ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი აბორტთან მიმართებაში პოლონეთს აქვს. 1993 წლიდან ქვეყანაში ქალებს მხოლოდ მაშინ ჰქონდათ ორსულობის შეწყვეტის უფლება, როცა ჩასახვა გაუპატიურებით ან ინცესტური კავშირით მოხდა, თუკი მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო ან თუ ჩანასახს სერიოზული პათოლოგია ჰქონდა განვითარებული.

თუმცა 2020 წლის 22 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქალების რეპროდუქციული უფლებები თითქმის მთლიანად შეზღუდა — არაკონსტიტუციურად ცნო აბორტის გაკეთება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩანასახს განვითარებული პათოლოგია აქვს.

პოლონეთში მცხოვრები ადამიანები მთელი ქვეყნის მასშტაბით აწყობენ საპროტესტო გამოსვლებს: ვარშავაში, კრაკოვში, შჩეცინში, ლოძსა და სხვა ქალაქებში. ხელში შავი ქოლგებითა და წითელი ელვის გამოსახულებიანი სპორტული სამოსით მოქალაქეები აბორტის აკრძალვას აპროტესტებენ. აქცია მოეწყო ეკლესიაშიც, რაც მეტად უჩვეულოა პოლონეთისთვის, რადგან ქვეყანაში კათოლიკურ ეკლესიას დიდი გავლენა აქვს.

თუმცა პროტესტი მხოლოდ ქუჩაში არ მიმდინარეობს — ქალთა უფლებების დასაცავად ხმა აიმაღლეს ხელოვანებმა, რომელთაც აკრძალვისადმი საკუთარი დამოკიდებულება ილუსტრაციებში ასახეს.

აგნიეშკა ვენგლარსკა

ფოტო: Agnieszka Węglarska

"სიმართლე ისაა, რომ მდიდარი ქალები საზღვარგარეთ გაემგზავრებიან აბორტის გასაკეთებლად, იმ ადამიანებისთვის კი, ვისაც ამის საშუალება არ აქვს, პროცედურა იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს", — ამბობს 40 წლის ვარშაველი მხატვარი აგნიეშკა ვენგლარსკა, რომლის ნახატზეც სიმბოლურად ჩანს საკიდი, — "მე, ჩემი ოჯახი და მეგობრები შეძრწუნებული ვართ იმით, რაც ახლა ქვეყანაში ხდება".

მტრედი

ფოტო: Pigeon

"როგორც ემიგრანტს, მსურს, ვიცოდე, რომ როცა სამშობლოში დავბრუნდები, თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობ", — ამბობს გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები 28 წლის პოლონელი მხატვარი, შემოქმედებითი სახელით მტრედი, — "თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩემი ხმა ქალების იმ უზარმაზარ ჯგუფს ეკუთვნის, რომელთაც საკმარისად გამოსცადეს ჩაგვრა და ახლა სურთ, მათი უფლებები სხვებმა აღიარონ".

პაველ შლოტავა

ფოტო: Paweł Szlotawa

"ეს კაცი მმართველ პარტიას ასახიერებს, რომელიც მეტწილად კაცებითაა დაკომპლექტებული. მათ გაბედეს, შეეცვალათ აბორტის კანონი ისე, რომ პოლონელ ქალებს აზრიც კი არ ჰკითხეს", — ამგვარად ხსნის საკუთარ ილუსტრაციას 25 წლის მხატვარი, პაველ შლოტავა, — "ვერ წარმომიდგენია სიტუაცია, სადაც დედაჩემს, ჩემს დას ან მეგობარს უფლება არ აქვს, საკუთარ სხეულთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღოს. ამგვარად, აბორტის აკრძალვა სრულიად უგულო ქმედებაა და ადამიანის საბაზისო უფლებებს ეწინააღმდეგება, როცა ქალებს აიძულებ, დაზიანებული ან მკვდარი ჩანასახი დაბადონ. შემზარავია".

აგნიეშკა ანდრუკიევიჩი

ფოტო: Agnieszka Andrukiewicz

"არასდროს მინახავს პოლონეთში საპროტესტო აქციაზე ამდენი ადამიანი ასეთ მცირე დროში შეკრებილიყოს" — აღნიშნავს მხატვარი აგნიეშკა ანდრუკიევიჩი.

მაგდა კურმანსკა

ვარსკვლავები "jebać PiS"-ს აღნიშნავს. jebać პოლონური გინებაა, PiS კი კონსერვატიული პარტია პოლონეთში.

ფოტო: Magda Kurmanska

"საოცრად ამაღელვებელი მომენტი იყო, როცა ამდენი ადამიანი — მოხუცი, ახალგაზრდა, პატარა — ერთად შეკრებილი დავინახე", — ამბობს მხატვარი მაგდა კურმანსკა, — "ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კრახს განიცდის კორონავირუსის პანდემიის გამო, ადამიანები პირდაპირ საავადმყოფოების კარებთან იღუპებიან და ამ დროს ქალებს, რომელთაც აბორტი უნდა გაეკეთებინათ, სახლებში უშვებენ ისე, რომ მათ არც იციან, შემდეგში რა მოხდება. ეს კრიზისულ სიტუაციაში ერის გაყოფაა. მთავრობა და ეკლესია ხალხს უკვე წლებია, ხლეჩს — პოლონეთი A პოლონეთი B-ს წინააღმდეგ, შედარებით ღარიბი შედარებით მდიდრის წინააღმდეგ, კათოლიკე გეი და ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ. და ახლა აბორტის შემზღუდავი კანონიც დაემატა. ვიმედოვნებ, ეს მათი ბოლო შეცდომაა".

სტიუარტ კოგლი

ფოტო: Steward Cogle

ბრიტანელი მხატვარი და სკოლის მასწავლებელი, სტიუარტ კოგლი, უკვე 15 წელია პოლონეთში ცხოვრობს. იგი ფიქრობს, რომ ქალთა უფლებების დასაცავად ხმის ამაღლება მისი, როგორც მამისა და საზოგადოების წევრის, ვალდებულებაა.

"თუკი ამას ახლა შევიწყნარებთ, შემდგომში ჩვენს შვილებსაც მოუწევთ მისი გადატანა. მნიშვნელობა არ აქვს, ვის როგორი რელიგიური შეხედულებები აქვს, მან მეორე ადამიანს არ უნდა აიძულოს ამ მსოფლმხედველობის გაზიარება — ყოველთვის უნდა გვქონდეს არჩევანი".

ალექსანდრა რებიზანი

ფოტო: Aleksandra Rebizan

მხევლის წიგნის სამოსი სიმბოლოა კათოლიკური ეკლესიისადმი პოლონეთის მორჩილებისა, ისევე როგორც იმ სისტემისა, სადაც ქალები მხოლოდ ჩვენი (და არა მათი) შვილების გასაჩენად არიან საჭირო", — ამბობს 27 წლის ხელოვანი, ალექსანდრა რებიზანი, რომელსაც სხვა მხატვრებისგან განსხვავებით ბრძოლის პირადული მოტივი აქვს, — "ჩემი წყრომა იმ ფაქტს უკავშირდება, რომ მამაჩემი ჩემზე ძალადობდა და ქალების საგანივით მოპყრობამ უსამართლობის ღრმა შეგრძნება დამიტოვა.

მარტა პიეტრასი

ფოტო: Marta Pietras

"მაშინ, როცა მთელი მსოფლიო პანდემიასთან გამკლავებითაა დაკავებული, პოლონელ ქალებს საკუთარი უფლებების დასაცავად უხდებათ ბრძოლა", — ამბობს 22 წლის მხატვარი, მარტა პიეტრასი, — "მთავრობისადმი მიმართული სლოგანებიდან ყველაზე პოპულარული 'ვირუსს ებრძოლე ქალების ნაცვლად' გახდა. როცა ამ საკითხის განხილვა დაიწყო, მაშინვე მხევლის წიგნი გამახსენდა. ვინ იცის, სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი, თუკი არ შევაჩერებთ? როცა ამ სერიალს ვუყურებდი, შეძრწუნებული ვიყავი. თავდაპირველად, ვიფიქრე, რომ არარეალური ისტორია იყო, თუმცა, მოგვიანებით, თავად ვიხილე ასეთი მოვლენების დასაწყისი რეალურ ცხოვრებაში", — დასძენს იგი, — "ამასთან, მხევლის სამოსიც თეთრსა და წითელში — პოლონეთის ფერებშია — გადაწყვეტილი".