რა გავლენა აქვს გლობალურ დათბობასა და კლიმატის ცვლილებას ქარებზე
დასავლეთის ქარები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამინდისა და კლიმატის ფორმირების პროცესში როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ მასშტაბებზე. ისინი გავლენას ახდენენ ოკეანის ცირკულაციაზე და ტროპიკული ციკლონების წარმომქმნელ მთავარ ძალას წარმოადგენენ. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ როგორ შეიცვლება ქარები კლიმატის დათბობასთან ერთად.
ზოგადად, დასავლეთის ქარები დასავლეთიდან აღმოსავლეთი სანაპიროების მიმართულებით ქრიან პლანეტის შუა განედებზე. მაგრამ, მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, ისინი გარკვეულ ცვლილებებს განიცდიან და ნელნელა პოლუსებისკენ ინაცვლებენ. ახალი კვლევა ამის მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებს. თუმცა, მეცნიერები ახლა იმაზე მსჯელობენ, გააგრძელებენ თუ არა ეს ქარები პოლუსებისკენ მიგრაციას ტემპერატურისა და ატმოსფერული CO2-ის მატებასთან ერთად მომავალში. ამ პასუხზე კითხვის გაცემა საკმაოდ რთულია, რადგან არ ვიცით, თუ როგორ მოქმედებდნენ ეს ქარები ადრინდელი თბილი კლიმატის პირობებში.
კვლევაში, რომელიც 6 იანვარს Nature-ში გამოქვეყნდა, კოლუმბიის უნივერსიტეტის ლამონტ-დოერტის დედამიწის ობსერვატორიის მკვლევრები აღწერენ ახალ მეთოდს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დასავლეთის ქარების უძველესი ისტორიის შესწავლა — ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოგველის წინ, უფრო თბილ სამყაროში. კვლევის მთავარმა ავტორმა, ლამონტის კურსდამთავრებულმა ჯორდან აბელმა და მისმა კურატორმა, ჟიზელა უინკლერმა, შექმნეს ახალი გზა, რომლის საშუალებითაც დასავლეთის ქარების ქცევას შეუთავსეს პალეოკლიმატოლოგია — წარსულის კლიმატის შემსწავლელი მეცნიერება. შედეგად, მათ აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, ატმოსფეროს ცირკულაციის სქემები კლიმატის დათბობასთან ერთად იცვლება.
ეს აღმოჩენა სრულიად ცვლის ჩვენს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ იცვლებოდა ქარები წარსულის მანძილზე და როგორ გაგრძელდება ეს პროცესი მომავალში.
მეცნიერებმა ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად ზღვის ღრმა წყლების ნალექები გამოიყენეს, რომელთა შესწავლის საფუძველზე მათ შეძლეს 5 მილიონი წლის წინანდელი ქარების მიმართულების სქემების აღდგენა. ვინაიდან ქარებს, ამ შემთხვევაში კი დასავლეთის ქარებს, უდაბნოდან მტვერი გადააქვთ შორ ადგილებში, კვლევის ავტორებმა შეისწავლეს წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის ფსკერის სქემები. ამ ტერიტორიის მიმართულებით აღმოსავლეთ აზიიდან ქრის ქარები, რომლებიც დღეს მტვრის ერთ-ერთ უდიდეს წყაროს წარმოადგენენ. წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილი კი ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მტვრის დალექვის უდიდეს რეგიონს წარმოადგენს. ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრით დაშორებული ორი ადგილიდან აღებული მტვრის სქემების გამოკვლევით, მეცნიერებმა შეძლეს სქემებისა და ქარების ცვლილებების აღწერა.
"აღებული მონაცემები იმდენად ნათელი აღმოჩნდა, რომ მაშინვე შევძელით სქემების დანახვა. ჩვენი კვლევა ეფუძნება თანამედროვე დაკვირვებებს და ასაბუთებს, რომ კლიმატის დათბობასთან ერთად ქარების მიმართულებების სქემებიც შეიცვლება", — ამბობს აბელი.
აღმოჩნდა, რომ პლიოცენის ცხელი პერიოდის დროს, დასავლეთის ქარები, გლობალურად, პოლუსებთან უფრო ახლოს იყვნენ განლაგებულნი, ვიდრე მოგვიანებით, შედარებით ცივი პერიოდის დროს. პლიოცენი, დაახლოებით 5-დან 3 მილიონ წლამდე გრძელდებოდა. ამ დროს დედამიწის საშუალო ტემპერატურა 2-4 გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა დღევანდელ მაჩვენებელს, თუმცა პლანეტის ატმოსფეროში თითქმის იმავე კონცენტრაციის CO2 იყო, რამდენიც დღესაა.
"პლიოცენის, როგორც დღევანდელი დედამიწის ანალოგის მონაცემებზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ დასავლეთის ქარების მიგრაცია პოლუსების მიმართულებით კიდევ გაგრძელდება ანთროპოგენული გზით გამოწვეული დათბობის პირობებში", — განმარტავს უინკლერი.
ამ ქარების მიგრაციას უდიდესი გავლენა აქვს ქარიშხლების სისტემისა და ნალექების სქემებზე. და ვინაიდან ეს კვლევა არ გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვლება ნალექიანობა დედამიწაზე, იგი ადასტურებს, რომ ქარისა და ნალექის სქემები დათბობასთან ერთად სულ უფრო შეიცვლის სახეს.
"დედამიწის ისტორიაში, ქარის მოძრაობები და ის თუ როგორ იცვლება მისი მიმართულებები, აქამდე გაურკვეველი იყო, რადგან არ ვიცოდით, როგორ უნდა მოგვეპოვებინა ეს ინფორმაცია. ახლა კი ვიცით", — ამბობს უინკლერი.
კომენტარები