ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა უცნაური ეგზოპლანეტა დააფიქსირა ჩვენგან 336 სინათლის წელიწადის დაშორებით. პლანეტა, რომელიც HD 106906 b-ს სახელითაა ცნობილი, იუპიტერზე 11-ჯერ უფრო მასიურია და სისტემის ცენტრში მდებარე ორი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. HD 106906 b აღნიშნული ვარსკვლავებისგან დაახლოებით 109 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული — ეს მანძილი 730-ჯერ აღემატება დედამიწასა და მზეს შორის მანძილს. ასტრონომებს სჯერათ, რომ ეგზოპლანეტა, შესაძლოა, ჰიპოთეტური პლანეტის — პლანეტა 9-ის ფენომენის გაგებაში დაგვეხმაროს.

ასტრონომებმა HD 106906 b პირველად 2013 წელს, Magellan-ის ტელესკოპის გამოყენებით, Las Campanas ობსერვატორიაში აღმოაჩინეს, თუმცა, გუნდმა მაშინ პლანეტის ორბიტის შესახებ არაფერი იცოდა. აქ მათ ჰაბლი დაეხმარა. ეს კოსმოსური ტელესკოპი ეგზოპლანეტას წლების მანძილზე რეგულარულად "ადევნებდა თვალს". გუნდმა HD 106906 b-ის მოძრაობის გამოსათვლელად ჰაბლის დაარქივებული მონაცემები გამოიყენა. ასტრონომები გააოცა ეგზოპლანეტის ექსტრემალურმა ორბიტამ — იგი ბევრად შორს ორბიტირებს მტვრისა და ნარჩენების დისკოსგან (კოიპერის სარტყლის ექვივალენტური დისკო HD 106906 b-ის სისტემაში). მეტიც, იგი თითქმის ისე გამოიყურება, როგორც მეცხრე პლანეტა უნდა გამოიყურებოდეს მეცნიერების აზრით.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ჰიპოთეტურ პლანეტა ცხრაზე. არსებული მონაცემები მიანიშნებს, რომ შესაძლოა არსებობდეს დედამიწაზე 10-ჯერ დიდი ზომის პლანეტა ჩვენს მზის სისტემაში, თუმცა იგი სისტემის ცენტრიდან საკმაოდ შორსაა. პლანეტის არსებობის შესახებ ყველაზე დამაჯერებელ მტკიცებულებას წარმოადგენს ნეპტუნის მიღმა არსებული ობიექტების უჩვეულო დაჯგუფება გარე მზის სისტემაში. მეცნიერები ფიქრობენ, რომ კოსმოსური ქვების ასეთ განლაგებას შესაძლოა სწორედ პლანეტა 9-ის გრავიტაციული ველი იწვევდეს.

ფოტო: www.extremetech.com

HD 106906 b ბინარული ვარსკვლავიდან იმდენად შორს ბრუნავს, რომ ჰაბლმა მისი დაფიქსირება საკმაოდ მარტივად შეძლო (იხილეთ ზემოთ მოცემული სურათი). ამან გუნდს საშუალება მისცა, კარგად შეესწავლათ პლანეტის ორბიტა. აღსანიშნავია, რომ პლანეტა HD 106906 b-ის ერთი წელი 15 000 დედამიწისეული წლის ტოლია. უცნაური ისაა, რომ მას, მზის სისტემის პლანეტებისგან განსხვავებით, დახრილი ორბიტა აქვს.

"უკეთ რომ განვმარტოთ, თუ რატომ არის ეს უცნაური, შევადაროთ იგი მზის სისტემის პლანეტებს — აქ ყველა მათგანი ერთ სიბრტყეში მოძრაობს", — განმარტავს კვლევის მთავარი ავტორი, მეიჯი ნგუიენი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. "უცნაური იქნებოდა, მაგალითად, იუპიტერის ორბიტა რომ 30 გრადუსით ყოფილიყო დახრილი სხვა პლანეტების ორბიტებთან შედარებით. ეს ბევრ შეკითხვას ბადებს იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა HD 106906 b სისტემის ცენტრიდან ასე შორს დახრილ ორბიტაზე", — აღნიშნავს იგი.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ HD 106906 b შესაძლოა ჩამოყალიბებულიყო თავის "მშობლიურ" ვარსკვლავებთან საკმაოდ ახლოს, მაგრამ დროთა განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ პლანეტა ვარსკვლავებს დასჯახებოდა, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ვარსკვლავთა ახლო პლანეტებში, ვარსკვლავების გრავიტაციამ განიზიდა პლანეტა. თუმცა, გარკვეულ მომენტში პლანეტაზე ზეგავლენა მოახდინა სხვა ვარსკვლავმა და გამოიწვია წაგრძელებული ორბიტის წარმოქმნა — პლანეტის ორბიტა ერთ მხარეს უახლოვდება ვარსკვლავებს, მეორე მხარეს კი შორდება.

The HD 106906-ის სისტემა 15 მილიონი წლისაა. დამატებითი დაკვირვებებით, ეს პლანეტა შესაძლოა დაგვეხმაროს იმის გარკვევაში, თუ როგორ შეიძლება ვეძებოთ პლანეტა 9. ამჟამად უკვე ცნობილია, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი წელიწადზე ნაკლებ დროში გაფრინდება კოსმოსში. მან შესაძლოა უფრო პატარა ეგზოპლანეტების დეტექტირებაც შეძლოს HD 106906 სისტემაში, რაც ასტრონომებს ამ უცნაური ეგზოპლანეტის წარმომავლობის ახსნაში დაეხმარება.

"მიუხედავად იმისა, რომ პლანეტა 9 ჯერ არ აღმოგვიჩენია, შესაძლოა დაახლოებით ვივარაუდოთ მისი შესახებ იმის მიხედვით, თუ რა გავლენას ახდენს იგი გარე მზის სისტემის ობიექტებზე", — აღნიშნავს კვლევის თანაავტორი — რობერტ დე როზა. "აქედან შესაძლოა ვიფიქროთ, რომ თუ მართლაც ეს პლანეტაა პასუხისმგებელი იმ მოვლენებზე, რომლებიც ნეპტუნის მიღმაა დაფიქსირებული, შესაძლოა, მასაც დახრილი ორბიტა ჰქონდეს მზის სისტემის სიბრტყესთან მიმართებით", — დასძინა მან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.