მეცნიერებმა Covid-19-ის პირველი საპროგნოზო სკალა შექმნეს, რომლის საშუალებითაც დაავადების მიმდინარეობის სიმწვავის წინასწარ გამოთვლაა შესაძლებელი. კვლევა აკადემიურ ჟურნალში EBioMedicine გამოქვეყნდა.

ამ მიგნებას მკვლევრები დუბლინ-ბოსტონის სკალას უწოდებენ. მისი მიზანია ექიმებს უფრო მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალება მიეცეთ და გამოიკვეთოს, თუ ვინ მიიღებს სარგებელს კონკრეტული მკურნალობით, ან რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანით.

ამ კვლევამდე პაციენტებისთვის რაიმე სახის საპროგნოზო კრიტერიუმები არ არსებობდა. დუბლინ-ბოსტონის სკალა ექიმს საშუალებას აძლევს, მეტ-ნაკლები სიზუსტით ივარაუდოს, თუ რამდენად მწვავე იქნება დაავადების მიმდინარეობა ინფიცირებიდან 7 დღის თავზე. ამისათვის საჭიროა პირველი 4 დღის განმავლობაში აღებული სისხლის ნიმუშები გაანალიზდეს.

სისხლის ანალიზში მეცნიერები იმ ორი მოლეკულის დონეს საზღვრავენ, რომლებიც ორგანიზმის იმუნურ სისტემას სიგნალებს უგზავნიან და ანთებით პროცესს აკონტროლებენ. ერთ-ერთი ასეთი მოლეკულა ინტერლეიკინ-6 (IL-6), ხოლო მეორე — ინტერლეიკინ-10 (IL-10) გახლავთ. ორივე მათგანის დონე, COVID-19-ის მწვავე მიმდინარეობის პირობებში, მნიშვნელოვნად იცვლება. სწორედ ამ ორი მოლეკულის დონის დროში ცვლილება უდევს საფუძვლად ქულობრივ სკალასაც, სადაც 1 ქულით ზრდა დაავადების სიმწვავის ალბათობას 5,6-ჯერ ზრდის. გამოთვლისთვის IL-6-ის IL-10-თან შეფარდებაა საჭირო.

"დუბლინ- ბოსტონის სკალა ადვილად გამოსათვლელია და მისი გამოყენება COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებულ ყველა პაციენტთან შეიძლება", — აღნიშნავს კვლევის უფროსი ავტორი, პროფესორი ჯერი მაკელვანი.

უფრო მეტად ინფორმირებული პროგნოზი საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ან შევამციროთ პაციენტისთვის გაწეული დახმარება. ეს მიმდინარე პანდემიის პირობებში რესურსების ეფექტიანი ალოკაციისთვის საკვანძო საკითხი გახლავთ. სკალას ასევე შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს COVID-19-ით ავადობისას გამოხატული ანთებითი პროცესის დასაცხრომად ახალი სამკურნალო თერაპიების ეფექტიანობის დადგენაში

ჯერი მაკელვანი, კვლევის უფროსი ავტორი