ანტიკითერას მექანიზმის საიდუმლო ამოიხსნა? — რა იყო ამ უჩვეულო ობიექტის დანიშნულება

ფოტო: VICE
2 000-ზე მეტი წლის წინანდელი ანტიკითერას მექანიზმი ფრაგმენტების სახითაა მოღწეული და მიიჩნევა, რომ მას ბერძნები ციური სხეულების მოძრაობის გამოსათვლელად იყენებდნენ. ის პირველ ანალოგურ კომპიუტერად მიიჩნევა, მაგრამ იყო კი ის მართლაც გამომთვლელი მანქანა?
ახალ კვლევაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ, შესაძლოა, ეს ასე სულაც არ ყოფილიყო და საქმე სულ სხვა დანიშნულების ობიექტთან გვქონდეს. ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და რეფერირების პროცესი ჯერ არ გაუვლია.
ავტორების ჰიპოთეზით, შესაძლებელია, ანტიკითერას მექანიზმი, არც მეტი და არც ნაკლები, სათამაშო ყოფილიყო. მათი დასკვნით, კბილანების კონფიგურაცია მიუთითებს, რომ მექანიზმი ფუნქციური არაა. ეს კვლევა ასტროფიზიკოს მაიკ ედმონდსის ნაშრომს ეფუძნება, რომელმაც მექანიზმის კბილანები შეისწავლა და მისი დამზადებისას წარმოქმნილ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება. ახლა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ხარვეზების რაოდენობა ფუნქციის დარღვევის თავიდან ასარიდებლად საჭირო ზღვარს აჭარბებს.
"მექანიზმი ან არასდროს ყოფილა ფუნქციური, ან ხარვეზები იმაზე მცირე რაოდენობისაა, ვიდრე ედმონდსმა დააფიქსირა", — აცხადებენ ავტორები.
მათი სიახლე ისაა, რომ კბილანების მახასიათებლებისა და ხარვეზების (კბილანების დაშორების ვარიაციები და ბრუნვის სხვაობები) კომბინაციით მოწყობილობის უფრო სიღრმისეული მოდელის სიმულირება შეძლეს.
"ჩვენმა მოდელმა კბილანების ჩაჭედვისა და ამოვარდნის რამდენიმე შემთხვევა გამოავლინა, რაც მათი როგორც შემთხვევითი, ისე სისტემური განაწილებითაა განპირობებული", — ამბობენ მკვლევრები.
ისინი აღიარებენ, რომ მათი დასკვნები გარკვეულწილად სპეკულაციურია, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჩვენს ხელთ მხოლოდ მექანიზმის ეროზირებული ფრაგმენტებია. ამის მიუხედავად, ეს მოსაზრება საინტერესოა და შესაძლოა, შემდეგი კვლევებით უფრო მეტი გავიგოთ.
კომენტარები