რა ხდება შენს ტვინში, როცა შეყვარებული ხარ
ბიოლოგიური ანთროპოლოგი ჰელენ ფიშერი სიყვარულის ბიოლოგიას შეისწავლის. პოპულარულ მეცნიერებაში ფიშერმა თავისი წიგნის, სიყვარულის ანატომიის მეშვეობით გაითქვა სახელი. ნაშრომში ის სიყვარულის ევოლუციას პრეისტორიული პერიოდიდან ნეირომეცნიერების დარგად ჩამოყალიბების დრომდე იკვლევს. ამ სტატიაში ფიშერი სიყვარულისა და სექსის ბიოლოგიის საკვანძო საკითხების შესახებ ისეთ დებულებებს წარმოგვიდგენს, რომელიც მკითხველისთვის კონტრინტუიციური და მოულოდნელიც შეიძლება აღმოჩნდეს.
როცა ჰელენ ფიშერმა კოლეგებთან ერთად 100-ზე მეტი სიგიჟემდე შეყვარებული ადამიანის ტვინი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით გამოიკვლია, მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მათ, ვინც პარტნიორი ბოლო რვა თვის განმავლობაში შეყვარებოდა, განსაკუთრებული აქტივობა ტვინის იმ რეგიონებში აღენიშნებოდათ, რომელიც რომანტიკული სიყვარულის ძლიერ შეგრძნებებთანაა დაკავშირებული. ხოლო ვინც უფრო დიდი ხნის განმავლობაში იყო სიგიჟემდე შეყვარებული — 8-დან 17 თვემდე — დამატებით აქტივობას ტვინის იმ რეგიონში ავლენდნენ, რომელიც ღრმა მიჯაჭვულობის შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი.
ეს მონაცემები მიუთითებს, რომ ტვინს სწრაფად და მარტივად შეუძლია სიგიჟემდე შეყვარება, მაგრამ ძლიერი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას მეტი დროს სჭირდება. "რომანტიკული სიყვარული მძინარე კატას ჰგავს: მან ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაიღვიძოს. მაგრამ მიჯაჭვულობის გრძნობა — ძლიერი და სიღრმისეული სიყვარული სხვა ადამიანის მიმართ — დროს მოითხოვს", — აღნიშნავს ფიშერი.
ეს საკითხი დიდი ხანია, რაც მეცნიერული დავის საგანია. მთავარი შეკითხვა ასეთია: ყველაფერი ტვინის ზოგადი სტრუქტურით განისაზღვრება და შემდეგ გარემო ფაქტორები გვკარნახობს, რომანტიკული სიყვარული და შოკოლადის სიყვარული ერთმანეთისგან როგორ განვასხვავოთ თუ თავად ტვინშივე არსებობს სპეციფიკური რეგიონები, რომლებიც ამ გრძნობებს ერთმანეთისგან აცალკევებს? ფიშერის აზრით, ორივე მოსაზრება ჭეშმარიტია. გარკვეულ გარემოებებში კულტურა გვკარნახობს, თუ როგორი ინტერპრეტაცია უნდა მივცეთ რეაქციებს და ამ დროს საქმე გამღიზიანებელზე ტვინის ზოგად პასუხთან გვაქვს. სხვა შემთხვევებში შეგრძნებებს, კულტურის ნაცვლად, დარვინისეული მექანიზმი განსაზღვრავს, რომელიც ტვინის ძირითად სტრუქტურებთან ერთად მის სპეციფიკურ ნაწილსაც ააქტიურებს. ეს კი უკვე ძალიან ინდივიდუალიზებული ტვინის სისტემაა, რომელიც განსაკუთრებული მიზეზების გამო განვითარდა.
ფიშერის თქმით, ამ მხრივ, ყველაზე საინტერესო ეპილეფსიის მქონე ადამიანების შესწავლა აღმოჩნდა. მათი ტვინის "სურვილების სისტემის" ნაწილის, კაუდატის ბირთვის ყოველი სტიმულირებისას პაციენტი ამბობდა, რომ ექიმი უყვარს. ასე რომ, ტვინის გარკვეული უბნები, როგორ ჩანს, კონკრეტულ ემოციებთან პირდაპირკავშირშია. ნეირომეცნიერებმა უკვე იციან, რომ სარკისებური ნეირონები ემპათიასთანაა დაკავშირებული. ასევე, მკვლევრებს ტვინის სხვადასხვა ისეთი რეგიონის გამოყოფა შეუძლიათ, რომელიც სოციალურ კონფორმიზმსა და მათემატიკურ უნარებს უკავშირდება.
მიჯაჭვულობიდან სიყვარულამდე
დაწყვილებისა და გამრავლებისთვის ადამიანებს ტვინის სამი მკაფიოდ განსხვავებული სისტემა განუვითარდათ: სექსუალური ლტოლვის, რომანტიკული სიყვარულის და ძლიერი მიჯაჭვულობის, გვიხსნის ფიშერი. ზოგადად, ჩვენთვის დამახასიათებელია, რომ ადამიანი თავდაპირველად შეგვიყვარდეს, მის მიმართ ძლიერი მიჯაჭვულობის განცდა კი მხოლოდ ამის მერე, ეტაპობრივად გაგვიჩნდეს.
ასევე, სრულიად შესაძლებელია, რომ, მაგალითად, სამსახურში ვინმე გაიცნოთ, მისი პატივისცემა ისწავლოთ, მისი იუმორით მოიხიბლოთ და თანდათან მის მიმართ ძლიერი მიჯაჭვულობა იგრძნოთ. თუმცა ეს იმის ნიშანი სულაც არ იქნება, რომ თქვენ ის გიყვართ — შესაძლოა, ორივე თქვენგანი დაქორწინებულიც კი იყოთ და ეს ორი გარემოება ერთმანეთს ხელს არ შეუშლის. ეს დამოკიდებულება შეიძლება შეიცვლოს, თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ ორივე მარტოხელა გახდებით: ხანგრძლივი მიჯაჭვულობის შედეგად, თქვენს ტვინში რომანტიკული სიყვარულის სისტემა შეიძლება გააქტიურდეს და თქვენ ის სიგიჟემდე შეგიყვარდეთ.
ფიშერის მიხედვით, წინასწარ ვერაფრით განსაზღვრავ, როდის დაიბადება მიჯაჭვულობის გრძნობა. ტვინი ამას, უბრალოდ, ბუნებრივად აკეთებს. ჩვენი ტვინის სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ აუცილებელად გვიყალიბდება სხვა ადამიანის მიმართ ძლიერი მიჯაჭვულობა, რათა მასთან ერთად შვილების გაზრდის სურვილი დაგვებადოს. ამიტომ დაწყვილების ნდომა ადამიანთა სახეობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თვისებაა. ძუძუმწოვრების 97% შვილების აღსაზრდელად არ წყვილდება — ადამიანები დარჩენილ სამ პროცენტში შედიან. ფიშერი აღნიშნავს, რომ ექსპერიმენტში მონაწილე ერთმა ქალმა — რომელიც 50 წელზე მეტია, ბედნიერ ქორწინებაში იყო — თავისი ქმრის შესახებ უთხრა: "ხანდახან ის მეზიზღება, მაგრამ ყოველთვის მიყვარს". ფიშერი განმარტავს, რომ რასაც ქალი გულისხმობს, ესაა სხვა ადამიანის მიმართ მარადიული და ძლიერი მიჯაჭვულობის შეგრძნება, რომელიც დროის სვლასთან ერთად მარტივად აღქმად განცდად ყალიბდება.
ურთიერთობაში ვალდებულების უფრო მკაცრ ფორმებზე გადასვლა ნელ-ნელა ხდება. ფიშერის აზრით, სასიყვარულო კავშირების დამყარებისას ადამიანები დღეს ნაკლებად ჩქარობენ და ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა. ის ფაქტი, რომ პარტნიორთან ზუსტად ისეთი ურთიერთობის ჩამოყალიბება შეგვიძლია, როგორის სურვილიც გვაქვს, საშუალებას გვაძლევს, სიყვარული ჩვენთვის კომფორტულ დროს და კომფორტული ფორმით გამოვხატოთ და გადაწყვეტილებებიც ლოგიკური განსჯის შედეგად მივიღოთ. ზოგიერთი ადამიანი პარტნიორზე მიჯაჭვული შედარებით სწრაფად ხდება — შესაძლოა, რამდენიმე დღეშიც კი; ხოლო სხვებისთვის ამას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება: მიჯაჭვულობის განცდა სხვადასხვა გზით შეიძლება დაიბადოს.
ფიშერი ფიქრობს, რომ სექსი არ არის მთავარი მიზეზი, რომელიც ორ ადამიანს აკავშირებ; პარტნიორობა გაცილებით მეტ ფაქტორს მოიაზრებს. ანთროპოლოგი პირადი გამოცდილებიდან იხსენებს, როგორ მოუსმენია თითქმის ყველა ტიპის ადამიანისგან, რომ წარსულში ქმარზე უკეთესი საყვარლებიც ჰყოლიათ. თუმცა ისინი არასდროს ყოფილან ისეთ ადამიანთან, რომელიც ქმარზე უფრო მხიარული, ჭკვიანი, ბავშვებთან ურთიერთობისას თბილი ან საშინაო საქმეებში მის მსგავსად პროდუქტიული იქნებოდა. ასე რომ, ურთიერთობის შენარჩუნების მრავალი მიზეზი არსებობს. ზოგიერთისთვის სექსი ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, ხოლო სხვებისთვის — მეორეხარისხოვანი.
სექსის მნიშვნელობა
სქესობრივი აქტი ტვინზე ძალიან ძლიერად ზემოქმედებს. ორგაზმის განცდისას ტვინის დიდი ნაწილი აბსოლუტურად ითიშება. ამ დროს თავის ტვინის 12 წყვილი ნერვიდან ხუთი მყისიერად სტიმულირდება და თქვენ ნამდვილად ხედავთ ადამიანს, გრძნობთ მის სუნს, გემოს უსინჯავთ და ეხებით მას. ამ პერიოდში ტვინი ძალიან დიდი რაოდენობის მონაცემს აგროვებს. გენიტალიების ნებისმიერი ტიპის სტიმულირებამ დოპამინის მაღალი აქტივობა შეიძლება გამოიწვიოს და პარტნიორის შეყვარებისკენ გიბიძგოთ, გვაფრთხილებს ფიშერი, რადგან ორგაზმის დროს სხეულში ოქსიტოცინისა და ვაზოპრესინის ნამდვილი წყალდიდობაა. ტვინის ეს ქიმიკატები კი ძლიერი მიჯაჭვულობის გრძნობას იწვევს.
სექსი გამრავლებისა და ინდივიდის დნმ-ის პოტენციური გავრცელების გზაა. და იმის მიუხედავად, რომ სექსის მიზანი ხშირად გამრავლების სურვილი სულაც არ არის, მან ტვინის სტრუქტურაში რომანტიკული სიყვარულისა და ძლიერი მიჯაჭვულობის შეგრძნებები მაინც შეიძლება გაააქტიუროს. ეს შეგრძნებები ტვინის პრიმიტიულ სისტემებს მიეკუთვნება, რომლებიც ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ განვითარდნენ და ფიშერის თქმით, ადამიანთა სახეობის არსებობის ბოლომდე ჩვენთან დარჩებიან.
გამრავლების გარდა, სექსი ბევრ სხვა მიზანსაც ემსახურება. ეს ერთგვარი რელაქსაციაა. ამასთან, ის შარდის ბუშტის კონტროლსა და მხედველობას აუმჯობესებს. სქესობრივი კავშირი კანისთვის, კუნთებისა და სუნთქვისთვისაც სასარგებლოა. ის ერთგვარი ანტიდეპრესანტია. სპერმაში ბევრი ისეთი ქიმიური ნივთიერებაა — მათ შორის, დოპამინი, სეროტონინი, ტესტოსტერონი, ესტროგენი, ფოლიკულ-მასტიმულიერებელი ჰორმონი (FSH) და ლუთეიზირებელი ჰორმონი (LH) — რომელიც სხეულის სიჯანსაღის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ფიშერის მტკიცებით, შესაფერის ადამიანთან სექსი სწორი გადაწყვეტილებაა მაშინაც კი, თუ შვილის ყოლას არ აპირებთ და მეორე დღეს ამ ადამიანის ნახვაც კი არ გენდომებათ.
სექსის დროს თქვენ ბევრ რამეს შეიტყობთ ადამიანის შესახებ და ეს მხოლოდ მის სხეულს, სუნს, გემოს, შეხებას და ბგერებს არ უკავშირდება. თქვენ ასევე გაიგებთ, თუ რამდენად დამთმობ ადამიანთან გაქვთ ურთიერთობა და შეუძლია თუ არა მას ზოგიერთი ჩვევის შეცვლა იმ მიზნით, რომ თქვენ მიმართ უფრო ყურადღებიანი გახდეს. ასევე, იმის შესახებაც შეგექმნებათ წარმოდგენა, თუ რამდენად მონდომებულია თქვენი პარტნიორი, რომ გასიამოვნოთ; შეუძლია თუ არა მას თქვენი მოსმენა და თქვენს საჭიროებებზე რეაგირება.
ბევრს სექსი იმ მიზნით აქვს, რომ რაც შეიძლება მალე გაიცნოს პარტნიორი, სანამ მასზე მიჯაჭვული გახდება და დაგვიანებულად გააცნობიერებს, რამდენად შეუფერებელი ადამიანია ის მისთვის. მაგრამ სექსი ისეთ ადამიანთანაც შეიძლება გქონდეთ, რომელიც დიდად არ მოგწონთ, პატივს არ სცემთ და არც კი ენდობით. მიუხედავად ამისა, ფიშერი გვაფრთხილებს, რომ ეს პროცესი ჩვენს ტვინს მაინც უგზავნის იმ იმპულსებს, რომლებიც რომანტიკული სიყვარულისა და მიჯაჭვულობის გრძნობების გააქტიურებას იწვევს და უეცრად ჩვენთვის შეუფერებელი ადამიანის შეყვარების პროცესშიც კი შეიძლება გამოვიჭიროთ თავი.
სექსის დროს დიდი რაოდენობით მეტაბოლური ენერგია იხარჯება, ასე რომ, თქვენი სხეული ამ დროს შედარებით დაუცველია. მაგრამ ამაზე მეტად სექსი საშიში იმიტომაა, რომ ის პარტნიორის შეყვარების რისკს შეიცავს. ფიშერი იხსენებს ანთროპოლოგი ჯასტინ გარსიას კვლევას ისეთი სექსუალური ურთიერთობების შესახებ, რომლის დროსაც პარტნიორები რომანტიკული ემოციური კავშირის დამყარებას არ აპირებენ. გარსიამ მრავალი ადამიანი გამოკითხა იმის შესახებ, თუ რატომ გაუჩნდათ ამ ტიპის ურთიერთობის ქონის სურვილი. ქალებისა და კაცების 51%-მა აღნიშნა, რომ ეს მეორე ადამიანის უკეთ გაცნობის მიზნით გააკეთა.
ასე რომ, "შემთხვევითი სექსი" იშვიათად არის შემთხვევითი და გარკვეული მოტივი ყოველთვის არსებობს. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები აანალიზებენ, რომ სექსს თავისი საფასური აქვს: ის დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამიტომ, ფიშერის მტკიცებით, გასაკვირი არაა, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ სურვილი გვიჩნდება, სექსი ისეთ ადამიანთან გვქონდეს, ვისთანაც ვმეგობრობთ ან სიამოვნებით ვიმეგობრებდით.
დაჯგუფება მსგავსების მიხედვით
ფიშერის განმარტებით, ადამიანებს აზროვნებისა და ქცევის ოთხი ძირითადი სტილი ჩამოუყალიბდათ, რომლებიც დაკავშირებულია დოპამინის, სეროტონინის, ტესტოსტერონის და ესტროგენის სისტემებთან. შესაბამისად, ის ოთხი ტიპის პიროვნებას გამოყოფს: აღმომჩენს, მშენებელს, ხელმძღვანელს და მომლაპარაკებელს.
ფიშერი მიიჩნევს, რომ მსგავსი აზროვნებისა და ქცევების მქონე ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ. ის თითოეულ ტიპაჟს ასე ახასიათებს:
აღმომჩენები — დოპამინის სისტემის გამომხატველი ადამიანები — სიახლეების ძიებისკენ არიან მიდრეკილნი და გარისკვა მოსწონთ. ისინი ცნობისმოყვარე, შემოქმედებითი, სპონტანური, ენერგიული და გონებაგახსნილი ადამიანები არიან. მათ ისეთი პარტნიორი სჭირდებათ, რომელიც სავარძლიდან წამოდგება და დაუფიქრებლად გაყვება უქმეების პარიზში გასატარებლად.
მშენებლები, ანუ ისინი, ვისაც, ფიშერის კვლევით, სეროტონინის მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ტრადიციული და სტანდარტული ადამიანები არიან. მშენებლები წესებს ემორჩილებიან, ავტორიტეტებს პატივს სცემენ და განსაზღვრული გეგმების შესაბამისად მოქმედებენ. ისინი ხშირად რელიგიურებიც არიან. ფიშერი ამბობს, რომ კოლეგებთან ერთად ამ ტიპის ადამიანების ტვინის პატარა რეგიონში ის აქტივობა აღმოაჩინა, რომელიც სოციალური ნორმების მიმართ კონფორმიზმს უკავშირდება, რაც სეროტონინის სისტემის მთავარი მახასიათებელია.
ფიშერმა მაღალი ტესტოსტერონის მაჩვენებლის მქონე ადამიანებიც გამოიკვლია. მათ აქტივობა ტვინის იმ რეგიონში დაუდგინდათ, რომელიც ანალიტიკურ აზროვნებასა და მათემატიკურ უნარებს უკავშირდება. ხოლო ვისაც ესტროგენის მაღალი მაჩვენებელი აქვს, მას ასეთი აქტივობა სარკისებურ ნეირონებში შეენიშნება, რაც ემპათიასთან არის დაკავშირებული.
ბიოლოგია საჭესთან
ტვინს ძალიან მოქნილი სტრუქტურა აქვს. ფიშერი თვლის, რომ რაც მეტად გვესმის ბიოლოგია, მით მეტად ვაანალიზებთ კულტურის ძალას, რომელსაც ამ ბიოლგიისა და ჩვენი ქცევების შეცვლა შეუძლია. ადამიანებს საკუთარი ჩვევების გარდასახვის უნარი აქვთ. ზოგი ადამიანი ალკოჰოლზე დამოკიდებულებისკენაა მიდრეკილი, მაგრამ სასმელზე უარს მაინც ამბობს. ზოგიერთს ბევრი ჭამისა და წონაში მატებისკენ აქვს მიდრეკილება და საკვების რაოდენობას მაინც ამცირებს. ზოგი ადამიანი კი ზარმაცია, მაგრამ ის ყოველდღიურად მუშაობს და ერთობ შემოქმედებითიცაა.
თუმცა, ფიშერის თქმით, ისეთი ქცევებიც არსებობს, რომლებსაც ბიოლოგიასთან კავშირი არ აქვთ. "თუ თქვენ მუსლიმანურ ოჯახში გაიზარდეთ, დიდი შანსია, რომ მუსლიმი იყოთ. ეს ფაქტი ბიოლოგიას არ უკავშირდება. ხოლო თუ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადეთ, სავარაუდოდ, თქვენც ქრისტიანი იქნებით. ბიოლოგიას ვერც ამ გარემოებას დავუკავშირებთ. რომელი ღმერთის გწამთ, ეს კულტურაზეა დამოკიდებული. გჯერათ თუ არა ღმერთის — ეს უკვე ბიოლოგიაა", — ამბობს მკვლევარი.
ადამიანის ყოველდღიურობას თან ახლავს ბიოლოგიური კომპონენტი. როდესაც სადილს ამზადებთ, ხუმრობაზე იცინით ან ახალი იდეა მოგდით თავში — ყველა ეს ქმედება ბიოლოგიურ კომპონენტს შეიცავს. შეგიძლიათ, მანქანის გარეშე მანქანა მართოთ? ეს გამორიცხულია. ამისთვის თქვენ აუცილებლად უნდა ფლობდეთ მანქანას — ისევე, როგორც უნდა ფლობდეთ ტვინს ნებისმიერი რამის გასაკეთებლად.
სხვადასხვაგვარად განვითარებულ ტვინთა ქონის მიუხედავად, ჩვენი ქცევა მაინც ერთნაირი შეიძლება იყოს. როცა ჩვენ ერთნაირ საჭმელს მივირთმევთ, ერთნაირ პრეპარატებს ვიღებთ ან თუნდაც ლუდს ვსვამთ, ამ ქმედებებზე მსგავსი რეაქციები გვაქვს. ჩვენ ერთ სახეობას მივეკუთვნებით და ჩვენი ტვინის ბევრი ფუნქცია შედარებით სტანდარტული გზით მუშაობს. მეცნიერები ამ სტანდარდებს შეისწავლიან და ამ გზით გამონაკლისების გააზრებასაც ცდილობენ.
ჩვენ ყველას საერთო წარმომავლობა გვაქვს. "დიდი ხნის წინ ჩვენი წინაპრები ჩრდილოეთ აფრიკაში, კოცონის გარშემო ისხდნენ. ერთ დღეს რამდენიმემ გადაწყვიტა, რომ ბიზონს ჩრდილოეთით დადევნებოდა. ასე დავიწყეთ ევროპისკენ მიგრაცია, ხოლო ჩვენი მეგობრები აფრიკაში დარჩნენ. მაგრამ ჩვენ ისევ ერთნაირები ვართ", — ურთავს ფიშერი.
კომენტარები