Eurostat-მა ევროპის მასშტაბით შობადობის 2023 წლის მონაცემები გამოაქვეყნა.

ამ ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში შობადობა 5.6%-ით შემცირდა და 3.67 მილიონი შეადგინა. ეს დეკადების განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია და დემოგრაფიულ კრიზისზე მიუთითებს.

ევროკავშირის 27 ქვეყანაში 2023 წელს შობადობის საშუალო მაჩვენებელი ერთ ქალზე 1.38 იყო, 2022-ში კი 1.47-ს უტოლდებოდა. შედარებისთვის, იმისათვის, რომ პოპულაციის რაოდენობა უცვლელი დარჩეს (მიგრაციის გარეშე), ეს რიცხვი 2.1-ს უნდა შეადგენდეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, მას ბევრად ჩამოუვარდება.

"1961 წლიდან დღემდე, ეს ყველაზე დიდი წლიური კლებაა", — წერია Eurostat-ის ანგარიშში.

ევროპაში შობადობის მაჩვენებლის ცვლილება 1961-დან 2023 წლამდე.

ფოტო: Eurostat

როგორც გრაფიკში ჩანს, ევროპაში შობადობის მნიშვნელოვანი კლება 1960-იანი წლების შუა პერიოდიდან დაიწყო და ბოლო 20 წელში მხოლოდ ზომიერი დროებითი მატებები აღინიშნებოდა. საერთო შემცირების შედეგი ისაა, რომ პოპულაცია უფრო სწრაფად ბერდება და ზოგ ქვეყანაში მუშახელის პრობლემას აჩენს. ამას მემარჯვენე მთავრობების მიერ მიგრაციასთან შეწინააღმდეგება ერთვის, რაც სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს.

ევროკავშირში 1964 წელს 6.8 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც 2023 წლისას თითქმის ორჯერ აღემატება. 2023-ში შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბულგარეთში დაფიქსირდა და ერთ ქალზე 1.81-ს მიაღწია. ევროკავშირის ქვეყნებში მეორე-მესამე ადგილზე საფრანგეთი (1.66) და უნგრეთია (1.55).

ერთ ქალზე შობადობის სიხშირე სხვადასხვა ქვეყანაში. 2023 წლის მონაცემები.

საქართველოში მათზე მეტი მაჩვენებელი ფიქსირდება — 1.71. ამის მიუხედავად, 2022 წელთან შედარებით ჩვენს ქვეყანაში შობადობის სიხშირე მაინც შემცირებულია, რადგან მაშინ ეს ნიშნული ერთ ქალზე 1.83 იყო.

რაც შეეხება ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, ეს 1.06-ია და მალტას ეკუთვნის. მის შემდეგ ესპანეთია, სადაც ერთ ქალზე შობადობის სიხშირე 1.12-ს უდრის, მას კი 1.18-იანი ნიშნულით ლიეტუვა მოჰყვება.

საინტერესოა ისიც, თუ რა ასაკში აშენენ ქალები პირველ ბავშვს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ეს წლოვანება მუდმივად მზარდია და საშუალოდ 29.8 წელია. შედარებისთვის, 2013-ში აღნიშნული ასაკი 28.8 წელი იყო.

რა ასაკში აჩენენ შვილებს ქალები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. 2023 წლის მონაცემები.

ფოტო: Eurostat

როგორც გრაფიკზე ხედავთ, ევროკავშირის ქვეყნებში პირველი შვილის გაჩენის ყველაზე დაბალი ასაკი ბულგარეთში გამოვლინდა და ეს 26.9 წელია. მის შემდეგ უნგრეთია, სადაც საშუალო წლოვანება 27.1-ია, საქართველოში კი — 26.6.

რაც შეეხება ყველაზე მაღალ ასაკს, ამ მხრივ იტალია და ირლანდია გამოირჩევა. იტალიაში პირველი შვილის ყოლის საშუალო ასაკი 31.8 წელია, ხოლო ირლანდიაში — 31.6.

ბოლოს, საინტერესოა, რომ შობადობის კლების მიუხედავად, ევროკავშირში პოპულაციის რაოდენობა 2023 წელს 449.2 მილიონით გაიზარდა, რისი მიზეზიც მიგრაციაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.