აშშ-ს საჰაერო ძალები პირველ მიკრო ბირთვულ რეაქტორს აშენებს
აშშ-ის სამხედროები უახლოეს მომავალში ენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ახალ გზებს ეძებენ და ამავდროულად, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ ამ მიმართულებით. ამის ერთ-ერთ მაგალითს პირველი მიკრო ბირთვული რეაქტორის განსათავსებლად ადგილის ძიება წარმოადგენს. პრესრელიზის მიხედვით, აშშ-ის საჰაერო ძალების დეპარტამენტმა თავიანთი მომავალი თაობის ელექტროსადგურის სამართავად აიელსენის საჰაერო ძალების ბაზა (AFB) შეარჩია.
საბრძოლო მოწყობილობების ელექტრონიკაზე დამოკიდებულების გაზრდით აშშ-ს სამხედრო ძალების მოთხოვნა ენერგიაზე წლების მანძილზე იზრდებოდა და მოსალოდნელია, რომ კიდევ გაიზრდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ ქვეყანა ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებას ისახავს მიზნად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებშიც კი, თავდაცვის დეპარტამენტი ახლა ბირთვულ ენერგიას მიმართავს, როგორც უფრო სუფთა და სანდო წყაროს. გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ ისინი აიდაჰოში გეგმავდნენ პორტატიული ბირთვული რეაქტორის დაინსტალირებას.
პრესრელიზში ისიც აღნიშნულია, რომ მიკრო რეაქტორის სამართავი ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 2019 წლის აქტის საპასუხოდ შენდება, რომელიც პოტენციური ადგილების იდენტიფიცირებას, მიკრო რეაქტორის აშენებასა და მართვას 2027 წლამდე მოითხოვს.
პრესრელიზის მიხედვით, საჰაერო ძალები ენერგიის დეპარტამენტთან და ბირთვულ მარეგულირებელ კომისიასთან ერთად იმუშავებენ იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ მიკრო რეაქტორის მშენებლობას და დარწმუნდნენ, რომ მისი მართვისას მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოება იქნება.
"მიკრო რეაქტორი პერსპექტიულ ტექნოლოგიას წარმოადგენს. იგი ეფექტიანი იქნება ისეთი დისტანციური სამხედრო ბაზების ენერგიით უზრუნველსაყოფად, როგორიც აიელსენის AFB არის", — განაცხადა მარკ კორელმა, საჰაერო ძალების მდივნის თანაშემწის მოადგილემ გარემოს დაცვის, უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში.
აიელსენ AFB არქტიკული წრიდან სამხრეთით 177 კილომეტრითაა დაშორებული და ენერგიით ადგილობრივი ნახშირბადზე მომუშავე სადგურიდან მარაგდება. წლის ყველაზე ცივ თვეებში, როდესაც ტემპერატურა -50 გრადუს ცელსიუსზე ეცემა, AFB-ის ორ ლოკომოტივს სადგურზე ყოველდღიურად 1000 ტონა ნახშირი გადააქვს.
თუმცა, ბირთვული რეაქტორის შექმნის მთავარი მიზანი არამხოლოდ გათბობის პრობლემის მოგვარებაა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს პორტატიული სადგური კოსმოსში გადაადგილებასაც უზრუნველყოფს და მომავალში ენერგიით მარსზეც მოამარაგებს ადამიანთა დასახლებებს.
კომენტარები