"მე გარდაცვლილ ადამიანებს ვხედავ" — რატომ სჯერა ბევრ ჩვენგანს მოჩვენებების
როცა ჩრდილოეთ კაროლინელი ჯეიმს ელ ჩეფინი 1921 წელს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, თავისი ანდერძით კარ-მიდამო საყვარელ შვილს, მარშალს დაუტოვა, ხოლო დანარჩენ სამ შვილსა და ცოლს — არაფერი. ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ მარშალი გარდაიცვალა და სახლი და 50 ჰექტარი მიწა მის ქვრივსა და ვაჟს გადაეცათ.
ოთხი წლის შემდეგ ჯეიმსის უმცროსმა ვაჟმა, ჯეიმს ფინქ ჩეფინმა, უჩვეულო სიზმრების ხილვა დაიწყო, რომლებშიც მამა სტუმრობდა და მიუთითებდა მეორე, უფრო გვიანდელი ანდერძის ადგილმდებარეობაზე, რომლის მიხედვითაც, უფროსმა ჩეფინმა თავის ქვრივსა და დარჩენილ შვილებს ქონება თანაბრად გაუნაწილა. საქმე სასამართლოს გადაეცა და, როგორც მოსალოდნელი იყო, იმდროინდელ გაზეთებში დიდი ხმაური გამოიწვია.
სასამართლომ ფინქის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ამასთან, ამბის გასაჯაროების წყალობით, ფსიქიური კვლევების საზოგადებამ, SPR-მა საკითხი გამოიკვლია და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ფინქს ნამდვილად ესტუმრა მამის მოჩვენება. თავად ფიქნსაც არასდროს გადაუთქვამს თავისი თავდაპირველი ჩვენება. ის აცხადებდა: "დარწმუნებული ვიყავი, რომ მამაჩემის სული მეწვია იმ მიზნით, რომ დაშვებულ შეცდომაზე მიეთითებინა".
სკეპტიკოსებისთვის ეს მოულოდნელი შეიძლება იყოს, მაგრამ ადამიანების უდიდეს ნაწილს მოჩვენებებისა და სულების არსებობის სწამს. სტატისტიკურ მონაცემებზე მომუშავე ორგანიზაციის, YouGov-ის მიერ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 30%-50% ამბობს, რომ მოჩვენებების სჯერათ. ამასთან, ეს რწმენა, როგორც ჩანს, გლობალურად გავრცელებული ფენომენია. მსოფლიო კულტურათა უმეტესობაში (თუ ყველაში არა) ღრმად აქვს ფესვგადგმული რწმენას, რომ ამა თუ იმ ფორმით მოჩვენებები მართლაც არსებობენ.
გარდაცვლილი ადამიანის ან ცხოველის არამატერიალური, უსხეულო სულის არსებობა ეწინააღმდეგება ჩვენთვის ცნობილი ბუნების კანონების მეცნიერულ გაგებას. ასე რომ, როგორც ჩანს, ამგვარი რწმენის საყოველთაოდ არებობის ფენომენში არის რაღაც ისეთი, რაც ახსნას მოითხოვს. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ლიტერატურის, ფილოსოფიისა და ანთროპოლოგიის სამყაროებს იმ ზოგიერთი მიზეზის დასადგენად, რომელთა გამოც ადამიანები მიდრეკილნი არიან, რომ მოჩვენებების სჯეროდეთ.
მფარველი (და შურისმაძიებელი) სულები
სამართლიანობის სურვილი და რაიმე ფორმის ზებუნებრივი ძალის მხრიდან დაცვის ქონისადმი რწმენა (რაც რელიგიების უმეტესობისთვისაა დამახასიათებელი) ადამიანის ძირითად მოთხოვნილებებს უკავშირდება. დიდი ხნის განმავლობაში მოჩვენებები სამართლიანობის აღმდგენლებად მიიჩნეოდნენ. შექსპირის ჰამლეტს მოკლული მამის მოჩვენება სტუმრობს, რომელიც ცდილობს, თავის მკვლელზე შური იძიოს. ამავდროულად, მაკბეტში მოკლული ბანკო თითით ანიშნებს კაცზე, რომელმაც ის სიცოცხლეს გამოასალმა.
დღეისათვის ამ იდეას თავისი ანალოგები აქვს სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, კენიაში მოკლული ადამიანი შეიძლება გახდეს "ნგომა", სული, რომელიც თავის მკვლელს დევნის, ხანდახან კი აიძულებს, პოლიციას ჩაბარდეს. რუსეთში ამის მსგავსია "რუსალკა", რომელიც დახრჩობის შედეგად გარდაცვლილი ქალის სულია და კაცებს სასიკვდილო მახეს უგებს. ის მაშინ შეიძლება გათავისუფლდეს, როცა თავისი სიკვდილისთვის შურს იძიებს. მოჩვენებებს ასევე შეუძლიათ, რომ მეგობრები და მფარველები იყვნენ. ჩარლზ დიკენსის საშობაო სიმღერაში ებინეზერ სკრუჯს წარსულის, აწმყოსა და მომავლის საშობაო მოჩვენებები ეხმარებიან, რათა სანამ გვიანი არ არის, თავისი უგრძნობი ბუნება გამოასწოროს.
ბევრ ადამიანს ანუგეშებს იმაზე ფიქრი, რომ გარდაცვლილი საყვარელი ადამიანები თვალს ადევნებენ, მფარველობენ მათ და, შესაძლოა, რთულ მომენტებში სწორ გზასაც აჩვენებენ. ასევე, ბევრ ადამიანს სურს დაიჯეროს, რომ სიკვდილი არსებობის დასასრული არ არის — ეს განსაკუთრებით მანუგეშებელი მაშინაა, როცა საყვარელ ადამიანს ვკარგავთ ან როცა საკუთარი მოკვდაობის იდეას თვალს ვუსწორებთ.
მსოფლიოს მრავალ კულტურაში გავრცელებულია რწმენა იმის შესახებ, რომ გარდაცვლილებს ცოცხლებთან კომუნიკაცია შეუძლიათ. სპირიტუალიზმის თანახმად კი, ჩვენ შეგვიძლია გარდაცვლილთა სულებთან კავშირის დამყარება და ეს, უმეტესად, განსაკუთრებით ნიჭიერი სპირიტუალური მედიუმების მომსახურების მეშვეობით მიიღწევა.
გარდა ამისა, ჩვენ გვიყვარს შიშის შეგრძნება მანამ, სანამ ვიცით, რომ რეალურად საფრთხე არ გვემუქრება. ჰორორის ჟანრი სავსეა ფილმებით, რომლებშიც მოხალისეების ჯგუფი (ჩვეულებრივ, ახალგაზრდები) ღამეს მოჩვენებებით სავსე სახლში ატარებს (რაც სავალალო შედეგებით სრულდება ხოლმე). როგორც ჩანს, ჩვენ გვსიამოვნებს საშიშროების ილუზია, მოჩვენებათა ისტორიებს კი ამ სახის მღელვარების შემოთავაზება შეუძლიათ.
სხეული და სული
მოჩვენებებისადმი რწმენა იმ უძველესი ფილოსოფიური იდეითაც იხსნება, რომლის მიხედვითაც, ადამიანები გულუბრყვილო დუალისტები ვართ და ბუნებრივად გვჯერა, რომ ჩვენი ფიზიკური სხეული განცალკევებულია ჩვენი ცნობიერებისგან. ამგვარი თვითაღქმა საშუალებას გვაძლევს ვირწმუნოთ, რომ ჩვენს გონებას ჩვენი სხეულისგან დამოუკიდებლად არსებობა შეუძლია. ეს კი, თავის მხრივ, კვებავს იმის რწმენას, რომ ჩვენი გონება ან ცნობიერება სიკვდილს გადაურჩება და შედეგად, მოჩვენება შეიძლება გახდეს.
იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მუშაობს ტვინი, ჰალუცინაციების ფენომენი გაცილებით ხშირია, ვიდრე ამას ბევრი ადამიანი აცნობიერებს. ფსიქიური კვლევების საზოგადოებას, რომელიც 1882 წელს დაარსდა, ათასობით გადამოწმებული ისეთი შემთხვევა აქვს აღრიცხული, როცა ადამიანებს ახალგარდაცვლილის ვიზუალური ან სმენითი ჰალუცინაცია გამოუცდია. შედარებით ახალი კვლევების თანახმად, ხანდაზმული ადამიანების უმრავლესობამ ახლობლის დაკარგვიდან რამენიმე თვის განმავლობაში გარდაცვლილის ვიზუალური ან სმენითი ჰალუცინაციები შეიძლება განიცადოს.
ჰალუცნაციების კიდევ ერთი წყარო ძილის დამბლის ფენომენია, რომელიც შეიძლება, დაძინების ან გაღვიძების დროს განიცადოთ. ზოგჯერ ასეთ დროებით პარალიზებას თან ახლავს ოთახში ისეთი ფიგურის ჰალუცინაცია, რომელიც შეიძლება, ზებუნებრივ არსებად ინტერპრეტირდეს. როდესაც ფენომენის გვწამს, უფრო სავარაუდოა, რომ ის განვიცადოთ — ამის გათვალისწინებით, მარტივი გასაგები ხდება, რატომ იჯერებენ ადამიანები, რომ მათ მიერ განცდილში ზებუნებრივი ძალებია გარეული.
წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ თქვენ ღამეს ატარებთ სახლში, რომელიც პარანორმალური მოვლენების ადგილადაა მიჩნეული და პერიფერული მზერით შენიშნეთ, რომ რაღაც გამოძრავდა. თუ სულების არსებობის გჯერათ, მაშინ მომხდარის თქვენეული ინტერპერეტაცია დიდი ალბათობით ის იქნება, რომ მოჩვენება დაინახეთ. ეს დაღმავალი აღქმის მაგალითია, რომლის მიხედვითაც, რის ნახვასაც ველით, გავლენას ახდენს იმაზე, რასაც ვხედავთ. და სიბნელეში, სადაც შეიძლება გარემოს აღქმა რთული იყოს, ჩვენი ტვინი, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საუკეთესო დასკვნას აკეთებს, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიგვაჩნია უფრო სავარაუდოდ — და ეს, შეიძლება, მოჩვენება იყოს.
ნიდერლანდელი ფილოსოფოსის, ბარუხ სპინოზას აზრით, რწმენის შეძენა ხდება სწრაფად და ბუნებრივად, მაშინ, როცა სკეპტიციზმი ნელი და არაბუნებრივია. ნერვული აქტვობის შესწავლისას სემ ჰარისმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ მოსაზრების დაჯერება ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე მისი არდაჯერება.
იმ მრავალი მიზეზის გათვალისწინებით, რომელთა გამოც მოჩვენებების გვჯერა, როგორც ჩანს, ეს რწმენა ჩვენთან კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩება.
კომენტარები