საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა საარჩევნო პერიოდში განახორციელა და საარჩევნო პროცესების შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერის მიზნით, რეკომენდაციები გასცა:

მთავრობა

  • რეკომენდაციები მოიცავს მოწოდებებს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ჯანდაცვის სახელმწიფო უწყებებისადმი, რომ განაგრძონ საზოგადოების ინფორმირება კორონავირუსის პირობებში ხმის მიცემის პროცედურებისა და უსაფრთხების ზომების შესახებ.
  • მთავრობამ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ განამტკიცონ და საზოგადოებას გააცნონ საჯარო მოხელეების უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის არეალი. ასევე, აკრძალონ მათ მონაწილეობა პარტიულ საქმიანობაში და მათი მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა.
  • სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად უნდა გამოიძიონ და უზრუნველყონ სანქციები იმ სამართალდამრღვევთა მიმართ, რომელთა ქმედებები დაკავშირებულია მოსყიდვასთან, ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივ გამოყენებასთან, საარჩევნო დარღვევებთან, მათ შორის, ჟურნალისტების მიმართ ძალადობასთან.

მედია

  • მედიასაშუალებებმა თავი უნდა შეიკავონ ახალი ამბების შინაარსის მნიშვნელოვნად რედაქტირებისგან და მკაცრად დაიცვან სატელევიზიო, ბეჭდურ და ონლაინ მედიაში ეთიკის ნორმების დაცვით მაუწყებლობის უნივერსალური ნორმები და პრაქტიკა.
  • პოლიტიკური მიკერძოების აღქმის შესამსუბუქებლად და მედია ინსტიტუტებისადმი ნდობის ასამაღლებლად, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს სატელევიზიო შინაარსის მიუკერძოებლობა და ფართო აუდიტორიის ჩართვა.

პოლიტიკური აქტორები და არასამთავრობო ორგანიზაციები

  • პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა აარიდონ და საჯაროდ დაგმონ სოციალური მედიის მანიპულირება, რომლის საშუალებითაც ხდება პარტიული იდენტობების განზრახ დაფარვა, დეზინფორმაციის საშუალებით ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
  • პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნო გადაცდომების შესახებ დასაბუთებული ინფორმაციის შესაგროვებლად უნდა გააორმაგონ ძალისხმევა; საარჩევნო დავების სწორად წარსადგენად და გამოსწორების სათანადო გზების დასადგენად.

პოლიტიკური კონტექსტი

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება შეცვალა პოლიტიკურმა
პარტიამ ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში გადავიდა, თუმცა კვლავ მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორად დარჩა, რაც ნათლად აჩვენებს საქართველოს პროგრესს დემოკრატიულ განვითარებაში. წარსულში, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიები, ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, პოლიტიკური სპექტრიდან სრულად ქრებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აგრძელებს ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდაჭერას, ბოლო წლებში ქვეყნის პოლიტიკური დისკურსის გარშემო მიმდინარე მსჯელობისას, ხშირად, პოლიტიკურ ოპონენტებს პრო-რუსულ ძალებად შერაცხავენ. თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის უახლეს ისტორიას, 2008 წლის ომსა და 12 წლიან მცოცავ ოკუპაციას, ასეთი ტენდენციები ზოგადი პოლიტიკური გარემოსთვის ზიანის მომტანია.

2019 წლის 20 ივნისს პოლიტიკურმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია, როდესაც რუსეთის დუმის
დეპუტატმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში
საქართველოში იმყოფებოდა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. ამას მოჰყვა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და მომიტინგეთა პოლიტიკური ნიშნით დაკავების ბრალდებები. საპროტესტო გამოსვლების დროს აქტიურად განიხილებოდა საარჩევნო სისტემის შეცვლა და სრულად პროპორციული სისტემის შემოღება. ამ მოვლენებმა საფუძველი დაუდო 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობდა მნიშვნელოვან საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებს.

ეს რეფორმები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ახალ ნაბიჯად მოიაზრება. მაგალითად, პროპორციულ ნაწილში საარჩევნო ბარიერის 5-დან 1 პროცენტამდე შემცირება ამომრჩეველს საშუალებას აძლევს, ხმა მისცეს სასურველ პარტიას, იმ განცდით, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას, დაბალი ბარიერის პირობებში, საპარლამენტო მანდატების მოპოვების რეალური შანსი აქვს.

საარჩევნო სისტემა და საზღვრების დელიმიტაცია

2020 წლის 8 მარტს ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას შორის მიღწეული ურთიერთგაგების
მემორანდუმის შედეგად ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების რაოდებობა 73-დან 30-მდე შემცირდა. ამ ცვლილების გამო, ოლქების საზღვრები შეიცვალა და შეიქმნა ახალი ზომის ერთეულები. ახალი საზღვრების დადგენის პროცესში უპირატესობა მიენიჭა ოლქების შექმნას იმავე რეგიონის ფარგლებში.

2020 წლის 9 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3,511,338-ია. შესაბამისად, თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩევლების საშუალო რაოდენობა შეადგენს 117,044-ს. 8 მარტის ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის განსხვავება არ უნდა აღემატებოდეს 15 პროცენტს. ამ დათქმიდან, გამონაკლისის მიზეზს, შეიძლება, წარმოადგენდეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ტერიტორიები ან/და გეოგრაფიული ფაქტორები.

საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიები

საარჩევნო კომისიების შემადგენლობა ვერ ასახავს ყველა საარჩევნო სუბიექტის ნებას და
ამცირებს საზოგადოების ნდობას საარჩევო ადმინისტრაციის მიმართ. ცესკოს მონაცემებზე
დაყრდნობით, საუბნო საარჩევნო კომისიების 77 პროცენტის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობისთვის გამოცხადებულ კონკურსზე მიღებული აპლიკაციების რაოდენობა ზუსტად ემთხვეოდა ვაკანტური ადგილების რაოდენობას ან აღემატებოდა მხოლოდ ერთით. შესაბამისად, ფაქტობრივად არ იყო კონკურენცია. საუბნო საარჩევნო კომისიის აღმასრულებელ თანამდებობებზე არჩეულია 1483 ქართული ოცნების მიერ ნომინირებული წევრი მაშინ, როდესაც უბნის თავმჯდომარეებად, მოადგილეებად და მდივნებად ოპოზიციური წევრებიდან ჯამურად დანიშნულია მხოლოდ 13.

მზაობა კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად

ოქტომბერში კორონავირუსის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა დამძიმებული პანდემიური სურათის ფონზე შედგა. 19 ოქტომბერს ცესკომ გამოსცა დადგენილება, რომელიც არეგულირებს საკარანტინო და სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი ადამიანებისთვის, ასევე, ოფიციალურად თვითიზოლაციაში დარეგისტრირებული ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცედურებს. ასეთი ამომრჩევლები ხმას სპეციალური გადასატანი ყუთის მეშვეობით შეძლებენ, რომელთაც მოემსახურებიან ე.წ. სპეციალური ჯგუფები, ხმის მიცემის პროცესის უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმების გათვალისწინებით. თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნა უნდა დაეფიქსირებინათ ცესკოს სატელეფონო ზარის მეშვეობით 26 ოქტომბრამდე. აღნიშნული ვადა გახანგრძლივდა 27 ოქტომბრამდე, ასევე, ცესკოს სხვა დადგენილებით.

ჯერ კიდევ უცნობია, შემცირდება თუ არა ამომრჩევლის აქტიურობა მძიმე პანდემიური
სურათიდან გამომდინარე. ასევე, რთულად განსაჭვრეტია, მოახდენს თუ არა გავლენას კოვიდ-19-ის პანდემია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მუშაობაზე.

24 ოქტომბრის მონაცემებით, ცესკოს აკრედიტაციით, საარჩევნო პროცესებში ჩართულია 126 ადგილობრივი და 34 საერთაშორისო ორგანიზაცია და 84 მედია საშუალება, რომლებიც ჯამში 2300 ჟურნალისტს აერთიანებს.

წინასაარჩევნო კამპანია

ცესკოს მონაცემებზე დაყრდნობით, პროპორციულ ნაწილში რეგისტრაცია გაიარა 50-მა საარჩევნო სუბიექტმა, აქედან 48 პოლიტიკური პარტიაა და ორი საარჩევნო ბლოკი. ორი საარჩევნო სუბიექტის სიამ რეგისტრაცია ვერ გაიარა, რადგან არ იყო დაცული გენდერული კვოტა ან არ იყო წარდგენილი საჭირო დოკუმენტაცია.

13 და 15 ოქტომბერს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაიმართა სატელევიზიო დებატები. IRI-ს დაკვირვებით, ორმა საარჩევნო სუბიექტმა, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ და მოძრაობამ თავისუფალი საქართველო, დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. IRI-ს ინფორმაციით, აღნიშნული სატელევიზიო დებატები იყო, თითქმის ერთადერთი, რომელშიც მმართველმა პარტიამ მონაწილეობა მიიღო, რომელიც უმეტესწილად თავს არიდებს ოპოზიციურად განწყობილ მედიაში მონაწილეობას.

პოლიტიკური პარტიები ხშირად არ ერთვებიან დიალოგში, რომელიც საკითხებსა და პრობლემებზეა ორიენტირებული. ეს მოცემულობა ეწინააღმდეგება მრავალპარტიული დემოკრატიის ღირებულებებს და პარტიებისა თუ კანდიდატებისთვის ამომრჩევლისთვის საკუთარი პროგრამისა და ხედვის გაცნობის დაკარგულ შესაძლებლობას წარმოადგენს.

წინასაარჩევნო დარღვევები

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ოპოზიციურმა პარტიებმა და ადგილობრივმა
სადამკვირვებლო მისიებმა მიიღეს ცნობები დარღვევების შესახებ, რომლებიც მოიცავს
კამპანიის აქტივისტებზე თავდასხმის ფაქტებს; კამპანიის ინვენტარის/ქონების დაზიანებას;
ამომრჩევლის მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას საარჩევნო მიზნით. გარდა ამისა, ცნობები მოიცავდა ინფორმაციას საარჩევნოდ ამომრჩევლის დასაშინებლად, ე.წ. ძალოსნების შერჩევას.

სერიოზული დარღვევების შესახებ ფაქტები იყო ნაკლები, თუმცა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ცნობილია
სერიოზული დარღვევის ერთი შემთხვევა, როდესაც მარნეულში, ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის გეოგრაფიული მდებარეობა ქართული ოცნების ოფისთან ახლოს (შესასვლელიდან 10 მეტრის დაშორებით), ამცირებს ამომრჩევლის ნდობას საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ და აღრმავებს პოლიტიკურ დაძაბულობას.

საარჩევნო დავები

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საიას, საერთაშორისო გამჭვირვალობისა და სამართლიანი არჩევნების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინეს არჩევნებთან დაკავშირებული 250-მდე საჩივარი. საჩივრები შეეხებოდა რიგ დარღვევებს, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, როგორიცაა საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში ჩართულობა სამუშაო საათებში; ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უბანზე არყოფნა, თუმცა, ბევრჯერ აღინიშნა, რომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიაში დაწერილი საჩივრები, ხშირად, უგულებელყოფილი იყო იმ მიზეზებით, რომ საჩივარი დაიწერა საჩივრის შედგენისა და წარდგენის წესის დარღვევით, ვადის ამოწურვის შემდეგ ან შეტანილი იქნა არასწორ საარჩევნო ადმინისტრაციულ ერთეულში.

28 ოქტომბრის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განიხილავდა საარჩევნო
კანონდარღვევის 72 შემთხვევას. პროკურატურის გადაწყვეტილებით, დღეისათვის მხოლოდ ორი მათგანის შემთხვევაში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები და სამართლებრივი განხილვის საფუძველი. ამ უკანასკნელი ორი შემთხვევიდან სასამართლოში მხოლოდ ერთი იქნა წარდგენილი.

საარჩევნო კამპანიის დაფინანსება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა მიიღეს ანგარიშები პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იმის თაობაზე, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი კონკრეტული კომპანიების ფართომასშტაბიან ტენდერებში გამარჯვებასა და მათ მიერ მმართველი პარტიისთვის გაწეულ შემოწირულობებს შორის, მიუხედავად ივლისის თვეში განხორციელებული ცვლილებებისა, რომლებიც ითვალისწინებდა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით გამჭვირვალობის გაზრდას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანო, აქვეყნებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროების სრულ და ამომწურავ სიას.

აუდიტის სამსახურმა რამდენჯერმე შეძლო ისეთი პოლიტიკური პარტიების იდენტიფიცირება, რომელთა შემომწირველები ხელისუფლების ტენდერებში იღებდნენ მონაწილეობას და ასევე, იმ პარტიების, რომელთა შემომწირველები, სხვა დარღვევებთან ერთად, ერთსა და იმავე კომპანიაში მომუშავე სხვადასხვა პირები იყვნენ.


2020 წლისთვის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსი აქვს 19 პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას, მათ შორის ოთხი საპარლამენტო პარტიაა.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების თანახმად, პოლიტიკური პარტიების ფინანსური დეკლარაციები 23 ოქტომბრის მონაცემებით შემდეგნაირად გამოიყურება:

ქართული ოცნების დეკლარაციები გაცილებით უფრო მაღალ თანხებს მოიცავდა ვიდრე ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ჯამურად, თუმცა, პარტიამ ლელო საქართველოსთვის მიიღო ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე მაღალი შემოსავალი 2,599,290 ლარის ოდენობით.

მედია და საინფორმაციო სივრცე

IRI წინასაარჩევნო ტექნიკური შეფასების მისიის თანახმად, საქართველოში მედია სივრცე საკმაოდ პოლარიზებული და თვით-რეგულირებადია, ასევე, მჭიდროდაა დაკავშირებული წარსულ და ამჟამინდელ პოლიტიკურ აქტორებთან ან ბიზნეს ჯგუფებთან.

ანგარიშის მიხედვით, მედია ხშირად სუბიექტურია და ასახავს არსებულ პოლიტიკურ რიტორიკას. სატელევიზიო მედია აღიქმება ხელისუფლების ან ოპოზიციის მხარდამჭერად. პოლიტიკური დისკურსი იშვიათად ეხება პრობლემებს და უფრო ხშირად აგებულია მხარეების ურთიერთბრალდებებზე. პოლიტიკური პარტიების უარი, მიიღონ მონაწილეობა სატელევიზიო დებატებში, ხელს უშლის მოსახლეობას, დაინახონ სრული სურათი
და ყველა ხელმისაწვდომი პოლიტიკური არჩევანი, რაც მათ ინფორმირებული
გადაწყვეტილების მიღებაში უშლით ხელს.

ტელევიზია რჩება საქართველოს მოსახლეობის ინფორმირების მთავარ წყაროდ, თუმცა, 18-დან 24 წლამდე მოქალაქეების შემთხვევაში რეიტინგით მას არ ჩამოუვარდება სოციალური მედია ქსელები და ინტერნეტი.

2019 წელს საქართველოში 89 ტელევიზია და 55 რადიო არსებობდა. 89 სატელევიზიო არხიდან ოცი მათგანი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობდა, მათ შორის საზოგადოებრივი არხები — საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია და რადიო.

მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიას საინფორმაციო სივრცეში დიდი ადგილი უჭირავს, ნდობა, ზოგადად,მედიის მიმართ საკმაოდ დაბალია. კავკასიის კვლევითი ცენტრის კავკასიის ბარომეტრის მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 50 პროცენტი აცხადებს, რომ ისინი არც ენდობიან და არც უნდობლობას უცხადებენ მედიას, 9 პროცენტი სრულად არ ენდობა, ხოლო 3 პროცენტი სრულად ენდობა.

მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტი თვლიდა, რომ ტელევიზია ძალიან ეფექტურია მოსახლეობის ინფორმირების თვალსაზრისით, ხოლო 5 პროცენტის თანახმად, ტელევიზიები ძალიან არაეფექტურად მუშაობენ. გამოკითხულთა უმრავლესობისთვის (60 პროცენტი), ტელევიზიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ხარისხი საშუალო დონის იყო.

IRI-ს თანახმად, მედიისა და პოლიტიკური ინსტიტუტების როლების აღრევა ხშირ ხასიათს ატარებს წინასაარჩევნო პერიოდში. ამასთანავე, ზოგიერთი კერძო მედიასაშუალება უფრო მეტ უფასო სატელევიზიო დროს უთმობს პოლიტიკურ რეკლამებს, ვიდრე ეს კანონითაა დაშვებული. ერთ-ერთ შემთხვევაში, ცნობილი ჟურნალისტი დასახელდა პოლიტიკური პარტიის მაჟორიტარ კანდიდატად იმის ფონზე, რომ ის აგრძელებდა თავის ჟურნალისტურ საქმიანობას. ამ ფაქტმა გამოიწვია წუხილი იმის თაობაზე, რომ თავისი სტატუსი აღნიშნულ კანდიდატს მოწინააღმდეგეებთან მიმართებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა, რაც კიდევ უფრო არღვევს ზღვარს ჟურნალისტიკასა და პოლიტიკას შორის.

გარდა ამისა, ვრცელდება ანგარიშები ჟურნალისტების მიმართ მუქარის ინციდენტების
შესახებ; ასევე, მარნეულში მომხდარი ცნობილი ინციდენტის შესახებ, რომლის დროსაც
ჟურნალისტს სერიოზული ფიზიკური ზიანი მიაყენეს და ოპერატორის კამერა დაამტვრიეს.

ქართული მედიასივრცის კიდევ ერთი ნათელი მახასიათებელი არის შიდა და გარე აქტორების მხრიდან მოწოდებული დეზინფორმაცია. ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა სოციალურ მედიაში, რადგან საარჩევნო კოდექსი არ არეგულირებს ონლაინ პლატფორმას, რაც ამ სივრცეს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

Facebook-მა 2019 წლის დეკემბერში და შემდგომ, 2020 წლის აპრილში მსგავსი სოციალური მედიის ყალბი ანგარიშები აღმოაჩინა, რომლებიც დაკავშირებული იყო
მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებასა და უფრო მცირე შემთხვევებში, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებულ კომპანიებთან ან პირებთან.

სხვა საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით დომინირებს დეზინფორმაციის სივრცეში არის COVID-19; მთიან-ყარაბაღში მიმდინარე საომარი ქმედებები და პატრიოტთა ალიანსის მიერ გაკეთებული თურქოფობიური განცხადებები. საინფორმაციო სივრცეზე უცხოური ზეგავლენები, ასევე, მუდმივ ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ჟურნალისტიკის მაღალი ხარისხისთვის საქართველოში.

ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა

მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების საკითხების შესახებ
ინფორმირებულობის დონე იმატებს, ქალებისა და უმცირესობების, მათ შორის ახალგაზრდების, შშმ პირების, სექსუალური უმცირესობების (LBTQI) და ეთნიკური ჯგუფების საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია ჯერ ისევ დიდ ძალისხმევას საჭიროებს.

თბილისი პრაიდი, სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც ეწინააღმდეგება ჰომო და ტრანსფობიას საქართველოში, ადასტურებს, რომ კამპანიის პერიოდი, მეტნაკლებად, თავისუფალი იყო ჰომოფობიური განცხადებებისგან. თუმცა, იმ პოლიტიკური პარტიების რიცხვი, რომლებმაც სექსუალური უმცირესობების პრობლემები თავიანთ პროგრამულ პრიორიტეტებში ასახეს ამ ჯგუფის დისკრიმინაციისგან დასაცავად, ძალიან მცირეა.

დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული ცალკეული კანდიდატები გამოხატავენ მხარდაჭერას LBTQI თემის უფლებების მიმართ და აქტივისტების თვალსაზრისით, ეს კანდიდატები მათი პრობლემების განსახილველად უფრო მეტ მზაობას გამოთქვამენ, ვიდრე წინა არჩევნებში. ამასთან, არაერთმა პროდასავლურმა პარტიამ ხელი მოაწერა შიდაპარტიულ შეთანხმებასა და მემორანდუმს საქართველოში LBTQI თემის მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თავიანთი კამპანიის დროს ჰომოფობიური ენის არგამოყენების მიზნით.

ეთნიკური უმცირესობები

ეთნიკური უმცირესობები, პოლიტიკური ჩართულობის თვალსაზრისით, ხშირად აწყდებიან
სხვადასხვა სახის პრობლემებს, მათ შორის, ენობრივ ბარიერს, განათლების სიმცირესა და
ეკონომიკურ მარგინალიზაციას. ნაცვლად მუდმივი ჩართულობისა, პოლიტიკური პარტიები
მოსახლეობის ამ ნაწილს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ეკონტაქტება და ამასთან, არცერთი
პოლიტიკური პარტიის პროგრამა უმცირესობების ენაზე ელექტრონულად არ არის
ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, ყველა პოლიტიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაცია არ არის ღია მუდმივად, რაც ამცირებს მათ ცნობადობას, ხელმისაწვდომობასა და ანგარიშვალდებულების დონეს ადგილობრივი ამომრჩევლის მიმართ. ეს განსაკუთრებით
შეინიშნება ქისტების დასახლებაში პანკისის რაიონში, სადაც პოლიტიკური პარტიების
აქტიურობა ძალიან დაბალია.

მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებისთვის, ჯამში 17 მაჟორიტარი კანდიდატი არის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მხოლოდ ორ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საარჩევნო ოლქში. მათ შორის სამი კანდიდატი ქალია. IRI-ს ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მაჟორიტარულ კანდიდატებს შორის კონკურენცია უფრო ღიაა, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას.

რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები კანდიდატებად პარტიულ სიაშიც წარადგინა. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა, ასევე, მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური უმცირესობები, ტრადიციულად, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას უჭერდნენ მხარს, დღეს ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდები აქტიურად ეძებენ ალტერნატიულ პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი პოლიტიკური წარმომადგენლობის განსამტკიცებლად.

შშმ პირები

შშმ პირებისთვის ხმის მიცემისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად საინფორმაციო ვიდეორგოლები ითარგმნა ჟესტების ენაზე; საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ჩატარდა ონლაინ ტრენინგი გამადიდებელი შუშის გამოყენების სწავლებისთვის; შემოღებულ იქნა დროებითი პროცედურები ეტლით მოსარგებლე
ამომრჩევლის მონაწილეობის ხელშესაწყობად და შემუშავებულ იქნა ინტერაქტიული რუკები 1,126 საარჩევნო უბანზე, რომლებიც ეტლით მოსარგებლეთათვის იქნება ხელმისაწვდომი.

2018 წელს, ცესკო-ს მონაცემებით, ეტლით მოსარგებლეთათვის 517 საარჩევნო უბანი იყო
ხელმისაწვდომი, ხოლო 2016 წელს — 11 უბანი. თუმცა, სრული ხელმისაწვდომობისთვის კვლავ არსებობს წინააღმდეგობები.

ქალთა მონაწილეობა

ქალები საქართველოს მოსახლეობის 53.7 პროცენტს წარმოადგენენ, თუმცა, ისინი ცენტრალურ და მუნიციპალურ წარმომადგენლობით ორგანოებში ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. ქალები საქართველოს პარლამენტის მხოლოდ 14 პროცენტს შეადგენენ, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობების — 13 პროცენტს.

რამდენიმეწლიანი განხილვის შედეგად, 2020 წელს საარჩევნო კოდექსით სავალდებულო გახდა გენდერული კვოტა, რომელიც ავალდებულებს პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სიებში წარმოდგენილი კანდიდატებიდან არაუმეტეს 75 პროცენტისა იყოს ერთი და იმავე სქესის. ამასთან, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც 30 პროცენტიან კვოტირებას გადააჭარბებენ, საქართველოს კანონმდებლობა დამატებით დაფინანსებას სთავაზობს. ორმოცდაათივე საარჩევნო სუბიექტმა დაიცვა სავალდებულო გენდერული კვოტა, ხოლო 29 პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა დამატებითი დაფინანსებისთვის საჭირო სია. თუმცა, სავალდებულო კვოტირება არ ეხება მაჟორიტარულ სისტემას.


ქალი კანდიდატები ხშირად აწყდებიან მიკერძოებულობას გენდერული ნიშნით და ნაკლებად წარმატებულებად და შესაფერისებად აღიქმებიან ბინძური პოლიტიკური გარემოსთვის, ვიდრე კაცები. არაერთი ქალი კანდიდატი გამხდარა მედიაში სიტყვიერი თავდასხმის, გენდერული დისკრიმინაციის, სექსისტური კიბერ-ბულინგის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და პირადი ცხოვრების გასაჯაროების მუქარის მსხვერპლი.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თანამედროვე ისტორიაში მიმდინარე იშვიათი მოვლენების ფონზე ტარდება, ეს წარმოადგენს ქვეყნისთვის შესაძლებლობას, გაატაროს ახალი რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს პარლამენტის პოლიტიკური და გენდერული მრავალფეროვნების გაუმჯობესებას, პრობლემის მოგვარებაზე დაფუძნებული პოლიტიკური დიალოგის განვითარებასა და წლების შემდეგ ერთპარტიული მმართველობიდან კოალიციურ მმართველობაზე გადასვლას.

IRI-ს ანალიტიკოსთა გუნდი გააგრძელებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, კამპანიის გარემოს, მედიისა და საინფორმაციო სივრცის, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობისა და წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და არჩევნების
შემდგომი პერიოდისთვის მზადყოფნაზე დაკვირვებას. დამატებითი მიგნებები და გრძელვადიანი რეკომენდაციები გამოქვეყნდება შუალედურ და საბოლოო ანგარიშებში.

IRI-ს ანგარიში წარმოადგენს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საარჩევნო პროცესების შეფასების პირველ დოკუმენტს. ანგარიში მოიცავს ექვსი
გრძელვადიანი ანალიტიკოსის მიერ წარმოებულ შეფასებას, რომლებიც 2020 წლის
სექტემბრიდან იმყოფებიან თბილისში და ფარავს წინა-საარჩევნო პერიოდს 30 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით. IRI-ის ანალიტიკოსები შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საარჩევნო კომისიის წევრებსა და სხვა ჩართულ მხარეებს, რათა შეეფასებინათ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა, საარჩევნო კამპანიის გარემო, მედია და საინფორმაციო სივრცე, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა საარჩევნო პროცესებში და ბოლოს, არჩევნების ჩატარების მზაობა მიმდინარე გლობალური პანდემიის პირობებში.