მსვლელობა ოჯახის სიმტკიცისთვის LGBT პირთა უფლებების წინააღმდეგ
17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მართლმადიდებელმა მრევლმა ოჯახის სიმტკიცის დაცვის ლოზუნგით ვარდების მოედნიდან სამების ეკლესიამდე ხატით მსვლელობა მოაწყო. მსვლელობის მონაწილეები სამებაში ილია მეორემ დალოცა.
მართლმადიდებელმა მრევლმა სასულიერო პირებთან ერთად შეკრება ვარდების მოედანზე შუადღის 12 საათზე დაიწყო, რის შემდეგაც აწყურის ღვთისმშობლის ხატთან ერთად, რუსთაველის გამზირის გავლით, მსვლელობა მოაწყვეს სამების საკათედრო ტაძრისაკენ.
მსვლელობის მონაწილეებს შორის იყვნენ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მსოფლიო საოჯახო კონგრესის უცხოელი მონაწილეები, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, გიორგი გაბედავა, ჩოხოსნები და სხვები. საპატრიარქოს ინფორმაციით, მსვლელობა საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ორგანიზაცია დავითიანის ორგანიზებული იყო. მსვლელობა ვარდების მოედნიდან მხედრული სიმღერის ფონზე დაიწყო.
მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილემ On.ge-სთან ინტერვიუში თქვა, რომ "ანტიქრისტიანული დღესასწაულები" საქართველოში არ უნდა აღინიშნებოდეს:
"დღეს უდიდესი ქრისტიანული დღეა, რომელსაც მთელი საქართველო ფეხზე დგომით ეგებება. გუშინ ლევან ვასაძეს არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა მსოფლიო ოჯახთა კონგრესზე და საქართველომ თავისი სიტყვა თქვა ამ დღესთან, ჰომოფობიასთან, ანტიქრისტიანულ ზეწოლასთან დაკავშირებით."
აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ციალა ჩოკორაიას მოსაზრებით კი, პირველ რიგში, ეკლესიამ და პარლამენტმა უნდა იზრუნონ და არ დაუშვან ერთნაირსქესიანთა ქორწინება:
"მე რომელიც ოჯახის სიწმინდეებს უფრო მივდევ, სიტყვა ჰომოფობია გაშიფრულად ვერ წარმომიდგენია და არ მესმის. მე მინდა თითოეული ქალი, თითოეული მამაკაცი იყოს ოჯახის შემქმნელი, ნორმალური ბედნიერი და ჯანმრთელი. დანარჩენი, რაც ახალი სიტყვებია შემოღებული რომ მამაკაცის და მამაკაცის, დედაკაცის და დედაკაცის ქორწინება უნდა იყოს დაშვებული, ეს ჩემთვის მიუღებელია".
მამა გიორგი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ ოჯახის სიმტკიცის დღე ღვთის განგებულება იყო და ამიტომაც დააწესა პატრიარქმა ის სწორედ 17 მაისს:
"წინასწარ დაგეგმილი რაიმე არ ყოფილა. ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ღვთისგან შექმნილი. ჩვენი ინიციატივა რადგან არ ყოფილა, ვფიქრობთ რომ ღვთის განგებულება იყო ესეთი".
რუსთაველის გამზირზე, ოჯახის სიმტკიცის დაცვის აღნიშვნის მსვლელობას ტურისტები შეესწრნენ, რომლებმაც თქვეს რომ გაკვირვებულები არიან, რადგან ადრე სხვა, მსგავსი აქციები უნახავთ, იმ განსხვავებით, რომ იქ ადამიანების უფლებებს იცავდნენ:
"კანადის ერთ-ერთი პატარა ქალაქიდან ვარ, სადაც ხალხი პატივს სცემს ლგბტ თემის უფლებებს".
"მე შეერთებული შტატებიდან ვარ. გავოცდი რომ ასეთ კონსერვატიულ მსვლელობას ვხედავ აქ. ჩვენ კანონით დავუშვით ლგბტ პირთა ქორწინება. იმედი მაქვს საქართველოც გადადგამს ისეთ ნაბიჯს რომ ყველა ადამიანის მიმართ ლოიალური იყოს"
ზოგიერთმა სასულიერო პირმა 17 მაისზე, როგორც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ეს არის გამარჯვების, სიყვარულის და ერთსულოვნების დღე.
"ოჯახის სიმტკიცისადმი" მიძღვნილ მსვლელობაში ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურიაც მონაწილეობდა, რომელმაც On.ge-თან ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე ჰომოფობიური გამონათქვამით შეაფასა:
"დღეს არის ქართული ტრადიციული ოჯახის ხსენებისა და სიწმინდის დღე. არ მაინტერესებს მსოფლიოს გახრწნილი ნაწილი რას აღნიშნავს, დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდეს. მე ამ სივრცის და ამ საზოგადოების წარმომადგენელი ვარ და ჩემს ზეიმს ვზეიმობ, იმათმა კი თავისი იზეიმონ".
სამებაში მისვლისას ისმოდა შეძახილი: "სახელმწიფომ დაიცვა სარწმუნოება, ღმერთი დაიცავს სახელმწიფოს".
დღის ბოლოს, მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში შეიკრიბნენ, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ იქადაგა და განაცხადა, რომ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ლოცავს მტკიცე ოჯახს.
17 მაისი მსოფლიოში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 1990 წლის 17 მაისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ამოიღო მენტალურ დაავადებთა სიიდან, რის შემდეგაც, ლგბტ აქტივისტები ამ დღეს ჰომოფობიასთან ბრძოლით აღნიშნავენ.
2013 წლის 17 მაისს მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა ლგბტ აქტივისტებს თბილისში, თავისუფლების მოედანზე არ მისცეს ამ დღის აღნიშვნის უფლება და აქცია დაარბიეს, 2014 წელს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დაცვის დღედ გამოაცხადა. სწორედ მას შემდეგ, ამ დღეს მართლმადიდებელი მრევლი რუსთაველის გამზირზე ხატებით მსვლელობას აწყობს სამების ტაძრისკენ. მსგავსი მსვლელობა გაიმართა 2016 წელსაც.
- ჰომოფობია მხოლოდ ლგბტ თემის პრობლემა არაა - ინტერვიუ თამთა მიქელაძესთან
- ლგბტ საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი: უშიშროების თანამშრომელი ჩვენს აქტივისტს ემუქრებოდა
- სახელმწიფოებრიობის დაკრძალვა - ლგბტ აქტივისტების პერფორმანსი შსს-სთან
- ლევან ბერიანიძე: ეკლესია ადგენს ვის, სად და როდის აქვს შეკრების უფლება, რაშიც სახელმწიფო ვერ ეწინააღმდეგება
- 17 მაისი თბილისში: დაკავებულია ათი LGBT აქტივისტი
- ომბუდსმენი: კვლავ პრობლემას წარმოადგენს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული გამოძიება
კომენტარები