10 ფაქტი, რომელიც მარტინ ლუთერ კინგის შესახებ უნდა იცოდე
ალბათ ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იქონია საზოგადოებასა და მის ცხოვრებაზე ისეთი გავლენა, როგორც მარტინ ლუთერ კინგმა. მან ჩაგრულ და სისტემით შევიწროებულ აფროამერიკელ მოსახლეობას მოუწოდა, თანასწორობისათვის არაძალადობრივი მეთოდებით ებრძოლა. სამოქალაქო აქტივისტმა, რომელმაც ძალადობას მშვიდობიანი განწყობა დაუპირისპირა, შეიძლება ითქვას, საწადელს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ კინგი 1968 წელს მოკლეს, მის სახელს უკავშირდება აშშ-ში კანონიერი სეგრეგაციის დასრულება. მან ასევე დიდი როლი ითამაშა 1964 წელს სამოქალაქო უფლებათა აქტის და 1965 წელს ხმის მიცემის უფლებათა აქტის მიღებაში.
მიუხედავად იმისა, რომ მარტინ ლუთერ კინგის სახელი მსოფლიოს ყველა კუთხეში იციან, ხშირად ეს სახელი, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩრდილავს მისი ბრძოლის მნიშვნელოვან ეპიზოდებსა და ცხოვრების საინტერესო ფაქტებს. კინგის მოღვაწეობა სირთულეებითა და დაუსრულებელი ბრძოლებით იყო სავსე, თუმცა მასში იმედის და სოლიდარობის შენებისთვისაც მოიძებნა ადგილი. მის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ამერიკა სამუდამოდ შეცვალა, მსოფლიოში კი ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
1. კინგის დაბადების სახელი მაიკლი იყო
სამოქალაქო აქტივისტი 1929 წლის 15 იანვარს დაიბადა სახელით მაიკლ კინგ უმცროსი, მაიკლ კინგ უფროსისა და ალბერტა უილიამს კინგის ოჯახში. მამამისი, რომელიც ებინეზერის ბაპტისტური ეკლესიის მღვდელმსახური იყო ატლანტაში, 1934 წელს გერმანიას ეწვია, სადაც პროტესტანტული რეფორმაციის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მარტინ ლუთერის მოძღვრებებმა მასზე დიდი გავლენა იქონია, ამიტომ კინგ უფროსმა თავის თავს და, მოგვიანებით, შვილსაც, მარტინ ლუთერ კინგი უწოდა.
2. ნობელის პრემიის მიღებისას იგი ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი იყო
როცა მარტინ ლუთერ კინგმა რასობრივ უთანასწორობასთან არაძალადობრივი მეთოდებით ბრძოლისთვის ნობელის პრემია მიიღო, იგი მხოლოდ 35 წლის იყო და იმ დროისათვის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატად მიიჩნეოდა. პრემიად მიღებული $54 ათასი დოლარი მან სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციას შესწირა, რათა სამოქალაქო უფლებების მოძრაობას განვითარებაში დახმარებოდა.
3. მხოლოდ 1957-დან 1968 წლამდე კინგმა თითქმის 10 მილიონი კილომეტრი გაიარა და 2 500-ჯერ გამოვიდა სიტყვით
ქრისტიანული მეთაურობის სამხრეთულმა კონფერენციამ (SCLC) 1957 წელს კინგი პრეზიდენტად აირჩია. იგი სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფს 1968 წლამდე, მის სიკვდილამდე უძღვებოდა. ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაცია სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის მშვიდობიან გზებს ეძებდა. განდის სწავლებებით და ქრისტიანული პრინციპებით კინგმა სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა. იგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობდა, აწყობდა საჯარო გამოსვლებს და მშვიდობიან საპროტესტო აქციებს. ამ 11 წლის განმავლობაში მან აგრეთვე დაწერა ხუთი წიგნი და უამრავი სტატია.
4. სამოქალაქო ლიდერს ოთხჯერ დაესხნენ თავს და 29-ჯერ დააკავეს
მიუხედავად იმისა, რომ კინგს ბევრი აღმერთდება და არანაკლებად, პატივს სცემდა, პოლიციელები მას ამერიკის უსაფრთხოებისათვის საფრთხედ აღიქვამდნენ. იგი ციხეში თითქმის 30-ჯერ მოხვდა, რადგან "სამოქალაქო დაუმორჩილებლობისთვის" იყო დამნაშავედ ცნობილი. მათ შორის იყო შემთხვევა, როცა 1956 წელს, ალაბამას შტატში, მონტგომერიში, იგი დაშვებული სიჩქარის ლიმიტზე 8კმ/სთ-ით გადაჭარბებისთვის დააკავეს. საქმეში მაშინ გამოძიების ფედერალური ბიუროც კი ჩაერთო. ისტორიული ფაქტები მიუთითებს, რომ კინგის განვითარებისათვის ხელის შეშლა მათ არაერთხელ სცადეს. 1963 წელს, "მე ვოცნებობ" სახელით ცნობილი სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი FBI-მ კინგის და მისი ორგანიზაციის საქმიანობის გამოძიება გააძლიერა.
5. კინგი აშშ-ის ერთადერთი არაპრეზიდენტი ფიგურაა, რომელსაც მისი სახელობის ეროვნული დღე აქვს
1983 წელს, პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც კინგის ხსოვნის დღე ეროვნულ დღესასწაულად ცხადდებოდა. სამოქალაქო აქტივისტი ერთადერთი არაპრეზიდენტი ადამიანია აშშ-ში, რომელსაც წილად ასეთი პატივი ხვდა. მეორე ამერიკელი, რომლის სახელობის დღესასწაულიც ქვეყანაში აღინიშნება, ჯორჯ ვაშინგტონია.
კინგის ხსოვნის დღე პირველად 1986 წელს, იანვრის მესამე ორშაბათს აღნიშნეს. დღესასწაული ახლოსაა აქტივისტის დაბადების დღესთან — 15 იანვართან.
აღსანიშნავია, რომ კინგი ასევე პირველი არაპრეზიდენტი ფიგურაა, რომლის მემორიალიც ვაშინგტონში, ეროვნულ ხეივანშია გახსნილი.
6. კინგმა 20 საპატიო ხარისხი მიიღო, Time-მა კი იგი "წლის ადამიანად" დაასახელა
თავისი მოღვაწეობის პერიოდში კინგმა აშშ-ისა და მსოფლიოს სხვადასხვა კოლეჯებისა თუ უნივერსიტეტებისგან 20 საპატიო ხარისხი მიიღო. 1963 წელს იგი ასევე პირველი აფროამერიკელი ადამიანი გახდა, რომელიც Time-მა "წლის ადამიანად" დაასახელა; გარეკანზე მისი ფოტო განთავსდა, ჟურნალში კი კინგის საქმიანობის გამორჩეულ მომენტებს, მათ შორის პრეზიდენტ ლინდონ ბ. ჯონსონთან შეხვედრასა და ალაბამაში დაკავებას, 7-გვერდიანი სტატია მიეძღვნა.
7. აშშ-ში, დაახლოებით, 900 ქუჩა ატარებს მარტინ ლუთერ კინგის სახელს
ტენესის უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროფესორის, დერეკ ელდერმანის თქმით, აშშ-ში, დაახლოებით, 900 ქუჩას ჰქვია კინგის სახელი. 1968 წელს, სამოქალაქო აქტივისტის მოკვლის შემდეგ, ქვეყანაში არაერთმა ქალაქმა დაიწყო ქუჩების გადარქმევა და კინგის საპატივსაცემოდ მისი სახელის წოდება. ამ საქმეში აშშ-ს სხვა ქვეყნებიც, მათ შორის იტალია და ისრაელიც შეუერთდნენ.
თუმცა, ქუჩების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მათი უმეტესი წილი, დაახლოებით, 70 პროცენტი კი სამხრეთულ შტატებზე მოდის, სადაც ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია — ალაბამაში, ტეხასში, ფლორიდაში, მისისიპიში, ჯორჯიაში, ლუიზიანასა და ჩრდილოეთ კაროლინაში.
8. კინგის მოკვლა მის სიკვდილამდე 10 წლით ადრეც სცადეს
1958 წლის 20 სექტემბერს კინგი ნიუ-იორკში, ჰარლემის უბანში იმყოფებოდა, სადაც თავისი ახალი წიგნის, ნაბიჯი თავისუფლებისაკენ, პრეზენტაცია იმართებოდა. მას ქალი, სახელად იზოლა უეირ ქერი, მიუახლოვდა და ჰკითხა, იყო თუ არა იგი მარტინ ლუთერ კინგი. დადებითი პასუხის მიღებისთანავე ქალმა თქვა: "თქვენ ხუთი წელი გეძებდითო" და მკერდში წერილის გასახსნელი დანა ჩაარტყა. იარაღი მცირედით ასცდა გულს, თუმცა აორტის გვერდი დააზიანა. რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ, კინგი გადარჩა. ექიმებმა მას უთხრეს, რომ "მხოლოდ ერთი დაცემინებაც საკმარისი იქნებოდა მისი სიკვდილისათვის". მოგვიანებით, სამოქალაქო აქტივისტი აღნიშნავდა, რომ ქალზე გაბრაზებული არ იყო.
9. კინგის დედაც შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი გახდა
1974 წლის 30 ივნისს, ალბერტა უილიამს კინგს თავდამსხმელმა ესროლა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქრისტიანები მისი მტრები იყვნენ, ხოლო კინგის მამის მოსაკლავად "ღვთის დავალება" ჰქონდა მიღებული. თუმცა, რადგან ალბერტა, რომელიც ებინეზერის ბაპტისტურ ეკლესიაში კვირაობით ორგანს უკრავდა, მკვლელისთვის უფრო ადვილად ხელმისაწვდომი იყო, მისი მოკვლა ამჯობინა.
კაცი დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს, დამნაშავედ ცნეს და სიკვდილი მიუსაჯეს. რადგან კინგების ოჯახი სასჯელის უკიდურესი ზომის გამოყენების წინააღმდეგი იყო, მოგვიანებით, იგი სამუდამო პატიმრობით ჩანაცვლდა.
10. კინგის ბოლო საჯარო გამოსვლამ მისი სიკვდილი გადაფარა
სიკვდილის წინა ღამეს კინგი მემფისში გაემგზავრა, რათა ადგილობრივი აფროამერიკელი მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსულიყო. მეისონის ტაძარში მან ხალხს მიმართა: "როგორც ყველას, მეც მსურს, დიდხანს ვიცხოვრო. დღეგრძელობას განსაკუთრებული ადგილი უკავია, თუმცა ეს ახლა დიდად არ მადარდებს... მე უკვე ვიხილე აღთქმული მიწა და ამით მე ბედნიერი ვარ. ახლა აღარაფერზე ვღელავ და არც არავისი მეშინია. ჩემმა თვალებმა უფლის დიდებით დაბრუნება უკვე იხილეს".
კომენტარები