უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს
ფოტო: University of Oklahoma
450 მილიონი წლის წინ, დინოზავრების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე, დედამიწის წყლებში სიცოცხლის რთული ფორმები უკვე გვხვდებოდა. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიზუალის მქონე ზღვის შროშნები იყვნენ. ეს სახეობა ზღვის ვარსკვლავებსა და ზღვის ზღარბებს ენათესავება.
ზღვის შროშნების ბევრი ნამარხია შემორჩენილი, თუმცა ისინი ცხოველის მხოლოდ გარკვეულ ნაწილებზე თუ გვაძლევს მინიშნებას. მათი ძვლოვანი ფირფიტები ასობით მილიონ წელს ძლებს, თუმცა კვებასა და მოძრაობაში ჩართული რბილი სტრუქტურები სიკვდილიდან მალევე ქრება.
ოკლაჰომის უნივერსიტეტის მკვლევრებმა Dendrocrinus simcoensis-ში ნამარხი ამბულაკრული ფეხები იპოვეს. აღნიშნული სახეობა ზღვის შროშანი იყო, რომელიც 450 მილიონზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა. ეს ყველაზე ძველი ნამარხი ნიმუშია, რომელშიც ზღვის შროშნის რბილი ქსოვილია შემორჩენილი. ამის გარდა ასეთი სულ რაღაც ერთი ნიმუში არსებობს.
რბილი ქსოვილები (კანი, თვალები და შინაგანი ორგანოები) მხოლოდ მაშინ ძლებს, თუ გარემო ძალიან ცივი ან "დალუქულია". ასეთი პირობები უიშვიათესია.
ამბულაკრული ფეხები პალეონტოლოგებისთვის განსაკუთრებით ინფორმაციულია. თანამედროვე ზღვის შროშნები ფეხებსა და მკლავებს ამოძრავებენ, რათა საკვების ნაწილაკი დაიჭირონ და პირისკენ წაიღონ. სწორედ ამიტომ, ფეხების განლაგება იმდროინდელი დინების სიძლიერეს, ხელმისაწვდომი საკვების ზომასა და ცხოველის კვებით სტრატეგიას შეიძლება ასახავდეს.
ნამარხის ცოცხალ ზღვის შროშნებთან შედარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ უძველეს სახეობას ფეხების სრულიად სხვაგვარი განლაგება ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ ადრეულ ზღვის შროშნებს შეიძლება ისეთი ეკოლოგიური როლები ჰქონდათ, რომელსაც დღესდღეობით ზუსტი ეკვივალენტი არ გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ თავად ნამარხი ახალი მოპოვებული არ ყოფილა. იგი მონრეალის პალეონტოლოგიისა და ევოლუციის მუზეუმში ინახებოდა. საინტერესო ფაქტია, რომ მსგავს აღმოჩენებს მეცნიერები ხშირად მუზეუმში შენახული ნიმუშებითაც აკეთებენ და არა მხოლოდ საველე გასვლებიდან მოპოვებული ახალი ნიმუშებით.
ნაშრომი გამოცემაში Royal Society Open Science გამოქვეყნდა.
კომენტარები