რენტგენული კოსმოსური ტელესკოპებით სამყაროში ისეთი დიდი მოვლენების შესწავლაა შესაძლებელი, როგორებიც შავი ხვრელის წარმოქმნა, ან ორი ვარსკვლავის ერთმანეთთან შეჯახებაა. ეს მოწყობილობები ასეთ მოვლენებს მათგან წამოსული რენტგენის სხივების საშუალებით აღიქვამენ, რაც მეცნიერებს მათი შესწავლის საშუალებას აძლევს.

ტრადიციულ ტელესკოპებს ცის მხოლოდ გარკვეულ მცირე მონაკვეთზე შეუძლიათ დაკვირვება. მათ მსგავსად, დიდი ხნის მანძილზე რენტგენული ტელესკოპების ხედვის არეც შედარებით შეზღუდული იყო, რაც მათ მოულოდნელი აქტივობების დაფიქსირებისთვის უსარგებლოს ხდიდა. ამიტომ, შთაგონებისთვის, მეცნიერებმა ღრმა კოსმოსიდან ყურადღება ღრმა წყლებისკენ მიმართეს.

ლობსტერებს, რომლებიც ოკეანეების წყვდიადში ბინადრობენ, სამყაროს ხედვის შესანიშნავი გზა განუვითარდათ. სუნის და გემოს რეცეპტორების და ანტენების გარდა, რომლებიც სენსორების როლს ასრულებენ, ეს ქმნილება სამყაროს აღსაქმელად ღეროებზე დამაგრებულ თვალებსაც იყენებს. თითოეული თვალი ათასობით ვიწრო კვადრატული ფორმის მილითაა დაფარული, რომლებიც სარკეებივით მუშაობენ. ისინი სინათლეს თითქმის ყველა მიმართულებიდან ირეკლავენ, რაც ლობსტერების მიერ აღქმულ გამოსახულებას აძლიერებს. მაგრამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათი გაფართოებული მხედველობა ამ ცხოველებს საშუალებას აძლევს, მონადირე თავის მიბრუნების გარეშეც დაინახონ.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ახალი კოსმოსური ტელესკოპების შექმნისთვის სწორედ ლობსტერებით შთაგონებული ტექნოლოგია გამოეყენებინათ. ტელესკოპები პატარა მილებითაა დაფარული, რომლებიც გამოსახულების შესაქმნელად მიღებულ რენტგენის სხივებს ირეკლავენ. იქიდან გამომდინარე, რომ მილები მრუდე ზედაპირზე არიან განლეგაბულნი, მათ რენტგენის სხივების მიღება ყველა მიმართულებიდან შეუძლიათ. ასე რომ, მათი საშუალებით უკვე მოულოდნელი მოვლენების დაფიქსირებაც შესაძლებელი იქნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.