გასეირნება ქუჩებში, რომლებიც ტრანსგენდერი ქალების ისტორიებს ინახავენ
ქალაქის ქუჩები შეიძლება ისტორიებს გვიყვებოდნენ — ისტორიებს ტრანსგენდერი ქალების ყოფაზე საქართველოში.
ტყის ვარდი, ანუ ტრანს აუდიო გასეირნება — ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ტრანსგენდერი ქალების ისტორიებგამოვლილ ქუჩებში აუდიო გიდით სეირნობას ითვალისწინებს.
ტრანს აუდიო გასეირნება არტისტის, მარეიკე ვენცელის იდეაა, რომელიც საქართველოში ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან ერთად განახორციელა. ტრანსგენდერი ქალები გიდობას უწევენ მონაწილეებს, რომლებიც მათ ვერ ხედავენ, ესმით მხოლოდ ხმა. მონაწილეები მიჰყვებიან სპეციალურად დადგენილ მარშუტს და თითოეული ადგილის შესახებ ტრანსგენდერი ქალების ისტორიებს ისმენენ.
ჩვენ თბილისის იმ ქუჩებში გავისეირნეთ, რომლებსაც ტრანსგენდერი ქალების ცხოვრება ამა თუ იმ ფორმით უკავშირდება. მოვისმინეთ მათი ისტორიები და მივწერეთ წერილებიც.
...დადიხარ თბილისის ძალიან ნაცნობ ქუჩებში და ყურსასმენში გესმის ისტორია, რომელსაც ტრანსგენდერი ქალი ამ კონკრეტული ადგილის შესახებ გიყვება. ის დღეს შენი აუდიო გიდია და ამ ქუჩებს ახლებურად გაჩვენებს.
გასეირნება იმ ადგილიდან იწყება, სადაც ტრანსგენდერი სექსმუშაკები იკრიბებიან. ყურსასმენებში გიდები ამ ადგილთან დაკავშირებით საკუთარ ასოციაციებს ჰყვებიან. ზოგისთვის აქაურობა მეგობრებთან ურთიერთობისა და ერთმანეთის უკეთ გაცნობისთვის თავშესაფრადაც ქვეულა. თუმცა განწყობა ერთგვაროვანი არ არის:
"ეს არის ადგილი... ადგილი გადარჩენისთვის. იცით, მანდ კონკიას ზღაპრები არ ხდება. მახსენდება ხოლმე ის ფილმი, Pretty Woman. არ ვიცი, მსგავსი რამე საქართველოში მომხდარა თუ არა... არც მოხდება, დარწმუნებული ვარ, ალბათ, კაი ხანი. მოდიან იქ ადამიანები, ძალიან ბევრი მოსულა ჩემამდეც და ჩემს მერეც, ძალიან ბევრი ახალი ტრანსენდერი, აი, ამ იდეით. მაგრამ მათ არ იციან რეალობა — ეს არის უბრალოდ გადარჩენის და რაღაცა ელემენტარულის ადგილი, აქ ზღაპრები არ ხდება. ჩემთვის არის... არ ვიცი, კარგთან არ ასოცირდება. ძალიან ცოდვიანი ადგილია. ვინმეს ცხოვრება თუ არის დანგრეული, ყველა თავისი ხელით ინგრევს, მაგრამ მაგ ადგილსაც დიდი წვლილი მიუძღვის", — გვიყვება გიდი.
გიდის მონათხრობიდან ვიგებთ, რომ ამ ადგილმა თაობები გამოიცვალა — როგორც ჰეტეროსექსუალი, ისე ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი ქალები.
მართლაც, ტრანს აუდიო გასეირნებისთვის ამ ტერიტორიაზე შეკრებილებს გამვლელები მოღუშული მზერით უყურებენ და ადგილს სწაფი ნაბიჯით ეცლებიან.
მიჩვევა ადგილებმაც იცის და ადამიანებმაც. ეს სივრცე ორივეს აერთიანებს და, როგორც ერთ-ერთი გიდი გვიყვება, ყოფილა შემთხვევა, როდესაც გაღვიძებისას მაკიაჟის კეთება ინსტინქტურად დაუწყია და იქ მისულა.
"ზოგჯერ მგონია, რომ ვერასდროს გადავეჩვევი, მაგრამ კარგი სამსახური მქონდეს და ისე გადავეჩვევი, როგორც დაგიბარებია", — ჰყვება ერთ-ერთი გიდი.
შემდეგ ლოკაციაზე გადასვლისას აუდიო გიდი გვიყვება, რომ იქვე ქვები აწყვია, რითიც თავის დაცვა უწევთ. კიბეზე ჩასვლისას კი გვეუბნება, როგორ და რამდენჯერ გაუსწორდნენ აქ ფიზიკურად.
თავდასხმების შესახებ ისტორიებს გიდები ისე ჰყვებიან, როგორც ამბავს, რომელიც შეიძლება ყოველდღე გადაგხდეს თავს.
"გარეთ რომ გავდივარ ღამე, სახლიდან პირდაპირ ტაქსით მივდივარ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ დავდივარ, რადგან ძალიან დიდი აგრესიაა და აღარ შემიძლია მაგის ატანა", — ამბობს ერთ-ერთი მათგანი.
საზოგადოება, საბედნიეროდ, ერთგვაროვანი არ არის და გოგოებსაც ჰყავდათ "ცოდვიანი ადგილის" მიმდებარედ ადამიანები, რომლებიც მათ იქ ყოფნას უმსუბუქებდნენ — იქნებოდა ეს სასადილოში მომუშავე ქალი, რომელიც საკვებს "ნისიად" აძლევდა თუ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ქალი, რომელიც მათ აგრესიული ადამიანებისგან იცავდა. თუმცა ყურსასმენში ესეც ისმის:
"ჩემი თავის გმირი მე ვარ".
ერთ-ერთი გიდი ამბობს, რომ სიკვდილის ეშინია, რადგან კაცის ტანსაცმლით დასაფლავება არ უნდა. მეორეს კი მიაჩნია, რომ ამ ქვეყანაში გაჭირვება და სიბერე სიკვდილზე უარესია.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ის გვიმხელს, რომ ძალიან უნდა დედობა. გვიყვება იმასაც, თუ როგორი მშობელი იქნება და რას ასწავლის შვილს.
"ვიქნები არაჩვეულებრივი მშობელი, ზუსტად ვიცი. ბავშვი იმისია, რომ უნდა გაერთოს და ითამაშოს. ვხუმრობდი ხოლმე, ბავშვი რის ბავშვია, ხრუსტალის ვაზები თუ არ დაამტვრია ჩეხოსლოვაკიიდან ჩამოტანილი. შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ იდეალურ პიროვნებას გავზრდი", — გვესმის აუდიოდან.
სეირნობისას ცხოვრებისეულ პრიორიტეტებზე, დაბრკოლებებზე და სიძნელეებზეც ვასწრებთ ცალმხრივ დიალოგს. გიდი გვიყვება იმას, რაც ყველა ჩვენგანს გამოუვლია და რაზეც ყველას პირადი ისტორია გვაქვს.
"ერთი ქართულის პედაგოგი მყავდა, რომელიც მოყოლას ყოველთვის ასე იწყება — ბავშვებო, როდესაც ცხოვრების ასპარეზზე გახვალთ... არ ვიცოდი, რა იყო ეს ასპარეზი და ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა. ახლა ვხვდები. როგორ მომრჩა, იცით, ეს ნიუ-იორკიც და ოცნებებიც უკან?! ცხოვრების ასპარეზზე გამოსვლამ დამანახა, რეალობას ჩამახედა თვალებში და იმდენი წკეპლა ჯოხი მომხვდა ბეჭებზე, ცხოვრებამ იმდენი მირტყა, რომ ახლა უკვე შევიცვალე ხედვა და მირჩევნია სადმე მინდორი მდინარესთან ახლოს და იქ ფერმა", — ამბობს ქალი.
"სულ იმის მოლოდინში ვარ, რომ სადღაც უნდა გადავიდე. სინამდვილეში, არსად არ ვარ და არ მეღირსა ეს სახლი", — ისმის ყურში და ახლა უკვე მსმენელიც ხვდება, რატომ ვერ პოულობენ ტრანსგენდერი აუდიო გიდები სახლებს ქალაქში, სადაც გადარჩენას ცდილობენ.
20 ნოემბერს ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე იყო. საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია — მათ ხშირად აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. გასულ წლებში ქვეყანაში რამდენიმე ტრანსგენდერი ქალი მოკლეს.
როგორც ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის მედიისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ნათან გულიაშვილი გვიყვება, ტრანსფობიურ დამოკიდებულებას, როგორც ექსტრემალურ სიტუაციაში, ისე გარიყვის და მიტოვების დროსაც ჰყავს მსხვერპლი.
"ტრანსფობიას მხოლოდ სიძულვილით მოტივირებული მკვლელობისას არ ეწირება სიცოცხლე, არამედ მაშინაც, როცა ადამიანი უახლოესი ოჯახური წრიდან სრული გარიყვის და სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან სრული უგულებელყოფის ფონზე, ჯანმრთელობის უკიდურესი გაუარესებით გარდაიცვლება, და ეს მხოლოდ მწვავე სისტემური და სოციალური პრობლემების ჯაჭვზე მიუთითებს, რომელსაც ტრანსგენდერი ადამიანები ცხოვრების ყველა სფეროში აწყდებიან", — ამბობს WISG-ის წარმომადგენელი.
ნათანი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში ტრანსსპეციფიკურ საკითხებში სპეციალური ცოდნა და მგრძნობელობა უკიდურესად დაბალია. მისი თქმით, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ტრანსგენდერ ადამიანს ექიმისგან კრიტიკულ მდგომარეობაში დახმარებაზე უარიც მიუღია.
კომენტარები