ყვავებს სუბიექტური, ცნობიერი გამოცდილებები აქვთ — კვლევა
მეცნიერებმა პირველად მოიპოვეს იმის საბუთი, რომ ყვავებს სუბიექტური, ცნობიერი გამოცდილებებისა და აღქმის უნარი აქვთ.
ეს ცხოველთა კოგნიციის შესწავლის სფეროში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. აქამდე ჩვენ ცნობიერი აღქმის არსებობის დამადასტურებელი საბუთი მხოლოდ ადამიანებისა და სხვა პრიმატების შემთხვევაში გვქონდა. ხოლო ისეთი ცხოველების ტვინები, როგორიც ჩიტები არიან, ჩვენი გონებისგან ზედმეტად განსხვავებულად მიიჩნეოდა იმისთვის, რომ მათ სუბიექტური აღქმის უნარი ჰქონოდათ.
ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა პოტენციურად თავდაყირა აყენებს ჩვენს მოსაზრებებს იმაზე, თუ რამდენად ჭკვიანები არიან ცხოველები.
ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ ყვავები და ყორნისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლები გონიერებით და თავსატეხებთან გამკლავების უნარით გამოირჩევიან. მაგრამ ახლა ტიუბინგენის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების მიერ ჩატარებული ტვინის სკანირების შედეგად გამოვლიდნა, რომ ყვავები აქტიურად ფიქრობდნენ იმ სტიმულზე, რომელიც ექსპერიმენტის დროს გამოსცადეს — მაშინაც კი, როცა ეს სტიმული შეჩერებული იყო.
ეს მოულოდნელი აღმოჩენაა, რადგან ჩიტებს ჩვენთან შედარებით საოცრად განსხვავებული და პატარა ზომის თავის ტვინის ქერქი აქვთ. ეს უკანასკნელი კი ადამიანური ცნობიერების წყაროდ მიიჩნევა.
"ჩვენი კვლევის შედეგები აღქმის ევოლუციასა და მის ნეირობიოლოგიურ შეზღუდვებს ახალი რაკურსიდან გვანახებს", — აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი, ანდრეას ნიდერი.
თუ კვლევის შედეგები დადასტურდება, მთავარი კითხვები, რომელზეც მეცნიერებს პასუხის გაცემა მოუწევთ, არის ის, თუ როდის ჩამოყალიბდა ეს ცნობიერება; და მსგავსი რამ სხვა არაპრიმატ ცხოველებსაც ახასიათებთ თუ ის ყვავებში დამოუკიდებლად განვითარდა.
"ადამიანებისა და ყვავების უკანასკნელი საერთო წინაპარი 320 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა", — ურთავს ნიდერი, — "შესაძლებელია, რომ სუბიექტური აღქმითი ცნობიერება სწორედ მაშინ აღმოცენდა და მას მერე გადაეცემოდა მომდევნო თაობებს".
კომენტარები