კვლევის საბოლოო შედეგების მიხედვით, კორონავირუსის ვაქცინა 95% შემთხვევაში ეფექტიანია — Pfizer
სულ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა Pfizer-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინის დასკვნითი, მესამე ეტაპის კვლევის ანალიზის შედეგები. როგორც ირკვევა, ვაქცინა ეფექტიანობას 95% შემთხვევაში აღწევს და იგი კორონავირუსით ინფიცირებისგან მოხუც პაციენტებსაც იცავს. კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აცრის შემდეგ რაიმე სახის მძიმე გვერდითი ეფექტი არ ვლინდება.
აღნიშნულ დასკვნამდე კომპანია კვლევაში ჩართულ 44 000 მოხალისეზე დაკვირვების შედეგად მივიდა. მონაწილეთა ნახევარს ვაქცინა გაუკეთეს, ნახევარს კი პლაცებო. მონაწილეთაგან COVID-19 განუვითარდა 170 ადამიანს, რომელთაგან 162 ინფიცირებული პლაცებოს ჯგუფში იყო და მხოლოდ რვა ვაქცინის ჯგუფში. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა 95% შემთხვევაში ეფექტიანია, აცხადებენ კომპანიაში.
გასულ კვირაში კლინიკური კვლევის შუალედური შედეგები გახდა ცნობილი. პირველადი ანალიზი 94 COVID-19-ით დაავადებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზს ეყრდნობოდა და ვაქცინა თავის ეფექტიანობას 90% შემთხვევაში აღწევდა. როგორც საბოლოო ანალიზმა გამოკვეთა, პოტენციური ვაქცინა ნამდვილად იმედისმომცემი გახლავთ.
კომენტარები