აშშ-ში, კორონავირუსის ვაქცინით ადამიანების აცრა , შესაძლოა, დეკემბრის პირველ ნახევარში დაიწყოს
"კორონავირუსის ვაქცინის დისტრიბუცია სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ლიცენზიის მიღებიდან მალევე დაიწყება", — განაცხადა აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების სერვისის მდივანმა, ალექს აზარმა. აშშ-ს ფედერალური ხელისუფლების მიერ ინიცირებული ოპერაციის Warp Speed სიახლეებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ FDA-ს Pfizer-ის განაცხადის განხილვა 10 დეკემბრისთვის აქვს ჩანიშნული.
აზარმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ აშშ-ს მთავარი ქირურგი, გენერალ კოტრ-ადმირალი ერიკა შვარცი ახლად არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკვე ესაუბრა და იგი მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში ჩააყენა. ამგვარად, საზოგადო სერვისების ადმინისტრაციამ (GSA) ძალაუფლების გადაბარების პროცესს მწვანე შუქი აუნთო.
FDA-ს ვაქცინის მრჩეველთა კომიტეტი მიღებულ განაცხადს განიხილავს და რეკომენდაციას კონკრეტული ვაქცინის საგანაგებო სიტუაციებში გამოყენებასთან დაკავშირებით გასცემს. თუმცა, ეს მხოლოდ რეკომენდაციაა და საბოლოო გადაწყვეტილებას კომისარი იღებს.
"FDA COVID-19-ის ვაქცინის საგანგებო სიტუაციებში გამოყენებაზე სამსჯელოდ თვეებია ემზადება და შეუძლია ეს პროცესი განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია წინასწარ განვსაზღვროთ, თუ რა დრო დასჭირდება FDA-ს განხილვისთვის, უნდა აღვნიშნოთ, რომ FDA რაც შეიძლება სწრაფად, საფუძვლიანად და სამეცნიერო მეთოდოლოგიის დაცვით განიხილავს მას, რათა ამერიკელ ხალხს დამსახურებული ვაქცინა მალე ჰქონდეს", — აღნიშნა კომისარმა სტივენ ჰანმა.
Pfizer-მა პარტნიორ გერმანულ ბიო-ტექ კომპანიასთან BioNTech კოლაბორაციის ფარგლებში, კორონავირუსის ვაქცინის კვლევის საბოლოო შედეგები 18 ნოემბერს გაასაჯაროვა. როგორც ირკვევა, მათი ვაქცინა 95% ეფექტიანობით გამოირჩევა. საჯარო განაცხადიდან რამდენიმე დღეში მათ ლიცენზირებისთვის FDA-ს მიმართეს. ამგვარად, პანდემიის დასრულებამდე დარჩენილი დროის უკუთვლა დაიწყო.
გენერალმა გუსტავ პერნამ, რომელიც ოპერაცია Warp Speed-ის ლოჯისტიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე 6,4 მილიონი დოზის ტრანსპორტირება იგეგმება. წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 40 მილიონამდე გაიზრდება.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ნებისმიერი ვაქცინის დისტრიბუცია ისეთ სირთულეებთან ასოცირდება, რომლებიც აქამდე უცხო გახლდათ. აზარმა განაცხადა, რომ სატესტო გაგზავნა უკვე დაწყებულია, რათა ამ ლოჯისტიკურმა ოპერაციამ, ლიცენზიის გაცემის შემდეგ, უპრობლემოდ ჩაიაროს.
დაზუსტებით არ თქმულა, თუ ვინ აიცრება თავდაპირველა ვაქცინებით, თუმცა, აზარმა განაცხადა, რომ ესენი "ძირეული ჯგუფები" არიან. სავარაუდოდ, ამაში ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები და მოხუცთა სახლის ბენეფიციარები მოიაზრებიან. აზარის სიტყვებით, ვაქცინა ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, შემდეგი წლის მეორე კვარტალში გახდება.
რადგანაც Pfizer-ის ვაქცინა განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე ინახება, აზარმა დააზუსტა, რომ ამჟამინდელი გეგმით, პირველად შეკვეთას უშუალოდ მწარმოებლისგან, მცირე რაოდენობით მიიღებენ, ხოლო განმეორებითი აცრისთვის საჭირო ვაქცინებს — 21-28 დღის შემდეგ. ცნობისათვის: Pfizer-ის ვაქცინა -80°C-ზე 20 დღემდე ინახება, ხოლო Moderna-ს ვაქცინა -20°C-ზე 30 დღემდე ძლებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები