მკვლევრებმა "ემპათიური რობოტი" შექმნეს
რაც დრო გადის, რობოტები სულ უფრო ვითარდებიან. მომავალში თუ რობოტები ადამიანებთან სოციალურ ურთიერთობებშიც შევლენ, მათ ამისთვის გონების თეორიის ჩამოყალიბება დასჭირდებათ. გონების თეორია გულისხმობს სხვის მიმართ თანაგრძნობისა და მის ადგილას თავის წარმოდგენის შესაძლებლობას — ემპათიას.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოწინავე შემეცნების მქონე ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარება ჯერ შორსაა, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს რობოტი, რომელიც ”ქცევითი ვიზუალური თეორიის” მიხედვით ფუნქციონირებს.
გონების თეორია ადამიანის შემეცნების მთავარ ნიშანს წარმოადგენს და ფიქრობენ, რომ ის ბავშვებში, დაახლოებით, სამი წლის ასაკში წარმოიქმნება. ეს საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ გარშემომყოფთა საჭიროებები და განზრახვები, შესაბამისად, ხელს გვიწყობს რთულ სოციალურ საქმიანობებში.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩვენს ზოგიერთ ევოლუციურ წინაპარს მსგავსი შესაძლებლობები სწორედ “ქცევითი ვიზუალური თეორიის“ მიხედვით განუვითარდა. მსგავსი უნარი ვიზუალიზაციით და მოქმედების იმპლიციტურად პროგნოზირებით უნდა მომხდარიყო. მკვლევარები ხელოვნურ ინტელექტში სწორედ ამ “ქცევის“ ჩანერგვას ცდილობენ.
ამისთვის მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, რომელიც ორი მწვანე წერტილის მიმართ გადაადგილდება და მათგან ყოველთვის იმას ირჩევს, რომელიც უფრო ახლოსაა. თუმცა, ზოგჯერ მკვლევრები რობოტს უახლოესი მწვანე წერტილის დანახვაში ხელს უშლიდნენ და მას წითელი ბლოკით ფარავდნენ. ამის გამო, რობოტი შედარებით შორს მყოფი წერტილისკენ გადაადგილდებოდა.
რაც მთავარია, ამ პროცესზე დასაკვირვებლად მეცნიერებმა მეორე რობოტიც შექმნეს. დამკვირვებელი რობოტი ორივე მწვანე წერტილს ყოველთვის ხედავდა. საბოლოოდ, რობოტმა ზუსტად შეისწავლა რაც ხდებოდა და პროგნოზირების შესაძლებლობა განუვითარდა. მან წითელი ბლოკის და მწვანე წერტილის მიხედვით, უკვე წინასწარ იცოდა თუ როგორ იმოქმედებდა პირველი რობოტი.
დამკვირვებელმა რობოტმა პირველი რობოტის მიზნის და მოქმედების პროგნოზირება 98,45 პროცენტის სიზუსტით შეძლო.
“ჩვენ ვიკვლევთ იმას, თუ როგორ შეუძლია ერთ რობოტს მეორე რობოტის პერსპექტივიდან სამყაროს აღქმა. როდესაც დამკვირვებელი სხვისი ქცევის მიხედვით განსაზღვრავს მოქმედებას, ეს ნაწილობრივ, სხვის ადგილას ყოფნის წარმოდგენაა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ემპათიის პრიმიტიული ფორმაა.“ — განაცხადა კვლევის ავტორმა, ბოიუან ჩენმა.
"გააზრების" ეს უნარი ბევრად უფრო პრიმიტიულია, ვიდრე ენაზე და სიმბოლოებზე დაფუძნებული აღქმა. თუმცა, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ვიზუალური აღქმა, შეიძლება ევოლუციური საფეხური იყოს უფრო კომპლექსური ემპათიის მისაღებად.
"ვფიქრობთ, რომ შესაძლოა ჩვენმა წინაპრებმა ქცევის პროგნოზირების დამუშავება ასეთი ვიზუალური ფორმით დაიწყეს", — ამბობენ მკვლევრები.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები