რომელმა ქვეყანამ გამოიწვია გასულ წელს ყველაზე მეტი ემისია?
ფოტო: Shutterstock / Futurism
ლონდონში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციის, Energy Institute-ის ახალი სტატისტიკური მიმოხილვის თანახმად, ენერგომომარაგების დონე სულ უფრო და უფრო მაღლა ადის. რასაკვირველია, ამ ყველაფერთან ერთად ემისიებიც იზრდება.
2025 წელს მსოფლიოს ჯამური ემისიების 47% ჩრდილოეთ ამერიკამ გამოიწვია, უმეტესწილად აშშ-მა. აღნიშნული ემისიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი ფაქტორი მონაცემთა ცენტრები იყო. როგორც OilPrice.com-ზე ვკითხულობთ, მსოფლიოს მასშტაბით მონაცემთა ცენტრებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის 40% აშშ-ზე მოდის. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამხელა გავლენა აქვს ხელოვნური ინტელექტის დარგში ბოლოდროინდელ მიღწევებს გლობალურ ემისიებზე.
ტესტი: რა იცი ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ?
ისიც აღსანიშნავია, რომ აშშ-ს წინსვლა განახლებადი ენერგიების მხრივაც აქვს: მზის ენერგიის გამომუშავების სიმძლავრე წინა წელთან შედარებით 28%-ითაა გაზრდილი. მეორე მხრივ, ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ არაგანახლებადი ენერგიის მოხმარება შემცირდა. ამავე სტატიის თანახმად, ჩრდილოეთ ამერიკის ემისიების ზრდა მეტწილად აშშ-ში ქვანახშირით გამოწვეულმა ემისიებმა განაპირობა. ეს მაჩვენებელი 13%-ითაა გაზრდილი.
"ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ თუ მზისა და ქარის ენერგიების მოხმარება იზრდება, ეს წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირებას ნიშნავს", — ვკითხულობთ OilPrice-ის სტატიაში — "მონაცემების მიხედვით, ეს ასე არ არის. ენერგიების მზარდ სისტემაში შეიძლება ერთდროულად განახლებადი ენერგიების მოხმარებაც იზრდებოდეს და წიაღისეული საწვავისაც".
ამის განმაპირობებელი ისიცაა, რომ განახლებადი ენერგიების გამოყენება იმდენად არ გაზრდილა, რომ სხვა წყაროები ეფექტიანად ჩაანაცვლოს.
კომენტარები