ასევე ატლანტიკის ოკეანეში მდებარეობს და ის ტურისტებს მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად მასპინძლობს. მადეირა კანარის კუნძულებიდან 250 კილომეტრში მდებარეობს, ლისაბონიდან მადეირამდე თვითმფრინავს დაახლოებით 90 წუთი სჭირდება, ერთი გზის ღირებულება კი, საშუალოდ, 130 ევროა. ერთი ღამის გათევა აქ 20 ევროდან დაგიჯდებათ.
მადეირა განთქმულია ადგილობრივი ღვინით, სამზარეულოთი, ფლორა-ფაუნით, სანაპიროებით. ერთი სიტყვით, თუ ოდესმე გიოცნებიათ კანარის კუნძულებზე დასვენებაზე, მადეირაც აუცილებლად მოგეწონებათ.
თუმცა, უკვე კანარის კუნძულებიც არ არის აუხდენელი ოცნება. თვალი ადევნეთ On.ge-ს და გაიგეთ მეტი იმ უნიკალური ადგილების შესახებ, სადაც აპრილიდან უვიზოდ შეძლებთ მოგზაურობას.
კომენტარები