მზად ვართ ინვესტორების დასაინტერესებლად — Cardeal-ისა და Cargon-ის გზა სილიკონ ველიმდე
500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამის პირველი ნაკადის გამარჯვებული ერთის ნაცვლად, ორი ქართული კომპანია გახდა. ესენი არიან Cardeal და Cargon. ამ წარმატებამდე ორივე გუნდმა დიდი გზა გაიარა, შედეგად კი ისინი გაზაფხულზე, რამდენიმე კვირით, სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე მიემგზავრებიან. ეს მათთვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი პარტნიორების შეძენის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
Cardeal, ყოველთვიურად, მსოფლიოს სხვადასხვა მომწოდებლის, დაახლოებით, 500 000 ავტომობილს აერთიანებს. სტარტაპი ამ გზით საშუალებას იძლევა, ერთი ფანჯრის პრინციპით მივიღოთ ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული ყველა საჭირო სერვისი — იქნება ეს ავტომობილის შერჩევა, შემოწმება, დაფინანსება/ლიზინგი თუ ტრანსპორტირება. ხოლო Cargon ინტელექტუალურ ალგორითმებზე მომუშავე ციფრული ლოგისტიკური პლატფორმაა, რომელიც ტვირთმფლობელს რამდენიმე წამში აძლევს საშუალებას, დაადგინოს გადაზიდვის ფასი და დაუყოვნებლივ მოიძიოს მისთვის შესაფერისი გადამზიდი. ჩვეულებრივ, ეს პროცესი 3-4 დღე გრძელდება, თუმცა "კარგონის" დახმარებით ეს რამდენიმე წუთში ხდება შესაძლებელი.
ეს ორი ქართული კომპანია სილიკონ ველის გზას უკვე ადგას და ჩვენ დავინტერესდით, რა მოლოდინები აქვთ მათ, იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობით მიიღეს.
Сardeal-ის თანადამფუძნებელი, ზურა ბაკურიძე გვიყვება, რომ სილიკონ ველიზე ვიზიტი მათი კომპანიისთვის ორი ძირითადი მიზეზითაა მნიშვნელოვანი. "ვინაიდან ჩვენი ავტომობილების მიწოდების დიდი ნაწილი ზუსტად ამერიკიდან ხორციელდება, საოპერაციო თვალსაზრისით ამერიკის ბაზარი ჩვენთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს და 500 Startups-ში დამყარებული ახალი კავშირებით ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ პირდაპირი თანამშრომლობა ამერიკელ დილერებთან. მეორე ფაქტორია ინვესტიციები — ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ დემო დღეზე ახალი საინვესტიციო რაუნდი დაიწყო და ამ დროს, ჩვენ გვაქვს საშუალება ამერიკელი ინვესტორებისა და პოტენციური პარტნიორების „რადარზე“ გამოვჩნდეთ", — ამბობს ის.
Cargon-ის თანადამფუძნებელი — ვანო ჩალაძე კი აღნიშნავს, რომ სილიკონ ველიზე ვიზიტი მათი სტარტაპისთვის, შესაძლოა, გარდამტეხ მოვლენად იქცეს, საქართველოს გარეთ განვითარების კუთხით. შესაბამისად, Cargon-ის გუნდი აპირებს, ამ ვიზიტის მიმდინარეობისას მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს და ამ შესაძლებლობის გამოყენება, ანუ პოტენციური ინვესტორების დაინტერესება შეძლოს.
"სილიკონ ველიზე მოხვედრა, ალბათ, ყველა სტარტაპისთვის დიდი მნიშვნელობის გამოცდილებაა. პირველ რიგში, ძალიან საინტერესოა იმ გარემოში მოხვედრა, სადაც მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური სტარტაპები დაფუძნდა და იმ გამოცდილების გაზიარება, რაც სილიკონ ველიზე ამ სტარტაპებმა შექმნეს. ასევე, პირადად ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იქნება პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად", — ამბობს ვანო ჩალაძე.
ორ ქართულ სტარტაპს ინვესტორების დაინტერესებაში 500 Startups-ში მონაწილეობით მიღებული გამოცდილება ძალიან დაეხმარება. ამას ორივე სტარტაპის წარმომადგენელი ადასტურებს. ვანო ჩალაძის თქმით, ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინვესტიიცის განსახორციებლად არის ის, რომ მსოფლიოს წამყვან აქსელერაციის პროგრამაში იღებდნენ მონაწილეობას. ზურა ბაკურიძე კი აღნიშნავს, რომ 500 Startups-ში მონაწილეობა ინვესტორებამდე ხმის მიწვდენის მნიშვნელოვანი ბერკეტია.
"ჩვენი სტარტაპის ღირებულება არის ზუსტად იმდენი, რა თანხაც ჩაიდო მასში ინვესტიციის სახით. სილიკონ ველიზე, ინვესტორებთან შეხვედრისას ეს გარემოება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როცა თანხა ჩადებულია ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მხარდაჭერით — ეს სტარტაპის ვალიდაციას უფრო მყარს ხდის და ჩვენ კომპანიაში ფულის ჩადება მეტად საინტერესო ხდება. 500 Startups-ის ვალიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობაში. ეს სტატუსი დაგვეხმარება უფრო მარტივად მივაწვდინოთ ხმა პარტნიორებს და ინვესტორებს მომავალში. ასევე, გავიარეთ კურსები მატერიალის მომზადების კუთხით — ჩვენ უკვე მზად ვართ გავიაროთ შესაბამისი კომუნიკაცია ინვესტორებთან. ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს ის ინფორმაცია და მეტრიკები დოკუმენტაციის სახით, რაც ინვესტორებს აინტერესებთ სტარტაპებთან ურთიერთობის დაწყების წინ", — აღნიშნავს ზურა ბაკურიძე.
სილიკონ ველიზე ვიზიტთან დაკავშირებული გეგმების პარალელურად, ორივე სტარტაპს აქვს სტარტაპის განვითარების ხედვა. მათ შორის, ადგილობრივ ბაზართან დაკავშირებითაც. მაგალითად, Cardeal-ისთვის ეს არის ადგილობრივი ბაზრის მნიშვნელოვანი წილის დაკავება:
"მოგეხსენებათ, რომ ავტომობილების ბაზარი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესია — მარტო 2019 წელს საქართველოში $700 მილიონის ავტომობილი შემოვიდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ამ ეტაპზე, გავზარდოთ შიდა ბაზრის წილი — რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი ავტომობილის მოძიებისას უნდა მიმართავდეს Cardeal-ის პლატფორმას და მეორე ამოცანაა — Cardeal მომავალში სულ უფრო მეტი მცირე და საშუალო ავტომობილების დილერების სამუშაო სივრცედ იქცეს".
Cargon კი სტარტაპის რეგიონული განვითარების გეგმებს სახავს — "პროგრამაში მონაწილოების პერიოდში, დამატებით მოზიდულმა ინვესტიციამ შესაძლებლობა მოგვცა ჩვენი სერვისი ჩაგვეშვა მეზობელ ქვეყნებში და შესაბამისად, გვაქვს გეგმები, რომ კარგონი რეგიონის უფრო მეტ ქვეყანაში განვითარდეს", — ამბობს ვანო ჩალაძე.
ადგილობრივი გეგმების პარალელურად, ორივე სტარტაპს აქვს საერთაშორისო დონეზე ოპერირების ამბიცია. Cargon-ს საკუთარი სერვისების მეზობელ ქვეყნებში დანერგვის გამოცდილება უკვე აქვს, სილიკონ ველის ინვესტორებთან შეხვედრის პერსპექტივა კი ამ ამბიციებს კიდევ უფრო რეალურს ხდის.
"სამწუხაროდ თუ საბედნიორედ, სტარტეპებისთვის, საქართველოს ბაზარი საკმაოდ პატარაა. აქედან გამომდინარე, ალბათ ქართულ სტარტაპს უფრო დიდი მოტივაცია აქვს იმისა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთაც განვითარდეს. ჩვენი გუნდის ამბიციაც ზუსტად ეს არის — სტარტაპი საერთაშორისო კომპანიად უნდა ვაქციოთ", — გვიყვება ვანო ჩალაძე.
Cardeal-ისთვისაც, რეგიონულ ჭრილში პოტენციალი საკმაოდ მაღალია. ვსაუბრობთ რეგიონულ, $3 მილიარდიან ბაზარზე, რომლის ათვისებაც სტარტაპის მიზანია — "ჩვენი მიზანია ავითვისოთ რეგიონალური ბაზარი, რომელშიც მოიაზრება აზერბაიჯანი, სომხეთი და უკრაინა".
Cardeal-ისა და Cargon-ის, ანუ იმ ორი სტარტაპის წარმომადგენლები, რომლებიც სილიკონ ველის გზაზე უკვე დგანან, იმედოვნებენ, რომ მათი წარმატება ქართული სტარტაპ ეკოსისტემის სხვა მოთამაშეების მოტივაციად იქცევა, მეორე მხრივ კი, გაზრდის კერძო სექტორის ტექნოლოგიური ინდუსტრიით დაინტერესებასაც.
კომენტარები