მეცნიერის სახლში, რომელიც COVID-19-ის მონაცემებს ასაჯაროებდა, შეიარაღებული პოლიცია შეიჭრა
აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებული ზომები სხვადასხვა შტატში განსხვავდება. ფლორიდას კორონავირუსის მონაცემთა ანალიზზე მომუშავე მეცნიერი, რებეკა ჯონსი შტატის რესპუბლიკელ გუბერნატორს ეპიდემიის არასწორად მართვაში ადანაშაულებდა.
რებეკა ჯონსი მაისში სამსახურიდან გაათავისუფლეს იმიტომ, რომ ჯანდაცვის დეპარტამენტის COVID-19-ზე არსებულ ინფორმაციას ასაჯაროებდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს არაერთხელ აუკრძალეს.
ჯონსის თქმით, ამის გამო მისი სამსახურიდან განთავისუფლება "ცენზურის ფორმა" იყო. მისი თქმით, ის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ისეთ ინფორმაციას ანთავსებდა, რომლის გასაჯაროებასაც უკრძალავდნენ.
სამსახურიდან გაგდების შემდეგ, ჯონსმა საკუთარი საიტი შექმნა, სადაც ფლორიდაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროვებს. ამ მხრივ, ჯონსის ანგარიში უფრო დეტალურია, ვიდრე შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის.
ამ დროისთვის, ფლორიდაში მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება და 19 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. შტატის გუბერნატორი დესანტისი, დონალდ ტრამპის მსგავსად, ვირუსის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა და მეცნიერების მტკიცებით, პრევენციული ზომები ნაადრევად გააუქმა.
8 დეკემბერს რებეკა ჯონსის სახლში შეიარაღებული პოლიცია შეიჭრა. სახლში ჯონსის მეუღლე და ბავშვები იმყოფებოდნენ, რომელსაც პოლიცია იარაღს უმიზნებდა. ადგილობრივი მთავრობის თქმით, პოლიციის მიზანი ჯანდაცვის დეპარტამენტიდან ინფორმაციის გაჟონვის წყაროს პოვნა იყო, ჯონსი კი ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, დაუმორჩილებლობის გამო აღმოჩნდა. პოლიციელებმა ჯონსის სახლიდან კომპიუტერული აღჭურვილობა წაიღეს.
ჯონსის თქმით, მას საკმარისი ცოდნა არ აქვს, რომ "ჰაკერი" იყოს, ამიტომ გამოძიებაში მისი ეჭვმიტანილის სტატუსი უაზროა. ჯონსის თქმით, მის სახლში პოლიცია დაშინების მიზნით შიჭრა და აღნიშნული რეიდი, სავარაუდოდ, რონ დესანტის ორგანიზებული იყო.
"ეს ხდება, როცა მეცნიერები თავიანთ საქმეს გულწრფელად აკეთებენ და ძალაუფლებას სიმართლით უპირისპირდებიან", — ამბობს ჯონსი
კომენტარები