ზეწოლა, ძალადობა, ამომრჩეველთა მოსყიდვა — არასამთავრობოების წინასაარჩევნო გარემოს შეფასება
არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა (ISFED) და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევებად მუქარის, სამსახურიდან გათავისუფლების, ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები წარმოადგენს.
ორგანიზაციების განცხადებით, ხშირი იყო, ასევე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტებიც. ამასთან, მათივე შეფასებით, უთანასწორობა შექმნა იმ გარემოებამაც, რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილმა პანდემიის საფრთხის გამო ფართომასშტაბიანი კამპანიური ღონისძიებებისგან თავი შეიკავა, ნაწილმა კი — არა.
ზეწოლა/მუქარა და სამსახურიდან გათავისუფლება
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში, დამკვირვებლებისთვის ზეწოლის, მუქარისა და სამსახურიდან გათავისუფლების 80-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. არასამთავრობოების შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო, ქალი პოლიტიკოსების მიმართ პირადი ცხოვრებით შანტაჟის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. გარდა ამისა, ორგანიზაციების დაკვირვებით, ხშირი იყო საჯარო სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვისა და ზეწოლის ბერკეტად მათი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება.
ძალადობა და ფიზიკური დაპირისპირება
ორგანიზაციების თქმით, წინასაარჩევნო გარემოსთვის დამაზიანებელი იყო ძალადობრივი შემთხვევებიც. კერძოდ, არასამთავრობოების დამკვირვებლებმა 20-ზე მეტი ფიზიკური ძალადობისა და პარტიულ ოფისებზე თავდასხმების შემთხვევა გამოავლინეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათგან განსაკუთრებით შემაშფოთებელი მარნეულის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები იყო, რომელიც სახელმწიფომ ვერ გამუხტა და იგი ბოლოს გაერთიანებული ოპოზიციის ადგილობრივ ლიდერებზე, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ფიზიკური თავდასხმებით დასრულდა.
არასამთავრობოები "უკიდურესად საშიშ პრეცედენტად" აფასებენ სააგიტაციო პლაკატების გაკვრისას ევროპული საქართველოს ადილობრივი აქტივისტის საფანტის თოფიდან დაჭრის ფაქტს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები ხშირი იყო ბოლნისისა და დმანისის ოლქშიც. მათივე განცხადებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სააგიტაციო მასალების დაზიანებას მასობრივი ხასიათი აქვს და დაზიანებულია როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის პლაკატები.
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
ორგანიზაციების თქმით, პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პროგრამების განხორციელების დროს ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის მკაფიო არ იყო. ამიტომ, არასამთავროების განცხადებით, გარკვეულ პროგრამებთან დაკავშირებით მათი პოლიტიკური მიზნით გამოყენების ეჭვი გაჩნდა.
განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ უშუალოდ, მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ, აქტიურ პოლიტიკურ აგიტაციას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, NGO-ები ამბობენ, რომ დახმარებების გაცემის პროცესში პარლამენტის პარტიული მაჟორიტარი დეპუტატები და კანდიდატები აქტიურად იყვნენ ჩართული და ამის ფართოდ აფიშირებას ახდენდნენ.
"მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაში საჯარო მოხელეებისა და სახელმწიფო/მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა ჩართვის პრაქტიკა კვლავ გრძელდებოდა, მათ შორის, სამუშაო დროს სოციალური ქსელით აგიტაცია. საარჩევნო რეგულაციებისთვის ფორმალურად გვერდის ასავლელად, ხშირად მმართველი პარტიის ღონისძიებაზე დასასწრებად საჯარო მოხელეები ერთდღიან შვებულებას აფორმებდნენ. მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხშირად არ იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალური და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მმართველი პარტიის აგიტატორისა და წარმომადგენლის ფუნქციას ითავსებდნენ", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ამომრჩევლის მოსყიდვა
არასამთავროები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა წარმოადგენდა და მსგავსი 60-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების მხრიდან ამომრჩევლებისათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემა ან მომსახურების გაწევა. მათივე თქმით, ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს, როგორც მმართველი პარტიის კანდიდატების, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კამპანიური აქტივობებიც შეიცავდა.
არაუფლებამოსილი პირების ჩართვა საარჩევნო კამპანიაში
ორგანიზაციების შეფასების თანახმად, კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული სათანადო უფლებამოსილების არმქონე პირები. კერძოდ, სააგიტაციო შეხვედრებზე, სამუშაო საათების განმავლობაში, შეინიშნებოდა ადგილობრივი მოხელეების, ა(ა)იპების თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დასწრება.
"ჩართულობა გამოიხატებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, როგორც წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებაში, ისე სოციალურ ქსელში ქართული ოცნების სარეკლამო ვიდეოების გავრცელებაში. მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ ქართული ოცნების მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენდა",— აღნიშნავენ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყებები
ორგანიზაციების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ყველა საქმეზე გამოძიება დაიწყო და ცალკეულ შემთხვევებში სწრაფადვე დააკავა რამდენიმე პირი.
"სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, დაწყებული იყო გამოძიება 59 საქმეზე, რომლებიც არჩევნებთან ამა თუ იმ ფორმით შეიძლება იყოს დაკავშირებული. 6 საქმეზე გამოძიება შეწყდა, ხოლო დანარჩენ 53 შემთხვევის გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამ 53 საქმიდან 9 საქმეში გარკვეული პირები უკვე მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. გამოძიებულ საქმეთა დაბალი რაოდენობის გამო, სამინისტრო ხშირი კრიტიკის საგნად იქცა", — აღნიშნულია დოკუმენტში.
არასამთავრობოების განცხადებით, საარჩევნოდ პროკურატურის მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციის მცდელობაც იყო. მათი თქმით, აღნიშნული დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები დააკავებას ეხება. კერძოდ, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები გამოიკვეთა, რაც NGO-ების განმარტებით, აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება საარჩევნო მიზნებს ემსახურება.
საარჩევნო ადმინისტრაცია
განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ იზოლაციასა და კარანტინში მყოფი კოვიდინფიცირებული ამომრჩევლებისათვის ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად სპეციალური დადგენილება, ცესკომ კენჭისყრის დღემდე მხოლოდ 12 დღით ადრე მიიღო, რამაც ორგანიზაციების შეფასებით, ამომრჩეველთა დროულ ინფორმირებაზე კითხვის ნიშნები გააჩინა.
"საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი მეტწილად ფორმალური იყო. უმეტეს ოლქებში, კომისიის წევრებს წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილება მიღებული და კონკურსანტთა საერთო სიაში მონიშნული ჰყავდათ, თუ ვინ უნდა აერჩიათ და გადაწყვეტილებები უბნების მიხედვით ამობეჭდილ ფურცლებზე გადაჰქონდათ. ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვდნენ დღის წესრიგში საკითხის დამატებას, რათა თითოეული კანდიდატი ცალ-ცალკე განხილულიყო და ამის შემდეგ მომხდარიყო უბნების დაკომპლექტება. ზოგ ოლქში ამ მოთხოვნას კენჭი უყარეს, თუმცა ხმათა საჭირო რაოდენობა არ დაგროვდა. შესაბამისად, პროცესი ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. რიგ ოლქებში, მათ უარი თქვეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე", — აცხადებენ ორგანიზაციები.
მათივე თქმით, ახალარჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ნაწილში მმართველ პარტიასთან კავშირიც იკვეთება. კერძოდ, ზოგიერთი წევრის ახლობელი პარტიის აქტივისტი ან კოორდინატორია. ამასთან, საუბნო კომისიაში არჩეულთა შორის მოხვდნენ საჯარო მოხელეები, მერიის ან საკრებულოების, ასევე, ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალური ა(ა)იპების თანამშრომლები. სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პირები შვებულებაში არიან.
"მართალია, ზემოაღნიშნული პირდაპირ დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ამ პირთა მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვს აჩენს", — აღნიშნავენ ისინი.
უწყებათაშორისი კომისია
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ უწყებათაშორისი კომისია რეგულარულად განიხილავდა საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის სავარაუდო შემთხვევებს, მათი საქმიანობის ეფექტიანობა შემცირებულია. კერძოდ, განცხადების მიხედვით, წინა წლებისგან განსხვავებით, კომისია ძირითადად ისეთი საკითხებს განიხილავდა, რომელიც საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას ემსახურებოდა. დოკუმენტში ვკიტხულობთ, რომ კომისიის განცხადებით, განსახილველ საკითხთა ნუსხა ეუთო-ოდირის რეკომენდაციის საფუძველზე შეკვეცეს.
ამასთან, ორგანიზაციები აღნიშნავემ რომ კომისიის სხდომებს ძირითადი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არ ესწრებოდა, რაც, მათი თქმით, ასევე, ამცირებდა საკითხების განხილვის ხარისხს.
საარჩევნო კამპანიის დაფინანსება და სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ორგანიზაციების ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც პარტიების დაფინანსების მონიტორინგზეა პასუხისმგებელი, შესაძლო დარღვევებზე რეაგირებდა და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიდა. მათი განცხადებით, ოქტომბრის ბოლოს მათ გაწეული საქმიანობის შესახებ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნეს.
"საარჩევნო სუბიექტებმა საანგარიშო პერიოდში ორი, სამკვირიანი ფინანსური დეკლარაცია წარადგინეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ყველა საარჩევნო სუბიექტმა 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, შემოსავლის სახით მიიღო 23 846 652 ლარი და დახარჯა 22 973 913 ლარი. მთლიანი შემოსავლების 43% და ხარჯების 46% მმართველ პარტია ქართულ ოცნებაზე მოდიოდა", — ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, კონკრეტულად შემოწირულებებზე საუბრისას, ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტის ჯამური შემოწირულებების თითქმის ნახევარი მმართველმა პარტიამ მიიღო. პოლიტიკური კორუფციის თვალსაზრისით კი, რამდენიმე თვალსაჩინო ტენდენცია გამოიკვეთა. განცხადებაში ვკითხულობ, რომ:
- მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს (1 ოქტომბრამდე) დაახლოებით 47 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს, სანაცვლოდ ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1,3 მილიონი ლარი გაიღეს ქართული ოცნების სასარგებლოდ.
- ტენდერების გარდა, მმართველი პარტიის შემომწირველი ფიზიკური პირების კომპანიები გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების მიმღებებიც არიან. კერძოდ, 2020 წლის 1 ოქტომბრამდე დაახლოებით 3,8 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა დაახლოებით 2,2 მილიონი ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
- წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე ქართულ ოცნებას დიდი თანხებით აფინანსებს. სამმა ასეთმა ჯგუფმა 2020 წელსაც გააგრძელა მსხვილი შემოწირულებების განხორციელება. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა პირებმა ქართულ ოცნებას მთლიანობაში 447 500 ლარი შესწირეს. ლილო-მოლთან დაკავშირებულმა პირებმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჯამში 595 000 ლარი გაიღეს, ხოლო სერვის-აგროსთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა კი, პარტიას 255 000 ლარი შესწირეს.
ამასთან, განცხადების თანახმად, პარტიების შემომწირველებს შორის იყვნენ ცალკეულ ბიზნესპარტნიორთა ჯგუფები, რომელთაც წევრებიც ერთსა და იმავე დღეს ან 1-2 დღის შუალედში წირავდნენ პარტიას თანხას. ეს მათი განცხადებით, აჩენს ეჭვს, ეს კოლექტიური ქმედება, წინასწარ იყო ვინმეს მიერ ორგანიზებული. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ ქართული კანონმდებლობით მესამე პირის მეშვეობით შემოწირულების განხორციელება აკრძალულია.
"აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში ამ უწყებამ შემოსული განცხადებების, სამსახურის მიერ განხორციელებული მედია მონიტორინგის და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, 7 საქმეზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომელთაგან სამზე უკვე დაასრულა წარმოება, ორი სამართალდარღვევის ფაქტზე კი შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ორი საქმის შესწავლა კვლავ გრძელდება", — აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ საქმეებს შორისაა შემთხვევა, რომელიც დოსიეს ჟურნალისტური გამოძების მიხედვით, პატრიოტთა ალიანსის კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებს ეხება. მათი განცახდებით, აღნიშნულმა საქმემ ხაზი გაუსვა იმას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილებები და კანონისმიერი ბერკეტები, რითაც მსგავს შემთხვევებს გამოიძიებს.
"აუდიტის სამსახური არ აწარმოებს საჯაროდ ხელმისაწვდომ საჩივრების/განცხადებების რეესტრს, სადაც დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, რაც უწყების საქმიანობის გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფდა", — აღნიშნავენ NGO-ები.
მედია გარემო
გარდა ამისა, ორგანიზაციების შეფასებით, მკვეთრად პოლარიზებული იყო სამაუწყებლო მედია გარემო. კერძოდ, არასამთავროები შენიშნავენ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები არ სტუმრობენ ტელეკომპანია ფორმულას, მთავარ არხს, TV პირველსა და კავკასიას, თუმცა ხშირად ჩნდებიან იმედსა და POSTV-ში.
ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტებიც გამოვლინდა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის და მუქარის შემთხვევებიც გამოიკვეთა. ისინი აღნიშნავენ პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ მიმდინარე ქმედებებსაც და ამბობენ იმასაც, რომ TV პირველის დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ მუქარა შემაშფოთებელი და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შემშლელია.
"პრობლემური შეიძლება იყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მთავარი არხის 2020 წლის 23 ოქტომბერს გაგზავნილი წერილი, რომლითაც სთხოვენ მუსიკალური კლიპის მართლზომიერად განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას. აღნიშნული ფაქტი, კომისიის მანამდე არსებული მცდელობების გათვალისწინებით — ჩაერიოს მაუწყებლის მიერ შექმნილი/განთავსებული პროდუქტის შინაარსში, ქმნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს", — ნათქვამია განცხადებაში.
მათი შეფასებით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სოციალურ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციული კამპანიაც, რაც ძირითადად მიმართული იყო პოლიტიკური მოვლენების, პარტიების, პოლიტიკოსების, მედია საშუალებების, სამოქალაქო აქტივისტებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და მიზნად მათ მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბებას ისახავდა
"ანონიმური დისკრედიტაციული საინფორმაციო კამპანიების გარდა, სოციალურ მედიაში აქტიური იყვნენ ფეისბუქ გვერდებიც, რომლებიც საზოგადოებაში პოლარიზაციის წახალისების მიზნით ორგანიზებულად ავრცელებდნენ ანტიდასავლურ, ანტი-ლიბერალურ, პრო-რუსულ, ქსენოფობიურ თუ ჰომოფობიურ განწყობებს, პარალელურად კი პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების სასარგებლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული", — აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციების შეფასებით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე პროფესიული მოვალეობის შესრულება ჟურნალისტებსაც სტრესულ გარემოში უწევთ, რაც მათ სამუშაო პირობებს დამატებით გამოწვევას უქმნის.
-
გადახედვა"ჯებირების საქმეზე" დაკავებული საბა მეფარიშვილის დედა სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა "ჯებირების საქმეზე" დაკავებული საბა მეფარიშვილის დედა სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაადვოკატის თქმით, ისაკო დევიძე მე-2 დღეა მშრალად შიმშილობს და ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვს ადვოკატის თქმით, ისაკო დევიძე მე-2 დღეა მშრალად შიმშილობს და ომბუდსმენთან შეხვედრას ითხოვს
-
-
გადახედვაჟირაფები გადაშენების საფრთხის ქვეშ არიან ჟირაფები გადაშენების საფრთხის ქვეშ არიან
-
-
გადახედვახავიერ ბარდემი სტივენ სპილბერგისა და მარტინ სკორსეზეს სერიალში მიიღებს მონაწილეობას ხავიერ ბარდემი სტივენ სპილბერგისა და მარტინ სკორსეზეს სერიალში მიიღებს მონაწილეობას
-
გადახედვალუკაშენკო: დიქტატორი არ ვარ და არც მჭირდება, ეს ამერიკელებმა მომიგონეს ლუკაშენკო: დიქტატორი არ ვარ და არც მჭირდება, ეს ამერიკელებმა მომიგონეს
-
-
-
-
გადახედვა"აღმაშფოთებელია" — ბაიდენი ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერზე "აღმაშფოთებელია" — ბაიდენი ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერზე
-
-
გადახედვახვალ, საპროტესტო აქცია ბათუმშიც გაიმართება ხვალ, საპროტესტო აქცია ბათუმშიც გაიმართება
-
გადახედვაკესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
-
გადახედვაუკრაინის პარლამენტმა სარაკეტო დარტყმის საფრთხის გამო სხდომა გააუქმა უკრაინის პარლამენტმა სარაკეტო დარტყმის საფრთხის გამო სხდომა გააუქმა
-
გადახედვააშშ-მ რუსეთის 50 ბანკის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა აშშ-მ რუსეთის 50 ბანკის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
-
გადახედვალავროვი: უკრაინისგან მხოლოდ ნაწილი რჩება და დასავლეთი იწყებს ამის გაგებას ლავროვი: უკრაინისგან მხოლოდ ნაწილი რჩება და დასავლეთი იწყებს ამის გაგებას
-
-
გადახედვაოქსფორდის მუზეუმში Radiohead-ისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო ოქსფორდის მუზეუმში Radiohead-ისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
-
გადახედვათბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 1-ელ დეკემბერს იწყება — ნახეთ პროგრამა თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 1-ელ დეკემბერს იწყება — ნახეთ პროგრამა
-
კომენტარები