ყვავებს გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა შეუძლიათ — ახალი კვლევა

ფოტო: Getty Images
ყვავები საკმაოდ ჭკვიანი ფრინველები არიან. ამას ახალი კვლევაც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც მათ გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და განსხვავებული ფორმის იდენტიფიცირება შეუძლიათ. მაგალითად, ამ გასაოცარი არსებებისთვის რთული სულაც არაა, რომ რომბების წყებას შორის კვადრატი გამოარჩიონ.
ყვავი ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ცხოველია, რომელშიც ასეთი უნარი გამოვლინდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი თვისება ადამიანისთვის უნიკალურად მიიჩნეოდა. შესაბამისად, შესაძლოა, უკანასკნელი მიგნება მიანიშნებდეს, რომ ცხოველთა სამყაროში ამგვარი უნარი ევოლუციური ფესვების მქონეა და იმაზე გავრცელებულია, ვიდრე აქამდე გვეგონა.
"ჩვენ, ადამიანებს, უნიკალური ფორმალური და სიმბოლური გაგების მეშვეობით, გეომეტრია სრულიად სხვა დონეზე გვაქვს აყვანილი. ამის მიუხედავად, ვიზუალური თვალსაზრისით, ბაზისურად, ის ევოლუციასთანაა დაკავშირებული" — აცხადებს ცხოველთა ფიზიოლოგი, ანდრეს ნიდერი.
მან და მისმა კოლეგებმა ორი მამრი შავი ყვავი (Corvus corone) შეისწავლეს, 11 და 10 წლის. ექსპერიმენტის ფარგლებში მათ ასწავლეს, როგორ გამოერჩიათ კომპიუტერის ეკრანზე ნაჩვენები ორგანზომილებიანი ხუთი იდენტური ფიგურისგან ერთი განსხვავებული ფიგურა. ამისთვის ფრინველები აღნიშნული ფორმის მიმდებარედ ადებდნენ ნისკარტს. უნდა ითქვას, რომ უშუალოდ ცდებამდე მათთვის ოთხკუთხედებს შორის განსხვავებული ფიგურის იდენტიფიცირება არ დაუვალებიათ, ამიტომ დემონსტრირებული უნარი სწავლის გარეშე არსებული გეომეტრიული "ინტუიციის" მტკიცებულებაა.
ყვავებს "უცხოს" ამოცნობა ოთხგვერდა რეგულარულ ფიგურებს შორის გაუმარტივდათ, როგორიცაა 90-გრადუსიანი კუთხეების მქონე მართკუთხედები ან თანაბარი სიგრძის გვერდების მქონე კვადრატი. რაც უფრო შესამჩნევი იყო რეგულარული ფორმები, მით უფრო ზუსტი აღმოჩნდა ფრინველთა არჩევანი. ექსპერიმენტი ადვილიდან რთული მიმართულებით ვითარდებოდა, ანუ ყოველ ჯერზე წინასთან შედარებით ძნელად გამოსაცნობი ფიგურები იყო ნაჩვენები: კლასიკური კვადრატი, რომბი, ტოლფერდა ტრაპეცია, მარჯვენა ტეხილი, არარეგულარული ოთხკუთხედი.
"ისევე, როგორც ადამიანებს, ყვავებს ყველაზე მეტად რომბის გეომეტრიული რეგულარობის დაფიქსირება გაუჭირდათ. ეს ჩვენ შორის გეომეტრიული უნარების მსგავსებას ცხადყოფს", — ამბობს ანდრეს ნიდერი.
ცდების გამო ყვავების დაბნეულობის ასარიდებლად მეცნიერები დროის ნახევარში მათ არაოთხკუთხედ ფორმებს აჩვენებდნენ, მაგალითად, ვარსკვლავებისა და მთვარის მოხაზულობას. ისინი სწავლების პროცესში გამოიყენეს, ამიტომ ფრინველებისთვის ნაცნობი იყო.
შესაძლოა, ფრინველებისთვის გეომეტრიული ფიგურების იდენტიფიცირება მნიშვნელოვანი იყოს. ისინი სივრცულ კანონზომიერებებს ნავიგაციისთვის იყენებენ და ეს გადარჩენაშიც ეხმარებათ. აქედან ასკვნიან, რომ ზემოხსენებული უნარი ბიოლოგიურ ევოლუციაში იღებს სათავეს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები