დედამიწის ნიადაგიდან, შესაძლოა, მილიარდობით ტონა ნახშირორჟანგის ემისია მოხდეს
თუ პლანეტის ტემპერატურა პრე-ინდუსტრიულ მაჩვენებელთან შედარებით სულ რაღაც 2°C-ით მოიმატებს, ამან შეიძლება ნიადაგში არსებული ნახშირორჟანგის ატმოსფეროში გამოყოფა გამოიწვიოს.
ორშაბათს ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული ახალი პროექტის მიხედვით, ამ სცენარის განვითარება ატმოსფეროში 230 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგის ემისიას გამოიწვევს, ეს რიცხვი კი ორჯერ აღემატება აშშ-ს მიერ, ბოლო საუკუნის განმავლობაში, ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობას. ზედმეტია იმის თქმა, რომ ეს პროცესი საბოლოოდ დააჩქარებს სრულ პლანეტარულ კატასტროფას.
პრე-ინდუსტრიულ ტემპერატურაზე 2°C-ით მეტი გლობალური დათბობის სწორედ ის ზედა საზღვარია, რომლის თავიდან აცილებაც პარიზის შეთანხმების მთავარ მიზანს წარმოადგენს. ამ შეთანხმებას 2019 წელს აშშ-ს პრეზინდეტმა, ტრამპმაც დაუჭირა მხარი.
ეგზეტერის უნვიერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს ნიადაგის მგრძნობიარობა გლობალურ დათბობასთან მიმართებით და აღმოაჩინეს, რომ ტემპერატურის მატება სწრაფად ასუსტებს ნიადაგის უნარს, შეინარჩუნოს ნახშირორჟანგი. ამჟამად ნიადაგში იმაზე 2-ჯერ თუ 3-ჯერ მეტი ნახშირორჟანგია კონცენტრირებული, ვიდრე დედამიწის მთელ ატმოსფეროში.
ამ გამოთვლებისას მკვლევრებს არ გაუთვალისწინებიათ ნახშირორჟანგის ის ემისია სხვა წაროებიდან, რაც ასევე ტემპერატურის მატების თანმდევი პროცესია. გლობალური დათბობა დააჩქარებს CO2-ის გამოყოფას როგორც არქტიკიდან, სადაც ნიადაგის დიდი ნაწილი მარადი მზრალობით ხასიათდება, ასევე ოკეანეებიდან.
"ჩვენი კვლევა გამორიცხავს ყველაზე ექსტრემალურ შემთხვევებს, მაგრამ იგი ასევე განიხილავს ნიადაგიდან უზარმაზარი რაოდენობით ნახშირორჟანგის გამოყოფას ტემპერატურის სულ რაღაც 2°C-ით მატების შემთხვევაში და ეს შედეგი მარად მზრალ ნიადაგებში კონცენტრირებულ ნახშირორჟანგსაც კი არ ითვალისწინებს", განაცხადა კვლევის თანაავტორმა სარა ჩადბარნმა ეგზეტერის უნივერსიტეტიდან.
კომენტარები