ჩვენ როგორც იქნა ვიცით, სიამოვნებთ თუ არა ვირთხებს მოფერება
მეცნიერთა გუნდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ცხოველებთან კომუნიკაციის შესწავლის საკითხში.
ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნებული კვლევა ამტკიცებს, რომ ლაბორატორიის ვირთხებზე დაკვირვება და მათ მიერ გამოცემული ხმოვანი სიგნალების შესწავლა გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ, რომელ ვირთხას მოსწონს, როცა ეფერებიან და რომელს – არა.
შეიძლება ეს ყველაფერი ცოტა არასერიოზულადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ აღნიშნული აღმოჩენა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კვლევის ხარისხის გაუმჯობესებაში, რაც, თავისთავად, ჩვენი პატარა საკვლევი ობიექტების კეთილდღეობაზე გადის.
დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ემოციური, ხმამაღალი ბგერები, რომლებსაც ვირთხები მათი მოფერებისას ან მათთან თამაშისას გამოსცემდნენ, სიცილის ერთგვარი ანალოგი იყო. ახალი კვლევა კი არსებულ ვარაუდს განამყარებს და უკვე თამამად ამტკიცებს კავშირს ამ პაწაწინა არსებების მიერ გამოცემულ ხმოვან სიგნალებსა და მათ ემოციურ მდგომარეობას შორის.
"ცხოველებთან ურთიერთობისას მათი ბედნიერების ხარისხის გაზომვის უნარი მათივე კეთილდღეობისკენ გადადგმული მნიშნელოვანი ნაბიჯია", — განაცხადა ბრისტოლის უნივერსიტეტის ფსიქოფარმაკოლოგიის პროფესორმა და კვლევის მთავარმა ავტორმა ემა რობინსონმა.
ამჟამად რობინსონი და მისი გუნდი ცდილობს განსაზღვროს, ნიშნავს თუ არა მსგავს ბგერით ტონალობებში ვირთხების წრუწუნი ემოციურ კეთილდღეობას მაშინაც, როცა მათ არ ეფერებიან.
"თუკი დამტკიცდება, რომ ეს ხმები სხვა სიტუაციებშიც დადებით ემოციებს გამოხატავს, ხმოვანი სიგნალების გაზომვა მათი ემოციური მდგომარეობის გასაგებად ერთგვარ მარტივ, საფეხურეობრივ სისტემას მოგვცემს. ეს კი დაგვეხმარება, ლაბორატორიის ვირთხებს უკეთესი ემოციური გარემო შევუქმნათ, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება კვლევის ხარისხზეც", — დაამატა პროფესორმა ემა რობინსონმა.
კომენტარები