რატომ დავდივართ ორფეხზე? — მეცნიერები ახალ ვერსიას გვთავაზობენ
ფოტო: South_agency//Getty Images
ადამიანები პრიმატებს მივეკუთვნებით, კერძოდ ჰომინიდების ოჯახს. ამ ოჯახში ადამიანის მსგავსი დიდი მაიმუნების არაერთი სახეობაა გაერთიანებული, მათ შორის ჩვენიც. ჰომო საპიენსებს ამ მონათესავე სახეობებისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განგვასხვავებს. ყველზე აშკარა განსხვავება დიდი ტვინებია — ადამიანების შემთხვევაში ეს ორგანო შიმპანზისაზე სამჯერ დიდია. მეორე აშკარა განსხვავება ორ ფეხზე სიარულის უნარი, ანუ ბიპედალიზმია.
ადამიანის გვარის გამოჩენამდე მილიონობით წლით ადრე ზოგიერთმა ჰომინიდმა ხელები გაითავისუფლა და ორ ფეხზე სიარული დაიწყო. ეს ხანგრძლივი პროცესი იყო, რომელიც ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, რატომ დაიწყო.
მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ეს კლიმატის ცვლილებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული: მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ტემპერატურის მატება დაიწყო, აფრიკის ეკვატორული ტყეები მშრალ ეკოსისტემებად, ე. წ. სავანა-მოზაიკებად, იქცა; ხეების გაქრობასთან ერთად ჰომინიდებმა მიწაზე ჩამოსვლა და ნელ-ნელა გამართულად სიარული დაიწყეს, რადგან გადარჩენისთვის ასე უფრო ეფექტიანი უნდა ყოფილიყო.
ახლა უკვე სამეცნიერო სამყაროში ახალი ვერსია გაჩნდა. რამდენიმე ინსტიტუტის თანამშრომლობით ახალი კვლევა ჩატარდა. მეცნიერების თქმით, ადამიანებს გამართულად სიარული შეიძლება სხვა მიზეზის გამო დაგვეწყო.
იმისათვის, რომ მილიონობით წლის წინ მომხდარი მოვლენა საფუძვლიანად შეესწავლათ, მეცნიერებმა საინტერესო ხერხს მიმართეს. მათ შიმპანზეების პოპულაცია გამოიკვლიეს ისას ხეობაში (ტანზანიის დასავლეთით, ტანგანიკას ტბის მახლობლად). ამ ტერიტორიაზე მდინარისპირა ტყეები და ტროპიკული ლანდშაფტები გვხვდება, ბიპედალიზმის შესასწავლად კი იდეალური პირობებია.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ორფეხზე სიარული შიმპანზეებს საკვების პოვნაში ეხმარებოდა შეცოტავებულ ხეებზე. შესაძლოა, სწორედ ამან განაპირობა ადრეულ ჰომინიდებში ბიპედალიზმის განვითარება.
"ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ხეებიდან ჩამოსვლის შემდეგ ბიპედალიზმი მიწაზე სიარულისთვის უფრო გამოსადეგი იყო და ორფეხზე მოსიარულე არსებებადაც ამიტომ ვიქეცით", — თქვა კვლევის ავტორმა რიანა დრამონდ-კლარკმა.
მშრალ სეზონზე ისას ხეობის შიმპანზეები საკვების საძებნელად სავანურ ზონებში გადადიან მდინარისპირა ტყეებიდან. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს ცხოველები ყველაზე მეტ დროს დიდ ხეებზე ატარებდნენ. აქედან სასურველი ხილის მოსაპოვებლად ისინი განსაკუთრებულ ხერხებს იყენებდნენ — ხშირად უკანა კიდურებზე დგებოდნენ და, შეიძლება ითქვას, ერთგვარ ბიპედალიზმსაც ავლენდნენ.
"ჩვენი ვერსიით, ორფეხზე სიარული ჰომინიდებმა ჯერ კიდევ ხეებზე ცხოვრებისას დაიწყეს. ღია გარემოში გადასვლის შემდეგ ეს უნარი განვითარდა და თანამედროვე ადამიანის მოძრაობის მანერად იქცა. დიდ მაიმუნებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ისინი უკანა კიდურებზე მოძრაობას ძირითადად ხეზე ყოფნისას იწყებდნენ. ლოგიკურია, რომ ბიპედალიზმი ჩვენს უძველეს მონათესავე სახეობებშიც ასე დაიწყო, რადგან წონასწორობის შესანარჩუნებლად ტოტებზე მოჭიდება შეეძლოთ", — ამბობს დრამონდ-კლარკი.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ თავიანთ თეორიას გარკვეული შეზღუდვებიც აქვს. დაკვირვებები მხოლოდ მშრალი სეზონის პერიოდში მიმდინარეობდა; ამასთანავე, ნაშრომის დასკვნები მხოლოდ ისას ხეობის შიმპანზეებზე ვრცელდება. იმისათვის, რომ მიგნებები მთელს სახეობაზე განზოგადდეს, მეტი მონაცემი და უფრო ხანგრძლივი დაკვირვებაა საჭირო.
თავისთავად, ისიც სავსებით შესაძლებელია, რომ ორფეხზე სიარულის მანერა ჯერ კიდევ ხეებზე ცხოვრების დროს წარმოქმნილი უნარი იყოს.
ნაშრომი ჟურნალ Frontiers-ში გამოქვეყნდა. კვლევა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის, მაქს პლანკის ინსტიტუტისა და GMERC-ის, ტანზანიის კვლევითი ორგანიზაციის, თანამშრომლობით ჩატარდა.



კომენტარები