ამერიკელმა მკვლევრებმა ზღვის წყლიდან სასარგებლო წიაღისეულის ტექნოლოგიების შემუშავება დაიწყეს. ეს იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დადგინდა, რომ ზღვის წყლის 0,1%-შიც კი იმდენი მინერალია, რომ კაცობრიობას 50 000 წლის განმავლობაშიც მოამარაგებს. ამ მინერალებში ლითიუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, კობალტი და იშვიათი მიწათა ელემენტები იგულისხმება.

მკვლევრების აზრით, ამ მიზნის მიღწევაში ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ აღნიშნული მინერალები ზღვაში უკიდურესად მცირე კონცენტრაციით გვხვდება. მაგნიუმი შედარებით უხვადაა გავრცელებული, თუმცა ლითიუმი და ნიკელი გაცილებით მცირე რაოდენობითაა. ეს ნიშნავს, რომ ინჟინრებს წყლის უზარმაზარი მოცულობის დამუშავება მოუწევთ, რათა ამ მინერალების მოპოვება შეძლონ.

შედარებისთვის, ოლიმპიური ზომის საცურაო აუზი (მისი მოცულობა 2,3 მილიონი ლიტრია) რომ ზღვის წყლით ავავსოთ, მასში 2980 კგ მაგნიუმი იქნება, თუმცა 0,42 კგ ლითიუმი და 0,00095 კგ ნიკელი.

მეორე მხრივ, მინერალების ზღვის წყლიდან მოპოვებას ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაც აქვს: ზღვის წყალს მთელს მსოფლიოში დაახლოებით ერთნაირი ქიმიური შედგენილობა აქვს. სწორედ ამიტომ, ერთი ტექნოლოგია თითქმის ყველა ლოკაციას შეიძლება მოვარგოთ.

გუნდმა ე.წ. თანადინების რეაქტორი შექმნა, რომელიც ზღვის წყალს ნატრიუმის ჰიდროქსიდს უმატებს. როცა ეს ორი სითხე ერთმანეთს ხვდება, მაგნიუმის ჰიდროქსიდი წარმოიქმნება, რომლის მოპოვებაც შედარებით მარტივია. ამ პროცესით ქიმიური დამუშავების რამდენიმე ეტაპის აუცილებლობა იხსნება. რაც შეეხება მაგნიუმის ჰიდროქსიდს, ეს მასალა აშშ-ის ინდუსტრიებში ფართოდ გამოიყენება. მეტიც, მისი იმპორტირებაც დიდი რაოდენობით ხდება.

როგორც მკვლევრები განმარტავენ, ეს სისტემა შეიძლება უკვე არსებულ გამტკნარების ნაგებობებთან დაამონტაჟონ. ინფრასტრუქტურული ანალიზით დადგინდა, რომ თუ ამ ტექნოლოგიას კალიფორნიის კარლსბედის გამტკნარების დაწესებულებასთან დავდგამთ, სრულად მოპოვების შემთხვევაში ყოველდღე 524 000 კგ მაგნიუმის ჰიდროქსიდს მივიღებთ.

ამ ყველაფერთან ერთად, გუნდს ყველა იმ პროდუქტის გამოყენებაც სურს, რომელიც მინერალების მოპოვების დროს მოგვრჩება. მაგნიუმის მოპოვების შემდეგ კონცენტრირებულ მარილწყალზე შეიძლება ორპოლუსიანი მემბრანის ელექტროდიალიზის (BPMED) პროცესი ჩაატარონ. ამ დროს როგორც მჟავა, ასევე ფუძე ქიმიური ნივთიერებები გამოიყოფა, რომლებიც შემდგომ შეიძლება დამატებით დაამუშაონ.

გუნდის აზრით, ამ მჟავის გადაგდების ნაცვლად მისით შეიძლება კომერციულად ხელმისაწვდომი ქლორწყალბადმჟავა ჩავანაცვლოთ. მკვლევრების თქმით, ასეთი მჟავა მინერალი ოლივინიდან ნიკელის მოპოვების მხრივ 37%-ით უფრო ეფექტიანია, ვიდრე ხშირად გამოყენებული მჟავები.

აღსანიშნავია, რომ ეს ტექნოლოგია ჯერჯერობით ბოლომდე დახვეწილი არაა, თუმცა მკვლევრები მას მაინც დამაიმედებლად აფასებენ.

პრესრელიზს შეგიძლიათ Pacific Northwest National Laboratory-ის გვერდზე გაეცნოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.