ჩინეთმა AI "შეყვარებულები" აკრძალა — მომხმარებლები მათთან განშორებას განიცდიან
ფოტო: aichatmates
ჩინეთში ახალი სახელმწიფო რეგულაციები ამოქმედდა, რომლებიც ე.წ. კომპანიონი ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართ მომხმარებლების ემოციური დამოკიდებულების ჩამოყალიბების შეზღუდვას ისახავს მიზნად. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი სისტემების მიერ ადამიანებში ძლიერი მიჯაჭვულობის გამოწვევის რისკი შემცირდება.
რეგულაციები ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციამ (CAC) შეიმუშავა. ისინი ვრცელდება იმ სერვისებზე, რომლებიც მომხმარებლებს ვირტუალურ პარტნიორებთან (AI "შეყვარებულები") საუბარს სთავაზობს. ახალი მოთხოვნების შესაბამისად, ტექნოლოგიურ კომპანიებს მსგავსი ფუნქციების შეცვლა ან შეზღუდვა მოუწევთ.
ჩინურ სოციალურ ქსელებში არაერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ ვირტუალურ პარტნიორთან განშორებას განიცდის. ზოგი ამას ახლობელი ადამიანის დაკარგვასაც ადარებს. მაგალითად, 19 წლის სტუდენტმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის საყვარელი ადამიანის გარდაცვალების თარიღის წინასწარ შეტყობინებას ჰგავს. მისი თქმით, ყოველდღიურად ტელეფონით AI კომპანიონთან საუბარს იმდენად შეეჩვია, რომ მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია.
ახალი წესების მიხედვით, Alibaba-ს, Tencent-ისა და ByteDance-ის მსგავს კომპანიებს ისეთი ონლაინ შიგთავსის შექმნა აეკრძალებათ, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდა მომხმარებლებში ძლიერ ემოციებს იწვევს ან რეალურ ურთიერთობებზე აქვს გავლენა. ჩინეთის კიბერსივრცის კვლევის ინსტიტუტში ამბობენ, რომ ასეთ სისტემებთან ხანგრძლივმა ურთიერთობამ, შესაძლოა, დამოკიდებულება გამოიწვიოს. ასევე, ადამიანები რეალურ სოციალურ გარემოს ჩამოაშოროს და ისეთი უნარები შეასუსტოს, როგორიც თანაგრძნობა და კონფლიქტებთან გამკლავებაა.
სხვათა შორის, ახალ რეგულაციებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანია UBTech-მა ადამიანის მსგავსი რობოტი U1 წარადგინა. მათი განცხადებით, ეს პირველი ჰიპერრეალისტური ჰუმანოიდია, რომელიც მასობრივი წარმოებისთვის მზადაა. ცნობილია, რომ 13 000-ზე მეტი წინასწარი შეკვეთა უკვე მიიღეს.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, რობოტს ემოციური ხელოვნური ინტელექტი აქვს და შეუძლია ამოიცნოს, არის თუ არა მისი მფლობელი სტრესის ქვეშ ან დაღლილი. ისინი აცხადებენ, რომ U1-ის "კაცისა" და "ქალის" ვერსიები იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ეს რობოტები ინტიმური ურთიერთობებისთვის არაა განკუთვნილი. მათი საწყისი ფასი 119 800 იუანია, რაც 17 700 აშშ დოლარის ეკვივალენტურია.

კომენტარები