ახალი AI, რომელსაც ადამიანის ფიქრებზე დაყრდნობით გამოსახულებების შექმნა შეუძლია
ჰელსინკის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა კომპიუტერისა და ტვინის დამაკავშრებელი ახალი ინტერფეისი შექმნა, რომელსაც შეუძლია გაიგოს, თუ რას ფიქრობს ადამიანი და გამოსახულება ამის მიხედვით შექმნას. ტვინის სიგნალების ინტერპრეტაციით, ახალმა AI სისტემამ იმ სახეების ფოტოების შექმნა შეძლო, რომლებზეც კვლევაში მონაწილეები ფიქრობდნენ.
მსგავსი ინტერფეისები აქამდე იმისთვის იქმნებოდა, რომ ადამიანებს სიტყვების დამარცვლა და კურსორის მოძრაობა მხოლოდ ფიქრის მეშვეობით შეძლებოდათ. ამ სფეროს სამომავლო განვითარებამ კი, შესაძლოა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს უკეთესად ცხოვრებაში დაეხმაროს. AI სისტემა, რომელსაც პიროვნების ფიქრების გადმოცემა ზუსტად შეუძლია, კომუნიკაციის უნარების აღდგენისთვის იქნება საჭირო.
კვლევაში 31 ადამიანი მონაწილეობდა, მათ გუნდი ადამიანების სახეებს თანმიმდევრობით აჩვენებდა, სანამ ამავდროულად ტვინის ელექტრულ აქტივობას იწერდნენ. მათ კონკრეტულ მახასიათებლებზე სთხოვდნენ კონცენტრაციას, მაგალითად, მომღიმარ ან ასაკოვან სახეზე.
ამის შემდეგ კომპიუტერმა ტვინში მიმდინარე კონკრეტული აქტივობების ამოცნობა შეძლო, რომლებიც მაშინ ჩნდებოდნენ, როცა პიროვნება სახეს წარმოიდგენდა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ინტერფეისი ახალი სურათების გენერირებას ახერხებდა.
კვლევის ავტორის, ტუკა რუცალოს თქმით, მოწყობილობა არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, არამედ იმ ადამიანებსაც დაეხმარება, რომლებსაც რაიმეს დახატვა ან ილუსტრირება სურთ, მაგრამ არ შეუძლიათ — კომპიუტერი მათ ამის საშუალებას მისცემს. უბრალოდ, საჭირო იქნება, რომ ფოკუსირდე და იმაზე იფიქრო, რისი შექმნაც გსურს.
ტექნოლოგია ჯერჯერობით განვითარების ადრეულ ფაზაშია და მას მხოლოდ ისეთი მარტივი ფიქრების გაშიფვრა შეუძლია, როგორიც წარმოდგენილი ადამიანის ასაკი, ღიმილი ან ფერია. თუმცა კვლევის ავტორების აზრით, მათი ნამუშევარი მნიშნელოვანია, რადგან ამტკიცებს, რომ კომპიუტერს შეუძლია, ადამიანის ფიქრები ელექტროენცეფალოგრაფიის მონაცემებზე დაყრდნობით გაშიფროს.
კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები